საქმე №ას-88-2021 15 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ -------- საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. მ-ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. მ-ვი (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) 2004 წლის სექტემბრიდან დასაქმებული იყო სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ----- საჯარო სკოლის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სკოლა“ ან „კასატორი“) სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე. მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს (ხელზე ასაღები 640 ლარი).
2. სკოლის დირექტორის 05.09.2019წ. №--- ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე 2019 წლის 04 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3. ალკოჰოლური თრობის თაობაზე ტესტირების თანახმად, 2019 წლის 15 ივნისს 11:13 საათზე მოსარჩელის ორგანიზმში აღმოჩნდა ალკოჰოლის შემცველობა 0,159%.
4. სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ხოლო, იმავე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთხვევაში.
5. სკოლის საკონკურსო კომისიის 04.09.2019წ. №-- გადაწყვეტილებით სპორტის ვაკანტური საათებისათვის გამოცხადებულ კონკურსში შეირჩა თ. ნ-ლი, რომელთანაც სკოლის დირექტორის 17.12.2019წ. ბრძანებით იმავე დღეს გაფორმდა შრომითი ხელშკერულება.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სკოლის დირექტორის 05.09.2019წ. №-- ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 800 ლარის (რაც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს) ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ იგი სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და შექმნა კონფლიქტური სიტუაცია.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სკოლის დირექტორის 05.09.2019წ. №--- ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 3200 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით); სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
9. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული საქართველოს შრომის კოდექსის რომელი ნორმა დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, თუმცა სადავო ბრძანებაში აღნიშნული გარემოება შრომის შინაგანაწესის დარღვევასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა, ადასტურებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი).
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების თანახმად, 2019 წლის 15 ივნისს მოსარჩელე სკოლაში გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში და შექმნა კონფლიქტური სიტუაცია. დადგენილია, რომ მითითებული დღე იყო არასამუშაო (შაბათი) და სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. დადგენილია, ასევე, რომ 2019 წლის 15 ივნისს სკოლის დირექტორის მიერ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ მოსარჩელე შეამოწმა ალკოტესტზე. მოსარჩელეს დაუდგინდა შედეგი 0.159%, რაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს [ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს პირის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას].
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული იყო. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის უხეში ხასიათი, რაც დისციპლინური სახდელის უკიდურესი ზომის - გათავისუფლების გამოყენებას არამართლზომიერს ხდის.
15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორის სადავო ბრძანება ბათილად მიიჩნია.
16. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან დადგენილია, რომ თანამდებობა, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა არ არის ვაკანტური და მასზე დასაქმებულია კონკურსის წესით დანიშნული პირი.
17. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაქმებულისათვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. მოსარჩელის მიერ შინაგანაწესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია 2012-2015 წლების ბრძანებები მის მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების თაობაზე, ასევე ალკოტესტი;
19.2. სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები;
19.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება მოსარჩელის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. დირექტორისა და სხვა მასწავლებლების რჩევები, რომ იგი წასულიყო საგნობრივ ტრენინგებზე ან ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე, ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა;
19.4. სასამართლომ არ გაიზიარა დირექტორის მიერ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ფაქტი, რომ ახალი სპორტის მასწავლებლის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეები ფრენბურთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე სკოლის პირველ ადგილზე გავიდნენ, მაშინ, როდესაც მანამდე ისინი არასოდეს იღებდნენ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
26. კასატორის პრეტენზია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასა და მისთვის კომპენსაციის მიკუთვნებას შეეხება, თუმცა მისი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12-17 პუნქტები) და მართებულად მიიჩნია სადავო ბრძანება არამართლზომიერად, ასევე მართებულად განსაზღვრა კომპენსაციის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია მსგავს სამართლებრივ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019 წელი; №ას-361-2022, 10 ივნისი, 2022 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დასაშვებობის წინაპირობების არსებობაზე.
28. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ წარდგენილია დისციპლინური სახდელების გამოყენების თაობაზე 2012-2015 წლებში გამოცემული ბრძანებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
29. მოცემულ შემთხვევაში სკოლის დირექტორის 05.09.2019წ. №--- ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა მის მიერ 2019 წლის 15 ივნისს სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება და სკოლაში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა. აქედან გამომდინარე, სადავო ბრძანების მართლზომიერების შეფასებისას სასამართლო ვერ იმსჯელებს დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მიმართ 2012-2015 წლებში გამოცემულ ბრძანებებზე.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ----- საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ----- საჯარო სკოლას (ს.ნ. -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 27 თებერვალს №--- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი