Facebook Twitter

15 ივლისი, 2022 წელი

№ას-324-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ.ლ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ი“ (თავმჯდომარე ი.მ–ძე), ლ.მ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ.ლ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ი“-ს 2016 წლის 26 ივნისის კრების ოქმი №2, რომლის საფუძველზეც, ლ.მ–ვას საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 7.66 კვ.მ. სარდაფი საკადასტრო კოდით № ....... ლ.მ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნ.ლ–ას კუთვნილი სარდაფი საკადასტრო კოდით № ....., მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ..... (ყოფილი ..... ქუჩა) N18, მე-3 სადარბაზო.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ „მ–ი“ (თავმჯდომარე ი.მ–ძე) და ლ.მ–ვამ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით, შეჩერდა ბმა „მ–ი“-ს და ლ.მ–ვას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმე №2/2265-20-ზე, 2020 წლის 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. 2021 წლის 02 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა და ითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ი“-ს მიერ ნ.ლ–ას მიმართ აღიძრა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამეურნეო სათავსის (ს/კ .......) ნ.ლ–ას ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ბ.მ.ა. „მ–ი“-ს 2014 წლის 14 ივნისის №35 კრების ოქმის ბათილად ცნობა და თბილისში, ....... (ყოფილი ....) ქ. №18-ში, მე-3 სადარბაზოში მდებარე სარდაფის (ს/კ ......) მესაკუთრედ ბ.მ.ა. „მ–ი“-ს ცნობა. 2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქმეზე №2/2265-20 ბ.მ.ა. „მ–ი“-ს სარჩელი ნ.ლ–ას მიმართ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის.

3.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორთა მოსაზრება, რომ ვინაიდან სადავო სარდაფზე (ს/კ ....) ნ.ლ–ას უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ი“-ს 2014 წლის 14 ივნისის კრების ოქმი (№140634871, დამოწმების თარიღი 20/06/2014 ნოტარიუსი ნ.ბ–ძე), რომლის ნამდვილობაც სადავოდ არის ქცეული ბ.მ.ა. „მ–ი“-ს სარჩელის საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს წინამდებარე დავის ფარგლებში ნ.ლ–ას სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვა შეუძლებელია ზემოაღნიშნული საქმე №2/2265-20_ის საბოლოო გადაწყვეტამდე.

3.3. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა, რომ წინამდებარე საქმეში ნ.ლ–ას მოთხოვნა სარდაფის (ს/კ .....) ლ.მ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს და მისი დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ნივთის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისათვის აუცილებელ ერთ-ერთ წინაპირობას, მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნას, გამოეცლება საფუძველი, რაც გავლენას მოახდენს მოცემული დავის შედეგზე. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით კი პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა წინამდებარე საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება მოსარჩელის საკუთრების უფლების სადავოობის თვალსაზრისით, რაც საფუძვლად დაედო საქმე №2/2265-20_ის საბოლოო გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერებას.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ.ლ–ას წარმომადგენელმა ზ.ჯ–ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი. სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინებით გაცემული მითითება საქმის განხილვაზე, დროებით უარი თქვა წინამდებარე საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე და დაუსაბუთებელი უპირატესობა მიანიჭა საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, ნ.ლ–ას კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშესაბამისობის საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება იმ დრომდე, ვიდრე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადგინდება სადავო სარდაფის (ს/კ ......) მიმართ ნ.ლ–ას საკუთრების უფლების არსებობა-არარსებობა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

8.1. ამრიგად, საქმის წარმოების აღნიშნული საფუძვლით შეჩერებაზე მსჯელობისას, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, მოთხოვნის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში შედის თუ არა იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. თუ ასეთი ურთიერთკავშირი დადგინდება, სასამართლოს წარმოეშვება არა უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება, შეაჩეროს საქმის განხილვა იმ დრომდე, ვიდრე დაკავშირებული საქმე გადაწყდება.

8.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყობს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმესთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეზე სადავოდ არის ქცეული ნ.ლ–ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის) ნამდვილობა და ამავდროულად, ამავე სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სადავო სარდაფის (ს/კ ......) საკუთრებითი რეჟიმის იმგვარი ცვლილება, რომ მის მესაკუთრედ, ნ.ლ–ას ნაცვლად, აღირიცხოს ბ.მ.ა. „მ–ი“.

8.3. ამავდროულად, წინამდებარე საქმეში ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნაა, ლ.მ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ნ.ლ–ას კუთვნილი სარდაფი საკადასტრო კოდით № ......., მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ...... ქ. (ყოფილი ...... ქუჩა) N18, მე-3 სადარბაზო.

8.4. პალატა ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ვინდიკაციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერება მარტოოდენ იმ საფუძვლით, რომ სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში შეცილებულია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი (იხ. მათ შორის, სუსგ. №ას-112-2022; №ას-432-2021), თუმცა, პალატის მოსაზრებით, წინამდებარე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება იმ საქმეეებისგან, რომელთა მიმართაც საკასაციო სასამართლომ დაადგინა ზემოაღნიშნული ერთგვაროვანი მიდგომა, კერძოდ, გარდა უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობისა, დაკავშირებულ სარჩელში წარდგენილია მოთხოვნა სადავო ნივთის (........ საკადასტრო კოდის მქონე სარდაფზე) მესაკუთრედ ბ.მ.ა. „მ–ი“-ს მესაკუთრედ ცნობის შესახებ. სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა დადასტურებულია ორი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი აქტებით (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ), ამრიგად, რეგისტრირებული მესაკუთრის სასარგებლოდ მოქმედი საჯარო რეესტრის მონაცემის უტყუარობის პრეზუმფცია შესუსტებულია ანგარიშგასაწევი და მაღალი ლეგიტიმაციის სამართლებრივი დასკვნებით - სასამართლოთა გადაწყვეტილებებით.

8.5. პალატა მიუთითებს, რომ ნ.ლ–ას, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილების განხორციელება - არ დაუშვას ნივთის სხვა პირთა მიერ ფლობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სრულად არის დამოკიდებული შემდეგ წინაპირობათა ერთობლივ არსებობაზე: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3) მფლობელობა უნდა იყოს არამართლზომიერი.

8.6. ბ.მ.ა. „მ–ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვინდიკაციურ მოთხოვნას გამოეცლება ერთ-ერთი წინაპირობა - მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნის სახით, რაც მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობაც გამორიცხავს (იხ. სუსგ. №ას-1015-2019). აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დაკავშირებულ საქმეში მოწმდება სადავო ნივთის მიმართ ნ.ლ–ას საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერება, საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას, რომ საქმეების მჭიდრო სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით, ჯერ უნდა გამოირკვეს სადავო ქონების ნამდვილი მესაკუთრის ვინაობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეფასდეს მესამე პირის მიერ ნივთზე მფლობელობის განხორციელების საფუძვლები.

8.7. ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას მასზედ, რომ საქმის წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება სასამართლომ ვერ დაასაბუთა. გაზიარებას არ იმსახურებს კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებაში ასახული მითითებები საქმის არსებითად განხილვის თაობაზე. საქმე №ას-476-2021_ზე მიღებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ უარყო სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ წინამდებარე სარჩელი აღიარებითი ბუნების არის და გააუქმა იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, თუმცა არავითარი მითითება საქმის წარმოების შეჩერების საკითხთან მიმართებით არ განუხორციელებია.

8.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამავე კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეჩერდება – სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

8.9. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩანაწერი, რომლითაც შეჩერდა ბ.მ.ა. „მ–ი“-ს და ლ.მ–ვას სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმე №2/2265-20-ზე, 2020 წლის 23 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ასახავს სსსკ 279-ე მუხლისა და 281-ე მუხლის შინაარსს, ამრიგად, პრეტენზია მასზედ, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ფორმულირებული შინაარსით საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, უსაფუძვლოა.

9. ამგვარად, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების კერძო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ კერძო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებულია, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 279-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ლ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი