Facebook Twitter

საქმე №ას-703-2022 15 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „---------- ბანკი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. ბ-ია (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) 2011 წლის 01 დეკემბრიდან 2020 წლის 09 მარტამდე დასაქმებული იყო სს „------- ბანკში“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) სხვადასხვა პოზიციაზე. კერძოდ: 01.12.2011 - 17.04.2012წწ. მოსარჩელეს ეკავა სარეზერვო ჯგუფის მოლარე-ოპერატორის პოზიცია; 17.04.2012 - 08.02.2016წწ. იყო მოლარე-ოპერატორი; 08.02.2016 - 03.04.2018წწ. - სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორი; 03.04.2018 - 09.03.2020წწ. - სერვის ცენტრის მენეჯერი.

2. მოსარჩელე 2018 წლის 01 აპრილიდან 2020 წლის 09 მარტამდე დასაქმებული იყო ქ. თბილისში, ----- ქუჩაზე მდებარე ბანკის №--- სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს (ხელზე ასაღები 975 ლარი).

3. 2020 წლის 04 მარტის №----- ბრძანებით 2020 წლის 09 მარტიდან შეწყდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 05 მარტს.

4. მოსარჩელემ ბანკს მოსთხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება. ბანკს მოსარჩელის მოთხოვნა ჩაბარდა 2020 წლის 10 მარტს, ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაცია მოსარჩელეს გაეგზავნა 2020 წლის 17 მარტს და ჩაბარდა (განმეორებით გაგზავნისას) 2020 წლის 30 მარტს.

5. ბანკის გენერალური დირექტორის 03/04/2020წ. №-- ბრძანების მიხედვით, ბანკის მიმდინარე გამოწვევებზე ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისთვის, პროცესების ეფექტურობის გაზრდის, თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და ბიზნეს პროცესების ოპერატიულად წარმართვისთვის საჭირო გახდა ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის გაუქმება და მისი საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტებთან გაერთიანება. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები, რამაც გამოიწვია ოპტიმიზაციის ღონისძიებების საჭიროება. შედეგად, ზემოაღნიშნული დეპარტამენტების გაერთიანებამ გამოიწვია საქართველოს მასშტაბით ექსპრეს მომსახურების სერვისის მქონე 38 სერვის-ცენტრისა და საცალო მომსახურების ერთი სერვის-ცენტრის დახურვის აუცილებლობა, ხოლო ერთი საცალო მომსახურების სერვისის მქონე სერვის-ცენტრის ფუნქცია შეიცვალა ექსპრეს ტიპის სერვის-ცენტრად. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ბანკის ექსპრეს და საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ: 1. 2020 წლის 09 მარტიდან გაერთიანდა ექსპრეს საბანკო და საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტები ერთ დეპარტამენტად - საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი; 2. 2020 წლის 09 მარტიდან გაუქმდა ექსპრეს სერვის-ცენტრის მომსახურების შემდეგი სერვის-ცენტრები თბილისში №---, ---, ---, ---, --, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---, ---,---. ---, ასევე, რეგიონებში და გაუქმდა ამავე სერვის-ცენტრებში თანამდებობები (სერვის ცენტრის მენეჯერი, მოლარე-ოპერატორი, კონსულტანტ-ოპერატორი, კონსულტანტი, გაყიდვების კონსულტანტი).

6. იმავე ბრძანების მიხედვით, 2020 წლის 09 მარტიდან შეიცვალა საბანკო მომსახურების №27 სერვის-ცენტრის მომსახურების ტიპი ექსპრეს მომსახურების ტიპად, გაუქმდა იმავე სერვის ცენტრში საშტატოთი დადგენილი თანამდებობები, შესაბამისი საშტატო ერთეული (სერვის- ცენტრის მენეჯერი, ბანკირი, უნივერსალური მოლარე-ოპერატორი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების კონსულტანტი და მოლარე) და განისაზღვრა მომსახურების კატეგორიის სერვის-ცენტრისთვის საჭირო თანამდებობები.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 04.03.2020წ. №---- ბრძანების ბათილად ცნობა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა; მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე (ექსპრეს სერვის-ცენტრის მენეჯერი) ან ტოლფას (მეტროსა და 24-საათიანი სერვის-ცენტრის მენეჯერი, სტანდარტული სერვის-ცენტრის მენეჯერის მოადგილე, ურთიერთობის მენეჯერი, სოლო ბანკირი, სერვისის ოფიცერი ან უნივერსალური ბანკირი) სამუშაო ადგილზე აღდგენა ან აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება 45 000 (ხელზე ასაღები 35 100 ლარი) ლარის ოდენობით; განაცდურის ანაზღაურება თვეში 1250 ლარის (ხელზე ასაღები 975 ლარი) ოდენობით მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად დადგა მენეჯერების შემცირების საკითხი, რისთვისაც განისაზღვრა ობიექტური კრიტერიუმები, კერძოდ, მენეჯერების მიერ გაყიდვების გეგმების შესრულება. აღნიშნული კრიტერიუმით თანამშრომელთა შეფასებისას მოსარჩელეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაუფიქსირდა 79%-ით უფრო დაბალი შედეგი ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებულ სხვა პირთა საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბანკის საცალო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის 04.03.2020წ. №--- ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი); სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

10. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 18 750 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი); დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლი) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების დასაბუთება.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მართალია დასტურდება ბანკში რეორგანიზაციის ჩატარებისა და შტატების შემცირების ფაქტი, თუმცა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა კონკრეტულად რა საფუძვლით განხორციელდა უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სერვის-ცენტრი, სადაც ეს უკანასკნელი იყო დასაქმებული, რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა და კვლავ აგრძელებს საქმიანობას. მოპასუხე მიუთითებს გაყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ ამ გარემოებაზე ზეპირი მითითება გათავისუფლების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან მოსარჩელე წლების მანძილზე დასაქმებული იყო ბანკში და კეთილსინდისიერად, ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. გარდა ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, შეფასება-შერჩევის პროცესი წარიმართა არაგამჭირვალედ. შემცირების კანდიდატები არ იყვნენ ინფორმირებულები თუ რა კრიტერიუმებით ხდებოდა მათი შეფასება.

15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დასაქმებულის გათავისუფლების გარდაუვალი აუცილებლობის დასაბუთება. კერძოდ, არ დგინდება სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით, აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე დასაქმებულია სხვა პირი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში გაუმართლებელია. რაც შეეხება ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენას, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ არსებულ ვითარებაში ვაკანტურია მოსარჩელის მიერ დასახელებული პოზიციები და ისინი ტოლფას თანამდებობებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ასევე გაუმართლებლად მიიჩნია ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნა.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით (მოქმედი რედაქციის 48.8. მუხლი) და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს.

18. სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებოა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და მოთხოვნა შეამცირა გათავისუფლებიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით, შესაბამისად, მოთხოვნა შემოიფარგლა 16 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით.

19. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხისა და სახელფასო ანაზღაურების ოდენობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრება სწორედ 16 თვის განმავლობაში მისაღები თანამდებობრივი სარგოს - 18 750 ლარის (1250x16) ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ოდენობით კომპენსაციის დაკისრება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივ რესტიტუციას, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ტვირთს დააწესებს დამსაქმებლისათვის, რათა სამომავლოდ უკანონო გადაწყვეტილების მიღებისას დაკისრებულ კომპენსაციას ჰქონდეს პრევენციული ეფექტი.

20. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელში მითითებული გარემოებები არ ქმნის საკმარის საფუძველს, რათა დადგინდეს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. მოსარჩელის მითითებით, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი იყო უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მის მიმართ სუბიექტური და აგრესიული დამოკიდებულება სამსახურიდან დათხოვნის მიზნით, რაც საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მიზნებიდან და რეგულირებიდან გამომდინარე, დისკრიმინაციად ვერ განიხილება, ვინაიდან არ იკვეთება დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ უთანასწორო მოპყრობა, რამაც ეს უკანასკნელი სხვებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა.

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

22.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გაუქმდა ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტი და გაერთიანდა საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტთან, რომლის გადაუდებელი საჭიროება დადგა ბანკში მიმდინარე გამოწვევებზე ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისთვის, პროცესების ეფექტურობის გაზრდის, თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და ბიზნეს პროცესების ოპერატიულად წარმართვისათვის. დეპარტამენტების გაერთიანებამ გამოიწვია საქართველოს მასშტაბით 38 სერვის- ცენტრის დახურვა. ის ფაქტი, რომ დასაქმებული გაუქმებულ ფილიალში არ მუშაობდა, არ არის იმის განმაპირობებელი, რომ მასთან ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყდა, რადგან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რეორგანიზაცია უშუალოდ დეპარტამენტში განხორციელდა და არა კონკრეტულ სერვის-ცენტრში. შესაბამისად, დასაქმებულთა შეფასება ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე სწორედ რომ მთლიან დეპარტამენტში ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა;

22.2. სტრუქტურული ცვლილება ვერ განხორციელდებოდა საშტატო ერთეულების შემცირების გარეშე, ვინაიდან შეუძლებელია სერვის-ცენტრი გაერთიანდეს სხვა დეპარტამენტთან და ეს არ აისახოს იმ დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომლებზე. რეორგანიზაციის შედეგად ბანკი დადგა კადრების შემცირების აუცილებლობის წინაშე. ამ პირობებში სრულებით გაუგებარია რამდენად გონივრულია განვითარებასა და წინსვლაზე მუდმივად ორიენტირებულ ბიზნეს სუბიექტს დაევალოს ათობით კადრის არამიზნობრივად შენარჩუნება და რეორგანიზაციის პროცესის ნამდვილობა დაუკავშირდეს მათთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილის შეთავაზების ვალდებულებას;

22.3. დამსაქმებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დეპარტამენტი, რომელშიც რეორგანიზაცია განხორციელდა, ემსახურებოდა კლიენტებს, რომლებიც სერვის- ცენტრში ვიზიტის შედეგად ახორციელებდნენ თანხის ანგარიშზე შეტანას/გადარიცხვას და ანგარიშსწორებას. თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებებისა და განვითარების პირობებში გარდაუვალი გახდა ტექნოლოგიათა დანერგვა, რომლის გამოც მომხმარებელთა უმრავლესობა ამ ტიპის ანგარიშსწორებას დამოუკიდებლად ახორციელებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მომხმარებელთა მხოლოდ 7% ახორციელებს ანგარიშსწორებას ფილიალების მომსახურების მეშვეობით. შესაბამისად, იმ ტვირთის დამსაქმებლისთვის დაკისრება, რაშიც საჭიროების არაარსებობის მიუხედავად, ათობით სერვის-ცენტრისა და მასში დასაქმებული პირების შენარჩუნება მოიაზრება, ცალსახად გაუმართლებელი და არაგონივრულია;

22.4. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა იმაზე მითითება, რომ დამსაქმებელს ეკისრება რეორგანიზაციის ფარგლებში დასაქმებულისათვის არარსებული ალტერნატიული სამსახურის შეთავაზების ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება შესაძლოა არსებობდეს მაშინ, თუ ობიექტური კრიტერიუმები ცხადყოფს, რომ ამგვარი ალტერნატივა დამსაქმებელს გააჩნია და გასათავისუფლებელი კადრის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება არსებული პოზიციის შესაბამისია;

22.5. რეორგანიზაციის პროცესში ბანკმა იხელმძღვანელა თანამშრომელთა გაყიდვების გეგმის შესრულების მაჩვენებლით. მოსარჩელის გაყიდვების მაჩვენებელი სხვა მენეჯერების შედეგებს 79%-ით ჩამორჩებოდა. ეს გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შტატების შემცირებისას თანამშრომელთა შერჩევა მოხდა მათზე დაკისრებული ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. შეუძლებელია დამსაქმებელს მოეთხოვოს უფრო მეტად განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმებით რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა;

22.6. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი შეტყობინების ვადასთან და კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით დაცულია. დასაქმებულს დეტალურად განემარტა რაში ვლინდებოდა თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და ბიზნეს პროცესების ოპტიმალურად წარმართვის საჭიროება, რითაც გარდაუვალი გახდა ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის გაუქმება, შედეგად დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტა და ორი თვის კომპენსაციის გადახდა;

22.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თავისუფალი მეწარმეობის პრინციპს, ასევე, უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.

23. კასატორმა, ასევე, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

29. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მართლზომიერება.

31. კასატორი დავობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ბანკი დადგა კადრების შემცირების აუცილებლობის წინაშე, რის გამოც დასაქმებული, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მართებულად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).

35. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

36. ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

37. დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის საფუძვლით, დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი).

38. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს/დამსაქმებელს არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამუშაოდან მართლზომიერად გათავისუფლებას დაადასტურებდა. კერძოდ, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ექსპრეს საბანკო და საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტები ერთ დეპარტამენტად გაერთიანდა, რასაც მოჰყვა თბილისის მასშტაბით 38 ექსპრეს სერვის-ცენტრის გაუქმება. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულმა გამოიწვია კადრების შემცირების აუცილებლობა, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების აუცილებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციას არ მოჰყოლია უშუალოდ იმ სერვის-ცენტრის გაუქმება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელე ბანკში დასაქმებული იყო 2011 წლის 01 დეკემბრიდან, თითქმის ცხრა წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციებზე. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ამ დროის განმავლობაში მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან/და მისი კომპეტენცია და გამოცდილება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ დასაქმებულების გადარჩევა მოხდა შეფასებისათვის დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, არ წარმოადგენს მოსარჩელესთან მიმართებით დასაქმებულთაგან შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტური პრიორიტეტულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას.

39. კასატორი აგრეთვე დავობს, რომ იგი არ იყო ვალდებული შეენარჩუნებინა ბანკის ეფექტური საქმიანობისათვის არასაჭირო ადამიანური რესურსი.

40. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტის კონსტიტუციური უფლებაა, საკუთარი შეხედულებისამებრ, საწარმოს საუკეთესო ინტერესების შესაბამისად განსაზღვროს საკუთარი ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად წარსამართი ღონისძიებები, მათ შორის, გამოსაყენებელი ადამიანური რესურსის მოცულობა და ამა თუ იმ საშტატო ერთეულის არსებობა. დამსაქმებელი არაა შებოჭილი, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური და რეორგანიზაციული ცვლილებებისას შეამციროს სამუშაო ძალა, რისი გამოხატულებაც არის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი, თუმცა, როდესაც კონკრეტულ საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირი რეორგანიზაციის საფუძვლით თავისუფლდება და დასაქმებული სადავოდ ხდის დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას/რეორგანიზაციის მართლზომიერებას, სასამართლოს შეფასების საგანი ხდება კანონშესაბამისი იყო თუ არა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. ამ მოცემულობის ფარგლებში სასამართლო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იკვლევს საწარმოში განხორციელებული ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლებს, იმ ეკონომიკური გარემოებების არსებობას, რაც ობიექტურად შესაძლოა ამართლებდეს სამუშაო ძალის შემცირებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოში რეორგანიზაციის პროცესის თაობაზე მხოლოდ ცალკე აღებული ფაქტი, არ წარმოშობს დამსაქმებლის მართლზომიერად ქცევის პრეზუმფციას.

41. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი) გათვალისწინებული სხვა საფუძვლების მსგავსად, დასაბუთებული და განსაზღვრადი უნდა იყოს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისა და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო აუცილებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება სათანადოდ და საკმარისად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

42. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

44. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

45. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-660-2019, 29 მაისი, 2020 წელი; №ას-1482-2019, 29 მაისი, 2020 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 938 ლარის 70% – 656,6 ლარი.

51. მოწინააღმდეგე მხარე/მოსარჩელე ითხოვს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის კასატორისათვის დაკისრებას.

52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

53. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „------- ბანკის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. სს „------- ბანკს“ (ს.ნ.-----) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 18 მაისს №----- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 938 (ცხრაას ოცდათვრამეტი) ლარის 70% – 656,6 (ექვსას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;

4. ნ. ბ-ას შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და სს „------ ბანკს“ ნ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 300 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი