საქმე №ას-502-2020 27 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ე“, ა.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2016 წლის გადაწყვეტილებით ბ.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „დ–ე“-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „საზოგადოება“) და ა.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.04.2018 წლის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება №2ბ/5747-17 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა განსახილველ საქმეზე. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.09.2018 წლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.04.2018 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების საკითხის ხელახლა განსახილველად. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეჩერების საფუძვლად გამოყენებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/5747-17 განჩინების დავის საგანია პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან, რომელიც გასაჩივრებულია საკასაციო წესით, ხოლო განსახილველი და უკვე შეჩერებული დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ იმ კრების ოქმის ბათილობა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ის გარიცხეს საზოგადოებიდან. პალატამ აღნიშნა ისიც, რომ ამ საქმეზე, რომელიც შეჩერებულია და წინამდებარე კერძო საჩივრის საგანია, თუკი სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ კრების ოქმის ბათილად ცნობაა, შესაფასებელი იქნება ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილობის საკითხი საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება იმას, რომ თუკი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაა შესაძლებელი, მაშინ გამორიცხულია სასარჩელო მოთხოვნის იმგვარად დაყენება, რასაც არ მოჰყვება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამდენად, წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე შესაფასებელი იქნება მოსარჩელის მოწინააღმდეგე მხარის - პირველი მოპასუხის დირექტორისა და ამავე საწარმოს პარტნიორის, მეორე მოპასუხის 20.03.2018 წლის განცხადების საფუძვლებიც იმ კონტექსტში, რომ სააპელაციო სასამართლო იხილავს საქმეს, რომლის დავის საგანია პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, ხოლო ამგვარი სარჩელის დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია და სასამართლო პრეროგატივას განეკუთვნება. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ ქცეული კრების ოქმის ბათილობა, როგორც სასარჩელო მოთხოვნის დასაშვებობა იურიდიულად შემოწმდებოდა, შესაძლოა აღნიშნულ საკითხს გავლენა მოეხდინა საქმის წარმოების შეჩერების გადაწყვეტაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2016 წლის გადაწყვეტილება და სარჩელი პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. პირველი მოპასუხე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, საზოგადოების პარტნიორები არიან: მოსარჩელე - 50%, მეორე მოპასუხე - 50%; საზოგადოების დირექტორი იყო მოსარჩელე, რომელიც გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან პარტნიორთა 06.08.2012 წლის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე და საზოგადოების დირექტორად სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა მეორე მოპასუხე.
4.2. პარტნიორთა 06.08.2012 წლის კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდა მეორე მოპასუხე, არ ესწრებოდა მოსარჩელე, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ, მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, საზოგადოების დირექტორად მეორე მოპასუხის დანიშვნის შესახებ. კრების ოქმის მიხედვით, პარტნიორის გარიცხვის და დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი იყო სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის მიმართ კანონიერ ძალაში შესული 10.05.2006 წლის განაჩენი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე. საზოგადოებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 282957 ლარის გადახდა, საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელი თანხა განისაზღვრა 222000 ლარით. საზოგადოებამ ბანკიდან აიღო კრედიტი ვალდებულების დასაფარად, რითაც მას ზიანი მიადგა.
4.3. 10.02.2014 წელს მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.02.2014 წლის №ბ14012869/3 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მეორე მოპასუხის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა იყო თუ არა განსაზღვრული შეტანის წესი და ვადა და დაირღვა თუ არა მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვადა, ასევე გადაწყვეტილების მისაღებად კრების უფლებამოსილების დადგენის მიზნით განმცხადებელს დამატებით უნდა წარედგინა კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.02.2014 წლის №B14012869/5 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და 14.02.2014 წლის №B14012869/6 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მხოლოდ საზოგადოების დირექტორის ცვლილება განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.
4.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა პარტნიორთა 06.08.2012 წლის კრების ოქმი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.09.2018 წლის განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ, პირველ რიგში, შემოწმებას ექვემდებარება სწორად იყო თუ არა აღძრული სარჩელი და დასაშვები იყო თუ არა იგი სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს, თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. ამდენად, დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს (სუსგ №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
4.5. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, რაშიც იგულისხმება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (სუსგ №ას-916-857-2017, 12.09.2017წ.).
4.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს პარტნიორთა 06.08.2012 წლის კრების ოქმის ბათილად ცნობას, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საზოგადოებიდან გარიცხვისა და დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მისი ამ პოზიციაზე აღდგენა, თუმცა მხარეს აღნიშნული სახის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. პალატამ აღნიშნა, რომ, იმ პირობებში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება პირის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და ამ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის თაობაზე და როდესაც მოცემული იურიდიული ფაქტი (გადაწყვეტილება) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, მხარემ სასამართლოს არა რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტების ბათილად ცნობის, არამედ პირვანდელი მდგომარეობის (საზოგადოების დირექტორის პოზიციაზე) აღდგენის მოთხოვნით უნდა მიმართოს, რომლის მტკიცების საგანს და არა სასარჩელო მოთხოვნას შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეულ დოკუმენტთა ნამდვილობა.
4.7. რაც შეეხება სადავო კრების ოქმს მოსარჩელის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის ნაწილში, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პარტნიორის გარიცხვის საკითხზე არსებობს სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვისათვის მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საკმარისი არ არის, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებამ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს პარტნიორის გარიცხვის შესახებ. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ განახორციელა შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია რეესტრის მონაცემებში. ამდენად, უდავოა, რომ სადავო კრებაზე ამ ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი შედეგი არ მოჰყოლია.
4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი პარტნიორთა 06.08.2012 წლის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (სუსგ №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ №ას-1525-2019, 16.12.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; სუსგ №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.).
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ., პ.27).
11. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანია პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის საზოგადოებიდან გარიცხვის, მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ. ამრიგად, აღძრულია აღიარებითი სარჩელი (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 1-13). სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს მითითებების (ტ.2, ს.ფ. 359-364) შესაბამისად, იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დასაშვებობის საკითხზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნილი არ არის რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელისთვის სასურველი იურიდიული შედეგის მომტანი ვერ იქნება (შდრ. სუსგ №ას-1151-1071-2017, 23.02.2018წ; №ას-1230-1150-2017, 13.11.2018წ.). უდავოა, რომ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა წარმოადგენს, თუმცა მას აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება საზოგადოების პარტნიორობიდან მოსარჩელის გარიცხვას, ამ ნაწილში კრების ოქმს შედეგი არ მოჰყოლია და როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორიც უთითებს, მხარეთა შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამრიგად, მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ არის. არ არსებობს აღიარებითი სარჩელის განხილვის წინაპირობები. კერძო საჩივრით არ არის წარმოდგენილი სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-847-2019, 26.12.2019წ; №ას-302-285-2017, 16.06.2017წ; №ას-995-2018, 27.09.2018წ.). საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (სარჩელი არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას) სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ქ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია