Facebook Twitter

საქმე №ას-323-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს.შ–კი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - დ.დ–ი, თ.დ–ი, ა.ხ–ვა, ნ.ფ–ი

დავის საგანი - სამკვირდოს გამოთხოვა, თანხის დაკისრება, გარიგებების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ს.შ–კმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - დ.დ–ის, თ.დ–ის, ა.ხ–ვას და ნ.ფ–ის მიმართ და მოითხოვა სამკვირდოს გამოთხოვა, თანხის დაკისრება და გარიგებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ს.შ–კის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ს.შ–კმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ს.შ–კის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.შ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ დ.დ–მა უკანონოდ „მიითვისა“ მოსარჩელის მამის კუთვნილი ფულადი სახსრები, რითაც შემდგომ პერიოდში, მან და სხვა თანამოპასუხეებმა შეიძინეს უძრავი ქონებები. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული არგუმენტაცია ქმნის თანხის დაკისრებისა და გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით ს.შ–კის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს.შ–კის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და უძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობა წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ხელყოფის კონდიქციის სპეციალურ სახეს წარმოადგენს და შეიცავს მისი გამოყენების წინაპირობების ჩამონათვალს: მოვალემ კრედიტორის თანხმობისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უნდა ხელყოს სხვისი ქონებრივი სიკეთე. ნორმის შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის არარსებობა კი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის №ას-657-2022 განჩინება). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის №ას-1361-2018 და 2019 წლის 22 მარტის №1298-2018 განჩინებები, 2021 წლის 25 ივნისის №ას-1198-2019 გადაწყვეტილება).

წინამდებარე საქმეში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დ.დ–ი მოსარჩელის მამკვიდრებლის (მამა) კუთვნილ ფულად სახსრებს კანონიერი საფუძვლის გარეშე „დაეუფლა“, რამაც მოსარჩელის განმარტებითვე გამოიწვია სამკვიდროში შემავალი აქტივების შემცირება და ამდენად, მისი, როგორც მემკვიდრის უფლების შელახვა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- ვ. მ–ი გარდაიცვალა 2012 წლის 1 აპრილს თბილისში;

- 2010 წლის 18 თებერვალს ვ. მ–მა და დ.დ–მა გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;

- 2010 წლის 26 იანვარს ვ. მ–მა გაასხვისა ქალაქ კალპში (ესპანეთი), მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ნასყიდობის საფასურმა შეადგინა 180000 ევრო, რომელიც გამყიდველმა სრულად მიიღო მყიდველისგან;

- ვისბადენის პირველი ინსტანციის მემკვიდრეობის სასამართლოს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მამკვიდრებლის ვ. მ–ის ერთადერთ მემკვიდრეს წარმოადგენს ს.შ–კი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გარემოება იმის შესახებ, თუ რა ქონება გააჩნდა ვ.მ–ს გარდაცვალების მომენტში, ამდენად, რა აქტივებისგან შედგებოდა სამკვიდრო. ასევე, არ დასტურდება დ.დ–ის მიერ ვ.მ–ის გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების შემდგომ მისი კუთვნილი ფულადი სახსრების მიღების ფაქტი. ამასთან, საგულისხმოა, რომ ვ.მ–ის გარდაცვალებასთან მიმართებით საგამოძიებო ორგანოების მიერ არ დადგინდა დანაშაულებრივი ქმედების არსებობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დ.დ–ის მიერ ვ.მ–ის სიცოცხლეში მისი კუთვნილი ქონების მიღების დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ვერ გახდებოდა მიღებულის გამოთხოვის საფუძველი. ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც კი, სასამართლოსთვის დამატებით უნდა ყოფილიყო დადასტურებული დ.დ–ის სასარგებლოდ ქონების გადაცემის საფუძვლის უკანონობა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი და საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი გარემოებების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან ან/და სხვა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე დ.დ–ის და თ.დ–ისთვის თანხის დაკისრების წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ასევე სადავო ხდის მოპასუხეების ნ.ფ–ის და ა.ხ–ვას სასარგებლოდ დადებული უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებების კანონიერებას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

დადგენილია, რომ დ.დ–მა 2010 – 2013 წლებში შეიძინა არაერთი უძრავი ქონება, რომლის ნაწილიც შემდგომ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა თანამოპასუხეების - ნ.ფ–ის, ა.ხ–ვას და თ.დ–ის სახელზე.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მოჩვენებითად მიჩნევისთვის სათანადო მტკიცებულებები. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება მოსარჩელის მამკვიდრებილის მხრიდან დ.დ–ის სასარგებლოდ ფულადი სახსრების გადაცემის ფაქტი, აღნიშნული დამატებით გამორიცხავს სადავო გარიგებების კანონსაწინააღმდეგობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს განსახილველ საქმეზე გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებით სადავო საკითხს. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შემდეგ მოწესრიგებაზე: კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; 27-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის; ხოლო 41-ე მუხლის შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი პრეტენზიები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც გამოიყენება პრეტენზიების წარმომშობ ქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ. განსახილველი შემთხვევაში, ს.შ–კის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების გამოკვლევა საჭიროებს უსაფუძვლო გამდიდრების და გარიგების კანონიერების შესახებ სამოქალაქოსამართლებრივი ნორმებით, მაშასადამე, ქართული კანონმდებლობით შეფასებას.

საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი წინამდებარე საქმის განსახილველად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 55-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. ნიშანდობლივია, რომ წინამდებარე საქმეში განსახილველი არ არის მემკვიდრეობითსამართლებრივი ურთიერთობები. ამდენად, ს.შ–ის სასარჩელო მოთხოვნები არ საჭიროებს მემკვიდრეობითსამართლებრივი ნორმების გამოკვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოებს აქვს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მართებულად იქნა გამოყენებული ქართული კანონმდებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.შ–კის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. ი. ნ–ას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ს.შ–კის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2022 წლის 1 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% - 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე