საქმე № ას-790-2021 20 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „გ-------ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „M------A -----“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წელს, შპს „M-----A ----“-სა (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მენარდე) და შპს „გ-----ს“ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, შემკვეთი) შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც შპს „M-----A ----“ სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე შპს „გ-----ის“ დაკვეთით სარეკლამო რგოლის ან ფლეისმენტის განთავსებას ახდენდა.
2. 2016 წლის აგვისტოს თვეში შპს „M------A ---“-ის დაკვეთით შპს „ნ-----ა პ----მა“ ტელეკომპანია „---------“-ის ეთერში, გადაცემაში „ი------ი ბ------ი“, ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურება განახორციელა. სარეკლამო მომსახურება ლიმონათ „------“ ეხებოდა, რომელიც შპს „გ------ის“ პროდუქტს წარმოადგენდა. გარდა ამისა, 2016 წლის აგვისტოში შპს „M------A ---“-ის დაკვეთით ტელეკომპანია „------“ ეთერში სარეკლამო რგოლის განთავსება განხორციელდა. ისევე, როგორც ტელეკომპანია „------“-ის შემთხვევაში, აქაც სარეკლამო რგოლი ლიმონათ „-----“ ეხებოდა, რომელიც შპს „გ-----ს“ პროდუქტს წარმოადგენდა.
3. შპს „გ------ს“ 2016 წელს შპს „M----A ----“-ის სასარგებლოდ, ნაღდი ანგარიშსწორების წესით განხორციელებული აქვს შემდეგი გადახდები: ა) 25.02.2016 – 4970,6 ლარი. დანიშნულება: რეკლამის ღირებულება; ბ) 01.06.2016 – 4291 ლარი. დანიშნულება: სარეკლამო მომსახურება; გ) 10.08.2016 – 4692 ლარი. დანიშნულება: მომსახურების საფასური; დ) 15.12.2016 – 9261,6 ლარი. დანიშნულება: მომსახურების საფასური. აღნიშნული გადახდების საწინააღმდეგო შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია.
4. სადავო მომსახურების ჯამური ღირებულება 18905,92 (4611,2+14294,72) ლარს შეადგენს, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) – 2883,95 ლარი შპს „გ------ის“ მიერ მითითებულია ჩათვლის რეესტრში. გარდა ამისა, შპს „გ------ის“ მიერ შპს „M-----A ---“-ის ანგარიშ-ფაქტურების, მათ შორის სადავო 2016 წლის 12 სექტემბრის ნომერ ეა---- ------ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაც განხორციელდა.
5.მოსარჩელის მოთხოვნა:
შპს „M----A ---“-ის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს 9644,32 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3214,77 ლარის გადახდა.
6.სარჩელი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა პროდუქციის კონკრეტულ ტელევიზიებში პლეისმენტითა და რეკლამირებით. აღნიშნული ვალდებულებები მოსარჩელის მიერ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადიგლას, თუმცა მოპასუხის მიმართ წარმოშობილი კრედიტორული ფულადი მოთხოვნა არ იქნა სრულად დაკმაყოფილებული, რადგან მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ ნაწილი, შესაბამისად, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოპასუხე ასევე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო, რაც ძირითად მოთხოვნასთან ერთად ჯამში შეადგენს 17150.36 ლარს.
7.მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც ხელშეკრულებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ბათილად ცნობა მოითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
8.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 9644,32 ლარისა და პირგასამტეხლოს - 3214,77 ლარის გადახდა დაეკისრა, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,გ-------მა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დამკაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 319-ე მუხლზე, რომლის საფუძველზეც დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრუელბა მომსახურება/სერვისის მიწოდების ზეპირ გარიგებას წარმოადგენდა, რაც არ არის ქართული კანონმდებლობით ზუსტად მოწესრიგებული, შესაბამისად, კანონის ანალოგიის გამოყენების საფუძველზე, პალატამ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ ნორმებად ყველაზე მსგავსი ურთიერთობის, ნარდობის შესაბამისი მუხლები განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, მიუთითა სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ურთიერთობაზე.
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის პოზიციაზე, რომ თითქოს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ იყო წარმოშობილი და არსებულ ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერები არის გაყალბებული, და აღნიშნა, რომ მოცემული პოზიციის მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა გაყალბების ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით, თუმცა ეს ვერ შეძლო.
13. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარეთა შორის ელექტრონული მეილის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა, რაც მოწინააღმდეგე მხარის აზრით, მომსახურების გამწევის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს ადასტურებდა. წერილობითი მტკიცებულებით დგინდება, რომ შპს „გ------ის“ წარმომადგენელი 2016 წლის დეკემბერში თავდაპირველ მოსარჩელეს წერს და გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებზე ესაუბრება, რამაც დავალიანების გადახდას შეუშალა ხელი, ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 5 000 ლარის სასწრაფოდ გადარიცხვის შესახებ შესაბამის პირებს გადასცა, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებისა და საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ შპს „გ------ს“ 2016 წელს შპს „M----A ---“-ის სასარგებლოდ, ნაღდი ანგარიშსწორების წესით განხორციელებული აქვს შემდეგი გადახდები: ა) 25.02.2016 – 4970,6 ლარი. დანიშნულება: რეკლამის ღირებულება; ბ) 01.06.2016 – 4291 ლარი. დანიშნულება: სარეკლამო მომსახურება; გ) 10.08.2016 – 4692 ლარი. დანიშნულება: მომსახურების საფასური; დ) 15.12.2016 – 9261,6 ლარი. დანიშნულება: მომსახურების საფასური. აღნიშნული გადახდების საწინააღმდეგო შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ელექტრონული მიმოწერით მხარეთა შორის არაერთგვაროვანი კომუნიკაციის ფაქტია დადასტურებული, პალატა მიიჩნევს, რომ მომსახურების მიღების თაობაზე შეკვეთა არა მხოლოდ წერილობით, არამედ ზეპირი კომუნიკაციის გზითაც ხდებოდა. ამასთან, წერილობითი კორესპონდენციის საერთო ჯამში შეფასებით, პალატას ექმნება მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ კომუნიკაციაში წარმოდგენილი დავალიანება არა მხარეთა შორის საერთო ჯამში წარმოშობილ ვალდებულებას არამედ, კონკრეტული მომსახურებისთვის, დროის გარკვეულ მონაკვეთში შესრულებული მომსახურების საფასურს წარმოადგენდა.
15. რაც შეეხება ანგარიშფაქტურების საკითხს, სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების სამართლებრივ კვალიფიკაციასთან და თავად ანგარიშ-ფაქტურების სამართლებრივ ძალასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთგვაროვანი პრაქტიკაა დამკვიდრებული, სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა მართალია, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა, სამოქალაქო სამართლისათვის მას გარკვეული ღირებულება გააჩნია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, მისი დადასტურება შესრულების მიღებას უტოლდება და ამ ფაქტის გაქარწყლება იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (შესრულების მიღებისა და საფ-ის, როგორც მტკიცებულების შეფასების თაობაზე მრავალთა შორის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-671-642-2016, 20
იანვარი, 2017 წელი)
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: №ას-381- 381-2018, 04 მაისი, 2018 წელი).
17. რაც შეეხება ანგარიშ-ფაქტურებით დადასტურებული გაწეული მომსახურების ღირებულებისა და აპელანტი კომპანიის მიერ გადახდილ თანხებს შორის სხვაობას, პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო დავალებების ასლები და სს „-------- ბანკის“ ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „გ-----ს“ შპს „M---A ---“- ისთვის, სხვადასხვა დროს, გადახდილი აქვს გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულება, საიდანაც ყველაზე ბოლო გადახდა 2016 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა. შპს „M----A ----“ განმარტავს, რომ ამ ბოლო გადახდით სადავო ხელშეკრულებებით გაწეული მომსახურების ნაწილი ღირებულების, 9261,6 ლარის, ანაზღაურება მოხდა და ანაზღაურება უშუალოდ შპს „გ-----ის“ დირექტორის მ.ფ-ის თანხმობის საფუძველზე განხორციელდა, რადგან ამ დროისთვის იგი უკვე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და გადარიცხვის საკითხი პირადად მასთან შეთანხმდა. როგორც თავდაპირველი მოსარჩელე განმარტავდა, 2016 წლის 11 ივლისის და 20 ივლისის ხელშეკრულებებით გაწეული მომსახურების ღირებულება ჯამში 18905,92 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ მომსახურებაზე გამოიწერა ერთიანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, 2016 წლის 12 სექტემბერს, სადავო ანგარიშ- ფაქტურაში აღნიშნულია, რომ ეხება აგვისტოს პერიოდში გაწეულ სარეკლამო მომსახურებას და შეადგენს 18905,92 ლარს. სწორედ აღნიშნული მომსახურების ნაწილის, 9261,6 ლარის ანაზღაურება განხორციელდა შპს „გ-----ის“ მიერ 2016 წლის14 დეკემბერს. ამდენად, აღნიშნული გარემოებაც მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რომლის ნაწილიც აპელანტ მხარეს არ შეუსრულებია.
18. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, შპს „M----A ----“-ის მიერ აგვისტოს თვეში ტელეკომპანიებში „--------“ და „---------“ განხორციელებული პროდუქციის ფლეისმენტი და სარეკლამო რგოლის განთავსება 2016 წლის 11 ივლისის და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა. ხოლო, ის ფაქტი რომ აპელანტი კომპანიის პროდუქციის - ლიმონათის, რეკლამირება სატელევიზიო სივრცეში ხდებოდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სურათებით და გადაცემების შესახებ წერილობითი ამონაწერით დასტურდება, შესაბამისად, ვინაიდან შპს „M-----A -----“-ის მიერ აგვისტოს თვეში ტელეკომპანიებში „------------“ და „------“ განხორციელებული პროდუქციის ფლეისმენტი და სარეკლამო რგოლის განთავსება დგინდება, ასევე იკვეთება, რომ განთავსება 2016 წლის 11 ივლისის და 2016 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა და თავდაპირველი მოსარჩელის მიერ გამოწერილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა დადასტურებულია სააპელაციო პალატას შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება ნამდვილად არსებობდა და ხელშეკრულების ღირებულების ნაწილი აპელანტს არ გადაუხდია.
19. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზეც და აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი ვალდებულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ განეკუთვნება, შესაბამისად ექსპერტიზის ძალით ხელმოწერის არსებობის იმპერატიული დადგენა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებითა და კონკლუდენტური მოქმედებით, მომსახურების გაწევისა და მიღების ფაქტი დგინდება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი წინაპირობა ვერ იქნებოდა, რადგან წერილობითი ხელშეკრულების არსებობა ამგვარი ტიპის ვალდებულების წარმოსაშვებად სავალდებულო არ არის. აქვე პალატის მითითებით, მოპასუხის პრეტენზია ბეჭდის სიყალბეზე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სამეწარმეო პირისთვის ოფიციალური ბეჭდის არსებობა სავალდებულო არ არის, ასევე არც მისი გამოყენებაა სავალდებულო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამეწარმეო ურთიერთობაში იყენებს ბეჭედს, მაშინ მას ყველა სახის ურთიერთობაში ბეჭდის გამოყენების ვალდებულება წარმოეშვება. საყურადღებოა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოს წინაშე წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აპელანტი საწარმო ყველა სახის სამეწარმეო ურთიერთობაში ოფიციალურ ბეჭედს იყენებდა, რაც მის არგუმენტს დაუსაბუთებლად აქცევს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ძირითადად დაფუძნებული იყო ხელმოწერის ექსპერტიზაზე, რომ ის არ იყო იმპერატიული ხასიათის, თუმცა პალატამ დაუსაბუთებლობისა და საქმის მასალებში არსებული თვითკმარი მტკიცებულებების, გამო არ გაიზიარა.
20. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლთაც მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
21. კასატორის მოთხოვნა:
კასატორის საკასაციო პრეტენზია, როგორც მანამდე სააპელაციო საჩივარი, დამყარებულია ექსპერტიზის დასკვნას, რომ მისი ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი ყალბია, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეებს შორის არ წარმოშობილა და ამიტომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს ,,გ--------ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 396-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად არსებითად სწორად შეაფასა იგი.
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით წამოყენებული არსებითი პრეტენზია შეეხება ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასების საკითხს, კასატორი ერთი მხრივ უთითებს, რომ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა ვერ დადასტურდა ექსპერტიზით, ასევე უთითებს, რომ ხელშეკრულებაზე დასმული კომპანიის ბეჭედიც ასევე არის ყალბი, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი შედავება არსებითად შეეხება ფაქტობრივი გარემოებების ხელახლა დადგენის სურვილს, რომლის საფუძველზეც კასატორის მოსაზრებით შეიძლება შეიცვალოს სამართლებრივი შედეგი, თუმცა საჩივარში არსებული პრეტენზია მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებით იფარგლება და არ გვთავაზობს შესაბამის საკმარის მოტივაციას, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კასაციის დასაბუთებულობასა და წარმატებულობაში.
30. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
31. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
32. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ საჩივარში დაყენებული პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არა სამართლებრივ, არამედ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის კრიტიკას, რაშიც კასატორი იმპლიციტურად ფაქტების ხელახლა დადგენა-შეფასებას გულისხმობს. ამ კუთხით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლოში სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის (სსსკ-ით გათვალისწინებულ ცალკეულ შემთხვევებში კი, კერძო საჩივრის) საფუძველზე. საკასაციო საჩივრის შეტანა შეუძლია მხარეს, რომელსაც აქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების იურიდიული ინტერესი. საკასაციო სასამართლო არსებობს იმისათვის, რომ განიხილოს საკასაციო საჩივარი და პასუხი გასცეს ამ საჩივრით წამოყენებულ კასატორის მოთხოვნას. ამრიგად, რომ არა წაგებული მხარის საკასაციო საჩივარი, საკასაციო წარმოება ვერ აღიძვრებოდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერების შემოწმება ვერ განხორციელდებოდა. გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა წარმოადგენს რეალურ სამართლებრივ საშუალებას კიდევ ერთხელ შემოწმდეს გადაწყვეტილების სისწორე მისი სამართლებრივი დასაბუთებულობის თვალსაზრისით, რაც არის იმის საფუძველი, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივ დასაბუთებულობაში დაშვებულია შეცდომა - გასწორდეს გადაწყვეტილება. საკასაციო საჩივარი გადის დასაშვებობის ორ ეტაპს ( სსსკ-ის 401-ე და 391-ე მუხლები). კასაციას აქვს ორი მიზანი: მოდავე მხარეთა უფლებებისა და ინტერესების - ინდივიდუალური ინტერესის - დაცვა; კანონების ერთგვაროვანი გაგება და განჭვრეტადი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა - საჯარო ინტერესის დაცვა. კასაციის საქმიანობაში როგორც ინდივიდუალური, ისე საჯარო ინტერესების დაცვა ერთნაირად მნიშვნელოვანია. (იხ: ვ.ხრუსტალი, კასაცია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, თბ., 2004, გვ.10).
33. განსახილველი კასაციის ფარგლებში, როგორც აღინიშნა, კასატორმა წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოზიცია და არ მიუთითებია საჩივრის დასაბუთება, რაც მიანიშნებს ფორმალური კასაციის გამოყენებაზე. ამავდროულად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ მსჯელობებს ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენის ფარგლებში და დამატებით აღნიშნავს, რომ საჩივრით მხარე ვალდებულების არსებობის ფაქტს მხოლოდ იმპერატიული ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის მოტივით ხდის სადავოდ, აღნიშნული ექსპერტიზა კი არასაკმარისია ხელშეკრულების არსებობა-არარსებობის ფაქტის დასადგენად, რადგან ის არც ადასტურებს და არც უარყოფს ხელმოწერის ნამდვილობას. კასატორის მხრიდან გარიგების არარსებობის ერთადერთი არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულ ექსპერტიზას ეფუძნება, მოსარჩელის დასაბუთება ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ კი დამატებით მოიცავს სხვადასხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (მოპასუხის პროდუქციის მედია რეკლამირების ფაქტები, სარეკლამო მომსახურებისთვის ნაწილობრივ გადახდილი თანხები, მხარეებს შორის არსებული ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც საერთო ჯამში ქმნის მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთმავალდებულებელი გარიგების არსებობის ფაქტს, დამატებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ,,სადავოდ გამხდარი ვალდებულება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიგს არ განეკუთვნება, შესაბამისად ექსპერტიზის ძალით ხელმოწერის არსებობის იმპერატიული დადგენა, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებითა და კონკლუდენტური მოქმედებით, მომსახურების გაწევისა და მიღების ფაქტი დგინდება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი წინაპირობა ვერ იქნებოდა, რადგან წერილობითი ხელშეკრულების არსებობა ამგვარი ტიპის ვალდებულების წარმოსაშვებად სავალდებულო არ არის. აქვე პალატის მითითებით, მოპასუხის პრეტენზია ბეჭდის სიყალბეზე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სამეწარმეო პირისთვის ოფიციალური ბეჭდის არსებობა სავალდებულო არ არის, ასევე არც მისი გამოყენებაა სავალდებულო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამეწარმეო ურთიერთობაში იყენებს ბეჭედს, მაშინ მას ყველა სახის ურთიერთობაში ბეჭდის გამოყენების ვალდებულება წარმოეშვება. საყურადღებოა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოს წინაშე წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აპელანტი საწარმო ყველა სახის სამეწარმეო ურთიერთობაში ოფიციალურ ბეჭედს იყენებდა, რაც მის არგუმენტს დაუსაბუთებლად აქცევს:“.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ისევე როგორც, დავის გადაწყვეტისას მართებულად განმარტეს სამართლის ნორმები. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის, ასევე ვერ იქნა დასაბუთებული, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 47-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე