Facebook Twitter

საქმე № ას-765-2021 23 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ------ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, მერია, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც, მერიის სარჩელი შპს „მ------ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, მიმწოდებელი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 272 ლარის გადახდა.

2. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 8 ეტაპად უნდა შეესრულებინა კომპანიას, საიდანაც, ბოლო ეტაპი ვადის დარღვევით შეასრულა, კერძოდ, მე-8 ეტაპის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 31 დეკემბერი, თუმცა, კომპანიამ, 2017 წლის 27 იანვარსა და 6 თებერვალს წარდგენილი სამუშაოების დასრულების დოკუმენტაცია ვერ წარადგინა სრულად, საბოლოოდ კი მხოლო 24 თებერვალს წარდგენილი დოკუმენტაცია დაადასტურა შემწყიდველმა, ამდენად, აღნიშნულ დარღვევაზე ხელშეკრულების გათვალისწინებით 46 364.43 ლარი უნდა დაკისრებოდა კომპანიას, თუმცა, აღნიშნული თანხა უსაფუძვლოდ შემცირდა 9 272 ლარამდე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. მხარეთა შორის 2016 წლის 31 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №----, რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ წყალსადენი სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მიმდინარეობდა რვა ეტაპად, ხოლო, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბერი.

7.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 31 მარტის №---ხელშეკრულების 3.1. მუხლით სამუშაოების შესრულება განხორციელდებოდა ეტაპობრივად („ეტაპი“ - იგულისხმება 30 კალენდარული დღე). ეტაპის სამუშაობის შესრულების წარდგენა განისაზღვრა შემდეგნაირად: I ეტაპი - არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; II ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; III ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; IV ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; V ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; VI ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; VII ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; VIII ეტაპი -არანაკლებ სახელშეკრულებო ღირებულების 15%-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა; მიმწოდებულია ვალდებულია 30 კალენდარული დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ წარადგინოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფორმა №2).

7.3. ხელშეკრულების 3.2. მუხლით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემის დღიდან 5 დღის განმავლობაში. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 240 კალენდარული დღე მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან.

7.4. მშენებლობის დაწყების შესახებ თანხმობა გაიცა 2016 წლის 6 მაისს.

7.5. უდავოა, რომ 2016 წლის 31 მარტს დადებულ №--- ხელშეკრულებაში, რომელიც წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ: - 2016 წლის 22 ივნისს კომპანიამ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუფს, ხელშეკრულებაში კორექტირების შეტანის შესახებ, რის თაობაზეც კონტროლის ჯგუფმა 2016 წლის 23 ივნისს შეადგინა მოხსენებითი ბარათი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე და რომლის საფუძველზეც 2016 წლის 23 ივნისს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

7.6. კომპანიის 2016 წლის 28 ივნისის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შეახებ №---- ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 4 ივლისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 4 ივლისს მხარეებს შორის დაიდო მორიგი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

7.7. შემდეგი ცვლილება რომელიც განხორციელდა იყო კომპანიის 2016 წლის 24 აგვისტოს წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 31 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 31 აგვისტოს მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადებული შეთანხმება.

7.8. კომპანიის 2016 წლის 24 ოქტომბრის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის მიერ 2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 1 ნოემბერს ხელშეკრულება №----ში მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ძირითად ხელშეკრულებაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება. კომპანიის 2016 წლის 6 დეკემბრის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 6 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 16 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო მორიგი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

7.9. ბოლო ცვლილება რომელიც შევიდა ძირითად ხელშეკრულებაში იყო კომპანიის 2016 წლის 26 დეკემბრის წერილისა და სახელმწიფო შესყიდვების შეახებ №-- ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის 2016 წლის 29 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2016 წლის 29 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

7.10. ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, კერძოდ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების 11.3.1 პუნქტით განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, კერძოდ: იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებდა, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული (ვადაგადაცილებული) ეტაპის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

7.11. მხარეთა შორის უდავო გარემოებაა, რომ კომპანიამ სამუშაოების პირველი 7 ეტაპი დადგენილ ვადაში შეასრულა.

7.12. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მერვე ეტაპის შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2016 წლის 31 დეკემბერი, რა დროშიც ვერ განხორციელდა სამუშაოების დასრულება. კომპანიამ ორჯერ 2017 წლის 27 იანვარს და 2017 წლის 6 თებერვალს წარადგინა მერიაში დოკუმენტაცია სამუშაოების დასრულების თაობაზე, თუმცა მოსარჩელემ არ დაადასტურა შესრულებული სამუშაოები. 2017 წლის 24 თებერვალს წარდგენილი სამუშაოების შესრულება, დაადასტურა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და გადაიხადა შესაბამისი ღირებულება.

7.13. მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის ვადას არ გაუგრძელებდნენ, რის გამოც არ მიუმართავს ვადის გაგრძელებისთვის მერიისთვის.

7.14. ხელშეკრულების 9.2. მუხლით თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშობოდა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებული იყო წერილობით შეეტყობინებინა მეორე მხარისთვის შესაბამისი ინფორმაცია.

8. ხელშეკრულების 11.5 მუხლით განისაზღვრა მხაარეების გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომლის 11.5.1 მუხლით, თუ ხელკშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით ან/და მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან ისეთ ხელშემშლელ გარემოებებს, რომელიც გამოწვეულია მათგან დამოუკიდებელი სხვა ობიექტური მიზეზებით. 11.5.2 მუხლით კი, ის მხარე, რომელიც ხელშეკრულების 11.5.1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყონებლივ წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, ხოლო შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 დღისა წარადგინოს ცნობა შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაადასტურებს წერილში მოყვანილ გარემოებებს. მხარეები არ დავობენ რომ კომპანიას წერილობით არ მიუმართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის რთული მეტეოროლოგიური პირობებისა (თოვლის საფარის) და ადგილმდებარეობის გამო სამუშაოების შესრულების ხელშეშლის და სამუშაოების ვერ შესრულების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავის საგნის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი სადავო გარემოებებისა და შეფასებული უდავო გარემოებების საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე კომპანიის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი სადავო არაა, ამასთან, დადგენილია, რომ ვალდებულების ძირითადი ნაწილი სათანადოდ, დათქმულ დროში შესრულდა, ბოლო ეტაპი კი დასრულდა ვადაგადაცილებით, თუმცა, საბოლოოდ შესრულებული სამუშაო მიმღებმა დაადასტურა.

10. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის მოპასუხე კომპანიისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და თავისმხრივ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა, რომელიც კასატორის პრეტენზიით დაუსაბუთებლად შეამცირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.

11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

13. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

14. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

15. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

16. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა მოპასუხე კომპანიას, თუმცა, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან, სახეზეა ვალდებულების ძირითადი ნაწილის დროული და სათანადო შესრულება, ამასთან, დარღვეული ნაწილიც, გარკვეულ დროში სათანადოდ შესრულდა რაც კასატორის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს შესაბამისი აქტით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე