13 აპრილი 2022 წელი
№ას-1007-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ლ–სი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ლ–სი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“, „შემსრულებელი“, „მენარდე“) მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 4051.61 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შ.პ.ს. „ლ–სი“-ს შორის 2018 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული №146 ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ლ–სი“-ს მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა, ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილისა და შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, ეტაპობრივად, 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
3. კომპანიის მხრიდან დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე, კერძოდ:
3.1. 19 სექტემბერს 2 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა შარვალი საზაფხულო (მამაკაცის), ქვედაბოლო ზაფხულის (ქალბატონის) და ჩანთა;
3.2. 26 სექტემბერს 9 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა შარვალი საზაფხულო (ქალბატონის);
3.3. 29 სექტემბერს 1 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა პერანგი მოკლე მკლავით (მამაკაცის), შარვალი საზაფხულო (მამაკაცის) და პერანგი მოკლე მკლავით (ქალბატონის);
3.4. 27 ოქტომბერს 8 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა პერანგი გრძელი მკლავით _ (მამაკაცის), პერანგი გრძელი მკლავით (ქალბატონის) და ქუდი ნაქსოვი;
3.5. 3 ნოემბერს 15 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა მაისური გრძელი მკლავით (ქალბატონის) და მაისური გრძელი მკლავით (მამაკაცის);
3.6. 12 ნოემბერს 24 დღის დაგვიანებით მიწოდებულ იქნა მაისური გრძელი მკლავით (მამაკაცის) და ქვედაბოლო ზამთრის (ქალბატონის).
4. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ურთიერთშეთანხმების ოქმებით 2018 წლის 05 ოქტომბერს მისაწოდებელი საქონლის მიწოდების ვადამ გადაიწია 2018 წლის 19 ოქტომბრამდე, ხოლო ქურთუკის, ჟილეტისა და პულოვერის მოწოდების ვალდებულება გაუქმდა, რის გამოც, ხელშეკრულების ღირებულება 2018 წლის 19 ოქტომბრიდან განისაზღვრა 25012 ლარით.
5. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადაგადაცილებისთვის შ.პ.ს. „ლ–სი“-ს 2019 წლის 28 თებერვალს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.25%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 4051.61 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა 08.10.2020წ. გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა პოზიცია და სარჩელი ცნო 2000 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შ.პ.ს. „ლ–სი“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო №146 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის 2000 ლარის ოდენობით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და შ.პ.ს. „ლ–სი“-ს შორის 2018 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული №146 ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ლ–სი“-ს უნდა მიეწოდებინა მართლწესრიგის ოფიცრის უნიფორმა, ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილისა და შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, ეტაპობრივად, 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ურთიერთშეთანხმების ოქმებით ფასების ცხრილში შეტანილ იქნა ცვლილება და 2018 წლის 05 ოქტომბერს მოსაწოდებელი საქონლის მოწოდების ვადამ გადაიწია ამავე წლის 19 ოქტომბრამდე, ხოლო ქურთუკის, ჟილეტისა და პულოვერის მოწოდების ვალდებულება საერთოდ ამოღებულ იქნა, რის გამოც ხელშეკრულების ღირებულება შეთანხმების გაფორმებიდან (2018 წლის 19 ოქტომბრიდან) შემცირდა 25012 ლარამდე.
10.2. მოპასუხე მხარე ადასტურებს შესასრულებელი სამუშაოების დაგვიანებით შესრულების ფაქტს, კერძოდ, კომპანიის მხრიდან დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე: 19 სექტემბერს - 2 დღის დაგვიანებით, 26 სექტემბერს - 9 დღის დაგვიანებით, 29 სექტემბერს - 1 დღის დაგვიანებით, 27 ოქტომბერს - 8 დღის დაგვიანებით, 3 ნოემბერს - 15 დღის დაგვიანებით და 12 ნოემბერს - 24 დღის დაგვიანებით განხორციელდა საქონლის მიწოდება.
10.3. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადაგადაცილებისთვის განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.25%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 4051.61 ლარი.
11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
11.1. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამატეხლოს დაკისრება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები.
11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
11.3. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
11.4. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
11.5. მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, კერძოდ, ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, შესყიდვების ობიექტის მიწოდების ვადაგადაცილებისთვის ყოველი გადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.25%. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საქონლის მიწოდების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
11.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახელდობრ, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ., ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ ფარგლებს სცდება.
11.7. ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნები, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, ხოლო სამართლიანი ოდენობა, მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, შეადგენს 2000 ლარს.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირებაზე ზოგადია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ღიად არის დატოვებული, თუ რატომ იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მოთხოვნილი სანქცია.
12.2. მიმწოდებელმა უხეშად დაარღვია მიწოდების ვადები, რიგ შემთხვევაში, ერთ თვემდე ვადითაც, იმ დროს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა ახალი პროგრამის - მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტის დანერგვას და არსებითად დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ოფიცრების ფორმებით დროულად აღჭურვა. ის, რომ შემსყიდველი უწყება მაღალი ინტერესით ადევნებდა თვალს ფორმის ტანსაცმლის დროულ მიწოდებას, ცნობილი იყო მიმწოდებლისთვისაც, მიუხედავად ამისა, დააგვიანა მოკლემკლავიანი მაისურების მიწოდება, ხოლო შემოდგომისათვის, სიცივის პერიოდში, გრძელმკლავიანი მაისურების მიწოდებაც მხოლოდ ნოემბრის შუა რიცხვებში მოახერხა, როდესაც მართლწესრიგის ოფიცრებს ფუნქციურად უწევთ ძირითადად გარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება, ამდენად, მითითებული გარემოების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არ უნდა შემცირებულიყო.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლ–ს, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ სადავოა დადგენილ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საკითხი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
18.1. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ. №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
18.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
18.3. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; №ას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
18.4. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
19. საკასაციო საჩივარში კრედიტორი უთითებს იმ განსაკუთრებულ მოლოდინზე, რომელიც ხელშეკრულების დროული შესრულების მიმართ გააჩნდა, თუმცა დაუსაბუთებელია, რა უხერხულობა/გაუთვალისწინებელი ვითარება შეუქმნა მას მოვალის მხრიდან ვადაგადაცილებამ ან რა თვალსაზრისით შეუშალა ხელი (შეუქმნა საფრთხე) მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის საჯარო ინტერესის დროულ განხორციელებას ვალდებულების დათქმულ ვადებში ჯეროვნად შეუსრულებლობამ. ამდენად, დარღვევის ხასიათისა და ნაკლები სიმძმის, აგრეთვე მოხმობილი არგუმენტების გათვალისწინებით, საკასაციო პრეტენზია პირგასამტეხლოს არაგონივრული შემცირების შესახებ, მოკლებულია საფუძვლიანობას.
20.1. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა მიუწოდებელი საქონლის ღირებულება. დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
20.2. მართალია, პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესთან მიმართებით მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია, მაგრამ მან სადავოდ აქცია დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოცულობის შესაბამისობა სამართლიანობის პრინციპთან. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
20.3. კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან, სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა საურავის დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე - დაახლოებით 280 ლარი იქნებოდა, ამდენად, პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მენარდეს რეალურად ეკისრებოდა, მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან შედარებით, დაახლოებით 14-ჯერ ნაკლებია, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. იმ პირობებში, როდესაც მენარდეს სასარჩელო მოთხოვნა აღიარებული აქვს 2000 ლარის ოდენობით და ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობაზე მას საპელაციო და საკასაციო პრეტენზიები არ განუცხადებია (2000 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში), საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების გზით სანქციას რეალურად გონივრულ ოდენობამდე ვერ დაიყვანს, თუმცა ვერც კრედიტორის უსაფუძვლო საკასაციო პრეტენზიას გაიზიარებს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. კასატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ამრიგად, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი