Facebook Twitter

საქმე №ას-1136-2022 03 ოქტომბერი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე მოსამართლე: მირანდა ერემაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ. ხ-ნი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე-----ჟი“ (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ. ხ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს ,,ე-----ის“ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ე-----ის“ 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ხ-ნი აღდგენილ იქნეს შპს „ე----ში“ პირვანდელ სამუშაო ადგილზე; შპს „ე----ჟს“ გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 14 ივნისიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 3285 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელის მითითებით, გ. ხ-ნი შპს „ე------ში“ ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნული იყო ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ, სადაც სამუშაოს ასრულებდა კეთილსინდისერად და მაღალკვალიფიციურად. 2019 წლის 14 ივნისს, მოსარჩელე სამუშაოს შესრულების მიზნით გამოცხადდა სამსახურში და მას გაუქმებული დახვდა საშვი, ვერ შეძლო წვდომა სამუშაო ადგილთან. მასთან ხელშეკრულება შეწყდა უსაფუძვლოდ. 2019 წლის 27 ივნისს, მოსარჩელემ მოითხოვა წერილობითი დასაბუთება გათავისუფლებისა, თუმცა, პასუხი დღემდე არ მიუღია.მოსარჩელის მითითებით, შპს „ე----ჟი“ წარმოადგენს სს „ს-----ის“ შვილობილ კომპანიას 51% წილობრივი თანამონაწილეობით. და მათი მართვა ხდება ერთი გუნდის მიერ. ორივე კომპანია საქმიანობს ერთ მოსამართზე. იგი ოროვე კომპანიაში მუშაობდა წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მოსარჩელე ასევე გაათავისუფლეს სს „ს-----ან“. სარჩელის თანახმად, მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის განმავლობაში (64 თვე) ხელფასის სახით მიღებული აქვს სულ 262 761,85 ლარი (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით), ხელზე ასაღები თანხა - 210 209,48 ლარი, რაც საშუალოდ თვეში 3285 ლარს შეადგენს საშემოსავლო გადასახადების გარეშე.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით და განმარტა, რომ გ. ხ-ან არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. მოსარჩელე არასოდეს ყოფილა შპს „ე-----ის“ თანამშრომელი. იგი საჭიროების შემთხვევაში, დავალების საფუძველზე უწევდა მომსახურებას. მომსახურების საფასურის გადახდა არ ხდებოდა ყოველთვიურად. ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებული იყო შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ე-----ის“ გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; შპს „ე------ჟს“ გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 20 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით. გ. ხ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. გ. ხ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შპს ,,ე------მა“ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, აღნიშნული საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

9. 2022 წლის 29 სექტემბერს გ. ხ-ის წარმოამდგენელმა დ. ა-ემ წარმოადგინა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გ. ხ-ის წარმოამდგენელის, დ. ა-ის შუამდომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

12. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

13. საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, ცხადია, რომ აპელანტის არსებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. გამომდინარე აღნიშნულიდან, ნათელია რომ საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

16. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

17. განსახილველ შემთხვევაში, გ. ხ-ის წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 29 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ კასატორს სურს უარი თქვას საკასაციო საჩივარზე და შესაბამისად ძალაში დარჩეს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მოცემული დავის ფარგლებში.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 379-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ხ-ის წარმოამდგენელის, დ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება გ. კ-ის საკასაციო საჩივარზე შპს ,,ე----ის“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე