Facebook Twitter

15 ივლისი, 2022 წელი

№ას-1253-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ს.ს. „ს.რ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონოდ დარიცხული ჯარიმის გაუქმება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ს.რ–ა“-ს მიმართ, 2019 წლის 14 ოქტომბერს დარიცხული ჯარიმის გაუქმებისა და მოპასუხისათვის 5900 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. 2019 წლის 14 ოქტომბერს ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“ დაჯარიმებული იქნა ს.ს. „ს.რ–ა“-ს მიერ 5900 ლარით, ქ.თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომპანიის ნავთობტერმინალში 10 (ათი) ვაგონ-ცისტერნის მოცდენისთვის. ვაგონები, რომლის მოცდენის გამოც დაჯარიმდა მოსარჩელე, რკინიგზის სადგურ ლილოში შემოვიდა 13.10.2019 წელს 03:45 საათზე. ვაგონების შემოსვლის შესახებ სადგურის თანამშრომელმა არ აცნობა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ნავთობტერმინალის დირექტორმა ვაგონის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა პირადად 13.10.2019 წლის 09:00 საათზე და მიიღო პასუხი, რომ თბომავალი №-5127 დაზიანების გამო, დამხმარე თბომავლით №-4309 გადაყვანილი იყო სარემონტო დეპოში, დიდუბეში. აღნიშნულის შემდეგ ხელი მოეწერა საერთო ფორმის აქტს №-149783. რკინიგზის მხრიდან კი ვაგონებს მიენიჭა სტატუსი - მომცდენი - არაკლიენტი. ვაგონების მიღება ტერმინალმა შეძლო მხოლოდ 13.10.2019 წლის 15:25 საათზე, მას შემდეგ რაც მოხდა დაზიანებული თბომავლის აღდგენა და სხვა კომპანიისთვის დარჩენილი მიუწოდებელი ვაგონების მიწოდება სოფ. ვაზიანში. მოსარჩელის მიერ ვაგონების დაცლა განხორციელდა 14.10.2019 წლის 11:45 საათზე, ვაგონების მიღებიდან დაახლოებით 20 საათის შემდეგ. 2019 წლის 11 ნოემბერს ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-მ წერილობით მიმართა ს.ს. „ს.რ–ა“-ს და ითხოვა უკანონოდ დარიცხული 5900 ლარიანი ჯარიმის გაუქმება, რაზეც ს.ს. „ს.რ–ა“-ს 2019 წლის 25 ნოემბრის №6405 წერილით ეთქვა უარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-ს 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის დაერიცხა თანხა 5900 ლარის ოდენობით. რკინიგზის სადგურ ბათუმიდან სადგურ ლილოში 2019 წლის 13 ოქტომბერს 02:45 საათზე ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-ს სახელზე შემოვიდა, ელექტრონული საგზაო უწყისებით გაფორმებული, 10 ბენზინით დატვირთული ვაგონ-ცისტერნა, რომლებზეც შედგა ელექტრონული საერთო ფორმის აქტი №149736 (მომცდენი „კლიენტი“, გაფორმების მიზეზი „გამოსყიდვის მოლოდინი“, მოცდენის დაწყების დრო 13.10.2019 წლის 03:45 სთ. დასრულების დრო 13.10.2019 წლის 09:00 საათი), რომელსაც მოსარჩელის წარმომადგენელი აწერს ხელს. მასვე აქვს ხელმოწერით დადასტურებული ვაგონების ელექტრონული საგზაო უწყისები, რომელთა 33-ე გრაფაში „შეტყობინება ტვირთის მოსვლაზე“ დაფიქსირებულია შესაბამისი თარიღი. თბომავლის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დასტურდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ს.ს. „ს.რ–ა“-ს ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5900 ლარის გადახდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს. „ს.რ–ა“-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მხარეები გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან. 2019 წლის 14 ოქტომბერს ს.ს. „ს.რ–ა“-მ ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-ს ქ.თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მოსარჩელის ნავთობტერმინალში 10 ვაგონ-ცისტერნის 24 საათზე მეტი ხნით მოცდენისათვის, 24 საათზე მეტი ხნით მომსახურების საფასური (ჯარიმა) - 5900 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით, დაარიცხა (ს.ფ. 21-23).

7.2. რკინიგზის სადგურ ბათუმიდან სადგურ ლილოში 2019 წლის 13 ოქტომბერს 02:45 საათზე ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-ს სახელზე, ელექტრონული საგზაო უწყისებით გაფორმებული, 10 ბენზინით დატვირთული ვაგონ-ცისტერნა შევიდა.

7.3. ზემოაღნიშნულ 10 ვაგონ-ცისტერნაზე 2019 წლის 13 ოქტომბერს, 03:45 საათზე, ს.ს. „ს.რ–ა“-ს მიერ საერთო ფორმის №149736 ელექტრონული აქტი შედგა, რომლის თანახმად, 10 ვაგონის მოცდენა კლიენტის - ს.ს. „ვ.პ.ჯ–ა“-ს მიზეზით, 2019 წლის 13 ოქტომბერს, 03:45 საათზე დაიწყო და 2019 წლის 13 ოქტომბრის 09:00 საათზე დასრულდა, რა პერიოდშიც ტვირთი გამოსყიდვის მოლოდინში იყო (მომცდენი „კლიენტი“, გაფორმების მიზეზი „გამოსყიდვის მოლოდინი“, მოცდენის დაწყების დრო 2019 წლის 13 ოქტომბერი 03:45 სთ. დასრულების დრო 2019 წლის 13 ოქტომბერი 09:00 საათი). აქტს ხელს მოსარჩელის წარმომადგენელიც აწერდა (ს.ფ. 18).

7.4. ს.ს. „ს.რ–ა“-ს მიერ, 2019 წლის 13 ოქტომბერს, 09:01 საათზე საერთო ფორმის №149783 აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, 10 ვაგონის მოცდენა არა კლიენტის - ს.ს. „ს.რ–ა“-ს მიზეზით, თბომავლის უქონლობის გამო, 2019 წლის 13 ოქტომბერს, 09:01 საათზე დაიწყო და 2019 წლის 13 ოქტომბრის 15:09 საათზე დასრულდა (ს.ფ. 19).

7.5. რკინიგზის სადგურ ლილოში, 2019 წლის 13 ოქტომბერს, ღამის სმენაში ტვირთების მიღებას მორიგე სპეციალისტი - ხ.ბ–ი ახორციელებდა (მხარეთა ახსნა-განმარტება).

7.6. რკინიგზის სადგურ ლილოში ტვირთმიმღებისთვის მიტანილი ტვირთის შესახებ შეტყობინების ტელეფონის საშუალებით მიწოდების ფორმა იყო დადგენილი. ვაგონების შემოსვლის შესახებ სადგურის თანამშრომელმა კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს არ აცნობა (2021 წლის 11 მარტს გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ.ბ–სა და მ.გ–ძის ჩვენება).

7.7. საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით, კერძოდ, საერთო ფორმის აქტი №149783-ით დგინდება, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს 09:01 საათიდან მომცდენის სტატუსი - „არა კლიენტით“ განისაზღვრა, რაც მხარეთა განმარტებით, ნიშნავს, რომ მოცდენის დრო თბომავლის უქონლობის გამო, კლიენტს ბრალად არ შეერაცხებოდა. თუმცა, საერთო ფორმის აქტ №149736-ში 2019 წლის 13 ოქტომბერს 03:45 საათიდან 09:00 საათამდე მომცდენად კლიენტია მითითებული, ხოლო აქტის გაფორმების მიზეზად გამოსყიდვის მოლოდინია მითითებული. რაც მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი პრინციპის გათვალისწინებით, ნიშნავს, რომ ს.ს. „ს.რ–ა“-ს მტკიცების ტვირთში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს დილის 03:00 საათიდან 09:00 საათამდე თბომავალი დაზიანებული არ ყოფილა/ადგილზე იყო და რკინიგზას მომსახურების ჯეროვნად გაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, რაც მიმღების ბრალით არ განხორციელებულა. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ დაძლია.

7.8. მოწმეების განმარტებებით იკვეთება, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს, ღამით, როდესაც რკინიგზის სადგურ ლილოში მოსარჩელისთვის განკუთვნილი ვაგონ-ცისტერნები შევიდა, აღნიშნულ სადგურს თბომავალი არ ჰყავდა, ვინაიდან დაზიანების გამო, შესაკეთებლად, სარემონტო დეპოში იყო გადაყვანილი. ასევე, საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საერთო აქტის №149783 შესაბამისად ირკვევა, რომ შეკეთებული თბომავალი სადგურში 2019 წლის 13 ოქტომბერს 15:09 საათზე დაბრუნდა (ს.ფ. 19).

7.9. 2019 წლის 13 ოქტომბერს რკინიგზის სადგურის თბომავლის დაზიანება 03:00 საათიდან 09:00 საათამდე ვაგონის დაცლის შესაძლებლობას გამორიცხავდა. მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი 1 საათი და 30 წუთი, რომლის გადაცილებამაც 24 საათიანი მოცდენის გადაჭარბება გამოიწვია, ტვირთმიმღების ბრალით არ იყო გამოწვეული.

7.10. 2019 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს 24 საათზე მეტი მომსახურებისათვის 10 ვაგონზე 5900 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) გადაუხადა.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. იმ პირობებშიც კი, თუ სააპელაციო პალატა აპელანტის მიერ გაკეთებულ იმ ახსნა-განმარტებას გაიზიარებდა, რომლის თანახმად, „რკინიგზას მიმღებისთვის ტვირთის მიღების შესახებ სატელეფონო შეტყობინების ვალდებულება არ ჰქონდა და აღნიშნული საკითხი საგზაო უწყისის მეშვეობით, ელექტრონულად წესრიგდებოდა, აღნიშნული საგზაო უწყისი ტვირთის მიმღებმა აპელაციის გარეშე დაადასტურა, რაც მათ ინფორმირებულობას ადასტურებდა“.. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის გაქარწყლების მიზნით, აპელანტს შესაბამისი წონადი მტკიცებულების წარდგენით უნდა დაედასტურებინა, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს 03:00 საათიდან 09:00 საათამდე მომსახურების ჯეროვანი გაწევა შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებულიდან გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ინფორმირებულობის პირობებშიც (ს.ფ. 67), მხარეს ჰქონდა გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მას ვაგონის დასაცლელად 24 საათი გააჩნდა, ამ დროის განმავლობაში მას ნებისმიერ დროს შეეძლო ვაგონიდან მისი ტვირთის დაცლა და იგი გონივრული წინდახედულობის ფარგლებშიც კი, ვერ ივარაუდებდა, რომ თბომავლის უქონლობის/დაზიანების გამო 24 საათიანი რეგლამენტი შესაძლებელია შემცირებულიყო. რწმენა მასზედ, რომ მხარეს ტვირთის დაცლა, რკინიგზის სრულფასოვნად მუშაობის პირობებში, 24 საათზე ნაკლებ დროში შეეძლო, სასამართლოს გაუმყარა საქმის მასალებში წარმოდგენილმა სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათმა №412324, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს მის კუთვნილ ტერმინალში მოპასუხემ 10 ვაგონი 2019 წლის 13 ოქტომბერს, 15:25 საათზე მიაწოდა, მოსარჩელემ კი, ვაგონების დაცლა 2019 წლის 14 ოქტომბერს, 11:45 საათზე, ანუ ვადაზე ადრე დაასრულა.

8.2. სამოქალაქო სამართალწარმოებაში ცალკე არსებულ ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, თუ საქმის მასალებში წარმოდგენილი სხვადასხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით განსხვავებული ფაქტი დასტურდება. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც 2019 წლის 03:00 საათიდან 09:00 საათამდე ვაგონის მოსარჩელის ბრალით მოცდენის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დადასტურდებოდა, ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ობიექტური შესაძლებლობა და მისივე მოლოდინი, თუ რა ვადაში უნდა გაეთავისუფლებინა ვაგონი, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისი იყო, შესაბამისად, მოსარჩელისთვის დაკისრებული და გადახდილი ჯარიმა 5900 ლარის ოდენობით, კონდიქციური წესით (სსკ 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), მოსარჩელისთვის დაბრუნებას მართებულად დაექვემდებარა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. „ს.რ–ა“-მ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. სააპელაციო სასამართლოს საქმის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმა, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სარკინიგზო მომსახურებისთვის დარიცხული საფასურის უკან დაბრუნებას, ამდენად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო კოდექსის 668-708 მუხლებით (ტვირთის გადაზიდვა), საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, „სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური აღრიცხვის და დარიცხვისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოების, აღრიცხვის, ექსპედირების და „სატვირთო საქმიანობის აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ შეტანის წესით“. 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე მიღებული “სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და საფასურები“-ს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დანიშნულების სადგურში კლიენტის მიზეზით, 24 საათზე მეტი მომსახურებისას, თითოეულ დაწყებულ დღე-ღამეზე რკინიგზის დამატებითი მომსახურების საფასური ნავთობპროდუქტიბით დატვირთულ ერთ ვაგონზე შეადგენს 500 ლარს. ამდენად, დარიცხვას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მისი გაუქმების ან უკან დაბრუნების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

9.2. სასამართლო უნდა დაყრდნობოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებს („თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“; „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“) და მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების წესის დარღვევის შესახებ, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

14.1. „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები“-ს მე-8 მუხლის მე-2 პუნტი ტვირთმიმღებისათვის მომსახურების დამატებითი საფასურის დარიცხვის იურიდიულ შედეგს უკავშირებს მომსახურების 24 საათიანი ლიმიტის არა ყოველგვარ, არამედ იმ გადაჭარბებას, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიზეზით. ამრიგად, წინამდებარე საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადგენა, 24 საათიანი დროის ლიმიტის დარღვევა წარმოადგენდა კლიენტის უმოქმედობის უშუალო შედეგს, თუ არსებობდა კლიენტისგან დამოუკიდებელი რაიმე სხვა მიზეზი, რომელიც ვაგონ-ცისტერნების სადგურზე შესვლიდან 24 საათიან ვადაში დაცლის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

14.2. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მტკიცებულებათა სახეებია: 1) მხარის (მესამე პირის) ახსნა-განმარტება, 2)მოწმის ჩვენება, 3) ფაქტის კონსტატაციის მასალა, 4) წერილობითი მტკიცებულება, 5) ნივთიერი მტკიცებულება და 6) ექსპერტის დასკვნა. ამავდროულად, კანონმდებლობა არ შეიცავს მითითებას მტკიცებულებათა რანგირების შესახებ, მტკიცებულების ყველა სახე თანაბარმნიშვნელოვანია და ამავდროულად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსკ 105(I) მუხლი), თუმცა საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ 102(III) მუხლი).

14.3. ამრიგად, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა შეიძლება კანონით დაშვებული ნებისმიერი სახის მტკიცებულებაზე დაყრდნობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარემოების დადგენისათვის რელევანტური მტკიცებულების სახე კანონით არის დადგენილი (მაგ: უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, დგინდება წერილობითი მტკიცებულებით - ამონაწერით საჯარო რეესტრიდან). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზიის საწინააღმდეგოდ პალატა უთითებს, რომ გადაზიდვის სამართალურთიერთობაში არც სამოქალაქო კოდექსი და არც უფრო სპეციალური კანონმდებლობა - სარკინიგზო კოდექსი და მის საფუძველზე შემუშავებული წესები ტვირთმიმღების ბრალეულობის დადასტურების სპეციალურ წესზე მითითებას არ შეიცავს, ამდენად, მხარეებს გააჩნდათ საპროცესო უფლებამოსილება, მომსახურების ვადის კლიენტის ბრალით დარღვევის ფაქტი ემტკიცებინათ/გამოერიცხათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაშვებული ნებისმიერი მტკიცებულების ძალით. მოსარჩელის ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ რკინიგზის თბომავლები მოსარჩელის კუთვნილი ტვირთის სადგურში შესვლის მომენტში მწყობრიდან იყო გამოსული და აღნიშნული მდგომარეობა ნარჩუნდებოდა 14 ოქტომბრის 15:09 საათამდე, საპროცესო დარღვევას არ წარმოადგენს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოება მოპასუხეს რაიმე მტკიცებულების წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია.

14.4. სხვადასხვა სახის მტკიცებულებათა თანაბარი ძალის პირობებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებათა შეფასების წესს - სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას (იხ. სუსგ. №ას-564-535-2013). საგულისხმოა, რომ მოწმედ დაკითხვის პროცესში ზ.ბ– წარმოადგენდა რკინიგზის მოქმედ თანამშრომელს, ხოლო მ.გ–ძე - ყოფილ თანამშრომელს, მათი თანამდებობრივი კავშირი მოპასუხესთან, იმ პირობებში, როდესაც მოწმეები ადასტურებენ მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, მაღალი ხარისხით ქმნის ჩვენების სარწმუნოობის ვარაუდს. მოპასუხე არათუ ვერ ამტკიცებს, არამედ ვერც კი უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელსაც შეეძლო, გაექარწყლებინა მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის შესახებ მოსამართლის შინაგანი რწმენა.

15. პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სსკ 976-ე მუხლი) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სსკ-ის გადაზიდვის ხელშეკრულების მომწესრგებელი ნორმები, სარკინიგზო კოდექსი და მის საფუძველზე შემუშავებული წესები).

15.1. სადავო არ არის მხარეთა შორის გადაზიდვის სახელშკრულებო ურთიერთობის არსებობა და არც ამ ურთერთობისადმი სარკინიგზო გადაზიდვების სპეციალური კანონმდებლობის გამოყენების საკითხი. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა მომსახურების დამატებითი საფასურის გადახდევინების მართლზომიერება. სასამართლომ, 24 საათზე ხანგრძლივი მომსახურებისთვის დამატებითი საფასურის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის წინაპირობების შესწავლის მიზნით, იკვლია დროის ლიმიტის გადაჭარბებაში ტვირთმიმღების ბრალეულობის საკითხი და სწორედ მისი გამორიცხვის გზით დაადგინა, რომ მომსახურების დამატებითი საფასურის დაკისრების წინაპირობა არ არსებობდა, ხოლო ვინაიდან უკვე დაკისრებული და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნების მექანიზმს არც სსკ გადაზიდვის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები და არც სარკინიგზო გადაზიდვების სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი უფრო სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მიმართა სამოქალაქო კოდექსის უზოგადეს დანაწესს, რომლის თანახმადაც, ქონებრივ სიკეთეთა ნებისმიერ გადანაცვლებას უნდა გააჩნდეს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წანაცვლებული ქონებრივი სიკეთე ექვემებარება ამოღებას მიმღების ქონებრივი სფეროდან და გამცემისათვის დაბრუნებას (ახალაძე მ. უსაფუძვლო გამდიდრება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკის ანალიზი, თბილისი, 2019. გვ.5-6).

15.2. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დაფუძნებულია სახელშეკრულებო ურთიერთობა, იმთავითვე არ გამორიცხავს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დავის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენების შესაძლებლობას. მეტიც, შესრულების კონდიქცია (სსკ 976-ე მუხლი) სახელშეკრულებო სამართლის დანამატია და ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ აღადგინოს ქონებრივი წონასწორობა სახელშეკრულებო პირობების დარღვევით/გადაჭარბებით მიღებულისა და ვალდებულების გარეშე გადაცემულის (არანამდვილი შესრულების) უკან დაბრუნებით გზით (რუსიაშვილი გ. „უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის სარეფორმო წინადადება“, GIZ, თბილისი, 2020, გვ.7),

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ს.ს. „ს.რ–ა“-ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 24 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს. "ს.რ–ა"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. "ს.რ–ა"-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №42995, გადახდის თარიღი: 24.11.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი