08 თებერვალი 2022 წელი
საქმე№ას-842-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კომპენსაციის ოდენობის გაზრდა
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.მ–ძემ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2211/კ ბრძანების ბათილად ცნობის და კომპენსაციის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2211/კ ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 11200 ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის განსაზღვრა 2 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 30 იანვრის N3 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2012 წლის 16 ივლისის N 3357/კ ბრძანების საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით გადაინიშნა სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის პოზიციაზე (ტ.1, ს.ფ. 19, 20). სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ჯეროვნად. მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახდელდადებული არ ყოფილა.
5.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისს N117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები შეიქმნა რეგიონალური პრინციპით. შედეგად 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად ფუნქციონირება განაგრძო 22 ტერიტორიულმა სამსახურმა. რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი - 813 200 ლარი; რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით (ტ.1, ს. ფ. 126). რეორგანიზაციის შედეგად - შეიქმნა იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელიც ნაცვლად ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმებული 49 საშტატო ერთეულისა, დაკომპლექტდა 35 საშტატო ერთეულით, აქედან, რეგიონული სამსახურის უფროსის - 01 და მთავარი სპეციალისტის - 34 საშტატო ერთეულით (ტ.1, ს.ფ. 127).
5.3. სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/ კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად განხორციელებულიყო ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად - პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე სააგენტოს 2019 წლის 17 დეკემბრის N 13703/კ ბრძანებით კი, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში რეორგანიზაციიდან გამომდინარე დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება (ტ.1, ს.ფ. 26-27, 28-29).
5.4. მოსარჩელის ტესტირების შედეგები შემდეგნაირად განისაზღვრა: ზოგადი უნარჩვევები - 56 ქულა (მაქსიმალური ქულა – 80), სახელმწიფო ენის მართლწერა - 58 11 ქულა (მაქსიმალური ქულა – 80), პროფესიული თემატიკა - 41 ქულა (მაქსიმალური ქულა – 50).
5.5. სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის N401/კ ბრძანებით, თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით, შეიქმნა სპეციალური კომისია. კომისიის 14.01.2020 წლის გასაუბრების N16 ოქმის თანახმად, დასაქმებულმა კომისიის მიერ დასმულ კითხვაზე - რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში საშუალოზე დაბალ შეფასებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ მიღებული ქულები მისი ცოდნის პროპორციულია. ასევე განმარტა, რომ სამსახურში დატვირთულია და ესაჭიროებათ მეტი ადამიანური რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ შემდგომი საქმიანობა (ტ.1, ს.ფ. 33-34).
5.6. მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის N2211/კ ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 29 ნოემბრის N12682/კ ბრძანების მე-3 პუნქტში მითითებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციის ფარგლებში 14.01.2020 წელს ჩატარებული გასაუბრების ოქმი N16 (ტ.1, ს.ფ. 30-31). მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5.7. მოსარჩელემ, ტესტირებაში მიღებული ქულების ჯამით, ტესტირებაში მონაწილე იმ 35 პირთაგან, ვინც რეორგანიზაციის შედეგად დაინიშნენ/გადაინიშნენ იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 31 დასაქმებულ პირზე მაღალი შეფასება მიიღო. მათ შორის მოსარჩელის, როგორც ტერიტორიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ მიღებული ქულების ჯამი აღემატებოდა ამავე პოზიციაზე დასაქმებულ და ტესტირებაში მონაწილე 8 პირიდან 5 პირის (სამსახურის უფროსის) მიერ მიღებულ შედეგებს, რომლებიც რეორგანიზაციის პირობებში დაინიშნენ მთავარი სპეციალისტების პოზიციებზე (ტ.1, ს.ფ. 180-184).
5.8. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის ყოველთვიურად 1400 ლარს (დარიცხული ხელფასი) შეადგენდა (ტ.1, ს.ფ. 87). ამასთან, რეორგანიზაცის შედეგად ის პოზიცია, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა, გაუქმდა, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვისას, ტოლფასი - მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობა აღარ არსებობდა.
5.9. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელემ „საშუალოზე დაბალი“ შეფასება მიიღო, ვინაიდან მოსარჩელემ იმ პირებზე მაღალი შეფასება მიიღო, რომლებმაც რეორგანიზაციის შემდეგ გააგრძელეს სააგენტოში მუშაობა. ამასთან, იმერეთის რეგიონის მასშტაბით ტერიტორიული სამსახურების უფროსების პოზიციებზე დასაქმებული ყველა პირი, გარდა მოსარჩელისა, გადაინიშნა მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ 5 მათგანს ჰქონდა უფრო დაბალი შეფასება, ვიდრე მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ. 151-153; 179-184).
5.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება, რომ კომისიამ სხვა დასაქმებულებს უპირატესობა ობიექტურ კრიტერიმებზე დაყრდნობით მიანიჭა.
5.11. სამუშაოზე დასანიშნი/გადასანიშნი/გასათავისუფლებელი კანდიდატის შერჩევა სააგენტომ არ უზრუნველყო ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად. არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არსებობდა გათავისუფლების ობიექტური საფუძვლები, რის გამოც დამსაქმებლის გადაწყვეტილება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ იყო არალეგიტიმური და ბათილი.
5.12. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის სამუშაოდან უკანონო გათავისუფლების გამო, ასანაზღაურებელი კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 8 თვის შრომის ანაზღაურება - 11 200 ლარი მიიჩნია.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - კომპენსაციის განსაზღვრა 2 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დასაქმებულს კომპენსაცია მიეცემა მინიმუმ ერთი წლის მისაღები ხელფასის ოდენობით, შესაბამისად, ქვემდომი ინსტანციის სასამართლოების მიერ კომპენსაციის განსაზღვრა 8 თვის შრომის ანაზღაურებით არაგონივრულია.
6.2. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან მუშაობდა 15 წლის განმავლობაში. მან იმერეთის ტერიტრიულ სამსახურებში დანიშნულ 35 პირთაგან მიიღო 31-ზე მაღალი ქულა, ხოლო სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული 8 პირიდან - ხუთზე მაღალი შეფასება, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოპასუხის მითითება, მოსარჩელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
6.3. ყურადსაღები იყო ასევე მოსარჩელის ასაკი და მისი შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობა. საერთაშორისო შრომის სამართლის „კარგი“ პრაქტიკის თანახმად, კომპენსაციის თანხა დამსაქმებლისთვის უნდა იყოს ერთგვარი „სადამსჯელო“ ხასიათის, რათა არ მოხდეს დასაქმებულთა მსგავსი უკანონო გათავისუფლება მომავალში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, ხოლო ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებული იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, მ.მ–ძის საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თუ რამდენად სამართლიანად განსაზღვრეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლობმა მოპასუხის მხრიდან, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო, ამ უკანასკნელისთვის ასანაზღაურებელი კომპენსაციის ოდენობა. კასატორის განმარტებით, კომპენსაციის განსაზღვრა 8 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, არამასართლიანი და არაგონივრულია, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, უკანონოდ დათხოვნილ თანამშრომელს მიეცემა მინიმუმ ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაცია.
10. დადგენილია რომ მოსარჩელე 2006 წლის 30 იანვრიდან განუსაზღვრელი ვადით იყო დანიშნული სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 1400 ლარს (დარიცხული ხელფასი) შეადგენდა; სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებერვლის №2211/კ ბრძანებით, მოსარჩელე საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) საფუძველზე (რეორგანიზაციით გამოწვეული შტატების შემცირება) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; მოპასუხემ მოსარჩელესთან მიმართებით ვერ უზრუნველყო ატესტაციის ობიექტურად, გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარება, შესაბამისად, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა არამართლზომიერად; სააგენტოში მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა, ამასთან, არ არსებობს არც ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა.
11. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელითვე მოითხოვა მისი უკანონოდ გათავისუფლების გამო კომპენსაციის ანაზღაურება.
13. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ კანონი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური სტაბილურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ №ას-1540-2019, 30.09.2020წ.). კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის(იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).
14. მოხმობილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელისათვის განსაზღვრული კომპენსაცია - 8 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, სამართლიანი და გონივრულია. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის შრომით გამოცდილებას (მოსარჩელე 2006 წლიდან გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე), კომპეტენციას (მოსარჩელემ რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული ტესტირებისას მიიღო იმ პირებზე მაღალი შეფასება, რომლებმაც საქმიანობა განაგრძეს მოპასუხესთან) და მიიჩნევს, რომ არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით დასაქმებულთან უვადო შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო, კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ერთი წლის ხელფასით (1400*12) და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის - 16800 ლარის გადახდა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება კომპენსაციის - 16800 ლარის გადახდა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება. კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში მ.მ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ და აღნიშნულ ნაწილში კანონიერ ძალაშია მითითებული გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 16800 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 404 ლარს (16800 ლარის 3% _ 504 ლარი, რასაც გამოაკლდება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული 100 ლარი, სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 224 ლარს (16800-11200=5600 ლარის 4%), ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 280 ლარს (16800-11200=5600 ლარის 5%), ჯამში, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 908 (ცხრაასრვა) ლარის (404+224+280=908) გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 264.3-ე, 372-ე, 399-ე, 404-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება მ.მ–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და კომპენსაციის ოდენობის ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 16800 (თექვსმეტიათასრვაასი) ლარის გადახდა (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
4. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 908(ცხრაასრვა) ლარის გადახდა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია