თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ც.ბ–ძე, დ.ც–ძე, ბ.შ–ი, თ.ზ–ძე
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ნ.ბ–ი“
დავის საგანი - უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება
განსახილველი საკითხი - საკასაციო საჩივარზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ც.ბ–ძემ, დ.ც–ძემ, ბ.შ–მა და თ.ზ–ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და შპს „ნ.ბ–ის“ მიმართ, უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა ბათუმში, ....., მე-8 სართულზე მდებარე №36 (ს/კ ......), მე-6 სართულზე მდებარე №27 (ს/კ .....), მე-3 სართულზე მდებარე №10 (ს/კ ......) და მე-2 სართულზე მდებარე №1 (ს/კ ......) ბინები. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2022 წლის 29 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი. სარჩელზე ან უკვე წარდგენილ საჩივარზე უარის თქმა კი დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს, რომლით სარგებლობის შემთხვევაშიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი კი ადგენს, რომ საჩივარზე უარის თქმის გამო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტისას მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება წესით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რაც მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზებას წარმოადგენს; ამასთანვე, განცხადება ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე (მოსარჩელეები - ც.ბ–ძე, დ.ც–ძე, ბ.შ–ი, თ.ზ–ძე; მოპასუხეები - სსიპ შემოსავლების სამსახური, შპს „ნ.ბ–ი“, დავის საგანი - უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება);
3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე