Facebook Twitter

საქმე №ას-1304-2022 07 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,მ-----ე რ-----ო“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის შპს ,,მ-----ე რ-----ოს“ მიერ დისტრიბუტორის პოზიციიდან გათავისუფლება ცნობილ იქნა არაკანონიერად. შპს ,,მ-----ე რ----ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძლებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 21 ოქტომბრამდე ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, ჯამში 8800 ლარი.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ----ე რ----ომ“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით აღნიშნული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა , შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,მ-----ე რ-----ომ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

10. ამავე კოდექსის 259-ე პრიმა მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2022 წლის 13 აპრილის სატელეფონო აქტის (ს.ფ. 273 ) საფუძველზე კასატორის წარმომადგენელ ნ. ხ-ლს ეცნო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2022 წლის 18 აპრილი. აღნიშნულ დროს, სასამართლომ გახსნა სხდომა და გამოაცხადა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რასაც მხარეები არ ესწრებოდნენ, თუმცა როგორც აღინიშნა, კასატორის წარმომადგენლისთვის გამოცხადების თარიღი იყო ცნობილი. საქმის მასალებით არ დგინდება მოტივირებული განჩინების საპროცესო დროის დარღვევით შესრულების ფაქტი, ამავდროულად, კასატორი ვალდებული იყო გამოცხადებიდან (2022 წლის 18 აპრილიდან) არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში (2022 წლის 09 მაისიდან 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით) გამოცხადებულიყო სასამართლოში და მოეთხოვა განჩინების ჩაბარება, რაც საქმის მასალებით, ამ დროის განმავლობაში, არ დასტურდება. მართალია, კასატორის წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს მოტივირებული განჩინების ჩაბარების მიზნით, თუმცა აღნიშნული მომართვა თარიღდება 2022 წლის 23 მაისით, რაც 5 დღით ცდება სავალდებულო გამოცხადების ბოლო, 30-ე დღეს (2022 წლის 18 მაისს), შესაბამისად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2022 წლის 18 აპრილს) და ამოიწურა 21 დღეში - 2022 წლის 8 ივნისს. ამიტომ, მართალია კასატორს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 18 ივლისს და კასაციაც წარმოადგინა 2022 წლის 02 აგვისტოს (ფოსტის გზავნილის თარიღი), თუმცა, რადგან სასამართლოში არ გამოცხადდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, მის მიერ ვერ მოხდა საკასაციო საჩივრის დროული გასაჩივრება, რადგან საჩივრის წარდგენის ბოლო დღე 2022 წლის 8 ივნისს ამოიწურა.

13. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კასატორს არც შესაბამისი სახის შუამდგომლობა წარუდგენია, ამიტომ სასაკაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეზე შპს ,,მ----ე რ-----ომ“ გაუშვა რა გასაჩივრების ვადა, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

14. რაც შეეხება ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, არ წარმოდგენილა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,მ-----ე რ-----ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე