Facebook Twitter

საქმე №ას-373-2022

14 ივლისი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ლ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ....., ს/კ ...... და ქონების მოპასუხისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება დადგინდა (ტომი I, ს.ფ. 49-54).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ.მ–ს, შესაგებელში მითითებულ მისამართზე (......ბინა N28, იხ. ტომი I, ს.ფ. 28) ორჯერ, 2021 წლის 02 აპრილსა და 2021 წლის 07 აპრილს, გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 57-59).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით, ლ. მ–ის დოკუმენტაციის პოლიციის საშუალებით ჩაბარების ვალდებულება დადგინდა (ტომი I, ს.ფ. 60-62).

4. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის VI სამმართველოს უფროსის მოადგილე დ.თ–მა, 2021 წლის 18 მაისს, სასამართლოს მიმართა და ლ.მ–ისთვის, შესაგებელში მითითებულ მისამართზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ აცნობა (ტომი I, ს.ფ. 72-73).

5. 2021 წლის 17 მაისს, ლ.მ–მა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა, მისამართის ადგილას კი, კვლავ შესაგებელში მითითებული მისამართი აღნიშნა. საჩივარს მხარემ დაურთო ჯანმრთელობის ცნობა და განმარტა, რომ სხდომის გამართვის დღეს მისი მარწმუნებელი მოთავსებული იყო სამედიცინო დაწესებულებაში, თავადაც შეუძლოდ იყო, რის გამოც სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს (ტომი I, ს.ფ. 65-71).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ლ.მ–ის საჩივარი და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ განმარტა, რომ ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც დაადასტურებდა ლ.მ–ის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და 2021 წლის 30 მარტს, სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე მიუთითებდა, წარდგენილი არ ყოფილა, ამასთან საჩივრის შეტანამდე საქმის მასალებში არ იყო წარდგენილი რწმუნებულებაც, რომელიც საჩივრის ავტორის მიერ ვინმესთვის საქმისწარმოების რწმუნებულების გადაცემას დაადასტურებდა (ტომი I, ს.ფ. 83-89).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის განჩინება, ლ.მ–ს შესაგებელსა და საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ, 2021 წლის 21 ივნისსა და 2021 წლის 05 ივლისს გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაბარდა (ტომი I, ს.ფ. 91-93).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისს, ლ.მ–თვის დოკუმენტაციის პოლიციის საშუალებით ჩაბარების ვალდებულება დადგინდა (ტომი I, ს.ფ. 93-95).

9. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის VI სამმართველოს უფროსმა გ.ა–მა, 2021 წლის 13 აგვისტოს სასამართლოს მიმართა და აცნობა, რომ შესაგებელში მითითებულ მისამართზე, განჩინება ჩაბარდა ლ.მ–ის შვილს - ვ.მ–ს (დედისთვის გადასაცემად) (ტომი I, ს.ფ. 97-98).

10. 2021 წლის 23 აგვისტოს, ლ.მ–მა სააპელაციო საჩივარი წარადგინა, (მისამართის გრაფაში კვლავ მითითებულია მის მიერ შესაგებელსა და საჩივარზე მითითებული მისამართი), რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა (ტომი I, ს.ფ. 101-109).

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, ლ.მ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტს დარღვეული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა (ტომი II, ს.ფ. 4-7).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინება, ლ.მ–ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე სამჯერ, 2021 წლის 12 ოქტომბერს, 2021 წლის 20 ოქტომბერსა და 2021 წლის 03 დეკემბერს გაეგზავნა, თუმცა, ვერ ჩაბარდა (ტომი II, ს.ფ 9-13). საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინება, 2022 წლის 14 მარტს, ჩაბარდა ლ.მ–ის წარმომადგენელს - ლ.წ–ს (ტომი I, ს.ფ. 69-70, (ტომი II, ს.ფ. 10).

13. 2022 წლის 23 მარტს, ლ.მ–მა სააპელაციო პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა (ტომი II, ს.ფ. 17-19).

14. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას შვილთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, რის გამოც მან არ აცნობა განჩინების ჩაბარების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, 2021 წლის 20 აგვისტოს, განჩინება სოფელში ჩაუტანა შვილიშვილმა, რომელმაც არ იცოდა ის თარიღი, როდის ჩაბარდა ვ.მ–ს საპროცესო დოკუმენტაცია. ამასთან, ვინაიდან ლ.მ–ი იმყოფებოდა ცუდად, ხოლო შემდგომი დღე დაემთხვა შაბათს, ამიტომ, მან ორშაბათს მიმართა იურისტს და იმ დღესვე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულის შესაბამისად, მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინება უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, კერძოდ, მხარე მიუთითებდა, რომ განჩინება ჩაჰბარდა მის შვილს, რომელთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა, რის გამოც მას განჩინების ჩაბარების შესახებ ინფორმაცია დედისთვის არ გადაუცია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნებისთვის განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხეს მის მიერ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტში მითითებულ მისამართზე არ ბარდებოდა, რის გამოც სასამართლომ გზავნილის ჩაბარება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის განჩინება, საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, 2021 წლის 06 აგვისტოს, დედისთვის გადასაცემად, ჩაიბარა ლ.მ–ის შვილმა - ვ.მ–მა (ტომი I, ს.ფ. 91-93, 93-95, 97-98).

20. პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, რომელიც გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ჩაჰბარდა აპელანტის ოჯახის წევრს - შვილს, მიიჩნევა, რომ გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. შესაბამისად, გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ გადაწყვეტილება მას პირადად არ ჩაბარებია, დაუსაბუთებელია.

21. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ, თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპონდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი მიუთითებს, რომ მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრია, სასამართლო გზავნილს მხარის ოჯახის წევრისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება კი, თავად მხარეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

22. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მას შვილთან კარგი ურთიერთობა არ აქვს, რის გამოც განჩინება არ გადასცემია. ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აპელანტის შვილმა გადაწყვეტილება სწორედ იმ მისამართზე ჩაიბარა, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორი უთითებდა, როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო საჩივარსა და კერძო საჩივარში. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ.მ–ს, 2021 წლის 07 მაისს, შსს პოლიციის სამმართველოს მიერ, სწორედ შესაგებელში მითითებულ იმ მისამართზე ჩაბარდა პირადად, სადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველობის შესახებ განჩინება ჩაიბარა მისმა შვილმა (ტომი I, ს.ფ. 72-73). ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გზავნილის დაგვიანებით გადაცემა (თუკი მართლაც ასე მოხდა), გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის არაარსებითია, ვინაიდან კანონის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნევა სწორედ ოჯახის წევრისათვის გადაცემის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, გადასცეს თუ არა ის ადრესატს.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

24. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 07 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 20 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 23 აგვისტოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი, როგორც კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი, მართებულად დატოვა განუხილველად (შდრ. სუსგ №ას-581-552-2015, 20.07.2015 წელი; №ას-119-119-2018, 30.03.2018 წელი; საქმე №ას-1959-2018, 19.04.2019 წელი).

25. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცეს კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე