საქმე №ას-186-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ვ. ა–ვი, ა. ა–ვა, ა. ა–ვა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ. ა–ვი
დავის საგანი - უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ა–ვმა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ვ. ა–ვის, ა. ა–ვას, ა. ა–ვას მიმართ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. ა–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი უფლების დამდგენი დოკუმენტების - 2002 წლის 11 ივლისს გაცემული №18687/2002 და №18686/2002 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათების ტ. ა–ვისადმი კუთვნილების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სადაო უფლების დამდგენი სააღრიცხვო ბარათები გაცემული იყო მათი გარდაცვლილი მამის და მოსარჩელის ძმის ვ. ა–ვის სასარგებლოდ და ამდენად, სწორედ მოპასუხეები არიან სააღრიცხვო ბარათში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ვ. ა–ვის, ა. ა–ვას და ა. ა–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების მოსარჩელისადმი კუთვნილება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის ან დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო განიხილავს საქმეებს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; „აღნიშნული ქცევის წესიდან გამომდინარეობს, რომ უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შეუძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომლებშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის №ას-741-702-2015 განჩინება). საგულისხმოა, რომ თავდაპირველად ტ. ა–ვის მოთხოვნა სწორედ უდავო წარმოების წესით იქნა განხილული, რა დროსაც მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ა–ვის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილად იქნა ცნობილი „ვ.ა–ვ ა. ოღლის“ სახელზე გაცემული მიწის სააღრიცხვო ბარათების (განაცხადის რეგისტრაციის №18686/2002, ს/კ ....... და განაცხადის რეგისტრაციის №18687/2002, ს/კ .....) განმცხადებელ ტ. ა–ვისადმი კუთვნილება. თუმცა, მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით, რადგან დოკუმენტების ტ. ა–ვისადმი კუთვნილება სადავოდ გახადეს ვ. ა–ვმა, ა. ა–ვამ და ა. ა–ვამ. დასახელებული გარემოება წინამდებარე საქმის - სადავო დოკუმენტების ტ. ა–ვისადმი კუთვნილების თაობაზე დავის საერთო სასარჩელო წარმოების წესით დაწყების საფუძველი გახდა.
საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა №571 სიის საფუძველზე, 2002 წლის 11 ივლისს გაცემულია მარნეულის რაიონის სოფელ ..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ ..... და ......) ორი სააღრიცხვო ბარათი; ორივე დოკუმენტში უფლებამოსილ პირად მითითებულია „ვ. ა–ვი ა. ოღლი“;
- სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა №571 საგადასახადო სიის საფუძველზე, ტ. ა–ვი, სხვა პირებთან ერთად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია №..... საკადასტრო კოდის მქონე, 0,050 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრედ (მიწის ნაკვეთს მინიჭებული აქვს ახალი საკადასტრო კოდი - ......);
- მითითებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ......) საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და ეკუთვნის ტ. ა–ვს;
- საქმეზე მოწმეებად დაკითხული პირების: ს. ა–ვის (მოსარჩელის ძმა და მოპასუხეების ბიძა), ბ.მ–ვის, ა. ა–ვისა და ბ. ა–ვის ჩვენებებით დასტურდება, რომ ტ. ა–ვს მიწის ნაკვეთები (ს/კ ..... და ს/კ .....) გადასცეს მშობლებმა 1978 წელს და მას შემდეგ ფლობს მოსარჩელე;
- №..... და №..... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები წარმოადგენს მომიჯნავე ნაკვეთებს;
- მოსარჩელისა და მოპასუხეების საცხოვრებელ სახლებს ყოფს სამანქანე გზა და ისინი განთავსებულია ერთმანეთის მოპირდაპირედ, ამასთანავე, მოპასუხეებს სადავო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვთ №811 საგადასახადო სიის საფუძველზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთების (ს/კ ..... და ს/კ .....) უფლების დამდგენი დოკუმენტები - 2002 წლის 11 ივლისს გაცემული სააღრიცხვო ბარათები ეკუთვნის ტ. ა–ვს, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ა–ვის, ა. ა–ვას და ა. ა–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
3. ვ. ა–ვს (პ/ნ ….), ა. ა–ვას (პ/ნ …..) და ა. ა–ვას (პ/ნ …..) დაუბრუნდეთ ო.მ–ის (პ/ნ .....) მიერ 2022 წლის 25 მარტს №12904968613 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე