საქმე №ას-281-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ლ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.მ–ი (თ.შ–ის უფლებამონაცვლე)
მესამე პირი - სს „ს.ბ–ი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
თ.შ–მა 2020 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ლ.ჯ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხე ლ.ჯ–ძის უკანონო მფლობელობიდან თ.შ–ისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში 17.29 კვ.მ-ის ფართის გადაცემა, რომელიც წარმოადგენს თ.შ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ....... სადარბაზო 1, სართული 9, ბინა 17 „ბ“-ში, 142.57 კვ.მ.-ის ნაწილს. მითითებული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით ლ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ლ.ჯ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არაკვალიფიციურად იყო შედგენილი, ეყრდნობოდა გაურკვეველ ლოგიკას და არ იყო დასაბუთებული მეცნიერული ტექნიკით წარმოებული სამუშაოთი. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად არ უნდა მიეჩნია სადავო 17.29 კვ.მ. ფართი მოსარჩელის საკუთრების ნაწილად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ექსპერტმა არ გამორიცხა ე.წ. „დაკარგული“ ფართის ფაქტობრივი მდებარეობა სართულზე არსებული მესამე ბინის ფართობის შემადგენლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით №ას-281-2022 სამოქალაქო საქმეზე კასატორის - თ.შ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ბ.მ–ი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 19 ივლისს, 27 ივლისს და 28 სექტემბერს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ჩატარდა სასამართლო სხდომები, რის შემდეგაც, საკითხის გადაწყვეტა გადაიდო 2022 წლის 30 სექტემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულია უძრავი ქონება ფართით 142.57 კვ.მ., ხოლო მოპასუხის საკუთრებად აღრიცხულია უძრავი ქონება ფართით 52.00 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ფლობს 125.28 კვ.მ. მოცულობის ფართს. დანარჩენი 17.29 კვ.მ. კი, მოსარჩელის განმარტებით იმყოფება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელობის საფუძველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 ივლისის დასკვნის შინაარს, რომლის თანახმადაც, სადავო 17.29 კვ.მ. ფართი ფაქტობრივად მოქცეულია მოპასუხის ბინის შემომსაზღვრელი კედლის შიგნით. დამატებით, მხარეთა არგუმენტაციის კიდევ ერთხელ მოსმენის მიზნით საკასაციო პალატის მიერ 2022 წლის 19 ივლისს, 27 ივლისს და 28 სექტემბერს ჩატარდა სასამართლო სხდომები, რა დროსაც არ გამოკვეთილა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის ან შეფასების ფაქტი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის და მხარეთა მიერ წარმოდგენილი განმარტებების საფუძველზე, პალატა დადასტურებულიდან მიიჩნევს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრების ნაწილის ფლობას. თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დაკავებული ფართის ფლობის კანონიერი საფუძველი, რაც მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. მეტიც, დადგენილია რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ექსპერტიზის ჩატარების ნება არ დართო. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არარსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 თებერვლის განჩინება;
3. ლ.ჯ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ღ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2022 წლის 13 აპრილს №1649853479/GEL საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე