საქმე №ას-98-2021 15 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ა--------ს ც-----ე“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. მ-ლი (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) 2012 წლის 02 ივლისიდან 2019 წლის 05 აპრილამდე დასაქმებული იყო ა(ა)იპ „ა----ის ც----ში“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დაწესებულება“, „დამსაქმებელი“ ან „აპელანტი“) სხვადასხვა პოზიციაზე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებებისა და მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 20-23, 29-31, 33-34, 38-42, 44).
2. მოსარჩელესთან უკანასკნელი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 20 ივნისს და დაწესებულების დირექტორის იმავე რიცხვის №--- ბრძანებით იგი დაინიშნა საქმეთა მმართველის თანამდებობაზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 25-28).
3. დაწესებულების დირექტორის 05.04.2019წ. №--- ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა საქმეთა მმართველის თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტები, ასევე, დაწესებულების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებები (იხ. ტ. I, ს.ფ. 50).
4. დაწესებულების დირექტორის 24.04.2019წ. №---- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა დაწესებულების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებები, რის შედეგადაც დაწესებულებამ მიიღო ნაწილობრივ ახალი სტრუქტურა და მოხდა საშტატო ერთეულების შემცირება (იხ. ტ. I, ს.ფ. 59).
5. დაწესებულების საქმეთა მმართველის ფუნქციები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: დაწესებულებაში შემოსული დოკუმენტების დამუშავება, რეგისტრაცია და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარი სამუშაოთა განხორციელება; როგორც დაწესებულების მიერ შექმნილი, ისე ზემდგომი, საქვეუწყებო და სხვა დაწესებულებებიდან, კერძო პირებისგან შემოსული ყველა იმ დოკუმენტის რეგისტრაციას დაქვემდებარება, რომლებსაც საცნობარო მიზნით ესაჭიროება აღრიცხვა, შესრულება და გამოყენება; შემოსული დოკუმენტების დროული რეგისტრცია და ხელმძღვანელობისათვის მისი წარდგენის ორგანიზება; დაწესებულების მიერ გასაგზავნი დოკუმენტების კონვერტში მოთავსება, საფოსტო გზავნილის გაფორმება და კავშირგაბმულობის კვანძებში ჩაბარება; დაწესებულების საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენა და საქმეების ფორმირება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიულად გამოყენების უზრუნველყოფა; პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; საკადრო საკითხებზე (სამუშაოზე მიღება, გათავისუფლება, გადაყვანა, გადაადგილება და ა.შ.) ბრძანებათა პროექტის მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; კადრების დენადობის შესახებ ცნობების, შვებულების გრაფიკის, შრომითი ხელშეკრულების მომზადება და ხელმძღვანელისადმი წარდგენა; დაწესებულების, დასაქმებული პერსონალის, მრავალკომპონენტიანი, სრული კომპიუტერული ბაზის შექმნა და მოხმარება; საარქივო დოკუმეტაციისა და ფონდების შექმნა; ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
6. დაწესებულების დირექტორის 05.04.2019წ. №-- ბრძანებით დამტკიცდა შინაგანაწესი, რომლითაც განისაზღვრა დაწესებულების სტრუქტურა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამსახური, რომლის უფროსის ფუნქციებმა მოიცვა რეორგანიზაციამდე არსებული იურისტისა და საქმეთა მმართველის ფუნქციები, კერძოდ: ა) კომპენტენციის ფარგლებში ხელშეკრულებებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, კონტროლი და კოორდინაცია დაწესებულების სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე; დაწესებულების ადმინისტრაციული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში; თავის კომპენტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და განხილვაში მონაწილეობა; დაწესებულების დირექტორისათვის წინადადებების წარდგენა ცალკეული იურიდიული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; გ) დაწესებულებაში შემოსული დოკუმენტების დამუშავება, რეგისტრაცია და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება; როგორც დაწესებულების მიერ შექმნილი, ისე ზემდგომი, საქვეუწყებო და სხვა დაწესებულებებიდან, კერძო პირებისგან შემოსული ყველა იმ დოკუმენტის რეგისტრაციას დაქვემდებარება, რომლებსაც საცნობარო მიზნით ესაჭიროება აღრიცხვა, შესრულება და გამოყენება; შემოსული დოკუმენტების დროული რეგისტრაცია და ხელმძღვანელობისათვის მისი წარდგენის ორგანიზება; დაწესებულების მიერ გასაგზავნი დოკუმენტების კონვერტებში მოთავსება, საფოსტო გზავნილის გაფორმება და კავშირგაბმულობის კვანძებში ჩაბარება; დ) დაწესებულების საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შედგენა და საქმეების ფორმირება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიულად გამოყენების უზრუნველყოფა; ე) პირადი საქმეების წარმოება, მოწესრიგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; საკადრო საკითხებზე (სამუშაოზე მიღება, გათავისუფლება, გადაყვანა, გადაადგილება და ა. შ), ბრძანებათა პროექტის მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; ვ) კადრების დენადობის შესახებ ცნობების, შვებულების გრაფიკის, შრომითი ხელშეკრულების მომზადება და ხელმძღვანელისადმი წარდგენა; ზ) დაწესებულების, დასაქმებული პერსონალის, მრავალკომპონენტიანი, სრული კომპიუტერული რეესტრული ბაზის შექმნა, მოხმარება; საარქივო დოკუმეტაციისა და ფონდების შექმნა; თ) ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება (იხ. ტ. I, ს.ფ. 135-136).
7. დაწესებულების დირექტორის 05.04.2019წ. №-- ბრძანებით დამტკიცდა დაწესებულების თანამშრომლების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათ შორის, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსისათვის განისაზღვრა - უმაღლესი იურიდიული განათლება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება, სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში (ტ. I, ს.ფ. 96-100). ამასთან, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ხელფასმა შეადგინა 1000 ლარი (დარიცხული) (იხ. ტ. I, ს.ფ. 115).
8. 2019 წელს განხორციელებულ რეორგანიზაციამდე დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებული იყო საქმეთა მმართველის ერთი შტატი, რომლის ხელფასი შეადგენდა 550 ლარს (დარიცხული) (იხ. ტ. I, ს.ფ. 111-113; ტ. II, ს.ფ. 3-10, 282).
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 05.04.2019წ. №-- ბრძანების ბათილად ცნობა; მოსარჩელის საქმეთა მმართველის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება ხელზე ასაღები 440 ლარის ოდენობით 2019 წლის 05 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 05.04.2019წ. №--- ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა დაწესებულების საქმეთა მმართველის ან მის ტოლფას პოზიციაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 440 ლარის ოდენობით 2019 წლის 05 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
12. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მოსარჩელის პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 6000 (ხელზე მისაღები თანხა) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ ორგანიზაციულმა ცვლილებებმა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საჭიროება გამოიწვია. სასამართლოს განმარტებით, საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის აღნიშნული გადაწყვეტილება და რის საფუძველზე მიიჩნია ამ უკანასკნელმა, რომ დასაქმებულს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების პირობებში.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა - საქმეთა მმართველი და მისი ფუნქციები გაერთიანდა იურისტის ფუნქციებთან, რომლებიც სრულად დაექვემდებარა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას. ამასთან, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის ხელფასმა შეადგინა 1000 ლარი (დარიცხული), რაც წარმოადგენს იურისტისა და საქმეთა მმართველის ხელფასის ჯამს, ანუ, რეალურად, შტატების შემცირებას არ მოჰყოლია რეორგანიზაციამდე არსებული სახელფასო ფონდის შემცირება. აქედან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული სამუშაო ძალის შემცირება. აღნიშნულ კითხვებზე მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დამსაქმებელმა დასაქმებული სამსახურიდან არამართლზომიერად გაათავისუფლა. შესაბამისად, მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით და განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში აღნიშნული სამართლებრივი ნორმა უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს: პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ტოლფას თანამდებობაზე დასაქმება ან კომპენსაციის მიკუთვნება.
19. სააპელაციო პალატის განმარტებით, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით აღძრული სარჩელის პირობებში მოსარჩელის მტკიცების ტვირთია დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დაწესებულების საქმეთა მმართველის პოზიციაზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, ანუ მოსარჩელე მოითხოვს იმ პოზიციაზე აღდგენას, რომელიც აღარ არსებობს, ხოლო ტოლფას თანამდებობას არ ასახელებს.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია რომ ციხეში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა (საქმეთა მმართველი) და მისი ფუნქციები გაერთიანდა იურისტის ფუნქციებთან. დადგენილია, ასევე, რომ ამჟამად იურისტისა და საქმეთა მმართველის ფუნქციებს ასრულებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, რომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია - უმაღლესი იურიდიული განათლება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე სამუშაო გამოცდილება, სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში. საქმეში წარდგენილია მოსარჩელის CV (ტ. I, ს.ფ. 45), რომლითაც დასტურდება, რომ მას არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, ცხადია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ხოლო ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას სამუშაო ადგილს.
22. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად ჩათვალა მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება 6000 (ხელზე ასაღები თანხა) ლარის ოდენობით.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასრაგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით.
24. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
25.1. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი საშტატო ნუსხა;
25.2. მოპასუხის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხა იძლევა საშუალებას, რომ მოსარჩელე დაინიშნოს ტოლფას პოზიციაზე და ასეთი რამოდენიმე პოზიცია არსებობს. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა მოსარჩელეს უარი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
25.3. დაუსაბუთებელია იმაზე მითითება, რომ მოსარჩელეს ტოლფასი თანამდებობა არ დაუსახელებია. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას იყო მსჯელობა დაწესებულების საშტატო ერთეულში ტოლფასი თანამდებობის არსებობაზე;
25.4. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
31. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
32. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმისა და აღნიშნულის ნაცვლად, მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების მართლზომიერება.
33. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა საქმეში არსებული საშტატო ნუსხა, რომელიც იძლეოდა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას. მისი მტკიცებით, ასეთი რამდენიმე თანამდებობა არსებობს.
34. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
35. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით (ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი).
36. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებული, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის უკანონოდ გათავისუფლების დადასტურების შემთხვევაში, თუკი აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მხარე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, ხოლო აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე გადადის მტკიცების ტვირთი და მას ეკისრება ვალდებულება მიუთითოს და დაადასტუროს, თუ რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი; №ას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი; №ას-761-712-2017, 10 ივლისი, 2017 წელი).
38. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა უკანონოდ. კასატორს სადავოდ არ გაუხდია დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, მისი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობა, რომელმაც რეორგანიზაციის შემდეგ მოიცვა, ერთი მხრივ, საქმის მმართველისა და, მეორე მხრივ, იურისტის ფუნქცია-მოვალეობები, არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასს. კასატორს არც ეს გარემოება გაუხდია არსებითად სადავოდ. მისი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დაწესებულებაში არსებობდა საქმეთა მმართველის რამდენიმე ტოლფასი თანამდებობა, თუმცა იგი კონკრეტულად არ მიუთითებს რეორგანიზაციის პირობებში სხვა რომელი თანამდებობა წარმოადგენს დასაქმებულის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასს. კასატორის მითითება ტოლფას თანამდებობასთან დაკავშირებით არის ზოგადი და აბსტრაქტული, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მისი პრეტენზიის მართებულობაზე.
39. კასატორი, აგრეთვე, სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებას მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
41. წინამდებარე საქმეში მოსარჩელე ითხოვდა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 700 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის, საქმის სირთულისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა - 400 ლარი წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
44. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1274-1194-2017, 19 ივლისი, 2019 წელი; №ას-921-2021, 09 დეკემბერი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. მ. მ-ლს (პ.ნ. -------) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 26 თებერვალს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ------, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი