საქმე №ას-864-2022 30 სექტემბრი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,თ-----ი ს-----ი მ----ლ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. გ-ლი (შემდეგ - მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „თ----ი ს----ი მ----ში“ (საფირმო სახელწოდების შეცვლამდე შპს ,,ე-----ტ ბ-----ის ჰ----ლი“) (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, კასატორი) ანესთეზიოლოგად. დასაქმებულის თითოეული მორიგეობის ანაზღაურება შეადგენდა ფიქსირებულ 50 ლარს (დასაბეგრი), რომელსაც ემატებოდა ოპერაციების ღირებულების 4%. მხარეთა შეთანხმებით ხელფასი გაიცემოდა ყოველი თვის 20 რიცხვში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
2. დასაქმებულმა და სხვა თანამშრომლებმა, 2017 წლის 25 მაისს, შემდეგი შინაარსის ერთობლივი ახნსა-განმარტებითი ბარათით მიმართეს დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს: ,,მოგახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალში ------- ნარკოტიკული ნივთიერებების გაფორმებისას მოხდა შეცდომა, კერძოდ, სერია: -----ის ნაცვლად გაფორმებულ იქნა სერია - -----. გთხოვთ აღნიშნული ჩაგვითვალოთ საპატიოდ”.
3. დასაქმებულმა, 2017 წლის 21 სექტემბერს, შემდეგი შინაარსის ახსნა-განმარტებითი ბარათით კვლავ მიმართა დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს: ,,მოგახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების აღრიცხვის ჟურნალში ფორმა ------ 20.09.17-ში ანესთეზიაში გამოყენებული 2 ამპულა ----- პაციენტთან... ჩემს მიერ შეცდომით იქნა გაფორმებული რეანიმაციის ----- აღრიცხვის ჟურნალში. გთხოვთ საპატიოდ ჩამითვალოთ ეს ფაქტი.“
4. ზემოაღნიშნულის გათვალისწისნებით, დამსაქმებლის 2017 წლის 22 მაისის ბრძანებით დასაქმებულს გამოეცხადა საყვედური, ხოლო იმავე წლის 28 სექტემბრის ბრძანებით - ივლისის ხელფასიდან დაექვითა 10 ლარი.
5. მოსარჩელე შესრულებული საქმიანობის სანაცვლო ანაზღაურებას იღებდა დაგვიანებით.
6. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა 2021 წლის მაისში შეწყდა.
7. დასაქმებულმა წერილობითი განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და სახელფასო დავალიანების შესახებ ცნობა, ასევე, შინაგანაწესი ან/და დირექტორის ბრძანება მოითხოვა, რომლითაც განსაზღვრული იყო დასაქმებულის სამორიგეო საათები, მოპასუხე კომპანიაში მუშაობის სრულ პერიოდზე, რაც მოპასუხემ არ შეასრულა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით დამსაქმებელს დაევალა ნებისმიერი, მასთან არსებული იმ დოკუმენტის წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა დასაქმებულის - როგორც ცვლაში მომუშავე პირის მორიგეობებს, სამუშაოს შესრულების დროს შრომითი ურთიერთობის მთელ პერიოდზე. განჩინებაში მითითებული დავალების პასუხად მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მოსარჩელის ნამუშევარი საათების აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი.
სარჩელის საფუძვლები:
.
9. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 11 103 ლარისა (დასაბეგრი) და პირგასამტეხლოს 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2020 წლის 28 დეკემბრამდე სახელფასო დავალიანაზე დარიცხული პირგასამტეხლოს 3807 ლარის (დასაბეგრი) დამსაქმებლისათვის დაკისრება, ასევე, სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, ყოველთვიურად დასაბეგრი 11 103 ლარის 0.07%-ის ოდენობით 2020 წლის 28 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
10. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, დამსაქმებელი დასაქმებულს სისტემატურად უგვიანებდა ხელფასს ან ნაწილ-ნაწილ ურიცხავდა, ან საერთოდ არ უნაზღაურებდა ნამუშევარ საათებს, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა. დამსაქმებლის ამგვარი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, მოსარჩელემ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
11. მოსარჩელის მითითებით, დამსაქმებელს საბოლოო ანგარიში არ გაუსწორებია და მის მიმართ სახელფასო დავალიანება 11 103 ლარს (დასაბეგრი) შეადგენს.
მოპასუხის პოზიცია:
12. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. ამასთან, გაურკვეველია მოსარჩელის მიერ თანხის გაანგარიშების საფუძვლები. მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და საბანკო ამონაწერის საპირისპიროდ, მოპასუხემ წარადგინა საბუღალტრო ამონაწერი, რომელიც დავალიანების არარსებობას ადასტურებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დასაბეგრი 11 103 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, აგრეთვე, დაეკისრა: 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2020 წლის 28 დეკემბრამდე სახელფასო დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს - დასაბეგრი 3807 ლარისა და სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად დასაბეგრი 11 103 ლარის 0.07% - 2020 წლის 28 დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების გაუმართლებლად დაკისრების ფაქტის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა.
17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დასაქმებული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი იყო და ცვლის დროს მის გარეშე არ ტარდებოდა ოპერაციები. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე როგორც ანესთეზიოლოგი, პასუხისმგებელი იყო ძლიერი გამაყუჩებელი საშუალებების (სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების) თითოეული დოზის გამოყენება/გაცემაზე, რაც მაქსიმალურად აღირიცხება და მკაცრად კონტროლდება, ,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის ბრძანების საფუძველზე.
18. სააპელციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანების დანართი №--4 ადგენს სტაციონარში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადებისა და გამოყენების წესს, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სტაციონარის განყოფილებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ექვემდებარება საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას დანომრილ, ზონარგაყრილ, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დალუქულ ჟურნალში (დანართი №----), ხოლო მე-9 მუხლის შესაბამისად, სტაციონარში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სააღრიცხვო დოკუმენტაცია ინახება ხუთი წლის განმავლობაში (თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ზოგიერთი დოკუმენტის უფრო ხანგრძლივი დროით შენახვას), რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის შედგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს განადგურებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, განადგურების თარიღი. აქტს ხელს უნდა აწერდნენ დაწესებულების ხელმძღვანელი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირები და პოლიციიდან მოწვეული წარმომადგენელი.
19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმათა საფუძველზე, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში შეინახოს სტაციონარში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ამდენად, ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხესთან დაცულია დოკუმენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, აღირიცხოს მისი მორიგეობის პერიოდი, ააშკარავებს გასაცემ და გაცემულ თანხებს შორის სხვაობას. ამ ფონზე დამსაქმებელმა, რომელსაც აქვს ობიექტური შესაძლებლობა, ასახოს შესრულებული სამუშაო და სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურება, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, სათანადო და შესაბამისი მტკიცებულებით მოსარჩელის მიერ მითითებული და წარმოდგენილი გარემოებები ვერ გააქარწყლა.
20. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 41.4 მუხლზე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის 31.3 მუხლი) მითითებით, მართებულად მიიჩნია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაც.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია, თუ საიდან გამომდინარეობს სახელფასო დავალიანება, მაშინ, როდესაც, კასატორმა საქმეს დაურთო საბუღალტრო მოდულის ამონაწერი, რომლითაც სამუშაოს შესრულებისათვის თანხის ანაზღაურების ფაქტი დასტურდება. ამასთან, მოსარჩელის პირადი ჩანაწერები ვერ გამოდგება სარწმუნო და უტყუარად მტკიცებულებად, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეიძლება დაედოს საფუძვლად.
23. კასატორის მითითებით, შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, მართალია, არსებობს მტკიცების ტვუირთის განსხავევბული სტანდარტი, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელემ არ მიუთითოს, თუ საიდან ითხოვს კონკრეტულ თანხას, მით უფრო, რომ სამართლწარმოების ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნა რამდენჯერმე შეიცვალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
29. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასა და დასაქმებულის (მოსარჩელის) წინაშე სახელფასო დავალიანების არარსებობას.
30. საკასაციო პალატის განმარტებით, რაკი მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი), შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც სახელფასო დავალიანების არარსებობას დაადასტურებდა.
31. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულმა სასარჩელო მოთხოვნა მის ხელთ არსებულ კალკულაციას დააფუძნა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა მორიგეობისა თუ ოპერაციების შესახებ დამსაქმებლისგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა. სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამსაქმებელს დაევალა ნებისმიერი, მასთან არსებული იმ დოკუმენტის წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის - როგორც ცვლაში მომუშავე პირის მორიგეობებსა და სამუშაოს შესრულების დროს შრომითი ურთიერთობას მთლიან პერიოდზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განჩინებაში მითითებული დავალების პასუხად, დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა მოსარჩელის ნამუშევარი საათების აღრიცხვის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მორიგეობისა თუ ოპერაციების აღრიცხვიანობა, ვერ მოიძია.
32. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-17-მე-18 პუნქტებში მითითებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის ბრძანებისა და მის დანართების დანაწესებზე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დასახელებულ ნორმათა საფუძველზე, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში შეინახოს სტაციონარში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სააღრიცხო დოკუმენტაცია. ამდენად, ვარაუდი, იმისა, რომ დამსაქმებელთან დაცულია დოკუმენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, აღირიცხოს დასაქმებულის მორიგეობები და, შესაბამისად, გასაცემ და გაცემულ თანხებს შორის სხვაობა, აშკარაა. ნიშანდობლივია, რომ დამსაქმებლის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის ჟურნალში აღნუსხვის ფაქტები, არც მოპასუხემ უარყო. დამსაქმებელს საქმისწარმოების ეტაპზე, მათ შორის, არც შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია კლინიკაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალის არსებობა. აღნიშნულს ადასტურებს 2017 წლის 25 მაისისა და იმავე წლის 21 სექტემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათების შინაარსიც.
33. საკასაციო პალატის განმარტებით, ამ ფონზე დამსაქმებელმა, რომელსაც აქვს ობიექტური შესაძლებლობა, ასახოს შესრულებული სამუშაო და სანაცვლოდ გაცემული ანაზღაურება, ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, სათანადო და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული და წარმოდგენილი გარემოებები. მტკიცებითი უპირატესობის მქონე პირის მიერ მორიგეობებისა და ოპერაციების აღრიცხვის შესახებ დოკუმენტაციის წარუდგენლობა კი, სწორად დაედო საფუძვლად დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე.
34. დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს მითითება შიდა ბუღალტურული აღრიცხვის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, კასატორი სახელფასო დავალიანების არარსებობას ამტკიცებს. საკასაციო პალატა სადავო გარემოების დასადასტურებლად აღნიშნულს არსებით მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან მასში მითითებული გადარიცხვების დრო და თანხის ოდენობა არ ემთხვევა საბანკო ამონაწერებით დასაქმებულის მიერ მიღებულ შემოსავლებს, ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არ ირკვევა მის შედგენაზე უფლებამოსილი პირიც და მტკიცებულებაზე არ არის აღნიშნული დირექტორისა და ბუღალტრის ხელმოწერა, მაშინ, როდესაც ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით კი, ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელ ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებს როგორც წერილობით, ისე - ელექტრონულად ხელს აწერს სუბიექტის ხელმძღვანელობისათვის პასუხისმგებელი პირი, ბუღალტერი ან სუბიექტის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა პირები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს სახელფასო დავალიანების არარსებობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას.
35. საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უარყოფს დამსაქმებლის პოზიციას და განმარტავს, რომ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის, ისევე, როგორც ხელფასის ოდენობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება და ფაქტობრივად შესრულებულია სამუშაო, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, შრომის ანაზღაურება არ დასტურდება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია, შესაბამისად, განჩინება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; №ას-45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1429-2020, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1068-2021, 2022 წლის 18 მარტის განჩინება; №ას-1798-2019, 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება; №ას-359-2021, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თ-----ი ს----ი მ----ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს ,,თ----ი ს----ი მ-----ლს“ (ს/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 960.70 ლარის (საგადასახადო დავალება ------ / გადახდის თარიღი 26.07.2022), 70% - 672.49 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე