თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - კ.ვ–ი, გ.ვ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ.ხ–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:შ.ხ––მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - კ.ვ–ისა და გ.ვ–ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შ.ხ––ის სარჩელი დაკმაყოფილდა; კ.ვ–ისა და გ.ვ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე, №..... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. აღნიშნული გადაწყვეტილება კ.ვ–მა და გ.ვ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით კ.ვ–ისა და გ.ვ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება კ.ვ–მა და გ.ვ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელემ მოტყუებით მიისაკუთრა მათი სახლი. ამასთან, მოსარჩელეს სხვა ქონებაც გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კ.ვ–ისა და გ.ვ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე, №...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება შ.ხ––ის საკუთრებას წარმოადგენს.
საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობენ კასატორები, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს სასამართლოსთვის სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ მოსარჩელემ მოტყუებით მიისაკუთრა მათი სახლი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნივთის შეძენის კანონიერება შესაძლებელია დამოუკიდებელი დავის საგანი იყოს, თუმცა წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ხსენებულ საკითხზე. ასევე, მოსარჩელის საკუთრებაში სხვა ნივთის არსებობა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ვ–ისა და გ.ვ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. კ.ვ–სა (პ/ნ .....) და გ.ვ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ვ–ის (პ/ნ ......) მიერ 2022 წლის 4 ივლისის №28625012 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე