Facebook Twitter

3გ/ად-5გ-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ვ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 21 იანვარს კოოპერატივ «გ.-ის» თავმჯდომარე ვ. ლ-შვილმა მოპასუხე მ. ხ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ყვარლის რაიონის სასამართლოს და მიუთითა, რომ ყვარლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 25 სექტემბრის ნებართვის საფუძველზე, ადგილმრეწველობის ყვარლის საწარმოო კომბინატის ტერიტორიაზე კოოპერატივის საჭიროებისათვის 1989 წელს ააშენა საფირმო მაღაზია «გ.-ი», ნაგებობა ჩაირიცხა კოოპერატივ «გ.-ის» ბალანსზე, მაღაზია ფუნქციონირებდა 1994 წლამდე, შემდგომ კოოპერატივის მძიმე ფინანსურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო, მაღაზიის ფუნქციონირება შეწყდა, მაგრამ ნაგებობა მაინც დარჩა მაღაზიის ანგარიშზე, 1996 წელს მაღაზია თვითნებურად დაიკავა მ. ხ.-მ და მოსარჩელემ მოითხოვა მისი გამოსახლება სადავო შენობიდან, ხოლო რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს ვ. ლ-შვილმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მ. ხ.-ის გამოსახლებასთან ერთად მოითხოვა ამ მაღაზიის ამშენებლოად და მესაკუთრედ ცნობა.

ზემოაღნიშნული საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ. ბოლოს, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-შვილი ყვარლის საწარმოო კომბინატთან ერთად ცნობილ იქნა სადავო მაღაზიის თანაამშენებლად, ხოლო მოსარჩელეს სადავო მაღაზიის მესაკუთრედ ცნობის, მაღაზიიდან მოპასუხე მ. ხ.-ის გამოსახლებასა და ქირის დაკისრებაზე უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ლ-შვილის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა ყვარლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თავისი ახალი გადაწყვეტილებით კოოპერატივ «გ.-ს» უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას იმ მითითებით, რომ სადავო ფართზე ვ. ლ-შვილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა დაეყრდნო საკასაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებას და 2002 წლის 28 იანვრის განჩინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მოპასუხედ ჩააბა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილება, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, დავა განსახილველად გადასცა იგივე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელიც 2002 წლის 11 თებერვლის განჩინებით არ დაეთანხმა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას და ვ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ დავის საგანია უნებართვოდ დაკავებული ფართიდან მოპასუხე ფიზიკური პირის გამოსახლება და ამ ფართის მესაკუთრედ მოსარჩელე ფიზიკური პირის ცნობა, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო ურთიერთობა კერძო სამართლებრივი ხასიათისაა, ამიტომ განსახილველი საქმე წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ საქმეს. საქმეში ყვარლის ქონების მართვის განყოფილების მოპასუხედ მონაწილეობის გამო აღნიშნული დავა ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მოსარჩელეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილების მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ სააპელაციო პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატების მოსაზრებები განსახილველი საქმის განსჯადობაზე არასწორია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ორივე პალატის განჩინება და ვ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად ამ ეტაპზე განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის აზრით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 28 იანვრის განჩინება, რომლითაც აღნიშნულმა პალატამ მოსარჩელის თანხმობის გარეშე, საქმეში მ. ხ.-ის ნაცვლად, სათანადო მოპასუხედ ჩააბა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილება, გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის უგულვებელყოფით.

მართალია, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა 2001 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო ფართზე ვ. ლ-შვილის საკუთრების საკითხის გადაწყვეტის დროს ზემოაღნიშნული 85-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში უნდა ჩაება სათანადო მოპასუხე – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილება, მაგრამ სააპელაციო პალატას უზენაესი სასამართლოს მითითებები უნდა შეესრულებინა 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის თანახმადაც არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით.

საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ 2002 წლის 28 იანვარს, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომას მარტოოდენ მოპასუხე მ. ხ.-ი ესწრებოდა, სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ვ. ლ-შვილი და სააპელაციო სასამართლომ სადავო მაღაზიის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, არასათანადო მოპასუხე _ მ. ხ.-ი სათანადო მოპასუხე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილებით შეცვალა მოსარჩელის თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევაა და სამოქალაქო-ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის უგულვებელყოფას წარმოადგენს, რადგან მოსარჩელე სარჩელის აღძვრისას თავად განსაზღვრავს დავის საგანს, საფუძვლებს და უთითებს მოპასუხეს, რომლის შეცვლაც, როგორც აღვნიშნეთ, შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით შეცვალა მოსარჩელის პოზიციის გარკვევისა და თანხმობის გარეშე, ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 28 იანვარის განჩინება სათანადო მოპასუხედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილების ჩართვის შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ეტაპზე განსახილველად და უზენაესი სასამართლოს მითითებების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შესასრულებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, რადგან ამჟამად განსახილველი საქმე, იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სამოქალაქო (კერძო) სამართლებრივი ურთიერთობიდან ორ ფიზიკურ პირს _ ვ. ლ-შვილსა და მ. ხ.-ს შორის გამომდინარე დავას ფართიდან გამოსახლებისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;

2. ვ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 28 იანვრისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 11 თებერვლის განჩინებები.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით;

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.