13 აპრილი 2022 წელი
№ას-1138-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ჟ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“
მოპასუხე - ზ.ჯ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს. „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ზ.ჯ–ძისა და მ.ჟ–ის მიმართ მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის სოლიდარულად დაკისრების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 49 705.32 ლარის მოსარჩელისათვის გადახდა. დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება. დადგინდა, რომ თუკი იპოთეკის საგნების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არასაკმაირისი აღმოჩნდებოდა, დავალიანება დაფარულიყო მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან. მოპასუხეებისათვის 2 692.38 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ჟ–მა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ჟ–მა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, მ.ჟ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე, მ.ჟ–ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 ივნისის განჩინებით, მ.ჟ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა 10 დღის ვადა დაზუსტებული და იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და დავის საგნის ღირებულების 4 %-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადხდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისათვის.
6.2. აღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში მ.ჟ–მა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების მიზნით დამატებით ვადის მიცემის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, მ.ჟ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა დამატებით 10 დღით.
6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განჩინებით დადგენილ ვადაში მიმართა მ.ჟ–მა, წარადგინა სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
6.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინებით მ.ჟ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა დამატებით 10 დღით.
6.5. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება ფოსტის მეშვეობით არაერთხელ გაეგზავნა მ.ჟ–ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..... 25. ბ N 54), ხოლო დოკუმენტაციის ჩაუბარებლობის შემდეგ, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით გზავნილის ჩაბარების თაობაზე.
6.6. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მერვე სამმართველოს უფლებამოსილი პირის 2021 წლის 23 აგვისტოს მომართვისა და მასზე დართული ხელწერილით დგინდებოდა, რომ აპელანტ მ.ჟ–ს სასამართლოს გზავნილი 2021 წლის 21 აგვისტოს პირადად ჩაბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2021 წლის 22 აგვისტოს და ამოიწურა 2021 წლის 31 აგვისტოს. მითითებულ პერიოდში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ.ჟ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, მას აპელანტისთვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების მიღებისას იყო მიკერძოებული და არაობიექტური, მან უგულებელყო საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინების მითითება უზრუნველეყო მ.ჟ–ის საქმის განხილვაში მონაწილეობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადავადებოდა, დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატის მიერ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 2021 წლის 18 იანვრისა და იმავე წლის 18 თებერვლის განჩინებებით ორჯერ გაუგრძელდა. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს შეეძლო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის, დამატებით წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც არ განუხორციელებია და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდით გამოუსწორებია სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ 2021 წლის 18 თებერვლის განჩინება, აპელანტს პირადად ჩაბარდა 2021 წლის 21 აგვისტოს (იხ. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მერვე სამმართველოს უფლებამოსილი პირის 2021 წლის 23 აგვისტოს მომართვა და თანდართული ხელწერილი, ს.ფ. 312-313), შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 22 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 31 აგვისტოს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
14. კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი და 103-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლებს, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს (მოპასუხეს) სწორად დაუდგინა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი.
15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: № ას-200-2019, 2019 წლის 26 მარტის განჩინება; № ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; № ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჟ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი