Facebook Twitter

საქმე №ას-358-2021 13 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე. მ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - პ. უ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. პ. უ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ ტელევიზიებით გავრცელებული განცხადებების უარყოფა, კერძოდ: შპს ,,------ ---“-ს ეთერში, 2018 წლის 26 მარტს, გადაცემა „----- ----“ ნათქვამის უარყოფა: „ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქედან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაჩაგრა, ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს. აი, შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“; შპს ,,სამაუწყებლო კომპანია -------“-ის ეთერით 2018 წლის 24 მარტს, გადაცემა ,,---- ------“ გავრცელებულის უარყოფა: „ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, - რა გითხრათ აბა, - დაშინება; ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე; იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“; ,,იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს; მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტერსში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე; აი, ეს მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მას ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“; შპს ,,------ ----“ ეთერით, 2018 წლის 28 მარტს, გადაცემაში ,,-----“ გაკეთებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: ,,აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“. ,,მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“.

3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე 2004 წლიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ - სააგენტო) მუშაობდა და 2016 წლის 25 იანვრამდე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. მოსარჩელე სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წლის 25 ნოემბერს დაინიშნა და მოპასუხესთან ჰქონდა საქმიანი, თავაზიანი, მეგობრული ურთიერთობა.

4. მოპასუხის სამსახურიდან წასვლის საფუძველი გახდა მისი სხვა, მაღალანაზღაურებად სამსახურში - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) გადასვლა, რომლის ერთ-ერთი მიზეზი მოსარჩელის დადებითი რეკომენდაცია იყო. მოპასუხესთან საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდა დასახელებულ სამსახურში გადასვლის შემდეგაც, რასაც მოწმობს მოპასუხის მიერ სააგენტოში გაგზავნილი წერილი და ის გარემოება, რომ 2016 წლის ივნისში, მხარეები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები, მივლინებით იმყოფებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

5. სააგენტოში 2010 წლის 13 იანვრიდან 2016 წლის 22 აგვისტომდე მუშაობდა მოპასუხის მეუღლე ზ. ყ-იც (შემდგომ - მოპასუხის მეუღლე), რომელიც უხეშად არღვევდა სამსახურებრივ დისციპლინას. მოსარჩელე ცდილობდა კადრის შენარჩუნებას, თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, მოპასუხის მეუღლემ ჩაიდინა ისეთი მძიმე დარღვევა, რამაც შეუძლებელი გახადა მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, კერძოდ, 2016 წლის 13 ივლისს, იგი სამსახურში გამოცხადდა ალკოჰოლით მთვრალი, ძაღლთან ერთად, რომელიც გაუშვა იუსტიციის სახლის ძირითად დარბაზში. იგი არ დაემორჩილა იუსტიციის სახლის დაცვის თანამშრომლებს და ტურნიკეტის გვერდის ავლით ავიდა სააგენტოს სამუშაო სართულზე, რასთან დაკავშირებითაც, მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.

6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბათუმში სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდა, რომელმაც მოსარჩელესთან დააბარა, რომ მისი მეუღლისათვის დისციპლინური სახდელის შემთხვევაში, იგი მიმართავდა სახალხო დამცველს სააგენტოში მუშაობის პერიოდში მისი შევიწროების საფუძვლით.

7. მოპასუხის მეუღლე სამსახურიდან 2016 წლის 22 აგვისტოს გათავისუფლდა, 6 დღის შემდეგ, 2016 წლის 29 აგვისტოს, სამსახურიდან წასვლიდან რვა თვის შემდეგ, მოპასუხემ, შურისძიების მიზნით, სახალხო დამცველს მიმართა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ფალსიფიცირებული და ყალბი მტკიცებულებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მოწმეების დახმარებით, შეთხზა არარსებული ამბავი და საზოგადოებას თავი წარუდგინა ძალადობის მსხვერპლად.

8. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ცილისმწამებლური საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა მოსარჩელის პიროვნების დისკრედიტაციას, პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

9. მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიმართ შეტევამ და ანგარიშსწორების მცდელობამ მკვეთრი პოლიტიკური ელფერი შეიძინა, მისი და მისი ოჯახის წევრთა კანონიერი ინტერესების, სააგენტოს თანამშრომლებისათვის ბინძური საინფორმაციო კამპანიის შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, მოსარჩელემ 2018 წლის 27 მარტს თანამდებობა დატოვა.

10. ამდენად, რაკი მოპასუხის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, მოპასუხე ვალდებულია, იმავე საშუალებებით უარყოს ისინი.

მოპასუხის შესაგებელი:

11. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნიდან მალევე, მოსარჩელე აგრესიულ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენდა სააგენტოს მენეჯმენტის მიმართ. ფამილარულად ექცეოდა თანამშრომლებს, რის გამოც ბევრმა სამსახური დატოვა. მენეჯერები მასშტაბურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილებს.

12. მოპასუხის მითითებით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება დადგინდა.

13. მოპასუხის სააგენტოდან წასვლის მიზეზი გახდა 2015 წლის 30 სექტემბრის შემთხვევა, კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, მას მოსარჩელემ დაურეკა პირად პასპორტში შენგენის ვიზის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მოგვარებასაც იგი მოპასუხეს სთხოვდა. ვიზის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ, საუბრისას მოსარჩელემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა, რის შემდეგაც მოპასუხე ცუდად გახდა და წავიდა ე. ე-ან, რომელიც იყო ორივე მხარის საერთო მეგობარი. მოსარჩელე დაჟინებით ითხოვდა მასთან შეხვედრას და ემუქრებოდა, მოპასუხე კი მეგობრის სახლში ემალებოდა.

14. მოპასუხის მითითებით, ამ ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ, საზღვარგარეთ დაგეგმილ სასწავლო ვიზიტზე ისინი ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა მოპასუხე მოსარჩელეს თავს არიდებდა. წამოსვლის დღეს, მოსარჩელემ სთხოვა შერიგება და სამსახურში დარჩენა. რაც შეეხება მოპასუხის მეუღლეს, მოსარჩელე ცდილობდა, რომ მას საკუთარი განცხადებით დაეტოვებინა სამსახური, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხესაც დაემუქრა ახალი სამსახურიდან გაგდებითა და განადგურებით.

15. მოპასუხე ამ პერიოდში ბათუმში შემთხვევით შეხვდა სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომელსაც სთხოვა მოსარჩელისათვის გადაეცა, რომ, თუ თავს არ დაანებებდა, აუცილებლად უჩივლებდა. პასუხად, მოსარჩელემ აცნობა, რომ ჩივილის შემთხვევაში, იტყოდა მოპასუხესთან სხვაგვარი ურთიერთობის შესახებ.

16. მას შემდეგ, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესახებ, მისი მხრიდან წამოვიდა უფრო მეტი აგრესია; იგი ხელს უშლიდა მოპასუხეს, ახალ სამსახურში შეესრულებინა საკუთარი მოვალეობები და სააგენტოს თანამშრომლებს აუკრძალა მოპასუხესთან ურთიერთობა. მოპასუხის ყოფილი კოლეგები ცუდ მდგომაროებაში აღმოჩნდნენ და მუშაობა მძიმე სტრესულ გარემოში უწევდათ.

17. მოპასუხის განმარტებით, სახალხო დამცველისათვის სარჩელში მითითებული ვადაში მიმართვა განაპირობა იმან, რომ კანონი რაიმე შემზღუდველ ვადას არ აწესებს და მტკიცებულებათა შეგროვებასა და მოძიებასაც საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაევალა:

- შპს „--------“-ს ეთერში, 2018 წლის 26 მარტს, გადაცემა ,,---- -----“ გავრცელებული შემდეგი გამონათქვამის უარყოფა: ,,ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქედან გამომდინარე, რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ ანუ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო, რომ დაჩაგრა, ეს მას სიამოვნებას ანიჭებდეს. აი, შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“.

- შპს „სამაუწყებლო კომპანია --------“-ის ეთერით 2018 წლის 24 მარტს, გადაცემა „----- ------“ გავრცელებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: „ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახსნა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი; ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, - რა გითხრათ აბა, - დაშინება; ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს; ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მე სახალხო დამცველს მივმართე; იმის გამო, რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“; ,,იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს; მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ, სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტომ, რომ ქალი ხარ და შემიძლია შენ დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე“.

- შპს „---------‘’ ეთერით, 2018 წლის 28 მარტს, გადაცემა „-------“ გავრცელებული შემდეგი გამონათქვამების უარყოფა: „აქ არ არის საუბარი ქალის დისკრიმინაციასა, თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“.

- მოპასუხეს დაევალა ზემოაღნიშნული გამონათქვამების უარყოფა იმავე საშუალებებითა და ფორმით, რა საშულებებითა და ფორმითაც გაავრცელა. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სადავო გამონათქვამები წარმოადგენს არა აპელანტის შეფასებით მსჯელობას - აზრს, არამედ ფაქტების შემცველ განცხადებებს, ანუ დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო განცხადებები არსებითად მცდარი ფაქტები იყო, მათი გავრცელებით მას მიადგა ზიანი და მოპასუხემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც იგი ავრცელებდა, მცდარი იყო.

22. აპელანტის პრეტენზიის მიხედვით, სადავო განცხადებები არ შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს, მათი ნამდვილობა დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებით. მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების: ა. ქ-ის, ლ. ს-ის, ს. ჭ-ის, ე. თ-სა და ე. შ-ას ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს მათთან ჰქონდა ჩვეულებრივი, სამსახურებრივი ურთიერთობა. უარყვეს მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისა თუ სხვა რომელიმე თანამშრომელთა მიმართ უხეშად მიმართვის, შეურაცხყოფის, დამცირების, ძალადობისა თუ ფამილარული დამოკიდებულების ფაქტები, როგორც თათბირზე, ასევე - ჩვეულებრივი საქმიანობის დროს. რაც შეეხება მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, პალატამ მიიჩნია, რომ მათი ჩვენებები ვერ იქნება სანდო და დამაჯერებელი, რადგან, როგორც მათი, ასევე, მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ. გარდა ამისა, ტ. ი-სა და თ. თ-ლს დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის, მორალური ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, ტოლფას სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი ჰქონდათ შეტანილი მოსარჩელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №------) არ დაკმაყოფილდა. ეს გარემოებები ერთობლივად ადასტურებდა იმას, რომ მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეები იყვნენ დაინტერესებული საქმის შედეგით და არ წარმოადგენდნენ ნეიტრალურ მოწმეებს, განსხვავებით მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეებისაგან, რომელთა ჩვენებით დადგენილია, რომ მათ მოსარჩელესთან ჰქონდათ მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა და რაიმე ახლობლობა არ აკავშირებდათ და იყვნენ ნეიტრალური მოწმეები, რომელთა ჩვენებების სანდოობა ეჭვს არ იწვევდა. გარდა იმისა, რომ, პალატის მოსაზრებით, მოწმეები, ე. ე-ძე, ტ. ი-ლა და თ. თ-ლი არიან დაინტერესებული პირები, მათი ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა საქმეზე დაკითხულ ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებს. აღნიშნული გამოიხატება იმით, რომ ე. ე-ძე, ტ. ი-ლა და თ. თ-ლი თავიანთ ჩვენებებში ძირითადად უთითებენ თათბირების მიმდინარეობისას მოსარჩელის მხრიდან განსაკუთრებით ე. მ-ის მიმართ და სხვა თანამშრომელთა მიმართ დამცინავ, შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ სისტემატურ ქმედებებზე, თუმცა საქმეზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით არათუ ასეთი მძიმე ფაქტების არსებობა არ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან, არამედ რაიმე ინცინდენტის არსებობის შესახებ საერთოდ არ მიუთითებიათ, პირიქით, მათი ჩვენებით, თათბირები ჩვეულებრივ, საქმიან ვითარებაში მიმდინარეობდა.

23. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სააგენტოში მხარეთა ერთად საქმიანობის პერიოდი მოიცავს დროს 2013 წლის 25 ნოემბრიდან (მოსარჩელის სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნის დღე) 2016 წლის 25 იანვრამდე (მოპასუხის გადასვლა GIZ-ში) – 2 წელსა და 2 თვეს, მოპასუხემ მოსარჩელის წინააღმდეგ სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა სააგენტოსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 8 თვის შემდეგ, 2016 წლის 29 აგვისტოს, მეუღლის სააგენტოდან გათავისუფლებიდან (2016 წლის 22 აგვისტო) 6 დღის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ მას სამსახურის დაკარგვის შიში აიძულებდა, ეთმინა მოსარჩელის მხრიდან ამ ხნის მანძილზე ყოველდღიური ძალადობა, სხვადასხვა ფორმით გამოხატული შეურაცხყოფა და დამცირება პალატამ არადამაჯერებლად მიიჩნია. ამ კონტექსტით მნიშვნელოვანია სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილის - ლ. ს-ის მიერ მიცემული ჩვენებაც, რომელიც უთითებს, რომ მოპასუხის მეუღლის მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ შემოწმების დროს, ბათუმში მას შეხვდა მოპასუხე, რომელმაც მოსარჩელესთან დააბარა, თუ მისი მეუღლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყებოდა და გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, მოსარჩელის მიერ ფსიქიკური ძალადობის შესახებ მიმართავდა სახალხო დამცველს.

24. სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვად გარემოებად მიიჩნია ის უდავო ფაქტი, მოპასუხემ საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობა დატოვა საკუთარი განცხადებით სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით და დადებითი რეკომენდაცია გაუწია მოსარჩელემ. ამდენად, ყველა ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებების ერთობლივად შეფასების შედეგად პალატა დარწმუნდა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის სადავო განცხადებებში მითითებულ ფაქტების მცდარობა.

25. რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ მან საჯაროდ განაცხადა სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, პალატამ აღნიშნა, სახალხო დამცველის რეკომენდაციის არსებობა არ გულისხმობდა იმთავითვე სადავო განცხადებებში მითითებული ფაქტების უტყუარობას და იმას, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო მის მიმართ გავრცელებული ფაქტების შემცველი განცხადებების მცდარობა ემტკიცებინა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ გამოვლინდა, ერთი მხრივ, სქესის ნიშნით შევიწროება, მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროება. სქესის ნიშნით შევიწროების ფაქტის დადგენას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მოპასუხისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება, კერძოდ: ,,გავიგე და მოგხედავ მე შენ, ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა! სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენას კი საფუძვლად დაედო ის, რომ მოსარჩელე მოპასუხეს უწოდებდა „------“, ასევე - მოსარჩელემ სახალხო დამცველთან განაცხადა, რომ „მოპასუხეს შვილიშვილები ჰყავს, შესაბამისად მისი ასაკის ქალები არ იზიდავს“. დასკვნის მიხედვით, სქესის ნიშნით შევიწროებასა და სექსუალური შევიწროება გრძელდებოდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციის დასკვნით ნაწილში ასევე მითითებულია, რომ, ვინაიდან შევიწროების შემთხვევები ფარულია, გადაწყვეტილება მიიღება არა უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ მხარეთა მიერ წარდგენილ სუბიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ასევე, გარკვეული ფაქტები/მტკიცებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის მიერ საქმის საბოლოო შეფასებას, არ არის გამოყენებული მის გადაწყვეტილებაში და მოწმეთა ინტერესებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურად რჩება.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტითა და წესით პალატამ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და გარემოებები და მიიჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელიც სახალხო დამცველმა საფუძვლად დაუდო გაცემულ რეკომენდაციას, არ ადასტურებდა მოპასუხის საჯარო, სადავო განცხადებების ნამდვილობას, მითუმეტეს, როდესაც მოპასუხე უთითებს, რომ მის განცხადებებში ასახული ფაქტები ვლინდებოდა მუდმივად მათი ერთად მუშაობის მანძილზე, ხოლო სახალხო დამცველის მიერ სქესის ნიშნით შევიწროების ფაქტის დადგენას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი ერთი კონკრეტული, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენას კი - მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის „----“ დაძახება და სახალხო დამცველთან შემდეგი განაცხადი - „მოპასუხეს შვილიშვილები ჰყავს, შესაბამისად, მისი ასაკის ქალები არ იზიდავს“. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სახალხო დამცველთან გაცხადებული მინიშნება მოპასუხის ასაკზე, ვერ დაადასტურებდა სადავო განცხადებებში აღნიშნული ფაქტების ნამდვილობას, რადგან მითითებულია იმ ფაქტებზე, რომლებიც ბევრად უსწრებს მოსარჩელის გამოკითხვას სახალხო დამცველთან.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ფაქტები, რომელიც საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის რეკომენდაციას, კერძოდ, მოსარჩელის მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მოპასუხისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის „--------“ დაძახება და სახალხო დამცველთან მოპასუხის ასაკზე მითითება, არ წარმოადგენდა საკმარის და შესაბამის მტკიცებულებებს იმისათვის, რომ მოპასუხეს მოსარჩელე საჯაროდ დაედანაშაულებინა თავიანთი ერთობლივი მუშაობის მანძილზე (დაახლოებით 2 წელი და 10 თვე) სქესის ნიშნითა და სექსუალურ შევიწროებაში.

28. სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა იმგვარი ფაქტები გაავრცელა (ფსიქიკური ტერორი, აგრესია, ზეწოლა, ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა, მუქარა, ჩაგვრა, დამონება, შანტაჟი), რომ საჯარო პირისათვის - მოსარჩელისთვისაც კი, რომელსაც თმენის მეტი ვალდებულება ეკისრა და დასაშვები კრიტიკის ფარგლები მის მიმართ უფრო ვრცელი იყო, ვიდრე კერძო პირისა, პატივისა და ღირსების შემლახველია, რადგან სადავო განცხადებებში მითითებული ფაქტები მისი სიმძიმის გათვალისწინებით, გასცდა დასაშვებ კრიტიკას. ამდენად, მოსარჩელისათვის, როგორც საჯარო პირისათვის, თმენის ვალდებულების დაკისრება დასაშვები კრიტიკის ფართო ფარგლებშიც კი, მოპასუხის განცხადებებისადმი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენდა არსებითად მცდარ და, ამავდროულად, სახელის გამტეხ, ზიანის მიმყენებელ განცხადებებს, ერთმნიშვნელოვნად დაარღვია ბალანსი ვრცლად გამოხატულ კრიტიკასა და საჯარო პირის პატივისა და ღირსების დაცვას შორის პატივისა და ღირსების დაცვის საზიანოდ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

30. კასატორის მტკიცებით, სადავო განცხადებები არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი და შეხედულება კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებით. მოპასუხემ განცხადებებში აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ნებისმიერი ფორმით შეუძლია ზეწოლის გამოხატვა, რაც მოპასუხის სუბიექტურ აღქმასა და მოლოდინებზე მიუთითებს. ამასთან, შეფასებები და მოსაზრება ემყარება კიდეც ცალკეულ ფაქტებს, რაც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა. ამასთან, გაურკევევლია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ არასათანადოდ მოპასუხე მხარის მოწმეები, მაშინ, როდესაც მოსარჩელისა და მოწმეების ახლო ურთიერთობა და მათზე ზეგავლენის შესაძლებლობა მოსარჩელის მხრიდან სასამართლომ არ შეაფასა.

31. ბუნდოვანია ისიც, სასამართლომ რატომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მიმოწერა, ექსპერტიზის დასკვნა, არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

32. კასატორის მტკიცებით, დავა შეეხება სახალხო დამცველის მიერ დადგენილი შევიწროების მსხვერპლი პირის საჯარო განცხადებას იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველმა გამოსცა. თუკი მოსარჩელე არ ეთანხმებოდა სახალხო დამცველის დასკვნას, სადაც მოსარჩელე მოძალადედ, ხოლო მოპასუხე მსხვერპლადაა ცნობილი, მას შეეძლო, ედავა ამ დასკვნის კანონიერებაზე. მოსარჩელე სასამართლო სხდომებზე აღნიშნავდა, რომ იგი სახალხო დამცველის დასკვნის კანონიერებაზე არ დავობდა, რადგან დასკვნა გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, გაურკვეველია, სასამართლომ ამ დასკვნით დადგენილი ფაქტები რატომ არ მიიჩნია უდავო მტკიცებულებად.

33. მოპასუხემ დაადასტურა, რომ სისტემატურად ავიწროებდნენ ხანგრძლივად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ ეხება მხოლოდ 2015 წლის 28 სექტემბერს და მხოლოდ ერთი დღის გამო არ დაუდგენია სექსუალური შევიწროება, როგორც ამას სასამართლო განმარტავს. ამასთან, ქმედება ერთჯერადი რომც ყოფილიყო. მაინც მიიჩნეოდა შევიწროებად და ძალადობად.

34. რაც შეეხება მოპასუხის მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლებას, მოსარჩელეს ეს ფაქტი მითითებული აქვს იმის წარმოსაჩენად, რომ, თითქოს, სწორედ ამ ფაქტის საპასუხოდ მოპასუხემ სახალხო დამცველს მიმართა შურის საძიებლად. ის, რომ მოპასუხის საჩივარი საფუძვლიანი იყო, დასტურდება სახალხო დამცველის რეკომენდაციით. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მეუღლის გათავისუფლებაზე, როგორც სახალხო დამცველისათვის უსაფუძვლოდ მიმართვის არგუმენტად მითითება. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტობრივ გარემოებას საერთოდ არ აქვს კავშირი საქმესთან.

35. შეფასება, რომ სადავო განცხადებებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, კერძოდ, თანამდებობიდან გადადგა, არასწორია. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა მოსარჩელე ცნო შევიწროებისა და სექსუალური შევიწროებით სქესის ნიშნით დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირად. შესაბამისად, მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზი გახდა არა მოპასუხის განცხადება და შეფასებები, არამედ - სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

38. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელე საჯარო პირად მიიჩნევა, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საჯარო პირის ცილისწამებისათვის გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს კანონის მე-14 მუხლი (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება).

39. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

40. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებათა მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არაა. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, განცხადებები დაფუძნებულია მის სუბიექტურ შეფასებებზე, რაც მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია.

41. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მტკიცებას და აღნიშნავს, რომ სამივე განცხადება (იხ. პუნქტი 2) ისეთ კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავს, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. ხშირად აზრისა და ფაქტის გამიჯვნა რთულია, თუმცა როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზით მათი განსხვავება შესაძლებელია.

42. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებებში მოსარჩელე დადანაშაულებულია ძალადობაში, სამუშაო ადგილზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში - მოპასუხე მიუთითებს ყვირილის, ჩხუბის, დამცირების, შეურაცხყოფის, გინების, ლანძღვის, დაშინების, შანტაჟის, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ფაქტებზე. შესაბამისად, მოპასუხე აღწერს ობიექტურად არსებულ გარემოებას და მასზე ვრცელდება სისწორისა და ნამდვილობის მტკიცების კრიტერიუმები. ამდენად, კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სადავო განცხადებები შეიცავდა მხოლოდ მის შეფასებას (აზრს) და არა ფაქტებზე მითითებას, გაზიარებული ვერ იქნება.

44. როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა (სუსგ №ას-677-638-2011, 24.09.2012წ.) ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (სუსგ №ას-179-172-2012, 01.10.2014წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.). სადავო განცხადებების ზემომითითებული ინფორმაცია ყველა ამ კრიტერიუმს აკამყოფილებს და არცერთი გადმოცემული ფაქტი არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს.

45. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას, რომ განცხადებებში ნახსენები ფრაზები მოპასუხის პირადი აღქმა, შეფასებაა, სასამართლო განმარტავს: ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებებში, ბუნებრივია, მხოლოდ ფაქტები არ არის გადმოცემული და მოპასუხის მოსაზრებასა თუ შეფასებასაც შეიცავს, თუმცა აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი (სუსგ №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ.; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ.; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, დასახელებული გამონათქვამები არც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით და არც იზოლირებულად განხილვის შემთხვევაში არ იძლევა მათი „აზრის“ კატეგორიისადმი მიკუთვნების საკმარის საფუძველს. ამასთან, ევროსასამართლოს განმარტებით, როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს (Dichand and Others v. Austria). მოცემულ შემთხვევაში კი, გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმითა და მანერით, რომ მოსარჩელე წარმოჩნდა, როგორც მოძალადე და დისკრიმინატორი.

46. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კასატორმა მოპასუხის განცხადებისათვის „აზრის“ სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია.

47. ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. ამასთან, რაკი გავრცელებული ინფორმაცია დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, ამგვარი მოპყრობის თაობაზე ფაქტები სასამართლოს დისკრიმინაციის მსხვერპლმა უნდა მიაწოდოს, მანვე აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, თუმცა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დამადასტურებელი იმ მტკიცებულებების წარდგენა ევალება, რომელთა მოპოვება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. თუ დისკრიმინაციის მსხვერპლისათვის მის მიერ მოპოვებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელია, დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში მან ფაქტების მითითებით, ერთი შეხედვით, ანუ prima facie დისკრიმინაციული მოპყრობის შთაბეჭდილება უნდა შექმნას, როდესაც, მტკიცების ტვირთი გადადის მოწინააღმდეგე მხარეზე, რომელმაც საკუთარი ქმედების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 247).

48. ამასთან, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციულ დავებზე დისკრიმინაციის მსხვერპლის მიერ მტკიცებულებათა წარდგენა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ქმედების ჩადენის ვარაუდის წარმოსაშობად, მტკიცების შედარებით დაბალი სტანდარტი მოქმედებს, თუმცა, განსახილველ შემთხევაში, დისკრიმინაციულ ქმედებაში დადანაშაულებული პირის - მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგია ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეები სააგენტოში ერთად საქმიანობდნენ 2 წელი და 2 თვე; 2016 წლის 25 იანვარს მოპასუხემ საკუთარი ინიციატივით დატოვა სააგენტო და სამუშაოდ გადავიდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) სამართლებრივ მრჩევლად და ხელმძღვანელობდა საჯარო რეესტრის კომპონენტს; მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოპასუხეზე ახალ სამსახურში გადასვლისას გაიცა დადებითი რეკომენდაცია; მოპასუხის სააგენტოდან წასვლის შემდგომ, მოპასუხის მეუღლის მიმართ 2016 წლის 13 ივლისის შემთხვევის გამო (როდესაც მთვრალი მივიდა სააგენტოში ძაღლთან ერთად) დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მიმდინარეობდა შემოწმება; ამ პერიოდში მოპასუხე ქ. ბათუმში შეხვდა ლ. ს-ეს (განსახილველ საქმეში მოწმე), რომელმაც მოსარჩელესთან დააბარა, რომ მისი მეუღლის დისციპლინური წარმოების შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ის მიმართავდა სახალხო დამცველს მოსარჩელის წინააღმდეგ და დაადანაშაულებდა, რომ მოსარჩელე მასზე ფსიქიკურად ძალადობდა; მოპასუხის მეუღლე სააგენტოდან 2016 წლის 22 აგვისტოს გათავისუფლდა, 6 დღის შემდეგ კი, 2016 წლის 29 აგვისტოს, მოპასუხემ მოსარჩელის წინააღმდეგ სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა; ამ პერიოდისათვის მას სააგენტოსთან შრომითი ურთიერთობა 8 თვის შეწყვეტილი ჰქონდა; ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია მოპასუხის მეუღლესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად; მნიშვნელოვანია მოწმე ე. შ-ას ჩვენებაც, რომელშიც უთითებს, რომ მას კ. ბ-ის მეშვეობით დაუკავშირდა მოპასუხე, რომელსაც არ იცნობდა და უთხრა, აპირებდა სახალხო დამცველთან ჩივილს მოსარჩელის მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო და სჭირდებოდა მოწმე. ისინი წავიდნენ სახალხო დამცველთან და მოპასუხისა და კ. ბ-ის ნათქვამი გადასცა, უთხრა ისიც, რომ ეს ყველაფერი მისთვის კ. ბ-სა და მოსარჩელისაგან იყო ცნობილი. მოწმემ მიუთითა, მოპასუხის მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე შეტყობინების, გათავისუფლების რეალური მიზეზის შესახებ, რის შემდეგ სახალხო დამცველს მისწერა, რომ არ უნდოდა ის დაედასტურებინა, რაშიც ეჭვი ეპარებოდა, ვინაიდან მოპასუხემ დაუმალა მეუღლის შესახებ გარკვეული გარემოებები.

49. ამ გარემოებების გარდა, საქმეზე დაიკითხა არაერთი მოწმე (იხ. ა. ქ-ის, ლ. ს-ის, ს. ჭ-ის, ე. თ-სა და ე. შ-ას ჩვენებები), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს თანამშრომლებთან ჰქონდა ნორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა, ყოველდღიურად ხვდებოდნენ მხარეებს, მათ შორის - თათბირებზეც, თუმცა არ ადასტურებენ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისა თუ სხვა რომელიმე თანამშრომელთა მიმართ უხეშად მიმართვის, შეურაცხყოფის, დამცირების, ძალადობისა თუ ფამილარული დამოკიდებულების ფაქტებს, არც თათბირზე და არც სხვა სამსახურებრივ გარემოში.

50. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეთა (ტ. ი-ლა, თ. თ-ლი და ე. ე-ძე) ჩვენებებთან მიმართებით. დადგენილია, რომ სამი მოწმიდან ორს თავად ჰქონდა სამართლებრივი დავა მოსარჩელესთან. ამასთან, პალატა მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობის კუთხით შეფასებისას ითვალისწინებს იმ უდავოდ დადგენილ ფაქტსაც, რომ სამივე მოწმე მოპასუხის ახლო მეგობარია, განსხვავებით მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეებისაგან, რომელთა ჩვენებით დადგენილია, რომ მათ მოსარჩელესთან ჰქონდათ მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპასუხის განცხადებათა მცდარობას ადასტურებს, ხოლო მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი საპირწონე დასაბუთება, რომელთა ინდივიდუალური და/ან ერთობლივი ანალიზი (სსსკ-ის 105.2 მუხლი) სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეზიარებინა მისი მტკიცება, რომ მოპასუხეს, თავისი განცხადებების შესაბამისად, დამცირების, შეურაცხყოფის, ფსიქიკური ტერორის, ყვირილის, ჩხუბის, გინების, დაშინების, მუქარისა თუ შანტაჟის პირობებში უწევდა მუშაობა.

51. რაც შეეხება სახალხო დამცველის 03.05.2017 წლის რეკომენდაციას, პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის კომპეტენცია და სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს რეკომენდაციას, თუმცა პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ რეკომენდაციით დადგენილი ფაქტები საქმეზე უდავო გარემოებად უნდა მიჩნეულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მოსამართლე არ არის შებოჭილი სახალხო დამცველის რეკომენდაციით და იგი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად ფასდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით, აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობისა თუ მცდარობის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არა მარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი, წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. რაც შეეხება წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებს, ასეთად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში მითითებული ფაქტები სამოქალაქო საქმისწარმოებისას უდავო ფაქტობრივ გარემოებებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებული მტკიცებულების შეფასებას, რომ სახალხო დამცველის მიერ სქესის ნიშნით შევიწროების ფაქტის დადგენას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი ერთი კონკრეტული, მოკლე ტექსტური შეტყობინება, რაც არ წარმოადგენს საკმარის და რელევანტურ მტკიცებულებებს იმისათვის, რომ მოპასუხის საჯარო განცხადებები დამცირების, შეურაცხყოფის, ფსიქიკური ტერორის, ყვირილის, ჩხუბის, გინების, დაშინების, მუქარისა თუ შანტაჟის თაობაზე დადგენილად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა სწორედ საპირისპიროზე მიუთითებს და ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

52. რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციის იმ ნაწილს, რომელიც სექსუალურ შევიწროვებას ეხება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადებები, რომელთა უარყოფასაც მოსარჩელე მოითხოვს, შეესაბამება მხოლოდ შევიწროვების და არა - სექსუალური შევიწროების საერთაშორისო აქტებითა (იხ. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბოლის კონვენცია), ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენცია, ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 5 ივლისის დასაქმებისა და პროფესიულ სფეროში ქალისა და კაცის თანაბარი შესაძლებლობებისა და მოპყრობის შესახებ დირექტივა 2006/54/EC) და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ დეფინიციას. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 პუნქტის თანახმად, შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ხოლო სექსუალური შევიწროვება განსაზღვრულია ამავე მუხლის 32 პუნქტით, რომლის თანახმადაც, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველო კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია: პირის შევიწროება - სქესის ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას; სექსუალური შევიწროება - სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

53. ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად, რაკი სადავო განცხადებები სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესახებ მინიშნებას არ შეიცავს, საკასაციო სასამართლო სახალხო დამცველის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციის ნაწილს აღარ შეაფასებს.

54. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთი, რაც სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების (გავრცელებული განცხადებები შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს) დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, ხოლო მოპასუხემ ვერ წარმოადგინა საპირისპირო საპირწონე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს შეუქმნიდა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ შინაგან რწმენას.

55. მოცემულ საქმეზე მოპასუხის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას უპირისპირდება მოსარჩელის ღირსება და რეპუტაცია, რომელიც აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა (9.1 მუხლი - ,,ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო; მე-17 მუხლი - აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად)“ და კონვენციის მე-10 მუხლით (ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად). გამოხატვის ძირითადი უფლება დაკარგავს თავის არსს, თუკი მას მოეხსნება შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. ამდენად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის დაწესებულ კონსტიტუციურ საპირწონეს. მითითებული ნორმებიდან ჩანს, რომ ღირსებისა და რეპუტაციის საკითხს, საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია განიხილავს, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს. პირთა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა კი, უპირველ ყოვლისა, მათი უფლებების დაცვაა, რომ ცნობები მათი ქცევის, საქმიანობის შესახებ, რაც გავლენას ახდენს გარშემომყოფთა მიერ მათ შეფასებაზე, სინამდვილეს შეესაბამებოდეს. ამასთან, როგორც აღინიშნა, საჯარო პირებთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან, თუმცა გამოხატვის თავისუფლება იმდენად არ უნდა გაფართოვდეს, რომ მან დაკარგოს თავისი არსი, რაც სხვათა უფლებების გადაჭარბებული ხელყოფით გამოიხატება.

55. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი - საკუთარი რეპუტაციის დაცვისა, უპირატესია გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. როგორც გამონათქვამები, ისე სადავო განცხადებათა შინაარსი მოსარჩელის პირად უფლებებს ლახავს. აღნიშნული გარემოება კი, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას ამართლებს.

56. მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელებისას ფიზიკური პირის მიმართ ზიანი არაქონებრივი სახით - პირის პატივისა და ღირსებისა შელახვით არის გამოვლენილი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (სუსგ №ას-1477-1489-2011 3.04.2012წ.; №ას-1011-972-2016, 26.07.2017წ.). ამდენად, კასატორის მტკიცება, რომ მოსარჩელე თანამდებობიდან გადადგა არა მისი განცხადებების გამო, არამედ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გამო, არარელევანტურია და განსახილველ დავაზე მტკიცების საგანში არ შედის, რამდენადაც დადგინდა, რომ სადავო განცხადებებმა ზიანი მიაყენა მოსარჩელის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.

57. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს სადავო განცხადებების უარყოფა დაევალა, რაც პალატის მოსაზრებით, დარღვეული უფლების დაცვის მიზნის პროპორციულია.

58. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა ცილისწამების ფაქტი და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები არ არსებობს. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის შეზღუდვა მოსარჩელის პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება, ხოლო უფლებაში ჩარევის საშუალება ხელყოფილი უფლების დაცვის მიზანთან პროპორციულია.

59. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408 მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე