საქმე №ას-1012-2022 6 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა. გ-ვი, მ. გ-ვი, ო. გ-ვი, ფ. გ-ვა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „---------------“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „----------მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-ისა და ფ. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,--------“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-სა და ფ. გ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელი -------, ---- ქ. N----ში მდებარე მოსარჩელე სს ,,-------“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ------- და გადაეცა მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-მა, მ. გ-მა, ო. გ-მა, ფ.გ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-სა და ფ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ-მა, მ. გ-მა, ო. გ-მა, ფ. გ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-სა და ფ. გ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორების წარმომადგენელ დ. ნ-ლს ჩაბარდა 2022 წლის 8 სექტემბერს.
2022 წლის 13 სექტემბერს კასატორების წარმომადგენელმა დ. ნ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ აღარ წარმოადგენს ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-სა და ფ. გ-ას ინტერესებს, ვინაიდან მას შეუწყვიტეს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, ასევე მოითხოვა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობოთ კასატორებს პირადად.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორ ა. გ-ვს პირადად ჩაბარდა 2022 წლის 22 სექტემბერს, თუმცა მან აღნიშნა, რომ დ. ნ-ლი კვლავ მათი წარმომადგენელია, ა. გ-მა იკისრა ვალდებულება სატელეფონო შეტყობინების შესახებ აცნობოს უ. გ-ს, ო. გ-სა და ფ. გ-ას.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-სა და ფ. გ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორს პირადად სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2022 წლის 22 სექტემბერს, საქმეში მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.88). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 23 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 27 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს და ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის, მ. გ-ის, ო. გ-სა და ფ. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი