საქმე № ას-1002-2021 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. რ-ლი, გ. ლ-ძე, გ. მ-ძე, ვ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,D.......t-c........t“ დარეგისტრირდა 19/12/2012 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო დ. რ-ლი 100%-იანი წილის მეპატრონე, იურიდიული მისამართი: ქ. ქუთაისი, ------- გამზ. N----, ფართის მესაკუთრე ზ. ბ-ძე, 11/03/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,D.......t-c........t“-ის დირექტორად.
2. შპს ,,C......l-c......t” დარეგისტრირდა 23/05/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ. ლ-ძე, 100%-იანი წილის მეპატრონე. იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ------ გამზ. N-----, ფართის მესაკუთრე ზ. ბ-ძე. 11/03/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,C......l-c......t”-ის დირექტორად.
3. შპს ,,მ.........ო კ.......ი“, დარეგისტრირდა 11/06/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ. მ-ძე, 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,მ......ო კ......ი“-ს დირექტორად.
4. შპს ,,თ........დ კ........ი“ დარეგისტრირდა 24/07/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო ვ. მ-ძე, 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,თ--------დ კ-------ი“-ს დირექტორად.
5. შპს ,,ლ------ა 2012“დარეგისტრირდა 30/08/2012 წელს. დამფუძნებელი იყო მ. ნ-ი, 100%-იანი წილის მეპატრონე, ხოლო დირექტორი - ზ. ბ-ძე.
6. შპს ,,ი........ა-ა.........ო...“ დარეგისტრირდა 16/03/2012 წელს. დამფუძნებელი იყო მ. ბ-ძე 70%-ანი წილით და თ. ბ-ძე 30%-იანი წილის მეპატრონე, ხოლო დირექტორი - ზ. ბ-ძე
7. შპს ,,ა……ო-ჰ……ი“ დარეგისტრირდა 15/06/2015 წელს. დამფუძნებელი ზ. ბ-ძე 50%-იანი წილით და იყვნენ სხვა დამფუძნებლებიც, ხოლო დირექტორი - ზ. ბ-ძე.
2. სასარჩელო მოთხოვნა
2.1.მოპასუხე დ. რ-ლს დაეკისროს 82 285 ლარი ძირის თანხის, მიუღებელი სარგებლის 167 069 ლარის, ჯამში 249 354 ლარის გადახდა.
2.2.მოპასუხე გ.ლ-ეს დაეკისროს 158 000 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 54 318 ლარის, ჯამში 212 318 ლარის გადახდა.
2.3.მოპასუხე გ. მ-ეს დაეკისროს 100 910 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 175 299 ლარის, ჯამში 276 209 ლარის გადახდა.
2.4.მოპასუხე ვ. მ-ეს დაეკისროს 109 215 ლარი ძირის თანხის, სარგებლის 140 733 ლარის, ჯამში 249 948 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელის პოზიცია
2013-2014 წლებში მოსარჩელემ მოპასუხეებს სესხის სახით მისცა თანხა, უფრო კონკრეტულად, მოპასუხეთაგან დ. რ-ლი იყო ის პირი ვინც დააკავშირა დანარჩენ მოპასუხეებთან და ძირითადად ის ანაწილებდა თანხებს სხვა მოპასუხეებისთვის, იგი აკონტროლებდა მოპასუხეთა საქმიანობას და აწარმოებდა ბუღალტერიას. მოსარჩელეს გააჩნდა გარკვეული რაოდენობის დანაზოგი და უნდოდა მისგან სარგებლის მიღება. მოპასუხეებმა კი თავიანთ სახელზე დაარსეს სხვადასხვა ორგანიზაციები და იყვნენ დირექტორები და ესაჭიროებოდათ ფინანსები. მოსარჩელემ იცოდა მათი საქმიანობის შესახებ, ისინი ასესხებდნენ თანხებს და ღებულობდნენ მოგებას. მოსარჩელის მიცემული ფულიდან მათ რჩებოდათ სოლიდური მოგება, მაგრამ იგი მათ საქმიანობაში არ ერეოდა და მათგან ითხოვდა შეთანხმებულ 70 %-ს. დ. რ-მა დააკავშირა გ.ლ-ეს, შემდეგ კი გ. მ-ეს და ვ. მ-ეს, რომლებმაც მისგან მიიღეს შეთავაზება და დაიწყეს იგივე საქმიანობა. შემდეგ საქმეში ჩაერთო გ. მ-ის ძმა, გ. მ-ძე და მან მოიყვანა ნ. ე-ძე. მოპასუხეებმა რამოდენიმეჯერ დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება და თანხები არ გადასცეს. მოსარჩელეს მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეეპარა, ეჭვების გაქარწყლების მიზნით 2014 წლის მაისის თვეში არაერთხელ შეიკრიბნენ. აღნიშნულ შეკრებას მოსარჩელეც ესწრებოდა. შეამოწმეს რეესტრები, შეადგინეს წერილობითი დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ თანხები ჩაძირულია ხალხში, მოხდება მათი ამოღება და მოსარჩელე როგორც მათი ინვესტორი სრულად იქნება დაკმაყოფილებული. მოსარჩელის განმარტებით, მას არ შეეძლო მოპასუხეთა საქმიანობის გაკონტროლება, რადგან არც დამფუძნებელი იყო და არც უფლებამოსილი პირი, რომელსაც მათი ორგანიზაციების შემოწმება შეეძლო. ამჟამად კი როცა შეძლო მათი საქმიანობის გადამოწმება და დარწმუნდა, რომ მოპასუხეებმა არამარტო მისი თანხები მიითვისეს, არამედ მისგან ნაწარმოები მოგებაც გაიყოლეს და სხვადასხვა ორგანიზაციები დააფუძნეს. კერძოდ, გ. ლ-ემ 100%-იანი წილით დააფუძნა შპს ,,მ…..ი კ…….ი“, ხოლო გ. მ-ემ და ნ. ე-ემ 50-50%-იანი წილით დააფუძნა შპს ,,მ……ო ბ……ს კ…..ი“. შესაბამისად ითხოვს მის მიერ მიცემული ძირი თანხების და მისგან მიღებული სარგებლის უკან დაბრუნებას.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1 მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს. მას არავითარი თანხა არ გადაუცია მოპასუხეებისათვის. შესაბამისად, ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს. იგი ინვესტორი არ ყოფილა, არამედ იყო ორგანიზაციების დაქირავებული დირექტორი და ბუღალტერიც. სწორედ მისი ვალდებულება იყო თანხის ამოღება და არა კომპანიების კრედიტორად ყოფნა. კიდევ ერთხელ ცრუობს, კონტროლისა და თანხების მითვისებაზე მითითებით, სწორედ მან მიითვისა გარკვეული თანხები და როდესაც დამფუძნებლებმა მოითხოვეს ანგარიშის ჩაბარება, ამიტომაც მიმართა სასამართლოს ამ გაურკვეველი და უსაფუძვლო მოთხოვნით.
4.2 მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,D......t-c.....t“ (ს/კ ........) დარეგისტრირდა 19/12/2012 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო დ. რ-ლი (პ/ნ ------), 100%-იანი წილის მეპატრონე. იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ------- გამზ. N----, ფართის მესაკუთრე ზ. ბ-ძე. 11/03/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,D.....t-c......t“-ის დირექტორად.
4.3 შპს C.....l-c.....t” (ს/კ -----) დარეგისტრირდა 23/05/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ. ლ-ძე (პ/ნ -------), 100%-იანი წილის მეპატრონე. იურიდიული მისამართი: ქ.ქუთაისი, ----- გამზ. N-----, ფართის მესაკუთრე ზ. ბ-ძე. 11/03/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს C......l-c......t”-ის დირექტორად.
4.4 შპს ,,მ…..ო კ……ი“ (ს/ნ -----) დარეგისტრირდა 11/06/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო გ. მ-ძე (პ/ნ -----), 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,მ…..ო კ……ი“-ს დირექტორად.
4.5 შპს ,,თ. კ-ი“ (ს/ნ ------) დარეგისტრირდა 24/07/2013 წელს. დამფუძნებელი და დირექტორი იყო ვ. მ-ძე (პ/ნ ------), 100%-იანი წილის მეპატრონე. 03/08/2015 წელს ზ. ბ-ძე დაინიშნა შპს ,,თ------დ კ-------ი“-ს დირექტორად.
4.6 ზ. ბ-ის დირექტორად დანიშვნის მოტივი იყო შემდეგი: მას უნდა უზრუნველყო გაცემული და პრობლემური თანხების ამოღება (ზ. ბ-ის განმარტებით, მას საამისოდ ჰქონდა გამოცდილება და ჰყავდა კვალიფიციური ადვოკატები). არავითარი თანხა მოპასუხეებისათვის ზ. ბ-ეს არ მიუცია, შესაბამისად ვერ წარმოადგინა და ვერც სამომავლოდ წარმოადგენს ასეთ დოკუმენტს ბუნებაში მისი არ არსებობის გამო. მისი მოვალეობა იყო კომპანიების გაძღოლა, მართვა და ბუღალტერია და პრობლემური თანხების ამოღება, საამისოდ ის მიიღებდა ამოღებული თანხებიდან შესაბამის პროცენტს, ამ პროცენტებში შედიოდა ადვოკატებისა და სასამართლოს ხარჯები. ამასთან, საყურადღებოა, რომ მოპასუხეები ერთმანეთს გააცნო თავად ზ. ბ-მ, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა საკრედიტო დაწესებულებებიდან გაცემული (პრობლემური) თანხების ამოღება და შესაბამისად ამოღებული თანხების ხარჯზე მოგების მიღება, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით და მოწმეებით. ზ. ბ-ძე იყო ცხრა ორგანიზაციის დირექტორი ერთსა და იმავე პერიოდში პარალელურად, რომელიც ყველგან მართავდა შპს- ეების საქმიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვენ უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებას.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.2 სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა არსებობს, თუ არა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძველი. იმისათვის, რომ გაირკვეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, უპირველესად უნდა მოიძებნოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა;
7.3 მოსარჩელე, მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრებას ითხოვს სარგებლიან სესხზე მითითებით. თუმცა, მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეებმა თავიანთ სახელზე დააარსეს სხვადასხვა ორგანიზაციები, სადაც იყვნენ დირექტორები და ესაჭიროებოდათ ფინანსები. მოსარჩელემ იცოდა მათი საქმიანობის შესახებ, ისინი ასესხებდნენ თანხებს და ღებულობდნენ მოგებას. მოსარჩელის მიცემული ფულიდან მათ რჩებოდათ სოლიდური მოგება, მაგრამ იგი მათ საქმიანობაში არ ერეოდა და მათგან ითხოვდა შეთანხმებულ 70 %-ს; ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებიდან ან 932.3., 939.1.,,ბ“, 940.1. მუხლებიდან. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს ორივე საფუძველი;
7.4 სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე იმსჯელა მხარეთა შორის არსებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე და მიუთითა, რომ მართალია სსკ-ის 624-ე მუხლი დაშვებულად მიიჩნევს სესხის ხელშეკურლების ზეპირად გაფორმებას, თუმცა ასეთ დროს არსებობს საპროცესო სამართლებრივი რისკი მტკიცების ტვირთის დაძლევის შეუძლებლობაში, რადგან ზეპირად დადებული ხელშეკურლების დასაბუთებას სჭირდება შესაბამისი მაღალი სტანდარტის მტკიცება, რომლის დაკმაყოფილებაც ვერ მოხდება მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებითა და აუდიტორული დასკვნებით. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადების, არამედ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთსაც, რადგან ერთია ხელშეკრულება დადოს და გაითვალისწინოს შესაბამისი თანხა, ხოლო მეორეა გამსესხებელმა ამავდროულად დაასაბუთოს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სწორედ მის მიერ ვალდებულების შესრულების (სესხის თანხის გადაცემით) საფუძველზე შევიდა ძალაში, აღნიშნული ორი კუმულაციური წინაპირობის დადასტურების არსებობა აუცილებელია იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის თანხდა გადაეცა მოვალეს, რათა შემდგომ შესაძლებელი იყოს მოთხოვნის წარმოშობის დამტკიცება.
7.5 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც ერთი აღნიშნული წინაპირობა ვერ დააკმაყოფილა, თავის მხრივ, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სადავოდ ხდიდნენ მოპასუხეები, შესაბამისად, რადგან მოსარჩელემ ვერ დაძლია აღნიშნული მოთხოვნის მიმართ არსებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, მისი მოთხოვნაც, შესაბამისად, ვერ დასაბუთდა.
7.6 რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ განსახილველი ურთიერთობა წარმოადგენს თუ არა ერთობლივ საქმიანობას (ამხანაგობა), სადაც მოსარჩელისმიერ, მოპასუხეებისათვის გადაცემული თანხები წარმოადგენდა ზ. ბ-ის შენატანს ერთობლივ საქმიანობაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებზე, კერძოდ:
7.7 სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად; ამავე კოდექსის 931-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად; ამავე კოდექსის 932-ე მუხლის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას; ამავე კოდექსის 939-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძველია მონაწილეთა გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 940-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად;
7.8 სააპელაციო პალატამ დაადგინა, სადავო თანხები ასევე ვერ ჩაითვლება ერთობლივ საქმიანოიბაში შენატანად, ვინაიდან მოსარჩელისვე განმარტებით, იგი იყო სარგებლიანი, რაც ეწინააღმდეგება ერთობლივ საქმიანობაში შენატანის არსს;
8. კასატორის მოთხოვნა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა სსკ-ის 624-ე მუხლს, რომელიც სესხის ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მართალია, განსახილველი სესხის ურთიერთობა მხარეებს შორის დაიდო ზეპირად, თუმცა გარიგების არსებობის ნამდვილობა საბუთდება იმ მტკიცებულებებით, რაც მოსარჩელემ წარმოადგინა, მათ შორისაა დოკუმენტები, რომლებზეც ფიქსირდება მოპასუხეთა ხელმოწერები, ასევე, დასტურდება იმით, რომ მოპასუხეები მოსარჩელეს აძლევდნენ მოგების 70%-ს, ასევე აუდიტორული დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სახეზეა საკმარისი მტკიცებულება მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადასტურებისთვის, თუმცა აღნიშნული არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული დავის მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია თუ არა პირმა მოითხოვოს სასესხო ურთიერთობის საფუძველზე გადაცემული ძირი თანხისა და პროცენტის დაბრუნება, მაშინ როდესაც თავად აღნიშნული სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი ვერ მტკიცდება.
18. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. 53-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.
19. განსახილველ შემთხვევაში, გარიგების სახეს მოსარჩელის განმარტებიც წარმოადგენს სასესხო ხელშეკრულება. როგორც ყველა გარიგებას, ასევე სასესხო ხელშეკრულებასაც ჭირდება გარიგების ნამდვილობის დამადასტურებელი წინაპირობების არსებობა, რისი ფუნდამენტური ნიშანიცაა მხარეთა შორის არსებული ნების გამოვლენა, აღნიშნული ნების ურთიერთგაცხადება და ურთიერთთანხვედრა, რის გარეშეც ორმხრივი გარიგება ვერ ჩაითვლება ნამდვილად.
20. სასესხო ურთირთობათა მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მეორე კარის მეცხრე თავში, რომლის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობა წარმოიშვა და სააპელაციო პალატამაც დაადგინა გარიგების ხასიათის მისი სახელშეკრულებო სახე, შესაბამისად, აღნიშნული თავში არსებულ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსარჩელის მიერ მითითებული როგორც სასარჩელო მოთხოვნა, ასევე ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთიც.
21. სსკ-ის 624-ე მუხლი ნათლად ასახავს იმპერატიულ საკანონმდებლო რეგულირებას სასესხო ურთიერთობის ფორმალური მხარის დაცვის მიმართებით და აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ნორმა თავის მხრივ ქმნის ერთგვარ საპროცესო სამართლებრივი მტკიცების ტვირთის სავალდებულო დასაბუთების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, სასესხო ურთიერთობის, როგორც ფაქტის არსებობისთვის საკმარისია მისი ზეპირი გაფორმება, თუმცა ფაქტის დასაბუთებისთვის აუცილებელია მისი წერილობითი სახე, რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენა ვერ მოხდება ვერც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, შესაბამისად, სასესხო ურთიერთობის დავების არსებობისას მტკიცების ტვირთი გადანაწილებულია მხარეებს შორის ისე, როგორც სააპელაციო პალატამ მიუთითა, კერძოდ, საკითხი იმის შესახებ თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით; სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ- ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი);
22. განსახილველი დავის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
23. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორის არგუმენტი, რის საფუძველზეც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, არის მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მატერიალური ნორმისა (სსკ-ის 624-ე მუხლის) და პროცესუალური ნორმის (სსსკ-ის 102-ე მუხლის) არასწორი ურთიერთსუბსუმირება, რადგან კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების დადებულად აღიარებისთვის, მიუხედავად წერილობით დადებული ხელშეკრულების არარსებობისა, საკმარისი იყო მის მიერ წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულებები: დოკუმენტები, რომლებზეც ფიქსირდება მოპასუხეთა ხელმოწერები, გარემოება, რომ მოპასუხეები მოსარჩელეს აძლევდნენ მოგების 70%-ს, აუდიტორული დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები.
24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასასაბუთებლად წარმოდგენილი მოცემული მტკიცებულებები თუნდაც ერთობლიობაში, ვერ ქმნიან სსკ-ის 624-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან ერთის მხრივ, ვერ საბუთდება სესხის არსებობის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ ასევე ვერ საბუთდება თანხის გადაცემაც, რაზეც სააპელაციო პალატამ მოტივირებულად მიუთითა, რომ სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ- ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი);
25. ყოველივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ზ. ბ-ეს (-----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 2021 წლის 15 სექტემბერი), 6 000 ლარის 70% - 4 200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე