საქმე №ა-5451-შ-157-2021 12 ივლისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
შუამდგომლობის ავტორი – P---------L შპს
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-------კ“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ ------ სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განკარგულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ ----- სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განკარგულებით, P------L შპს-ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე) განკარგულების გაცემის შესახებ სარჩელი, შპს „ა----ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა:
1.1. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 18 800 ევროს გადახდა;
1.2. თანხის დაგვიანების შედეგად დაგროვილი პროცენტების გადახდა;
1.3. ბრძანების პროცედურით გათვალისწინებული ხარჯის ანაზღაურების სახით 675 ევროს და დანახარჯის 145.5 ევროს გადახდა, ამასთან ერთად, 15%-ის და დღგ-ს, ასევე, საადვოკატო ჰონორარისა და სხვა საჭირო ხარჯების გადახდა;
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელმა, მოითხოვა, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქმის მასალებითა და ცნობისა და აღსრულების მიზნით წარმოდგენილი განკარგულებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ვაზის სამაგრი სისტემის შეძენა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 84 000 ევრო იყო, რომელიც ეტაპობრივად უნდა გადახდილიყო შემდეგი წესით - თანხის 30% შეკვეთის დასტურისთანავე, ხოლო, დანარჩენი 70% საქონლის მიღებამდე.
4. დასახელებული შუამდგომლობა და თანდართული მასალები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაერთხელ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, საბოლოოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა. საქმეში არსებული 2022 წლის 18 მარტის ხელწერილით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის იურისტმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მე-7 სამმართველოში ჩაიბარა გზავნილი.
5. შუამდგომლობისა და ცნობისა და აღსრულების მიზნით წარმოდგენილი მასალების პასუხად, მოწინააღმდეგე მხარემ წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის მიხედვითაც საქმის მასალებით განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი არ დასტურდებოდა, არ ჩანდა, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა პასუხი, აგრეთვე, არ დასტურდებოდა, რომ იტალიის სასამართლო, განსახილველი დავის მიმართ კომპეტენტური იყო. წერილობითი მოსაზრების ავტორმა შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული განსახილველად, ხოლო, 2022 წლის 7 ივლისს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია, კერძოდ, სრულად არ გადაუხდია ნასყიდობის საგნის საფასური. აღსანიშნავია, რომ არც შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ და არც საქმეზე გამართული ზეპირი მოსმენის დროს მოპასუხეს ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე არ მიუთითებია, ამასთან, არც ასეთი ვალდებულების გამომრიცხავი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის. ამდენად, საერთაშორისო სამართალში, ე.წ. გათანაბრების პრინციპის გათვალისწინებით, წარმოდგენილი განკარგულებით დადგენილი გარემოება ვალდებულების შესრულების თაობაზე უდავოდ უნდა ჩაითვალოს.
8. მოპასუხის პრეტენზია განკარგულების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა იყო თუ არა აღსასრულებლად წარმოდგენილი განკარგულება კანონიერ ძალაში შესული. აღნიშნულის პასუხად საქმეში წარმოდგენილია სათანადო წესით შესრულებული გზავნილი, რომელიც მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილ პირს აქვს მიღებული 2018 წლის 15 აგვისტოს. ის, რომ საფოსტო გზავნილზე მიმღები პირის ხელმოწერა ნამდვილია, ამასთან, ეს პირი მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელია მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ამდენად, ეს გარემოება დამატებით კვლევას არ საჭიროებს, ხოლო, იყო თუ არა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება გზავნილში და შესაბამისად ჩაბარების შემდეგ დაიწყო თუ არა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით მათივე მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
9. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, სწორედ განკარგულება გაეგზავნა მოპასუხეს 2018 წლის 27 ივლისს, რაც საქმეზე წარმოდგენილი შეტყობინების შესახებ სათანადო წესით დამოწმებული და თარგმნილი მოხსენებით ირკვევა, ამასთან, საქმეს ახლავს ორი საფოსტო დოკუმენტი, ერთი და იმავე თარიღებით. ამდენად, შეტყობინების შესახებ მოხსენებით, რომელიც, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ზეპირ სხდომაზე გაჟღერებული პოზიციის საპირიპიროდ, სათანადო წესითაა დამოწმებული და თარგმნილი, ირკვევა, რომ სასამართლოს შესაბამისმა ოფიცერმა სარჩელი განკარგულების გაცემის შესახებ და თავად განკარგულება, რომელიც 2018 წლის 9 მაისითაა დათარიღებული (აღსანიშნავია, რომ ცნობისა და აღსრულების მიზნით წარმოდგენილი განკარგულება სწორედ 9 მაისითაცაა ასევე დათარიღებული, ამასთან მისი მიღების თარიღი იმავე წლის 12 აპრილია), გაუგზავნა მოპასუხეს შეკვეთილი გზავნილით, ვინაიდან ამ უკანასკნელს ძირითადი, დროებითი და საცხოვრებელი მისამართი, განკარგულების მიმღები ქვეყნის გარეთ ჰქონდა. მოპასუხის წარმომდგენლის მიერ, ზეპირ სხდომაზე გამოთქმული პრეტენზიის პასუხად, რომ საფოსტო გზავნილები სათანადო წესით არაა თარგმნილი და არ ირკვევა ნამდვილად ივლისშია თუ არა გაგზავნილი, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუბრუნდება სათანადო წესით ნათარგმნ და დამოწმებულ შეტყობინების შესახებ მოხსენებას, რომელშიც ცალსახადაა მითითებული 2018 წლის 27 რიცხვი, ამასთან, ამავე დოკუმენტზე დართულ საფოსტო გზავნილზე არსებულ ბეჭედზე მითითებულია თარიღი 27.7.2018, რასაც იმავე ფორმით იმეორებს გზავნილის საქართველოში მიღების დამადასტურებელი საფოსტო დოკუმენტი, რაც გამორიცხავს გაგზავნის თარიღზე მოპასუხის პრეტენზიებს, როგორც გაგზავნის თარიღთან დაკავშირებით, ასევე, გზავნილის შიგთავსთან დაკავშირებით, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი და აქვე აღნიშნული არგუმენტებისა თუ მტკიცებულებების საპირისპიროდ, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა მიიღო თუ არა მისმა მარწმუნებელმა განკარგულება 2019 წლის 15 აგვისტოს, ან თუ არ მიუღია განკარგულება რა სახის დოკუმენტი იყო მოთავსებული მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებულ საფოსტო გზავნილში.
10. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით, აგრეთვე, ზეპირ სხდომაზე გამოთქმული პრეტენზიით განმარტა, რომ წარმოდგენილი განკარგულების გამოცემისას მხარე არ იყო სათანადო წესით ინფორმირებული, რაც შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძველია. აღნიშნული საპირისპიროდ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განკარგულება ე.წ გამარტივებული წესითაა მიღებული, რა დროსაც მოწინააღმდეგის ინფორმირება არ ხდება, ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განკარგულების მიღება მხარის ინფორმირების გარეშე არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპის დარღვევას, რაც შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მხარე არ იყო ინფორმირებული, მას სათანადო წესით გაეგზავნა და ჩაბარდა, როგორც სარჩელი განკარგულების გაცემის მიზნით, აგრეთვე, მომდევნო განკარგულება, და სწორედ ჩაბარების შემდეგ დაიწყო აღნიშნული განკარგულების გასაჩივრების ვადის ათვლა, რა დროსაც მხარეს უკვე ჰქონდა საშუალება შედავებოდა მის წინააღმდეგ გამოტანილი განკარგულებით განსაზღვრულ შედეგს, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეს არ გაუსაჩივრებია განკარგულება მისი მიღებიდან 40 დღის ვადაში.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. P------L შპს-ს შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ ----- სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს იტალიის რესპუბლიკის, ქალაქ ----- სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განკარგულება, რომლითაც შპს „ა-----ს“ დაეკისრა:
2.1. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 18 800 ევროს გადახდა;
2.2. თანხის გადახდის დაგვიანების შედეგად დაგროვილი პროცენტების გადახდა;
2.3. ბრძანების პროცედურით გათვალისწინებული ხარჯის ანაზღაურების სახით 675 ევროს და დანახარჯის 145.5 ევროს გადახდა, ამასთან ერთად, 15%-ის და დღგ-ს, ასევე, საადვოკატო ჰონორარისა და სხვა საჭირო ხარჯების გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე