საქმე Nას-219-2022 07 ივნისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა სს „ს.კ.ა–ას“ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხე სს „ს.კ.ა–ასათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 23 894,01 ლარისა და პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2019 წლის 15 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე) შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების (23 894,01 ლარის) 0,2%-ის გადახდის, დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2019 წლის 27 მაისს, სს „ს.კ.ა–ასა“ და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა №1/270519/2 ხელშეკრულება, რომლითაც სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო უზურნველეყო შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, ავტომობილი Ford Range, სახელმწიფო ნომრით: .. – .. – GE) დაზღვევა, სადაზღვევო რისკს კი, წარმოადგენდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
2.2. 2019 წლის 2 ნოემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალება - Ford Range (სახელმწიფო ნომრით: .. – ... – GE) დაზიანდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, რაც დადასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ.
2.3. 2019 წლის 04 ნოემბერს, სს „ს.კ.ა–ას“ დაკვეთით შპს „ჯ. თ. მ–მა“ (Ford-ის ოფიციაური წარმომადგენლობა საქართველოში) შეაფასა სსიპ შემოსავლების სამსახურის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების - Ford Range (სახელმწიფო ნომრით: .. – .. – GE) შეკეთების/აღდგენის ღირებულება, რაც ინვოისის თანახმად, 23 894,01 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განაცხადი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეავსო და სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა 2019 წლის 2 ნოებერს. სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ აანაზღაურებდა 18 375,92 ლარს და უარი განაცხადა ზიანის სრულად გადახდაზე.
2.5. მოსარჩელე, სადაზღვევო თანხის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რის გამოც აღძრული სარჩელით სადაზღვევო თანხის გარდა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებაც მოითხოვა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი 18 275,92 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო 5 518,09 ლარის ნაწილში მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე.
3.2. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის, ასევე ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენდა მხოლოდ 18 375,92 ლარს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ს.კ.ა–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის - 18 375,92 ლარის ოდენობით გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე სს „ს.კ.ა–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 18 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს - 18 375,92 ლარის 0,02%-ის გადახდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპის მხედველობაში მიღებით არ გაიზიარა, აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი სრული ოდენობით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. პალატამ განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიამ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის გამოთვლა მოახდინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. კერძოდ, სახელშეკრულებო პირობის თანახმად, საბალანსო ღირებულება დაზღვევის მომენტისათვის მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან; თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდებოდა, რომ სადაზღვევო თანხა 10 %-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებდა ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების (საბაზრო ღირებულების) შეფარდების შესაბამისად. ხოლო აღნიშნული შეთანხმების გამაბათილებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი, რაც პალატის აზრით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მართებულად გახდა.
5.3. სააპელაციო პალატამ, ასევე ყურადღება გაამახვილა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებსა და ოდენობაზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ გონივრულად განსაზღვრა როგორც დასაკისრებელი თანხის ოდენობა ისე მისი გამოთვლის დაწყების თარიღი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 07 დეკემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
6.2. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებს ხელთ ჰქონდათ ორი დოკუმენტი: 1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, სადაც მითითებულია ავტომანქანის შესყიდვის ღირებულება - 51 527 ლარი და 2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც მითითებულია ექსპერტის მიერ სუბიექტურად შეფასებული საბაზრო ღირებულება - 67 000 ლარი. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატას ეს ორი დოკუმენტი უნდა შეეფასებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად და დაედგინა, რომელი იყო რელევანტური ზიანის გამოთვლის მიზნებისთვის. ნაცვლად ამისა, სააპელაციო პალატამ უგულებელყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და არასწორად მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ კასატორს რაიმე დოკუმენტი არ წარუდგენია.
6.3. კასატორი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნის ხარისხსა და ექსპერტის კვალიფიციურობას და აცხადებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არაკვალიფიციურია, მხოლოდ ინტერნეტში მოძიებულ მასალებს ეყრდნობა, დაზიანებული და შესადარებელი მანქანების ტექნიკური კომპლექტაცია სრულყოფილად არ არის შესწავლილი, რაც ცხადყოფს, რომ იგი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების გამოსათვლელად რელევანტურ დოკუმენტს არ წარმოადგენს.
6.4. კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მან სცადა საპირწონე მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სადავო ავტომანქანის ღირებულება, იმავე კომპლექტაციით, რაც დაზიანებულ ავტომობილს გააჩნდა, მერყეობს 78435 ლარიდან 103 320 ლარამდე. ამ მტკიცებულების მიღებაზე სააპელაციო პალატის უარი, კასატორის მტკიცებით, უკანონოა, რადგან არსებობდა მტკიცებულების მოგვიანებით წარდგენის საპატიო საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელისთვის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გახდა ცნობილი იმ ფაქტის შესახებ, თითქოს ავტომობილის საბაზრო ღირებულება არ შეესაბამებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასახულ ღირებულებას.
6.5. კასატორი მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ თუ როგორ განიმარტება „საბაზრო ფასი/ღირებულება“ და ექსპერტების მიერ განსაზღვრული „საბაზრო ფასი“ შეესაბამება თუ არა ამ შინაარსს. ხელშეკრულებაში „საბაზრო ფასის“ განმარტებაში არ არის განსაზღვრული „საქართველოს ბაზარზე არსებული ფასი“ გულისხმობს გაცხადებულ ფასს თუ რეალურ სარეალიზაციო ფასს. კასატორის განმარტებით, ინტერნეტგვერდზე გაცხადებული ფასები უმრავლეს შემთხვევაში ვაჭრობის შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება, ეს კომპონენტი კი, ექსპერტს გათვალისწინებული არ აქვს. სწორედ ამიტომ, საბაზრო ფასი უნდა განიმარტოს „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის თანახმად, „თავისუფალი (საბაზრო) ფასი ეწოდება ფასს, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით, თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს „საბაზრო ფასის“ ობიექტური განმარტების შედეგად არ უნდა მიეჩნია ექსპერტიზის დასკვნა რელევანტურ და სანდო მტკიცებულებად და მასზე არ უნდა დაეფუძნებინა გადაწყვეტილება.
6.6. კასატორი ასევე, პრეტენზიას აცხადებს აქცესორული უფლების - პირგასამტეხლოს, არაგონივრულ შემცირებაზე და მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს 0,02%-მდე შემცირება არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესიდან.
6.7. გარდა ამისა, კასატორი არ ეთანხმება პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღის განსაზღვრას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაწყებულიყო არა 2020 წლის 18 თებერვლიდან, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა, არამედ 14 ნოემბრიდან, როდესაც სადაზღვევო კომპანიას ხელთ ჰქონდა, როგორც ავტომობილის შეკეთების ღირებულების შესახებ ინვოისი, ასევე ყველა სხვა დოკუმენტაცია, რაც ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებოდა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილადაა ცნობილი და საკასაციო პალატა დასაბუთებული შედავების არარსებობის პირობებში, იზიარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- სს „ს.კ.ა–ასა“ („მიმწოდებელი“) და სსიპ შემოსავლების სამსახურს („შემსყიდველს“) შორის 2019 წლის 27 მაისს, გაფორმდა №1/270519/2 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - დანართი №1-სა და დანართი №2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა; მომსახურების გაწევა განხორციელდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე (4.2 პუნქტი); დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე (4.3 პუნქტი); ავტომობილის დაზღვევა განხორციელდებოდა საბალანსო ღირებულებაზე დაყრდნობით; იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის საბალანსო ღირებულება შეიცვლებოდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო მზღვეველთან შეთანხმებით მოეხდინა შესაბამისი ცვლილება და გაზრდილი ან შემცირებული ღირებულების შესაბამისად გადაეხადა სადაზღვევო პრემია და მიეღო ანაზღაურება (3.3. პუნქტი); მხარეები შეთანხმდნენ პრემიის გადახდის წესზე;
- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საბალანსო ღირებულება დაზღვევის მომენტისათვის მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან; თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდება, რომ სადაზღვევო თანხა 10 %-ით ან/და მეტით ნაკლებია დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებდა ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების (საბაზრო ღირებულების) შეფარდების შესაბამისად (3.4 პუნქტი; ასევე ხელშეკრულების მე-2 ნაწილის (ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის დაზღვევის პირობები) მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი); დაზღვევის პირობების ტერმინთა განმარტებების ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება განიმარტა, როგორც დაზღვევის ხელშეკრულებაში დამზღვევის მიერ მითითებული საბალანსო ღირებულება სადაზღვევო თანხა (საბალანსო ღირებულება დაზღვევის მომენტისათვის მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულების 90%-ისა); აღნიშნული ღირებულების საფუძველზე მოხდებოდა სადაზღვევო პრემიის და დაზღვევის პერიოდში ნებისმიერ მომენტში გასაცემი შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების გამოანგარიშება;
- დაზღვევის პირობების ტერმინთა განმარტებების ნაწილის თანახმად, სადაზღვევო თანხა (ლიმიტი) განიმარტა, როგორც სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ჯამური ოდენობა, რომელიც განისაზღვრებოდა დაზღვევის თითოული სახეობისათვის ცალ-ცალკე: სატრანსპორტო სახეობის ძარის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო თანხა შეესაბამებოდა თითოეული ავტომობილის საბალანსო ღირებულებას. ხელშეკრულების №2 დანართის თანახმად, ავტომობილის „Ford Range“-ის, სახელმწიფო ნომრით: .. – .. – GE, საბალანსო ღირებულება განისაზღვრა 51 527,00 ლარით;
- 2019 წლის 02 ნოემბერს ნინოწმინდა-წალკის გზის მე-12 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სსიპ შემოსავლების სამსახური ბალანსზე რიცხული ავტომობილი „Ford Range“-ის, სახელმწიფო ნომრით: .. – .. – GE;
- მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით;
- დამზღვევის მხრიდან არ დარღვეულა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება და იგი პრემიას შეთანხმებული პირობების შესაბამისად იხდიდა;
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ამავე კოდექსის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
14. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ საქმე №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საბალანსო ღირებულება დაზღვევის მომენტისათვის მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან, თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღმოჩნდებოდა, რომ სადაზღვევო თანხა 10%-ით ან/და მეტით ნაკლები იყო დაზღვეული ტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, მაშინ მზღვეველი აანაზღაურებდა ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო ღირებულების (საბაზრო ღირებულების) შეფარდების შესაბამისად (3.4 პუნქტი; ასევე ხელშეკრულების მე-2 ნაწილის (ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის დაზღვევის პირობები) მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი). ამიტომ, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მასზედ, რომ მხარეებმა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა დაუკავშირეს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებასა და მათ შორის პროცენტული შეფარდების ოდენობას. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, სადაზღვევო თანხა (51 527ლარი) დასაშვებ 10%-ზე ნაკლებია დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულებაზე (67000) ლარი, შესაბამისად, პროცენტული თანაფარდობის გზით, შპს "ჯ.მ–ის" მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის საფუძველზე (სულ, ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ოდენობა 23 894,01 ლარი), სადაზღვევო ანაზღაურება მართებულად განისაზღვრა 18 375,92 ლარით.
16. მითითებული მოცემულობის პირობებში, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება შეუძლებელი იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ავტოტრანსპორტის საბაზრო ღირებულების შეფასების შესაბამისი დოკუმენტის არსებობის გარეშე. ამ მიმართებით საქმის მასალებში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 ნოემბრის №008291519 დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ „Ford Range“-ის, სახელმწიფო ნომრით: ..–...–GE საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 67 000 ლარს.
17. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე, მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი მთავარი კრიტერიუმით: მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლო ვალდებულია, მტკიცებულებები შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წარმოდგენილი მტკიცებულების სარწმუნოობაზე.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესახებ საკასაციო საჩივარში მოხმობილ მსჯელობას და მხარეს განუმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნის არასარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის ობიექტური გარემოებები არ არსებობს. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემსრულებელი ექსპერტი ნ.შ–ი იყო სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი, 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მასზე შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ISO/IEC 17024 სტანდარტის მიხედვით გაცემულია შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატი. ამასთან, ექსპერტიზის კვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ მითითებული და შესწავლილია სადავო ავტომობილის მახასიათებლები, რაც დასკვნაში ცხრილის სახითაა გაშიფრული, ასევე დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილის ვიზუალური შესწავლა მოხდა ადგილზე, რა დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა დაზიანებების არსებობა, ამასთან, დასკვნიდან ირკვევა, რომ საბაზრო ფასი განისაზღვრა ავტომანქანის ბაზრობებსა და ინტერნეტში გასაყიდად წარმოდგენილი მსგავსი კომპლექტაციისა, ტექნიკურად გამართული ავტომობილების, ასევე ექსპერტის ხელთ არსებული ინფორმაციისა და დღევანდელი საბაზრო ფასის გათვალისწინებით (ტომი I, ს.ფ. 108-114). შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის მითითება, თითქოს ექსპერტიზამ არ გაითვალისწინა დაზიანებული მანქანის კომპლექტაცია და ფასის განსაზღვრა მოხდა მხოლოდ ინტერნეტში განთავსებული მანქანების მიხედვით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმისა და მისი არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძვლები.
19. საკასაციო სასამართლო, კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენაზე, გასაჩივრებული არ არის, ამიტომ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული საპროცესო სამართლებრივი მოქმედების მართებულობა შეაფასოს.
20. საკასაციო საჩივარში პირგასამტეხლოს დარიცხვასა და მისი ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის დღედ 2020 წლის 18 თებერვალი, რადგან სადაზღვევო კომპანიამ სწორედ ამ დღეს შეიტყო, რომ მოსარჩელე უარს აცხადებდა მათ მიერ შეთავაზებული ზიანის ოდენობის ანაზღაურების მიღებაზე, რაც მზღვეველს საკუთარი ვალდებულების შესრულების ვალდებულებას, მიუხედავად დაზღვეულის თანხმობისა, მაინც წარმოუშობდა. ამასთანავე, საკასაციო პალატა დარღვევის ხასიათის, პერიოდისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ასევე, ეთანხმება პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების ფაქტსაც და მას დარღვევის პროპორციულ სანქციად მიიჩნევს.
21„. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო
სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ასევე, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
პროცესის ხარჯები
20. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნას დაუშვებლად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე