Facebook Twitter
საქმე №ას-745-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) - შპს „კ.ჯ–ი“, მ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა.კ–ი“

თავდაპირველი მოპასუხე - თ.გ–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ა.კ–მა“ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - თ.გ–ის, შპს „კ.ჯ–ისა“ და მ.კ–ძის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „კ.ჯ–ს“ შპს „ა.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 124295,60 ლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიექცა თ.გ–ისა და მ.კ–ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული ვადა, აპელანტთა განცხადებების საფუძველზე, სასამართლომ 10-10 დღით გააგრძელა 2021 წლის 28 ოქტომბრისა და 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებებით.

აპელანტებმა 2022 წლის 16 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ, 10 დღით გაგრძელება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინებით შპს „კ.ჯ–ის“, მ.კ–ძისა და თ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების ფაქტზე, ვადის საერთო ხანგრძლივობასა და კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარუდგენლობაზე, რის გამოც მიიჩნია, რომ აპელანტი მხარე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რითაც ხელი ეშლებოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ირღვეოდა მეორე მხარის უფლებები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინება შპს „კ.ჯ–მა“ და მ.კ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.

კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობა და უკანონოდ უთხრა უარი საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული ვადა სასამართლომ, აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებით ორჯერ გააგრძელა 10-10 დღით, თუმცა აპელანტებმა მესამედაც მოითხოვეს საპროცესო ვადის გაგრძელება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრა სწორედ სასამართლო პრეროგატივას წარმოადგენს, რა დროსაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხარვეზის შინაარსი, მისი გამოსწორებისთვის აუცილებელი, გონივრული დრო და დაიცვას ბალანსი აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს შორის. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. თუმცა, „სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა. ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის №ას-265-2022 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს ორჯერ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადა, ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის პირველად დადგენიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე გავიდა თითქმის 8 თვე, თუმცა აპელანტებს ხარვეზი მაინც არ გამოუსწორებიათ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ კერძო საჩივრის ავტორები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებენ, მათ ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის/გართულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტების შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება მხოლოდ საქმის განხილვის გაჭიანურებასა და მოწინააღმდეგე მხარის უფლებების დაუსაბუთებელ შეზღუდვას გამოიწვევდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, არ არსებობდა საპროცესო ვადის დამატებით გაგრძელების ობიექტური გარემოებები, ხოლო საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ჯ–ისა“ და მ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე