საქმე №ას-1149-2018 31 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), ლ. გ–ძე, ლ. გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „მესაკუთრე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შეგებებული სარჩელის ავტორი“, სხვა მოპასუხეებთან ერთად - „მოპასუხეები"), ლ. გ–ძისა და ლ. გ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთის, თბილისში, ....., მე-4 სართულზე მდებარე ბინა N52-ის (შემდეგში „სადავო უძრავი ნივთი“, „ბინა“) გამოთხოვა .
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2. შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს, მესაკუთრეს დაეკისროს სადავო უძრავი ნივთის შიდა რემონტის ხარჯი - 4 000 აშშ დოლარი, ასევე - კომუნიკაციების მოწესრიგებისათვის გაღებული 22 978 ლარი, სულ - 34 098 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.01.2017 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული შიდა ხარჯების ანაზღაურება 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტა, 11 120 ლარი. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 22 978 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2018 წლის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- არ დაკმაყოფილდა მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი მისთვის შეგებებული სარჩელის საფუძველზე თანხის დაკისრების ნაწილში;
- დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო მოთხოვნა და 22 978 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის 6607 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება (16 371 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა).
გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
5.1. უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია ქ.თბილისი, ......, (ს/კ .....) და #204 ს/კ .....), თავდაპირველად საკუთრება დარეგისტრირდა 22.05.2006 წელს. 22.05.2006 – 30.08.2006 წლებში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრების უფლება, 30.08.2006-16.01.2008 წლებში - შპს „თ–ის“ საკუთრების უფლება, 16.01.2008 – 19.03.2008 წლებში - სახელმწიფოს, ხოლო 19.03.2008 – 05.08.2010 წლებში - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, 05.08.2010- 12.08.2010 წლებში უძრავ ნივთზე მიტოვებული იყო საკუთრების უფლება; 12.08.2010 წლიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება (ტ.1, ს.ფ. 124-126).
5.2. ქ.თბილისში, ....., N204 და #205 კორპუსებს სახაზინო საწარმო „თ–ი“ აშენებდა 1980-იანი წლიდან, თანამშრომლების (მათ შორის - მოსარჩელის) ბინებით უზრუნველყოფის მიზნით.
5.3. სახაზინო საწარმო „თ–ის“ (შემდგომში შპს „თ–ი“) მმს N2-ის ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 31.03.1993 წლის სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელეს გადაეცა სადავო უძრავი ნივთი.
5.4. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაფორმების/პრივატიზების მოთხოვნით. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 11.09.2013 წლის N549 განკარგულებით სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს. 2013 წლის სექტემბრიდან იგი წარმოადგენს მესაკუთრეს - საჯარო რეესტრში ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე.
5.5. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები.
5.6. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეზე, როგორც სახაზინო საწარმო „თ–ის“ თანამშრომელზე, ბინა განაწილდა 31.03.1993 წლიდან, მოსარჩელე (ისევე, როგორც სხვა უფლებამოპოვებული პირები) ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მესაკუთრე 1993 წლიდან ვერ დაეუფლა ბინას, ის გარემოებაა, რომ საცხოვრებელი კორპუსი იყო დაუმთავრებელი, ე.წ. კარკასი. ნიშანდობლივია, შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ბინაში შესვლის მომენტში (2005 წელს) კორპუსი იყო დაუმთავრებელი, კარკასი, რასაც მესაკუთრეც ეთანხმება ნაწილობრივ თავისი შესაგებლით. მესაკუთრე შეგებებული სარჩელის ავტორის ამ მტკიცებას სადავოდ ხდის მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ კორპუსი არ იყო სრულად კარკასი, ჰქონდა კარ-ფანჯარა და სხვა დეტალები. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საცხოვრებელი კორპუსების ამსახველ ფოტომასალაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 29.08.2012 წლის წერილის შინაარსზე, აგრეთვე, შპს „ყ-თ–თან“ 26.12.2012 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ კორპუსი შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის დაკავების მომენტისათვის არ იყო უზრუნველყოფილი არც ელექტრო და არც ბუნებრივი აირის მომარაგებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ბინის დაუფლების მომენტისათვის კორპუსი კარკასი იყო და არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი იყო კორპუსის სახურავი, სარდაფი, კიბის უჯრედები და არ ჰქონდა წვიმის წყლის სანიაღვრე არხი, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელმომარაგება, გაზმომარაგება), გზა; სადავო ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო კორპუსისა და ბინისათვის საჭირო სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების გარეშე.
5.7. სასამართლოს განმარტებით, შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს მის მიერ გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელის სრულად (გარე სამუშაოების ხარჯის - 22 978 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის) დაკმაყოფილებას, ნაწილობრივ გასაზიარებელია.
5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 164-ე, 987-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების გათვალისწინებით უნდა შემოწმდეს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
5.9. შიდა და გარე სარემონტო სამუშაობის ღირებულების განსაზღვრის მიზნით შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელ აუდიტორ მ.გ–ას მიერ 14.04.2016 წელს შედგენილი #16-ქ/14 დასკვნა, რომლის თანახმადაც შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინაში შიგნით შესრულებული შიდა სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 4000 აშშ დოლარით, ხოლო გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო ხარჯები - 12 960 აშშ დოლარით. მთლიანად შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გაწეული ხარჯი შეფასებულია 16 960 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, ბინაში შესვლის დროისთვის კორპუსი იყო დაუსრულებელი, არ ჰქონდა სახურავი, კიბის უჯრედები იყო უმოაჯიროდ, არ არსებობდა წვიმის წყლის სანიაღვრე არხი, საყოფაცხოვრობო კომუნიკაცია და გზა. სხვადასხვა სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბინაში შესვლამდე კარკასის სავარაუდო ღირებულება იყო 4 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ბინაში შესრულებული შიდა სამუშაოების ღირებულება, ამჟამად (დამუშავებული კედლები, ჭერი, იატაკი, კარ-ფანჯარა და შიდა ყველა კომუნალური ქსელი) უნდა იყოს 4 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
5.10. ქალაქ თბილისში, ....., N204 და 205-ე კორპუსებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების შესახებ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ბ.ა–ის’’ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა #16/12-04. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, კორპუსებში (N204 და 205) და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 05.12.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 620 407.11 ლარს. შესრულებული სამუშაოების დაანგარიშების მიხედვით, რომელიც დასკვნაში ცხრილის სახითაა წარმოდგენილი, ირკვევა, რომ 620 407.11 ლარიდან კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 12 150 ლარი, ბინების შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟისთვის - 18 900 ლარი, ორივე #204 და #205 კორპუსებში, სულ 108 ბინიდან მხოლოდ 27 ბინაშია წყლისა და გაზის გაყვანილობა. დასკვნის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია კორპუსში მცხოვრები 27 ოჯახის მიერ, რომელთა რაოდენობის განსაზღვრისას ექსპერტი დაეყრდნო ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის, ..... დასახლების მე-2 მრ-ის. 204-ე და 205-ე კორპუსების მობინადრეთა 28.11.2016 წლის კრების ოქმში მითითებულ ინფორმაციას. შპს ,,ბ.ა–ის’’ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შემოწმებულ ობიექტზე შესრულებელია შემდეგი სახის სამუშაოები: ძველი, ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, გარე წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი, სარდაფის რეაბილიტაცია, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, სახურავის რეაბილიტაცია, შიდა წყალგაყვანილობის მოწყობა, მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, ელმომარაგების ხაზის გაყვანა, ელმომარაგების ქვესადგური, გაზმომარაგების დაპროექტება, ბინების შიდა გაზმომარაგება, კიბის უჯრედებში მოაჯირის მონტაჟი და ატმოსფერული ნალექების გამშვები მილების მონტაჟი. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ექსპერტებმა შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და შეამოწმეს. შესაბამისად, შპს ,,ბ.ა–ის’’ 09.12.2016 დასკვნით ირკვევა, რომ ქალაქ თბილისში, ..... 204-ე და 205-ე კორპუსებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების დასადგენად დასკვნის მომზადებას წინ უძღოდა ობიექტის სრული დათვალიერება, გადაღებულია ფოტომასალა, წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების დეტალური დაანგარიშება.
5.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა აუდიტის დაკვნები სარემონტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასების მიზნებისათვის. შეგებებული სარჩელის მოპასუხეს აღნიშნული მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტების საწინააღმდეგოდ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მარტოოდენ მითითება მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მესაკუთრემ დაადასტურა ბინაში შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გარკვეული სამუშაოების ფაქტი, მაგალითად, მან დაადასტურა შესასვლელი კარის, ბინაში მეტალოპლასტმასის ფანჯრების, აივანზე მოაჯირის მოწყობის, წყლის გაყვანილობის სამუშოების შესრულება. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის გარემონტების ხარჯი შეადგენს 4 000 აშშ დოლარს, ხოლო გარე სამუშაოების (შეგებებული სარჩელის ავტორისა და კიდევ 26 მობინადრის მიერ) ხარჯი სულ - 620 407.11ლარს.
5.12. სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების დროს მნიშვნელოვანია, დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაშიც იგულისხმება ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე გამდიდრება, სამართლებრივი სიკეთის შეძენა, საკუთარი ქონების დაზოგვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე, რის შედეგად ერთი პირის ქონება იზრდება სხვა პირის ქონების შემცირების ხარჯზე, ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან წარმოშობილი ვალდებულების უმთავრესი ფუნქციაა მხარეთა ინტერესებს შორის წონასწორობის აღდგენა, რათა ერთმა პირმა სამართლებრივი უპირატესობა და ქონებრივი სიკეთე არ მიიღოს მეორის ხარჯზე, მათ შორის - სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის პირობებში. პირის გამდიდრება გულისხმობს არა მარტო უძრავი ქონების ღირებულების გაზრდას გამოსახული ფულად ერთეულში, არამედ ქონების სამეურნეო დანიშნულების გაუმჯობესებაც. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კორპუსს არ გააჩნდა საჭირო კომუნიკაციები (კანალიზაცია, ბუნებრივი აირით მომარაგება, ელმომარაგება, სახურავი, საჭიროებდა შეკეთებას, არ გააჩნდა სანიაღვრე მილები, მისასვლელი გზა, კორპუსის სარდაფი და მიმდებარე ტერიტორია საჭიროებდა წლების განმავლობაში დაგროვებული ნაგვისგან დასუფთავებას), ბინა არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. გასათვალისწინებელია, რომ მესაკუთრის მიერ, რომელსაც ბინაზე 1993 წლიდან ჰქონდა უფლება მოპოვებული, ამ ბინის დაკავება ვერ მოხერხდა ძირითადად კორპუსის დაუსრულებლობის მიზეზით. თავის მხრივ, შეგებებული სარჩელის ავტორისა და მის მსგავსად 26 ოჯახის მიერ დასახელებულ მისამართზე ბინების თვითნებური დაუფლებაც სწორედ ამ ფაქტით აიხსნება, რომ კორპუსები იყო დაუსრულებელი და იქ ცხოვრება - შეუძლებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. შესაბამისად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხარჯების გაწევისა და შესაბამისი (შიდა და გარე) სამუშაოების გარეშე ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო.
5.13. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების შედეგად ბინა საცხოვრებლად ვარგისი გახდა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2005 წელთან - შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის თვითნებურად დაკავების დროსთან შედარებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც მოსარჩელემ, როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულმა მესაკუთრემ, განუცხადა მას პრეტენზია ბინის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2013 წლის გაზაფხულისათვის, შეგებებული სარჩელის ავტორს დამატებით სარემონტო სამუშაოები აღარ შეუსრულებია. ხარჯები ბინის რემონტისა და კორპუსის გარე სამუშაოებისათვის გაწეულ იქნა ეტაპობრივად - 2005 წლიდან 2013 წლამდე. საკითხის სწორი შეფასებისათვის სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ დასახელებულ ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების 2013 წლიდან დარეგისტრირების მიუხედავად, მოსარჩელე ამ ბინაზე სახაზინო საწარმო „თ–ის“ (შემდგომში შპს „თ–ი“) მმს N2-ის ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 31.03.1993 წლის N3 სხდომის ოქმის საფუძელზე უფლებამოპოვებული იყო 1993 წლიდან (საკუთრების მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა სწორედ სახაზინო საწარმო „თ–ის“ (შემდგომში შპს „თ–ი“) მმს N2-ის ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 31.03.1993 N3 სხდომის ოქმი). შესაბამისად, მისი მხრიდან აპელირება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, უსაფუძვლოა, რამდენადაც ბინის დაკავების მომენტისათვის ამ ბინაზე უფლება უკვე მოსარჩელეს ჰქონდა მოპოვებული.
5.14. ამგვარად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გაწეული ხარჯების შედეგად შეგებებული სარჩელის მოპასუხის კუთვნილი ბინის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამ გამოიწვია ამ ბინის კეთილსიდნისიერი მფლობელისა და მესაკუთრის გამდიდრება, რის საფუძველზეც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს 22978 ლარის დაკისრებას. პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ბ.ა–ის’’ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 09.12.2016 წლის დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...... მიკრორაიონში, 204-ე და 205-ე კორპუსებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სულ დაიხარჯა 620 407.11 ლარი, საიდანაც 12 150 ლარი კორპუსის შიდა წყალგაყვანილობას დასჭირდა, 18 900 ლარი კი ბინების (სულ 27 ბინის) შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟს, სულ 31 050 ლარი(12 150 + 18 900= 31 050). სხვაობა 589 357 (620 407–31 050=589 35) ლარი გახარჯულ იქნა გარე სამუშაოების წარმოებისთვის. უდავოა, რომ ქალაქ თბილისში, ..... მიკრორაიონში,204-ე და 205-ე კორპუსებში 108 ბინაა, მობინადრე კი - სულ 27 ოჯახია. ყოველივე ამის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ დასკვნაში მითითებული ხარჯის ნაწილი ჯამურად 31 050 (12 150 + 18 900= 31 050) ლარი, რაც კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაციისა და შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟისთვის იქნა გაწეული, კორპუსების მობინადრეთა მიერ დაკავებული ბინების რაოდენობაზე, ესე იგი, 27-ზე უნდა გაიყოს, რადგან სამუშაოების ხასიათის გათვალისწინებით, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შიდა წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება უშუალოდ მობინადრეების მიერ დაკავებულ ბინებში დამონტაჟდა და ამ ღირებულების 31 050 (12 150 + 18 900=31 050) სამუშაოების შესრულებით 108 ბინიდან მხოლოდ 27 ბინა (მათ შორის - მოსარჩელის კუთვნილი ბინის #52-ის) გაუმჯობესდა. რაც შეეხება 589 357 ლარის სხვაობას, ეს თანხა გაყოფილი უნდა იქნეს არა კორპუსის მობინადრეთა რაოდენობაზე - 27-ზე, არამედ ორივე კორპუსში არსებული ბინების რაოდენობაზე, 108-ზე, რადგან პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებული თანხით შესრულებული სამუშაოებით არა მხოლოდ 27 ბინა, არამედ მთლიანად ამ ორივე კორპუსში განთავსებული ყველა ბინა გაუმჯობესდა , ესე იგი, სულ 108 ბინა. ყოველივე ეს, ამ შენობაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის ნივთით გამართული სარგებლობის ინტერესს ემსახურება. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც უშუალოდ მესაკუთრის ბინის გაუმჯობესებას უკავშირდება, კერძოდ, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გარე სამუშაობისთვის გაწეული ხარჯის სახით 6607 ლარის გადახდა (31 050/27=1150; 589 357/108=5457; 1150 + 5457=6607ლ). შესაბამისად, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დარჩენილ - 16371 (22 978 - 6607=16371) ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მესაკუთრემ და მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მისთვის ასანაზღაურებლად 6607 ლარის დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
9.1. ქ.თბილისში, ......, N204 და N205 კორპუსებს 1980-იანი წლიდან აშენებდა სახაზინო საწარმო „თ–ი“ თანამშრომლების (მათ შორის - მოსარჩელის) ბინით უზრუნველყოფის მიზნით.
9.2. ქ.თბილისში, ...... N205 (ს/კ .....) და N204 (ს/კ .....) კორპუსებზე საკუთრება თავდაპირველად დარეგისტრირდა 22.05.2006 წელს. 22.05.2006 – 30.08.2006 წლებში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, 30.08.2006-16.01.2008 წლებში - შპს „თ–ის“ საკუთრების უფლება, 16.01.2008 – 19.03.2008 წლებში - კვლავ სახელმწიფოს, ხოლო 19.03.2008 – 05.08.2010 წლებში - ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. 05.08.2010 - 12.08.2010 წლებში უძრავ ნივთზე მიტოვებული იყო საკუთრების უფლება. 12.08.2010 წლიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სახელმწიფოსა და ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება (ტ.1, ს.ფ. 124-126).
9.3. სახაზინო საწარმო „თ–ის“ (შემდგომში შპს „თ–ი“) მმს N2-ის ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 31.03.1993 წლის ოქმით სადავო უძრავი ნივთი გადაეცა მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ. 13,14).
9.4. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ განიხილა მოსარჩელის განცხადება სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაფორმების (პრივატიზების) თაობაზე და 11.09.2013 წლის N549 განკარგულებით სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს. 2013 წლის სექტემბრიდან იგი წარმოადგენს მესაკუთრეს - საჯარო რეესტრში ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე (ტ.1, ს.ფ.15,16).
9.5. 2005 წელს შეგებებული სარჩელის ავტორი სადავო უძრავ ნივთს დაეუფლა თვითნებურად. მას ამჟამად ფლობენ მოპასუხეები ერთად.
9.6. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეზე ბინა განაწილდა 31.03.1993 წელს, იგი (ისევე, როგორც სხვა უფლებამოპოვებული პირები) ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა. ძირითადი მიზეზი ის გარემოებაა, რომ საცხოვრებელი კორპუსი იყო დაუმთავრებელი, კარკასი. კორპუსი შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის დაკავების მომენტისათვის არ იყო უზრუნველყოფილი არც ელექტოენერგიით და არც ბუნებრივი აირით, მოუწესრიგებელი იყო კორპუსის სახურავი, სარდაფი, კიბის უჯრედები, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, წვიმის წყლის სანიაღვრე არხები, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელმომარაგება, გაზმომარაგება და გზა, სადავო ბინაში ცხოვრება შეუძლებელი იყო კორპუსისა და ბინისათვის საჭირო სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების გარეშე.
9.7. მესაკუთრემ პრეტენზია სადავო უძრავი ნივთის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა 2013 წლის გაზაფხულზე, რის შემდგომაც დამატებით სარემონტო სამუშაოები აღარ შესრულებულა. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის რემონტისა და კორპუსის გარე სამუშაოებისათვის ხარჯები გაწეულ იქნა 2005 წლიდან 2013 წლამდე.
9.8. შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის 14.04.2016 წლის #16-ქ/14 დასკვნა, რომლის თანახმადაც შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინაში შესრულებული შიდა სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია 4000 აშშ დოლარით, ხოლო გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო ხარჯები - 12 960 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ.116,117).
9.9. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე კორპუსებში (N204 და N205) და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის მიზნით შეგებებული სარჩელის ავტორმა წარმოადგინა შპს ,,ბ.ა–ის’’ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა #16/12-04 (ტ.1, ს.ფ.183-200) შემდეგში ტექსტში „09.12.2016 დასკვნა“), რომლის მიხედვით შემოწმებულ ობიექტზე შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები: ძველი, ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, გარე წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი, სარდაფის რეაბილიტაცია, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, სახურავის რეაბილიტაცია,შიდა წყალგაყვანილობის მოწყობა, მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, ელმომარაგების ხაზის გაყვანა, ელმომარაგების ქვესადგური, გაზმომარაგების დაპროექტება, ბინების შიდა გაზმომარაგება, კიბის უჯრედებში მოაჯირის მონტაჟი და ატმოსფერული ნალექების გამშვები მილების მონტაჟი. დასკვნით ირკვევა, რომ კორპუსებში (N204 და N205) და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების დასადგენად დასკვნის მომზადებას წინ უძღოდა ობიექტის სრული დათვალიერება, გადაღებულია ფოტომასალა, წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების დეტალური დაანგარიშება.
9.10. 09.12.2016 დასკვნის მიხედვით, კორპუსებში (N204 და N205) და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 620 407.11 ლარი. 620 407.11 ლარიდან კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 12 150 ლარი, ბინების შიდა გაზგაყვანილობის მონტაჟისთვის - 18 900 ლარი, შიდა წყალგაყვანილობა და გაზგაყვანილობა შესრულებულია ორივე - #204 და #205 კორპუსების 108 ბინიდან, მხოლოდ 27 ბინასთან მიმართებით. დასკვნის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია კორპუსში მცხოვრები 27 ოჯახის მიერ (ოჯახების რაოდენობის განსაზღვრისას ექსპერტი დაეყრდნო კორპუსების მობინადრეთა 28.11.2016 წლის კრების ოქმში მითითებულ ინფორმაციას). შესაბამისად, ერთ ბინაზე წყალგაყვანილობისა და გაზგაყვანილობის ხარჯების ასანაზღაურებელი ოდენობა 1150 ლარია (12 150+18 900=31 050; 31 050/27=1150).
9.11. 620 407.11 ლარიდან დანარჩენი 589 357 ლარი (620 407.11-31 050=589 357) გაღებულია ორივე კორპუსის ე.წ. გარე სამუშაოებისათვის. ამ თანხით შესრულებული სამუშაოებით გაუმჯობესდა არ მხოლოდ 27 ბინის, არამედ მთლიანად ამ ორივე კორპუსში განთავსებული ყველა ბინის მდგომარეობა (108 ბინა), რომელიც ამ შენობაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრისთვის ნივთით გამართული სარგებლობის ინტერესს ემსახურება. შესაბამისად, ერთი ბინის მესაკუთრის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 5457 ლარს (589 357/108=5457).
9.12. ამდენად, მესაკუთრის მიერ ასანაზღაურებელი თანხა წყალგაყვანილობის, გაზგაყვანილობის და ე.წ. გარე სამუშაოებისათვის შეადგენს 6607 ლარს (1150+5457=6607).
10. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ იგი არ წარმოადგენს შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე ვალდებულ პირს, ვინაიდან სადავო უძრავ ნივთზე ხარჯები გაწეულია საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ მის რეგისტრაციამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას შემდეგზე: კასატორი არ ასაჩივრებს (ეთანხმება) განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც ე.წ. შიდა ხარჯების - 4000 აშშ დოლარის შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება უცვლად დარჩა. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლომ გადაწყვეტილება/განჩინება ამ, ისევე, როგორც საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დააფუძნა მასზე, რომ, მართალია, მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღირიცხა 2013 წელს, თუმცა უფლება ნივთზე მოპოვებული ჰქონდა 1993 წლიდან და უბრუნდება ნივთი, რომელზე გაწეული ხარჯებითაც ის მდიდრდება.
11. საკასაციო პალატა ამ საკითხზე დამატებით განმარტავს: როგორც დადგენილია, ბინაზე უფლება მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში მოპოვებული ჰქონდა სახაზინო საწარმო „თ–ის“ მმს N2-ის ადმინისტრაციის პროფკომიტეტის 31.03.1993 წლის N3 სხდომის ოქმის საფუძელზე და ამ დროიდან შეეძლო მისი მართლზომიერად ფლობა. უდავოა, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების მოწმობის გაცემას სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო შედავების უფლების მქონე პირი, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის დაუფლებისას ვინდიცირება არ მოუთხოვია, რადგან იგი არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. პრეტენზია მოსარჩელემ (მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში) მხოლოდ 2013 წელს განაცხადა, ანუ მას შემდეგ (შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ ბინის რემონტის და კორპუსის გარე სამუშაოებისათვის ხარჯები გაწეულ იქნა 2005 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში), რაც შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გაღებული ხარჯებით შესაძლებელი გახდა ბინით მიზნობრივი სარგებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მისთვის გადაცემის დროდ სარჩელში თავადვე უთითებს 1993 წელს (იხ: სარჩელი, ს.ფ.2).
12. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი I, ჭანტურია (რედ), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12).
13. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურსამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.; სუსგ №ას-189-2020, 20.04.2021წ.).
14. მფლობელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი და 987-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სარჩელის წარმატებას განაპირობებს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა ქონებაზე უნდა გაწიოს ხარჯები (შეგნებულად ან შეცდომით); ქონების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების მომენტში კვლავ უნდა არსებობდეს გაუმჯობესებანი; ამ გაუმჯობესების შედეგად ქონების მიმღები უნდა გამდიდრდეს. ამავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი (სუსგ Nას-1245-1265-2011, 31.01.2012 წელი). სსკ-ის 987-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოსარჩელემ კონკრეტულად რა სახის ხარჯები გაიღო, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ამით გაუმჯობესდა თუ არა სადავო ნივთი, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ნივთის მოსარგებლის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული. გამოსაკვლევი და შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ შესაძლებელი, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი საჭიროების გამო, ნივთზე გაწეული ხარჯები უფლებამოსილი პირის ინტერესებში ყოფილიყო და, ბუნებრივია, მას მესაკუთრის გამდიდრება მოჰყოლოდა (სუსგ Nას-541-2021, 14.07.2021წ.).
15. დანახარჯების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ელემენტების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება ხარჯების გამწევს, კერძოდ, ის არის ვალდებული, მიუთითოს დამფუძნებელი ნორმის წინაპირობები და იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, რომლებიც უტყუარად უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ (მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორმა), აქვე უნდა განიმარტოს შედავების საფუძვლიანობა, რამდენადაც რიგ შემთხვევაში იგი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე: ძირითადად, მოპასუხის მხრიდან ფაქტის მხოლოდ უარყოფა - მარტივი შედავება, შესაძლოა, მტკიცების საგანზე გავლენას არც ახდენდეს, რაც შეეხება კვალიფიციურ შედავებას, იგი სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, ამ შედავების ფარგლებში, სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს მტკიცებულებები და საკუთარ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით განსაზღვროს ფაქტის დადგენილად ცნობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
16. მესაკუთრეს (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) ხარჯების გაწევის, მათი ოდენობის და ამ ხარჯების აუცილებლობის შესახებ კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ 6607 ლარის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება ეფუძნება 09.12.2016 დასკვნას, რომლის წარმოსადგენად შეგებებული სარჩელის ავტორს დრო განესაზღვრა 15.11.2016 წლის საოქმო განჩინებით (ტ.1, ს.ფ.168-170), თავად დასკვნა კი სასამართლოს წარედგინა 15.12.2026 წელს. პირველი ინსტანციის სასამართლოში 22.12.2016 წლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე. 09.12.2016 დასკვნა გადაეცა მესაკუთრეს და განემარტა, რომ შეეძლო, მოეთხოვა დრო დასკვნის დეტალურად გასაცნობად. მესაკუთრე არ დაეთანხმა სხდომის გადადებას და საქმის განხილვის გაგრძელება მოითხოვა (იხ: სხდომის ოქმი CD დისკზე, ტ.1, ს.ფ.221-231; 16:03:23-16:16:39). შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით არ არსებობდა 09.12.2016 დასკვნის კრიტიკული შეფასების წინაპირობა. უფრო მეტიც, ასეთი პრეტენზია არც საკასაციო საჩივარშია გაცხადებული (ტ.2, ს.ფ.233-242).
17. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები, რომლებზეც წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ: ხარჯები გაწეულ იქნა ნივთით დანიშნულებისამებრ სარგებლობისათვის და არა, უბრალოდ, ნივთთან მფლობელის კავშირის გასაუმჯობესებლად; გაუმჯობესება შენარჩუნებულია, რაც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის დაბრუნების მომენტში იწვევს მის გამდიდრებას.
18. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
19. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია