Facebook Twitter

საქმე №ას-337-337-2018 31 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.წ–ძე, მ.შ–ძე, მ.შ–ძე, ჯ.შ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.შ–ძის უფლებამონაცვლე ზ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2017წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომლის ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ჩუქების ხელშეკრულებიდან ნაწილის ამორიცხვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ტ.შ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა მ.წ–ძის, მ.შ–ძის, მ.შ–ძისა და ჯ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე, „მეორე მოპასუხე“, „მესამე მოპასუხე“, „მეოთხე მოპასუხე“, ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა: ა) უძრავი ნივთების: ს/კ N ......; ს/კ N ......; ს/კ N ..... - 1/5 წილზე მესაკუთრედ ცნობა; ბ) 04.04.2012 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ, 1/5 წილში ბათილად ცნობა და მოსარჩელის 1/5 წილის ამორიცხვა; გ) ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N ....) რეალურად გაყოფა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 10,22 კვ.მ. ფართის შესასვლელის, სახლის მეორე სართულისა და ეზოში მდგარ ნაგებობათა მეორე სართულების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 08.07.2015 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

2.1. მოსარჩელე ცნობილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....მდებარე უძრავი ქონების 1/5 წილზე მესაკუთრედ (საკადასტრო კოდი N ....; N ...; N ....);

2.2. ბათილად იქნა ცნობილი 04.04.2012 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 1/5 წილში და ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა მოსარჩელის 1/5 წილი;

2.3. მოსარჩელეს მიეკუთვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N ....) პირველ სართულზე არსებული 10,22 კვ.მ. ფართის შესასვლელი მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბითურთ, შენობის მეორე სართულზე 59,3 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 12,9 კვ.მ. დამხმარე ფართი და დადგინდა მათი აღრიცხვა მის საკუთრებად;

2.4. არ დაკმაყოფილდა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N .....) რეალურად გაყოფის გზით სახლის მეორე სართულის და ეზოში მდგარ ნაგებობათა მეორე სართულების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში (იხ.: გადაწყვეტილება ტ.3, ს.ფ. 243-276).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.07.2017წ. განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზ.შ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კასატორი“) (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ. 207-209).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში :

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2017 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს მიეკუთვნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი N .....) პირველ სართულზე არსებული 10,22 კვ.მ. ფართის შესასვლელი მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბითურთ, შენობის მეორე სართულზე 59,3 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 12,9 კვ.მ. დამხმარე ფართი, რაც უნდა აღრიცხულიყო მოსარჩელის საკუთრებად; არ დაკმაყოფილდა სარჩელი საზიარო უფლების ნატურით გაყოფის თაობაზე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. დადგენილია, რომ 1964-1966 წლების, ასევე 1986-1996 წლების მონაცემებით მოსარჩელე არის კომლის წევრი (1994 წლამდე).

4.2. მოსარჩელე რეგისტრირებულია და ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......ში.

4.3. 1992 წელს გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და შესაბამისად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადაეცა კომლის ხუთ წევრს - მოსარჩელეს და მოპასუხეებს. კომლის გაუქმების დროისათვის მასში კომლის წევრად ირიცხებოდა მოსარჩელე.

4.4. მოპასუხეებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..... მდებარე 1747.00კვ.მ და 539 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს თანასაკუთრებად მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

4.5. 04.04.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულებით მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხემ (შემდეგში „მჩუქებლები“) კომლის ქონების ნაწილი, მიწის ნაკვეთი - 217,00 კვ.მ და მასზე განთავსებული 361 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გააჩუქეს პირველ მოპასუხეზე (შემდეგში „დასაჩუქრებული“). უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N ....... საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა პირველი მოპასუხის სახელზე. ჩუქების ხელშეკრულება დადებულია დედას, შვილებსა და მეუღლეს შორის.

4.6. მჩუქებლებმა და დასაჩუქრებულმა იცოდნენ, რომ სადავო ქონების მეორე სართული იყო მოსარჩელის მფლობელობაში.

4.7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე და 125-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. ამასთან, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც - თანაბარი წილი. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1992 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლით, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნით. ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად თანაბარი წილით, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

4.8. დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა კომლის წევრს და ამდენად, კომლის ქონებაზე გააჩნდა თანასაკუთრების უფლება სხვა წევრებთან ერთად. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებას წარმოადგენს საკომლო წიგნის ჩანაწერები, ვინაიდან ის ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობას და კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის პირობებში, მოსარჩელეს არ აქვს კომლის წევრობისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობის მტკიცების საჭიროება. კომლის ჩანაწერის უსაფუძვლობის და ჩანაწერიდან გამომდინარე პრეზუმფციიის გაქარწყლება მოპასუხის მტკიცების ტვირთია, რაც მათ ვერ დაძლიეს. 1992 წელს საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის მოსარჩელე იყო კომლის წევრი. შესაბამისად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადაეცა კომლის ხუთ წევრს, მათ შორის მოსარჩელეს.

4.9. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია უძრავი ნივთების: ს/კ N ....; ს/კN ....; ს/კ N .... - 1/5 წილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

4.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლზე და განმარტა, რომ დარღვეულია მოსარჩელის, როგორც კომლის წევრისა და ქონების თანამესაკუთრის უფლება. მოპასუხეებმა დაირეგისტრირეს კომლის ქონება მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინების გარეშე და მისი ნაწილი გააჩუქეს პირველ მოპასუხეზე. არ არსებობს მოპასუხეთა მიმართ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლების გავრცელების და დასაჩუქრებულის კეთილსიდისიერ შემძენად მიჩნევის საფუძველი. გადაწყვეტილება მართებულია ჩუქების ხელშეკრულების 1/5 წილში ბათილად ცნობის ნაწილში.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელისთვის, როგორც კომლის წევრისთვის, ქონების 1/5 წილის საკუთრებაში გადაცემის და შესაბამისად, ამ ნაწილში კომლის ქონებაზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის კანონიერება.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულება საკომლო წიგნის ჩანაწერია, საიდანაც ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელე კომლის გაუქმების მომენტისათვის იყო კომლის წევრი (ტ.1, ს.ფ.37-38). როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, საკომლო ჩანაწერები ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს (სუსგ №ას-1350-1387-2014, 15.07.2015 წელი). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება სწორედ იმ მხარის ტვირთია, რომელიც სადავოდ ხდის ჩანაწერს.

11. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

12. მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ მოსარჩელეს კომლის ქონებაზე უფლება წარმოეშვა კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად. ამის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული ნორმატიული აქტების შინაარსი. როგორც საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, 125-ე მუხლით კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ; №ას-1063-983-2017, 17.10.2017წ; №ას-1430-1350-2017, 30.04.2018წ.). ის ფაქტი, რომ მოსარჩელე საკოლმეურნეო კომლის გაუქმების მომენტისათვის იყო კომლის წევრი, წარმოადგენს დანარჩენი წევრების თანაბრად კომლის ქონებაზე მისი მესაკუთრედ ცნობის საფუძველს. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო მოსარჩელე კომლის ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ.

13. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში, დოქტრინაში გამოთქმული არაერთი მოსაზრებისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლი სხვა ნორმების, რომლებიც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიცავენ, მითითების გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც (იხ.: სუსგ № ას-212-201-2017, 15.05.2017წ.; შდრ. სუსგ-ებს: № ას-225-215-2016; № ას-761-729-2016) (სუსგ Nას-1273-2020 , 18.02.2021წ). სადავო ჩუქების ხელშეკრულების მხარეები არიან ოჯახის წევრები (ცოლი, ქმარი, შვილები) და მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. იმ პირობებში, როდესაც დასაჩუქრებული და მჩუქებლები არიან ერთი ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ცნობილია მოსარჩელის უფლებების შესახებ, კომლის ქონების განკარგვა ვერ შეფასდება კეთილსინდისიერ, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გამოვლენილ ნებად, რის გამოც ჩუქების ხელშეკრულება სადავო ნაწილში ბათილად მართებულად იქნა ცნობილი.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2140 ლარის 70% – 1498 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.წ–ძის, მ.შ–ძის, მ.შ–ძისა და ჯ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.წ–ძეს (პ/ნ: ....), მ.შ–ძეს (პ/ნ: .....), მ.შ–ძესა (პ/ნ: ....) და ჯ.შ–ძეს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეთ მ.წ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2140 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 29.03.2018წ.) 70% – 1498 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია