საქმე № ას-484-2022 6 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ა-ვა, ბ. ა-ვა (მოსარჩელე)
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთი რეგიონული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრების არსებითი შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო, მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელის მიხედვით, სააგენტოს, 2020 წლის 2 მარტს განცხადებით მიმართა თ. ბ-ამ (შემდეგში: არასრულწლოვნების ბაბუა), მოითხოვა არასრულწლოვან შვილიშვილებზე - ა. და ბ. ა-ზე (შემდეგში: არასრულწლოვნები, მოსარჩელეები ან კასატორები) მზრუნველის დანიშვნა.
2. არასრულწლოვნებს, 2020 წლის თებერვლის თვეში, გარდაეცვალათ დედა ს. ბ-უა, ხოლო, მამას გ. ა-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, არასრულწლოვნების მამა), შსს-ოს სამმართველოდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის მიხედვით, მეუღლის - ს. ბ-ას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 111-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 111-3811 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა და მოთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N---პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
3. არასრულწლოვნები ცხოვრობენ ბაბუასთან ერთად ქ.------, ----- ქ. N---ში. ბაბუა სათანადოდ ზრუნავს შვილიშვილებზე. არასრულწლოვნები ირიცხებიან ქ. ---- საჯარო სკოლაში, ხოლო საგაკვეთილო პროცესს თავისუფალი მსმენელის სტატუსით ესწრებიან ქ. ----- საჯარო სკოლაში, რომელიც მდებარეობს მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს. 2020 წლის 1 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მღებული წერილისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხე უარს აცხადებს შვილების მზრუნველად დაინიშნოს ბაბუა და გამოხატავს სურვილს მათ მზრუნველად დაინიშნოს დედამისი - ნ.ფ-ძე, თუმცა, ბავშვები უარს ამბობენ ნ. ფ-ან გამგზავრებაზე. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ აფერხებს ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის „მარჩენალის გარდაცვალების გამო“ დანიშვნის პროცედურებს, ასევე, აღნიშნული გარემოება არის ხელისშემშლელი ბავშვების სხვა სკოლაში მობილობასთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს მათ უფლებას მიიღონ განათლება, შესაბამისად, ირღვევა არასრულწლოვანი ბავშვების კანონიერი უფლებები.
4. ----- რაიონული წარმომადგენლობის სოციალურ მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია ბავშვების მამას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები შვილებთან მიმართებაში, რათა შემდეგში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან გატარდეს შესაბამისი ქმედითი ზომები.
5. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2020 წლის 4 ივნისს. მხარეს ასევე განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები.
6. სარჩელის მოთხოვნა
6.1. სააგენტომ, 2020 წლის 27 მაისს სარჩელი აღძრა ს-----ის რაიონულ სასამართლოში, მოითხოვა მოპასუხისთვის მშობლის უფლების შეზღუდვა.
6.2. მოსარჩელის განმარტებით მამა (მოპასუხე) ვერ ზრუნავდა შვილებზე, ირღვეოდა ბავშვების კანონიერი ინტერესები, ვერ ხერხდებოდა ბავშვების ქ. ----- სკოლაში მობილობა, ასევე ვერ ხერხდებოდა დედის გარდაცვალების გამო მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტის დანიშვნა.----- რაიონული წარმომადგენლობის სოციალურ მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნდა მამას შეზღუდვოდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, და ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე შერჩეულიყო ალტერნატიული მზრუნველი.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
8.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა.
8.2. მოპასუხის საჩივარი
8.3. მოპასუხემ საჩივარი წარადგინა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.
9. სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინება
9.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
10.1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინება; საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს დასაშვებობის შემოწმების საპროცესო ეტაპიდან ხელახლა განსახილველად.
11.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 4 ივნისს. თუმცა, შესაგებელის წარდგენისათვის დანიშნულ 10 (ათი) დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია (იხ. ს/ფ 43-50).
11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააგენტო წარდგენილი სარჩელით მოპასუხის, როგორც მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვდა, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნა ზოგადი შინაარსის იყო.
11.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ტიპის სარჩელში, მითითებული უნდა ყოფილიყო კონკრეტული სფერო, რომელშიც მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხეს უნდა შეზღუდვოდა წარმომადგენლობითი უფლებები.
11.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაგებლის წარუდგენლობისას სსსკ-ი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, სასამართლოს უნდა შეძლებოდა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე ემსჯელა, რაც წარდგენილი დაუზუსტებელი სარჩელის შემთხვევაში შეუძლებელი იყო.
12. სააგენტოსა და არასრულწლოვნების საკასაციო საჩივარი
12.1. სააგენტომ და არასრულწლოვნებმა, საკასაციო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით არასრულწლოვნებს მამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავთ, ხოლო, დედა გარდაცვლილია, რის გამოც, მამისთვის, მხოლოდ რომელიმე უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, ბავშვებს მეურვე/მზრუნველი ვერ დაენიშნებათ, ხოლო, თავად მოპასუხე სათანადო ზრუნვას ვერ გასწევს ბავშვებზე, ამასთან, არ არსებობს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების პირობები, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით საჭირო იყო მშობლის წარმომადგენლობის უფლების სრულად შეზღუდვა.
12.3. სააგენტოს განმარტებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული, ისევე, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, ხოლო, 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორებს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება.
16. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2020 წლის 4 ივნისს. თუმცა, შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნულ 10 (ათი) დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია (იხ. ს/ფ 43-50),
17. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია, რომლებიც სათანადოდ არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
18. დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი სსსკ-ის 70-74-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით ჩაბარდა 2020 წლის 4 ივნისს, თუმცა შესაგებლის წარდგენისთვის დანიშნულ 10 დღიან ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსთვის.
19. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა იკვეთებოდეს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განემარტოს 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სარჩელში მითითებულ ნებისმიერ, მათ შორის - საპროცესო ხარჯების საკითხზე (იხ. სუსგ. ას-205-2022; 5.05.2022).
21. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ.სუსგ საქმე №ას-975-2019, 5 ივნისი, 2020წელი).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილების (საქმეზე N ას-64-634-2016; პუნქტი 201) მიხედვით: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს ერთგვარ სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები), ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).
25. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, რაიონულ სასამართლოს საქმე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით არ უნდა დაესრულებინა, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
26. დადგენილია, რომ სარჩელის მოთხოვნას, არასრულწლოვნების მამის, შვილებზე წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეზღუდვა წარმოადგენდა, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის წინაპირობები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის არსებობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტების იურიდიული ურთიერთმართებულობის გამორკვევის მიზნით, დასაბუთებული იყო, როგორც სარჩელში, ასევე სამტრედიის რაიონული წარმომადგენლობის სოციალური მუშაკის მიერ შესაბამისი დასკვნით. ამდენად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ სარჩელში მითითებული მოთხოვნისა და მის საფუძვლად მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობის არსებობისას რამდენად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების თაობაზე, და მიუთითებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთზე, დავის საგნის სენსიტიურობის გათვალისწინებით კონკრეტულად მიუთითოს მშობლის უფლებამოსილების შეზღუდვის სფერო. თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები სახეზეა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო სარჩელში მითითებული ფაქტებით, საწინააღმდეგოდ კი შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საკასაციო პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავე სასამართლოს განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების, გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისა და არასრულწლოვნების ა. ა-ას და ბ. ა-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს:
1.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება, რომლითაც გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
1.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
2. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე