გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-60-გ-02 25 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
სასაზღვრო რაზმმა «ახალციხემ» სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს ც. შ-ის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ც.შ-ს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს ახალციხის სასაზღვრო რაზმის დახურული სამხედრო ქალაქის ¹2 კორპუსის ¹...-ე ბინა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 02.04.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ც. შ-ის სასაზღვრო რაზმის მე-2 კორპუსის ... ბინიდან გამოსახლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 13.05.02წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, უცვლელად დარჩაAახალციხის რაიონული სასამართლოს 02.04.01წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ს 242-ე მუხლის საფუძველზე უზუფრუქტუარს უფლება აქვს, როგორც მესაკუთრეს, გამოიყენოს უზუფრუქტით მიღებული ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა ც.შ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ურთიერთობა მხარეთა შორის სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით უნდა მოწესრიგებულიყო ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი საბინაო კოდექსის ნორმების გათვალისწინებით, რადგანაც ურთიერთობა ც.შ-სა და რუსეთის ჯარების ¹2021 სამხედრო ნაწილს შორის, რომელიც განლაგებული იყო ახალციხის სასაზღვრო რაზმის ტერიტორიაზე, წარმოიშვა 1986 წელს და მხარეები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ დავა განხილულ იყო ახალი სკ-ს ნორმათა გამოყენებით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ბინა წარმოადგენს სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ც.შ-ს ბინა კანონიერად აქვს დაკავებული, ვინაიდან არსებობს სამხედრო ნაწილის ¹2021-ის კომენდანტის 25.12.98წ. ცნობა ც. შ-ის სადავო ბინაში ცხოვრების შესახებ, ¹2021 სამხედრო ნაწილის შენობა-ნაგებობის გადაცემის აქტი, რომლის თანახმად გადაცემული 129 ბინიდან 7 ბინა უკანონოდ არის მიტაცებული იქ მცხოვრები მობინადრეების მიერ, ც. შ-ი უკანონო მაცხოვრებელად არ არის მოხსენებული. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ც.შ-ს როგორც სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს, კანონით დადგენილი წესით დაკავებლი ჰქონდა სადავო ბინა. საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად არ შეიძლება გამოსახლებულ იქნენ მარტოხელა პირნი, მათთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილებითურთ. იმის გათვალისწინებით, რომ ც.შ-ი განქორწინებულია და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მისი გამოსახლება დაკავებული ბინიდან დაუშვებელად იქნა მიჩნეული.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დ.ჭ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 25.11.02წ. განჩინებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 13.05.02წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სზაკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოცემულ დავაში მოსარჩელე _ სასაზღვრო რაზმი «ახალციხე» წარმოადგენს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, ეს უკანასკნელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ამდენად არის ადმინისტრაციული ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვინდიკაციური სარჩელია წარდგენილი და დავის საგანს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან დავაში ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანოს _ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული _ სასაზღვრო რაზმი ,,ახალციხე” წარმოადგენს _ პროცესუალური სუბიექტების მიხედვით საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 10.12.02წ. განჩინებით აღნიშნული საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში. სააპელაციო სასამართლომ სასკ მე-2, სსკ-ს მე-11 მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა თავისთავად არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს, ამასთან, დავის საგანს წარმოადგენს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებად საკითხს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 25.10.02წ. განჩინებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 13.05.02წ. განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს საქართველოში უმაღლეს სასამართლო ინსტანციას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო. მოცემულ საქმეზე ზემდგომმა სასამართლომ _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ უკვე გადაწყვიტა ამ საქმის განსჯადობის საკითხი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას განსჯადობის შესახებ დავაზე, ვერ შეცვლის კანონიერ ძალაში შესულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას, რის გამოც პალატა თვლის, რომ საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა უფლებამოსილია წარმართოს საქმე განსჯად სასამართლოში, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის წარმოქმნის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის სააპელაციო საჩივარი არის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადი.
2. მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.