საქმე №ას-1072-2022 23 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ. კ-ლი (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,უ-----ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,უ-----ომ’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე გ. კ-ის მიმართ და მოითხოვა:
2. გ.კ-ლს (პ/ნ -----) დაეკისროს შპს ,,უ----ოს’’ (ს/კ ----) სასარგებლოდ 343676 (სამას ორმოცდასამი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) აშშ დოლარის გადახდა;
3. 2018 წლის 22 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების 2.7 პუნქტის საფუძველზე 2019 წლის 01 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე გ. კ-ლს შპს,,უ-----ოს“(ს/კ-----) სასარგებლოდ დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების თანხაზე - 343 676 აშშ დოლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.01%-ის (34.36 აშშ დოლარი) გადახდა. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ. II, ს.ფ. 32).
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,უ----ოს’’ სარჩელი გ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; გ. კ-ლს შპს ,,უ-----ოს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 343 676 (სამას ორმოცდასამი ათას ექვსას სამოცდათექვსმეტი) აშშ დოლარის გადახდა; გ. კ-ლს შპს ,,უ----ოს’’ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 343 676 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2019 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის განჩინებით, შპს ,,უ----ოს“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 2 აპრილის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების (№--------) აღსასრულებლად მიმდინარე კერძო აღმასრულებლის ი. ქ-ის წარმოებაში არსებული №------- სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორია თ. ი-ნი (პ/ნ №------).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
11. 2022 წლის 23 სექტემბერს გ. კ-მა წარმოადგინა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ.
12. 2022 წლის 23 სექტემბერს განცხადება ასევე წარმოადგინა შპს ,,უ-ომ“, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გ. კ-ის წარმომადგენლის, დ. ჭ-ის შუამდომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
15. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.
16.საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის არსებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
19.კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 2 აპრილის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების (№-------) აღსასრულებლად მიმდინარე კერძო აღმასრულებლის ი. ქ-ის წარმოებაში არსებული №----- სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორია თ. ი-ნი (პ/ნ ------).
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 379-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ის წარმომადგენლის, დ. ჭ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2.შეწყდეს საქმის წარმოება გ. კ-ის საკასაციო საჩივარზე შპს ,,უ-ოს“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დ. ჭ-ლს (პ.ნ.-------) დაუბრუნდეს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2022 წლის 05 ივლისს N----- საგადახდო დავალებით გადახდილი 700 ლარი;
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 03 ივნისის განჩინება, რომლითაც: შპს ,,უ-----ოს“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 2 აპრილის დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების (№------) აღსასრულებლად მიმდინარე კერძო აღმასრულებლის ი. ქ-ის წარმოებაში არსებული №---- სააღსრულებო საქმის წარმოება, სადაც კრედიტორია თ. ი-ნი (პ/ნ №------).
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე