Facebook Twitter

საქმე № ა-6227-შ-169-2021 7 ივლისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი - კ. გ-ია

მოწინააღმდეგე მხარე - კ. გ-ია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - რუსეთის ფედერაციის ქ. ------ ------ რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 ივნისის N--------გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქ. ----- ----- რაიონული სასამართლოს 2021 წლის №------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ქ. გ-ას (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, დედა) სარჩელი, კ. გ-ას (შემდეგში: მოპასუხე, მამა, მოსარჩელე საქართველოში წარდგენილ სარჩელე) წინააღმდეგ, განქორწინების, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

2. მხარეები დაქორწინდნენ 2012 წლის 12 სექტემბერს, 2016 წლის 18 იანვარს შეეძინათ შვილი - ლ. გ-ია.

3. შუამდგომლობის ავტორმა სარჩელით მიმართა ქალაქ ---- ---- რაიონულ სასამართლოს, მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

4.1. მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის თებერვალში მისი ნებართვის გარეშე მოტყუებით წაიყვანა არასრულწლოვანი რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ;

4.2. მოპასუხე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა საქმის განხილვის თაობაზე, სასამართლომ უწყება ჩაბარებულად ჩათვალა და საქმე განიხილა მოპასუხის დასწრების გარეშე.

4.3. სასამართლო, მოწმეთა დაკითხვის, საქმის მასალების გაცნობის, მზრუნველისა და მეურვეობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნის გაცნობის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ნავარაუდევია, რომ ნაადრევი იყო ბავშვის საცხოვრებელი სახლის განსაზღვრის საკითხი, მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ:

4.3.1. სარჩელი, მხარეთა განქორწინების, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა;

4.3.2. განქორწინდნენ მოსარჩელე და მოპასუხე, არასრულწლოვან ლ. გ-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედასთან, მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა

5. მოწინააღმდეგე მხარემ წერილობითი პოზიცია წარმოადგინა, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

5.1. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული;

5.2. შუამდგომლობის ავტორის მიერ უცხო ქვეყანაში სარჩელის აღძვრამდე, მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოში 2021 წლის 23 მარტს მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც იმავე წლის 25 მარტს წარმოებაშია მიღებული.

5.3. შუამდგომლობის ავტორს, 2021 წლის 12 აპრილს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები რუსეთის ფედერაციაში, მისამართზე - --------, ---- ქუჩა, კორპუსი ---- ბინა 32, ამავე მისამართზე, 2021 წლის 20 აპრილს პირადად ჩაბარდა გზავნილი ადრესატს;

5.4. მოპასუხემ (შუამდგომლობის ავტორმა), დაგვიანებით, 2021 წლის 6 ოქტომბერს წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მითითებულია, რომ 2021 წლის 2 აპრილს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ---- ---- რაიონულ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი ბავშვის მამის წინააღმდეგ, განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

5.5. დასახელებული შესაგებელი გამოგზავნილია, მისამართიდან - --- ----, ---- პროსპექტი, სახლი-, ბინა ---.

5.6. შუამდგომლობის ავტორისთვის ცნობილი იყო, მისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი თბილისი, ---- ქ.---, სართული --, ბინა --- და მარტვილი, ---- ქ.---. შუამდგომლობის ავტორი შვილს ესაუბრებოდა ტელეფონის მეშვეობით, რომელიც ბავშვის მამას არ შეუცვლია და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორმა ბავშვს რამდენჯერმე გამოუგზავნა სასაჩუქრე ამანათი მარტვილში, მითითებულ მისამართზე. ამდენად, ნათელი იყო, რომ შუამდგომლობის ავტორისთვის მოწნააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო, ხოლო, რუსეთში წარდგენილ სარჩელში შეგნებულად მიუთითა ისეთი მისამართი, რომელზეც გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდებოდა.

5.7. მხარეთა არასრულწლოვანმა შვილმა, 2021 წლის 30 ნოემბერს სარჩელი აღძრა, მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით, სადაც ბავშვი საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრას ითხოვს. დასახელებულ სარჩელზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

5.8. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შპს „ფ-----ს“ მიერ მომზადებული ფსიქოლოგიური დასკვნის მიხედვით: „ლ.გ-ას ემოციური მდგომარეობა არის დადებითი და პოზიტიური, იგი განწყობის შესაბამისად გამოხატავს საკუთარ ემოციებს, გააჩნია ასაკთან შესაბამისი თვითიდენტობის და თვითშეფასების ადექვატური განცდა. ბავშვი ემოციურად არის სტაბილური პოზიტიური, არ ახასიათებს ქცევითი ან ემოციური დისბალანსი“. „ლ.გ-ია იზრდება მამასთან, რომელთანაც მუდმივად ცხოვრობს ბებია ც. მ-ვა. მამა შვილს უმზადებს საკვებს, ეხმარება ჩაცმაში, სწავლაში, ეთამაშება და ახორციელებს ყველა იმ მოქმედებას რაც ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მშობლის პოზიტიურ როლს წარმოადგენს. ბავშვი დამოუკიდებლად ჭამს, იცვამს, იხდის, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მამა მას ეხმარება, ვინაიდან ლ-ის მამა არის სანდო საყრდენი და პირველი ადამიანი, ვისაც დახმარებისთვის მიმართავს“. „ბავშვსა და მამას შორის არის პოზიტიური, ჰარმონიული და დადებითი ემოციური კავშირი. ბავშვისთვის მამა ყოველთვის ხელმისაწვდომია, ბავშვის საჭიროების მიმართ მამა მუდმივად გამოხატავს სათანადო ყურადღებას და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის შვილს ყველა თვალსაზრისით. ლ. ემოციური თვალსაზრისით, მამის გვერდით თავს გრძნობს სანდოდ, დაცულად და უსაფრთხოდ. ბავშვთან მიმართებაში მამა არის თბილი, თანმიმდევრული და მზრუნველი.“

5.9. საქართველოში აღძრული სარჩელის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით: „ლ-ს ყოველდღიურ მეთვალყურეობას და მზრუნველობას უწევს მამა კ. გ-ია, ასევე ბებია ც. მ-ვა. ვიზიტის დროს ბავშვი გამოიყურებოდა სუფთად და მოწესრიგებულად. ბავშვი მამის მხრიდან უზრუნველყოფილია საბაზისო საჭიროებებით: საკვები, ტანსაცმელი, ჰიგიენის საშუალებები, ასაკობრივი სათამაშოებით, სასწავლო ინვენტარით და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებით. მამამ აღნიშნა, რომ ლ-ას საჭიროებებს ყოველთვის აკმაყოფილებდა თავად როგორც რუსეთში ყოფნისას, ასევე საქართველოში. ის არასოდეს არ ტოვებს შვილს მეთვალყურეობის გარეშე და ასევე ლ-ც არ რჩება არსად მამის გარეშე. ბავშვის მამა სოციალურ მუშაკთან საუბრისას შვილის მიმართ დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა და ცდილობს შეუქმნას ყველა ის პირობა რათა თავიდან აიცილოს ის უარყოფითი ემოცია და სტრესი, რაც ოჯახის დანგრევას მოყვება. ლ-ა თავის მხრივ მიჯაჭვულია მამას. ბ-ნი კ-ს ინფორმაციით იგივე ხდებოდა რუსეთში ყოფნის დროს, ლ. არასდროს არ იძინებდა თუ გვერდში არ მიუწვებოდა მამა და ფეხებით არ ეხებოდა მას. მოპასუხესთან დაკავშირების შეუძლებლობის გამო, დედა-შვილს შორის არსებულ ემოციურ კავშირზე დაკვირვება ვერ მოხერხდა. სოციალური მუშაკის შეკითხვაზე დედის მისამართით, „გამაცანი შენი დედიკო, რა ჰქვია მას?“ ლუკა ყოველთვის თავს არიდებს პასუხს და გადააქვს ყურადღება იწყებს თამაშს ან აფიქსირებს, რომ აღარ უნდა იქ ყოფნა და მამას ანიშნებს რომ წავიდნენ სახლში. მამის სახლში ბავშვის უსაფრთხოება დაცულია. მამა არასდროს არ ტოვებს მას, მაგრამ როდესაც იმყოფება სახლში მასზე ზრუნავს ბებია ქ-ნი ც. გასათვალისწინებელი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის და მისი დამოკიდებულების მამის მიმართ და სურვილის იცხოვროს მამასთან, დედის პოზიციის შესწავლის შემდეგ ხელი უნდა შეეწყოს დედა-შვილს შორს ურთიერთობის აღდგენას არასრულწლოვნის სურვილის, ასაკის და საკუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით“.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენით განიხილა დასახელებული შუამდგომლობა 2022 წლის 7 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საქმის არსებითად განხილვისას მოისმინა მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმ პროცესუალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურ მოწესრიგებას ეხება და განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).

8. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

10. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

12. შესაბამისად, როგორც ზემოაღნიშნული კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას (საქმე №ა-840-შ-16-2021, 20 მაისი, 2021 წელი; საქმე №ა-3099-შ-79-2021, 18 თებერვალი, 2022 წელი).

13. მოცემულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო დადგენილი წესით სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. ამდენად, მხოლოდ მოსარჩელის მონაწილეობის საფუძველზე მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

14. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებიც, მოპასუხის მისამართზე გზავნილის გასაგზავნად და ვიზიტისთვის იყენებდნენ მოსარჩელის (შუამდგომლობის ავტორის) მიერ მითითებულ მისამართებს, რომელიც რუსეთშია, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში იყო (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების 5.6. ქვეპუნქტი).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ინფორმირებული არ იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რაც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარის გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014).

17. თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015; „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (GAKHARIA v. GEORGIA) (განაცხადი N 30459/13), 17.01.2017წ. გადაწყვეტილება, 33).

18. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან, მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა სასამართლო განხილვისას თავის დაცვის საშუალება.

19. საკასაციო სასამართლო გარდა ზემოაღნიშნული პროცესუალურსამართლებრივი პრობლემისა, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, განმარტავს, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საქმის განხილვისას უშუალოდ ბავშვი არ გამოკითხულა, ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს დასკვნაში ნავარაუდევია, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი ნაადრევია, აგრეთვე, იმავე მიზეზით, რომ შუამდგომლობის ავტორმა არ მიუთითა მოპასუხის ადგილსამყოფელი, არ გამოკვლეულა ბავშვის მამასთან დამოკიდებულება, საპირისპიროდ, კი, ბავშვის მამას, შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი აქვს დასკვნების ბავშვის მამასთან მიჯაჭვულობის შესახებ.

20. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტებითვეა განსაზღვრული ამგვარი ჩარევის ლეგიტიმური დეფინიცია და დადგენილია, რომ ჩარევა პროპორციულია, თუ განპირობებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონისძიება გამოიყენონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ № ას- 458-440-2016, 15.07.2016წ.).

21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.)

22. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე. ის ფაქტი, რომ ბავშვი ძალზე მცირეწლოვანია ან მოწყვლად მდგომარეობაშია (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობები, უმცირესობის ჯგუფისადმი კუთვნილება, მიგრანტობა და სხვ.), არ ართმევს მას უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები და არ ამცირებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა მიენიჭოს ბავშვის მოსაზრებებს მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას. კონკრეტული ღონისძიებების მიღება ამგვარ სიტუაციებში ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაექვემდებაროს ინდივიდუალურ შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროებისამებრ გონივრული ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გაწევას მათი საუკეთესო ინტერესების შეფასებაში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად (იხ. სუსგ N ა-3658-შ-95-2019, 08.10.2019 წ.).

23. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს.

25. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს უცხო ქვეყნის წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების წინაპირობები უკვე დასახელებული პროცესუალურ და მატერიალურსამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

26. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ განსახილველ საგანს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების საკითხის კვლევა წარმოადგენს, იმ პირობებში, როდესაც, ბავშვს თავადაც აქვს სარჩელი აღძრული საქართველოს ტერიტორიაზე, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, ბავშვის ადვოკატის შუამდგომლობა მოცემულ საქმეზე მისი ჩართვის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. გ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. ---- ---- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 ივნისის N-------გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე,

ლ. მიქაბერიძე