3გ-ად-5-გ-03 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 მარტს მეცნიერებათა აკადემიამ სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში და შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა აკადემიის ...-ის მიმართ დარიცხული თანხის _ 13581,37 ლარის გადახდევინების შესახებ სს “...-ის” სამხრეთ რეგიონის აუდიტისა და ექსპერტიზის განყოფილების აქტის გაუქმება:
მოსარჩელის მითითებით, “...-ის” სამხრეთ რეგიონის აუდიტისა და ექსპერტიზის განყოფილების თანამშრომლების მიერ 2002წ. 29 იანვარს შემოწმდა მეცნიერებათა აკადემიის ...-ის საინფორმაციო ქვესადგური ა/... აბონენტი ..., ელექტრომრიცხველის მუშაობის სისწორე და სატრანსფორმაციო ქვესადგურში არსებული შიდა გაყვანილობა. აღნიშნულ შემოწმებაში მეცნიერებათა აკადემიის ...-ის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ და არც შემოწმების შემდეგ გააცნეს შემოწმების მასალები. ამასთან აქტი შედგენილი და დათარიღებულია 2002წ. 29 იანვრით, ხოლო მის საფუძველზე მიღებულ დასკვნაზე დასმულია თარიღი 2002წ. 28 იანვარი.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით მეცნიერებათა აკადემიის სარჩელს ეთქვა უარი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეცნიერებათა აკადემიამ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 სექტემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით საერთო სასამართლოები იხილავენ დავას იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობენ. აღნიშნულ შემთხვევაში მოთხოვნა ეხება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული აქტის გაუქმებას. იგი არ ეხება არც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, არც ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, ამიტომ განსახილველი საქმე სამართლებრივად წამოადგენს სამოქალაქო დავას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რადგან სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და სს “...-ს” შორის მოქმედებს ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს “...-ი” აწვდის მეცნიერებათა აკადემიას ელექტროენერგიას, ხოლო მეცნიერებათა აკადემია უხდის მას მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. სააპელაციო პალატის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება. საქართველოს ზოგადი ადინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ადმინსტრაციული ორგანოა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლის უფლებამოსილებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, ვინაიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მის მიერ დადებული გარიგება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას და ამ გარიგების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა ადმინისტრაციული პალატის განსჯადია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და დავის განსჯადობის თაობაზე საოლქო სასამართლოს პალატების განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ დავაში აპელანტი მეცნიერებათა აკადემია მოპასუხე სს “...-ის” მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვდა აკადემიის ...-ის მიმართ უკანონოდ დარიცხული 13581,37 ლარის გადახდევინების შესახებ სს “...-ის” სამხრეთ რეგიონის აუდიტისა და ექსპერტიზის განყოფილების აქტის გაუქმებას. ამდენად, განსახილველი დავის საგანია უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდევინების შესახებ “...-ის” აქტები.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ განსახილველი დავის საგანი სს “...-ის” სამხრეთ რეგიონის აუდიტისა და ექსპერტიზის განყოფილების აქტები სამართლებრივად არ წარმოადგენენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტებს, რადგან ისინი გამოცემულია არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ სს “...-ის” მიერ, რომელიც სკ-ს 1509-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.1 და 51-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტია, კერძო სამართლის იურიდიული პირი და ამასთან, არც გასაჩივრებული აქტებია მიღებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ამიტომ აღნიშნული დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტში მითითებულ ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე წამოჭრილ დავას, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის სამოქალაქო დავად მიჩნევის შესახებ და იზიარებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე, რადგან:
1. დადგენილია, რომ მხარეებს – მეცნიერებათა აკადემიასა და სს “...-ს” შორის მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ზეპირი ფორმის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს “...-ი” ვალდებულია მოსარჩელეს მიაწოდოს ელექტროენეგია, ხოლო მოსარჩელე ვალდებულია აანაზღაუროს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება;
2. მეცნიერებათა აკადემია საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აკადემია არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანო –მეცნიერებათა აკადემიასა და სს “...-ს” შორის ზეპირი ფორმით არსებული ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, ხოლო ადმინისტრაციული გარიგების შესრულებასთან დაკავშირებული დავები კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუქტით გათვალისწინებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას და თვლის, ვინაიდან განსახილველი დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე 13581,37 ლარის გადახდევინება, საქმე სამართლებრივად წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას და იგი განხილული უნდა იქნეს განსჯადი სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.