საქმე №ას-103-2021 15 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი-----ა „შ-----ი -----“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი---ა „შ----ი ----“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ამხანაგობა“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) თავმჯდომარე გ. გ-სა (შემდგომში - „თავმჯდომარე“) და შ. მ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კრედიტორი“ ან „იპოთეკარი“) რწმუნებულს შორის 2007 წლის 29 მარტს გაფორმდა სესხისა და მეორადი იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ გადასცა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო სესხი 67 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 06 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისი, ----. ------ გამზ. №--ის ეზო, №--- საშუალო სკოლის აღმოსავლეთით, ს.კ. ------ (შემდგომში - „იპოთეკის საგანი“).
2. ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოპასუხეს შორის 2007 წლის 03 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით 29.03.2007წ. სესხისა და მეორადი იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სესხის თანხა განისაზღვრა 161 000 აშშ დოლარით, ხოლო სესხის ვადა 06 თვით, 2008 წლის 29 მარტის ჩათვლით. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელი.
3. ამხანაგობის თავმჯდომარისა და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის 2010 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით 29.03.2007წ. სესხისა და მეორადი იპოთეკის ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 01 იანვარი. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.-
4. ამხანაგობის თავმჯდომარისა და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით 29.03.2007წ. სესხისა და მეორადი იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 ივნისის ჩათვლით.
5. ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოპასუხის წარმომადგენელს შორის 2017 წლის 01 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით 29.03.2007წ. სესხისა და მეორადი იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
6. მხარეთა შორის 29.03.2007წ. გაფორმებული სესხისა და მეორადი იპოთეკის ხელშეკრულებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე, 2017 წლის 08 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა №----- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 250 000 აშშ დოლარით და დადგინდა გადახდევინების მიქცევა იპოთეკის საგანზე.
7. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ ამხანაგობასა და მის თავმჯდომარეს ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს 14.02.2018წ. წინადადებებით.
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ 08.12.2017წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვროს ძირითადი თანხის ნაწილში 75 100 აშშ დოლარით, ხოლო სარგებლის ნაწილში 6 759 აშშ დოლარით. მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ფურცლით არასწორად არის განსაზღვრული დავალიანების ოდენობა. ამხანაგობის თავმჯდომარესა და მოპასუხეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ამ უკანასკნელს სესხის ძირითადი თანხის ნაწილის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელემ გადასცა უძრავი ქონება.
9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელეს გადახდილი აქვს მხოლოდ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მას არც პროცენტი და არც პირგასამტეხლო გადაუხდია. მისი რეალური დავალიანების მოცულობა მოთხოვნილ თანხას რამდენჯერმე აღემატება.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება დარიცხული პროცენტის ნაწილში. კერძოდ, მოითხოვა მოთხოვნის 3750 აშშ დოლარის ნაწილში შემცირება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების შემცირება. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებდა მხარეთა შეთანხმებაზე - ი----ა „დ-----ი ---“-ში მდებარე ორი ბინის კრედიტორისათვის (კრედიტორის მეუღლის სახელზე) გადაცემის სანაცვლოდ, სესხის ძირითადი თანხის შემცირების თაობაზე. წარდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის სარგებლის დარიცხვის ოდენობას, ვადებს და ითხოვს მოთხოვნის შემცირებას 3750 აშშ დოლარის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი. ამ გარემოებებზე აპელანტს სარჩელში და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია.
15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 83-ე და 380-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან აპელანტს მათზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია.
16. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სარგებლის მართლზომიერებაზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე მუხლების შესაბამისად, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას------ და №ას------ განჩინებებში გაკეთებულ განმარტებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა დარიცხული პროცენტის 3750 აშშ დოლარის ნაწილში შემცირების საფუძველი.
17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, დარიცხული პროცენტის ნაწილში, კერძოდ, მოითხოვა მოთხოვნის 3750 აშშ დოლარის ნაწილში შემცირება.
18. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
18.1. მოთხოვნილი სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი;
18.2. ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა სარგებლის დარიცხვის ოდენობა და ვადები. ამასთან, მათ არ შეუფასებიათ ის გარემოება, რომ სარგებელმა არ უნდა გადააჭარბოს ძირითად თანხას. ასევე, ის გარემოება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, არ მოხდებოდა თანხის დაბრუნების ვადის მრავალჯერადად და ხანგრძლივი დროით გადავადება;
18.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
25. კასატორი დავობს, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც ნაწილობრივ უნდა მოხდეს მისი შემცირება.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის მე-4 მუხლი].
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა საპროცესო უფლებები. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.
28. ამდენად, თუკი სახეზე არ არის მოპასუხის წინასწარი წერილობითი თანხმობა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული სარჩელში.
30. ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. თუმცა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს ე.წ. „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ საგამონაკლისო წესით, საპატიო მიზეზის არსებობისას. თავის მხრივ, ფაქტების მითითების ან/და მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3. მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები (იხ. სუსგ საქმე №ას-123-123-2018, 09 ნოემბერი, 2018 წელი).
32. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა აღსასრულებელი ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში. მოსარჩელე მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი ძირითადი თანხის ნაწილის სანაცვლოდ მიღებული აქვს უძრავი ქონება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დარიცხული პროცენტის ნაწილში, ხოლო სააპელაციო მოთხოვნა დაამყარა იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნილი სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი. მოსარჩელეს აღნიშნულის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია.
33. ამდენად, სააპელაციო საჩივარში მოსარჩელემ შეცვალა მოთხოვნის საფუძველი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 380-ე მუხლებიდან გამომდინარე, დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა აპელანტს უარი ახალი ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებაზე.
34. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში იგივე გარემოებებზე მიუთითებს, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები], საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითება ან/და ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზეც არ ყოფილა მითითებული ქვედა ინსტანციის სასამართლოებში.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 622,30 ლარის 70% – 435,61 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი----ა „შ----ი ----“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი----ა „შ----ი ----“-ს დაუბრუნდეს ვ. გ-ის (პ.ნ. -------) მიერ 2021 წლის 05 მარტს №-საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 622,30 (ექვსას ოცდაორი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის 70% – 435,61 (ოთხას ოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი -----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი