Facebook Twitter

საქმე №ას-898-2022 6 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.ც–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ტ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შ.ც–ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ტ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით შ.ც–ას დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 9 აგვისტოს.

9. 2022 წლის 16 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას, რამდენადაც საკასაციო საჩივრის ავტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ დასასვენებლად და მოკლებული იყო მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, შესაბამისად, მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შ.ც–ას წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. შ.ც–ას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2022 წლის 22 სექტემბერს.

12. 2022 წლის 26 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას, რამდენადაც კასატორის ტელეფონი გამორთულია ქსელიდან, შესაბამისად, მოკლებულია კასატორთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, რის გამოც მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა (იხ. მინდობილობა ს.ფ. 16-17) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინება ჩაიბარა 2022 წლის 22 სექტემბერს.

17. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა, 2022 წლის 23 სექტემბერს დაიწყო და ამავე წლის 28 სექტემბერს ამოიწურა.

18. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

19. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს დავალებული ჰქონდა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით, ასევე, სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

20. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზის არცერთი ნაწილი არ შევსებულა. ამასთან, კასატორის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) ვერ გახდება საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი.

21. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 12 ივლისს შემოვიდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან დღემდე გასულია 2 თვეზე მეტი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება, და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა, ხოლო ვადის დამატებით გაგრძელება, მით უფრო ობიექტური გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საქმის განხილვის დაუსაბუთებელ გაჭიანურებას გამოიწვევს.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ.ც–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე