Facebook Twitter
საქმე №ას-612-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - გ.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ბ–ძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

მ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - გ.ც–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, იშუამდგომლა მოსარჩელის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების გამოთხოვის თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის ზეპირი ფორმით იყო დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რასაც დაადასტურებდა მ.ბ–ძის საბანკო ანგარიშებზე მოპასუხის მიერ თანხის ჩარიცხვის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე გ.ც–ძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი მ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.ც–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ....., მე-4 სართულზე მდებარე №96 ბინა (ს/კ ......); დადგინდა უძრავი ნივთის მ.ბ–ძისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება, ამავე თარიღის განჩინებასთან ერთად, გ.ც–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით გ.ც–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამავე თარიღის განჩინება. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება გ.ც–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეთა შორის ზეპირი ფორმით იყო დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხე ნივთის მართლზომიერ მფლობელად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით უკანონოდ ეთქვა უარი მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისში,..... მე-4 სართულზე მდებარე №96 ბინა (ს/კ ........) მ.ბ–ძის საკუთრებას წარმოადგენს.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე. მართალია, კასატორის განმარტებით, ის ნივთს მართლზომიერად ფლობს მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 311​1 მუხლით დადგენილი წესით. ამრიგად, იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იპოთეკის ზეპირი ფორმით დადების თაობაზე. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სასამართლომ მტკიცებულებათა გამოთხოვაზეც მართებულად უთხრა უარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. იპოთეკის ფორმასავალდებულოობის გამო კი, მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე მოპასუხის მიერ თანხის ჩარიცხვა იპოთეკის ხელშეკრულების არსებობას მაინც ვერ დაადასტურებდა. გარდა ამისა, დამატებით საყურადღებოა, რომ იპოთეკის არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს კრედიტორისთვის იპოთეკით დატვირთული ნივთით ფაქტობრივად ფლობისა და სარგებლობის უფლების მინიჭებას. ამრიგად, კასატორმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება;

3. გ.ც–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.კ–ის (პ/ნ ....) მიერ 2022 წლის 13 ივნისის №13573702073 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე