საქმე №ას-815-2022 16 სექტემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ვი, დ. პ-ლი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ს-ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნ. გ-ის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და დ. პ-ის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი, შემდეგში ერთობლივად: მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 369-ე, 2591-ე, 59-ე, მე-60 და 63-ე მუხლებით იხელმძღვანელა და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2022 წლის 20 აპრილს გამოცხადდა. სხდომას არ ესწრებოდნენ არც მოსარჩელეები (აპელანტები) და არც მათი წარმომადგენლები, თუმცა მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, რამდენადაც მეორე მოსარჩელეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 2022 წლის 25 მარტის სხდომაზე ეცნობა და შესაბამისი ხელწერილიც ჩამოერთვა (ტ 2, ს.ფ. 85), ხოლო პირველი მოსარჩელის წარმომადგენელს 28.03.2022წ. სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ტ 2, ს.ფ. 86), ე.ი საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ მოსარჩელეები. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20-დან 30-ე დღემდე, სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. მათმა წარმომადგენელმა მხოლოდ 31.05.2022 წელს, ანუ 41-ე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელეებისთვის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2022 წლის 20 მაისის) მომდევნო დღიდან - 2021 წლის 21 მაისიდან დაიწყო. გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2022 წლის 3 ივნისს ამოიწურა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი შპს ,,------- ------“ მეშვეობით საპროცესო ვადის დარღვევით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ივნისს ჩაჰბარდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვეს.
6. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, მხარეებმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე, 2022 წლის 27 აპრილს მოითხოვეს გადაწყვეტილება, თუმცა მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, გადაწყვეტილება არ იყო მზად, ხოლო, როდესაც ცნობილი გახდა მისი მომზადების თაობაზე, წარმომადგენელმა სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ჩაიბარა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებიან და სასამართლო ვალდებული იყო სასამართლო აქტი გაეგზავნა, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
7. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო.
10. გასაჩივრებული განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორებმა დაარღვიეს საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
11. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
12. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
13. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის მიხედვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
15. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014წ).
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების ერთ-ერთი პრეტენზიის ფარგლებში სსსკ-ის 2591-ე მუხლის იმ დანაწესზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვით, ნორმა იმპერატიულად ადგენს გასაჩივრების მსურველი მხარისათვის სასამართლოში მიმართვის ვადას (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა) გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა ასეთი შინაარსის განცხადებით (რომელიც საქმეში ასლის სახითაა დაცული-იხ. ტ.2, ს.ფ. 130) სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-7 დღეს, 2022 წლის 27 აპრილს მიმართეს. ამდენად, მათი მტკიცება, რომ კანონით დადგენილი ვადის დაცვით მიმართეს სასამართლოს, არ არის გაზიარებული. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტი, რომ მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდნენ და სასამართლო ვალდებული იყო, ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა, ქარწყლდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებით, რომლის თანახმად, მეორე მოსარჩელეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი 2022 წლის 25 მარტის სხდომაზე ეცნობა, რაზეც შესაბამისი ხელწერილიც ჩამოერთვა (ტ 2, ს.ფ. 85), ხოლო პირველი მოსარჩელის წარმომადგენელს 28.03.2022 წელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (ტ 2, ს.ფ. 86).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებისთვის სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის „(თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი)“ შესაბამისად ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, ისინი ვალდებული იყვნენ, სათანადო წესითა და კანონით დადგენილი ვადის მიხედვით ჩაებარებინათ სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება განცხადება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელე მხარის/მათი წარმომადგენლის სასამართლო მოხელესთან კომუნიკაციას და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას. ამდენად, გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტები უარყოფილია.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
19. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: N ას-977-2021, 18.02.2022წ; Nას-790-757-2016, 18.10.2016 წ; ლის N ას-221-208-2015, 29.05. 2015 წ. ).
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ-ის და დ. პ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური