Facebook Twitter

საქმე №ას-1018-2021 12 სექტემბერი, 2022 წელი, თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – გ. ს-ნი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. უ-ნი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, საგნის გაყიდვით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 26 ივლისის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ქ.თბილისში, ----- მე---- მ/რ-ის მე---- კორპუსში მდებარე ---ე ბინის (შემდეგში - უძრავი ნივთი, საზიარო საგანი ან უძრავი ქონება) 3/4 ნაწილის მესაკუთრეები გახდნენ გ. ს-ნი (შემდეგი - პირველი მოპასუხე ან კასატორი), ი. ს-ნი (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და ო. ს-ნი (შემდეგი - მესამე მოპასუხე).

2. 2020 წლის 21 იანვრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, უძრავი ნივთის 1/4 ნაწილის მესაკუთრეები გახდნენ პირველი მოპასუხე ასევე თ. უ-ნი (შემდეგი - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ბ. ს-ნი (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე).

3. მოსარჩელე იყო უძრავი ქონების 1/12 ნაწილის მესაკუთრე.

4. საზიარო საგანია, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ოთხოთახიანი საცხოვრებელ ბინა, რომლის ფართობი 88.05კვ.მ-ია.

5. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა: უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება, მისი რეალიზაციის გზით, ხოლო ამონაგები თანხის მესაკუთრეებს შორის განაწილება, თითოეულზე შესაბამისი (უძრავი ქონების საკუთრების შესაბამისი) წილის ოდენობით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავ ნივთზე საზიარო უფლება გაუქმდა, მისი რეალიზაციით გზით და განისაზღვრა ამონაგები თანხის მესაკუთრეებზე განაწილება, თითოეულზე შესაბამისი (უძრავი ქონების საკუთრების შესაბამისი) წილის ოდენობით.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისა და საცხოვრებელი ფართის მოცულობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო, მისით ყველა მესაკუთრეს ერთობლივად ესარგებლა ან მასზე საზიარო საკუთრება ნატურით გაყოფის გზით გაუქმებულიყო.

8.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც შემდეგი არგუმენტით დაასაბუთა:

8.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 953-ე და 961.1 მუხლების თანახმად, საზიარო უფლების მქონე პირს, ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს, თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს ისაა, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით - გააუქმოს საზიარო საკუთრება, სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა არ უნდა შეილახოს. სწორედ ამიტომ, ამავე კოდექსის 963-ე მუხლი, ნატურით გაყოფის გზით, საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს, ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე.

8.2.2. სსკ-ის 170-ე, 173.1 მუხლებიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილება შესაძლოა შეზღუდული იყოს კანონით ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები.

8.2.3. მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული. საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ამასთან, მესაკუთრის უფლების - ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება - რეალიზების საშუალება მოცემულია სსკ-ის 964.1 მუხლის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.

8.2.4. საზიარო საგნის ნატურით გაყოფა არ გულისხმობს უძრავი ქონების გაყოფას მხოლოდ ფაქტობრივად, ფართების გათვალისწინებით. სსკ-ის 963-ე მუხლის მიზანია, გაყოფის შედეგად მიღებული ფართის ღირებულების შენარჩუნება, რაც თავისთავში მოიცავს მისი დანიშნულებისა და სარგებლობისათვის სრული შესაძლებლობების არსებობას, რომ იზოლირებული ბინის ცალ-ცალკე აღებულ ოთახებს არ შეიძლება დამოუკიდებელი დანიშნულება ჰქონდეთ, ვინაიდან ასეთი ბინის ოთახები ერთმანეთთან მიზნობრივადაა დაკავშირებული და მათი კავშირის შედეგი სამეურნეო დანიშნულების ერთიანი ნივთის (ბინის) არსებობაა.

გარდა ამისა, ოთახების ფლობა არ გულისხმობს მესაკუთრეთა კუთვნილი ფართის იდენტიფიცირებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბინას გააჩნია საერთო შესასვლელი, სამზარეულო და სველი წერტილები. სსკ-ის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე.

ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად.

8.2.5. სააპელაციო სასამართლომ, სარჩელში მითითებული საზიარო უფლების ნატურით გაუქმება შეუძლებლად მიიჩნია, რადგან საზიარო უფლების საგანი მრავალბინიან სახლში მდებარე იზოლირებული ბინა იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა დადგინდებოდა, ვინაიდან საზიარო საგანი მრავალბინიან სახლში მდებარე ბინას წარმოადგენდა, მოქმედებდა პრეზუმფცია, მისი ნატურით გაყოფის შეუძლებლობის თაობაზე.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. სსკ-ის 964.1 მუხლით დადგენილია, რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. კანონის ამ ნორმის შინაარსით სასამართლოს მაშინ უნდა ეხელმძღვანელა, თუკი უტყუარად დაადგენდა, რომ უძრავი ნივთის ნატურით გაყოფა შეუძლებელი იყო. მითითებული საკითხის დადგენა ექსპერტიზის დასკვნით უნდა მოხდეს, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. 2022 წლის 30 აგვისტოს, საკასაციო სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა დ. ჩ-ემ განცხადება წარმოადგინა, სადაც ის განმარტავს, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავ ქონებაში მოსარჩელის მთლიანი წილი კასატორმა შეიძინა; ამავე ნივთზე, 2022 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება თავის შვილს, კერძოდ, მეორე მოპასუხეს გადასცა. ამდენად, მითითებული წილის მესაკუთრე დღეის მდგომარეობით არც კასატორი და არც მისი მოწინააღმდეგე მხარე არ არიან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. უ-ის სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, რომელიც ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე გამოიყენება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დადგენილია შემდეგი: სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამავე კოდექსის 273.2 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ შეიძლება.

13. პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

1).განსახილველი სარჩელი, უძრავი ნივთის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნითაა აღძრული, რომლის ადრესატად კასატორთან (პირველი მოპასუხე) ერთად სხვა მოპასუხეებიც, მათ შორის, მეორე მოპასუხე იყო დასახელებული (ტომი 1, ს.ფ. 2-17);

2).სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეებმა ფორმალური შესაგებელი შეიტანეს, სადაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ნაწილობრივ დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე სრულყოფილ პოზიციას დაზუსტებულ შესაგებელში მიუთითებდნენ, რომელსაც შემდეგში წარადგენდნენ (ტომი 1, ს.ფ. 35-44), თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი მათ არ წარუდგენიათ;

3).სარჩელზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით შემდეგი პირების საკუთრებაში იმყოფებოდა: მოსარჩელე, პირველი მოპასუხე, მეორე მოპასუხე, მესამე მოპასუხე, მეოთხე მოპასუხე (ტომი 1, ს.ფ. 20-21);

4).თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ უძრავ ნივთზე საზიარო უფლება გაუქმდეს, მისი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მესაკუთრეებზე განაწილდეს, თითოეულზე შესაბამისი (უძრავი ქონების საკუთრების შესაბამისი) წილის ოდენობით;

5).პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა;

6).თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განჩინებით დასახელებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;

7).სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მხოლოდ პირველმა მოპასუხემ შემოიტანა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით;

8).განცხადებაზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ 2022 წლის 10 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავ ქონებაში მოსარჩელის მთლიანი წილი კასატორმა შეიძინა, რაზეც ამავე წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება თავის შვილს, კერძოდ, მეორე მოპასუხეს გადასცა.

14. ზემოაღნიშნული გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ უძრავ ქონებაში, რომელზეც მოსარჩელემ საზიარო უფლების გაუქმება მოითხოვა, ამ უკანასკნელის კუთვნილი წილის მესაკუთრე აღარც თავად მოსარჩელეა და აღარც კასატორი; შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა ამოწურულია და შესაბამისად აღარ არსებობს დავის საგანი, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე ქმნის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 399-ე, 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.შეწყდეს საქმის წარმოება თ. უ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების გ. ს-ის, ბ. ს-ის, ი. ს-ის და ო. ს-ის მიმართ, საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგების განაწილების თაობაზე;

2.გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე