Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-61-გ-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 9 ნოემბერს ა. მ-ემ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და რეაბილიტირებულად ცნობა მოითხოვა. განმცხადებელი აქვე მიუთითებდა, რომ აღნიშნული საპენსიო საკითხების მოსაწესრიგებლად ესაჭიროებოდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებასა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებაზე უარი ეთქვა.

რაიონულმა სასამართლომ ა. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ის გარემოება მიიჩნია, რომ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკეა განსაზღვრული.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. მ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მისი განცხადება დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საქმის საბოლოო შედეგი მის ინტერესებსაც შეეხებოდა, რის გამოც საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ სოცუზრუნველყოფის ფონდის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოდგენის გამო, საკასაციო პალატას საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსჯად დავად არ უნდა მიეჩნია, რადგან განმცხადებელი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას მოითხოვდა, რაც უდავო წარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული და საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. მოცემული მუხლის კონსტრუქციიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა უფლებამოსილია განსჯადობის საკითხი გადაწყვიტოს ქვემდგომ სასამართლოთა შორის დავის არსებობისას, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას - როდესაც განსჯადობის შესახებ დავა რეალურად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შორის წარმოიშვა _ აღნიშნულზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები ვერ გავრცელდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განსჯადი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ვერ იმსჯელებს განსჯადობის საკითხზე, ვერ შეცვლის კანონიერ ძალაში შესულ უზენაესი სასამართლოს სხვა პალატის განჩინებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი განიხილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომელიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. ამდენად, მოცემული მუხლის კონსტრუქციიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარის მიერ საჩივრის წარმოდგენით უდავო წარმოებით განსჯადი საქმის საერთო წარმოების წესით განსჯად საქმედ გარდასახვა არ ხდება. კანონი აღნიშნულ შემთხვევაში იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ უდავო წარმოებით საქმის განხილვისას დავის აღძვრა წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვებას იწვევს და დავა საერთო სასარჩელო წესით იწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ არ იქნა გამოყენებული სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილი, აღნიშნული შეუძლია გამოიყენოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 284-286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას დაუბრუნდეს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.