Facebook Twitter

13 აპრილი, 2022 წელი №ას-1326-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს.ბ–ი“ (შ.პ.ს. „ს.უ.ქ.ფ“-ს უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „ს.უ.ქ.ფ“-მ (რომლის უფლებამონაცვლედ მოგვიანებით ცნობილ იქნა ს.ს. „ს.ბ–ი“), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - რ.შ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ......., სოფელი ....... (ს/კ N ......) გამოთხოვისა და ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. თბილისი, ......., სოფელი ....... (ს/კ N ......) და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით შ.პ.ს. „ს.უ.ქ.ფ“-ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ს.ს. „ს.ბ–ი“.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება (მდებარე: ქ. თბილისი, ......., სოფელი ......., ს/კ N.......) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს.ს. „ს.ბ–ი“-ს სახელზე.

6.2. მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, მას აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

6.3. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე და 311-ე-312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეიზღუდოს მოპასუხესთან მიმართებით, ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭისთვის. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ოჯახის უსახლკაროდ დარჩენისაგან თავი არიდების მიზნით, ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეს (ბანკს) შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნულს ხელი არ შეუწყეს. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს მამის დანაშთ ქონებას და ამ ქონების შენარჩუნება კასატორისთვის მნიშვნელოვანია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ. თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ს.ს. „ს.ბ–ი“ არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ასევე, დადგენილია, რომ კასატორი სადავო ქონების მფლობელია.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ხოლო ის გარემოებები, რასაც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, საკასაციო სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების სამტკიცებლად. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული ქონების გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მესაკუთრეს (ს.ს. „ს.ბ–ს“) უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ხელი არ შეუწყეს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულებას. პალატა განმარტავს, რომ მორიგება მხარეთა შეთანხმებაა, შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ის სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, რომელზეც მხარეები ორმხრივად თანხმდებიან და რომელიც სასამართლოს მხრიდან განჩინებით მტკიცდება, რაც მხარეთა შეთანხმებას სავალდებულოდ შესასრულებელ და იძულებით აღსასრულებელ დოკუმენტად აქცევს. მხარეთა მორიგება მხარეთა უფლებაა, ამავდროულად აღნიშნული გზით დავის დასრულება სასამართლოს პრიორიტეტია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებულია, რომ სასამართლომ ყველა ზომა უნდა მიიღოს დავის მორიგების დასრულების მიზნით. მათ შორის, სასამართლო უფლებამოსილია მხარეებს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზეც მიუთითოს და ამ გზით დავის მორიგებით დასრულების მიზანშეწონილობაში დაარწმუნოს. ასეთ ვითარებაში სასამართლომ მხარეებს შესაძლო სამართლებრივი შედეგები სამოსამართლო ეთიკის იმგვარი დაცვით უნდა მიაწოდოს, რომ მხარემ სასამართლოს მითითება წინასწარ ჩამოყალიბებულ შეხედულებად, ან „უკვე მიღებულ გადაწყვეტილებად“ არ აღიქვას, რაც დიდწილად, მორიგების მიზნებისათვის, დამაბრკოლებელი ფაქტორი შეძლება აღმოჩნდეს. მორიგების დამტკიცების დროს სასამართლოს შესამოწმებელი კატეგორიაა, გამოვლენილი ნების თავისუფლება, ნამდვილობა, გაცნობიერებული თანხმობა, მორიგების პირობების კანონშესაბამისობა და ა.შ. და არა გამოვლენილი ნების გამოთხოვა, პოზიციის შეცვლა და ა.შ (შდრ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, გვ. 60-62, თბილისი 2020).

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმით (იხ. გვ.61) დასტურდება, რომ სასამართლომ მხარეებს დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა, თუმცა, მათი მორიგება ვერ მოხერხდა. პალატა აქვე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მორიგების მიღწევა დასაშვებია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის აღსრულების მიმდინარეობისას, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მხარეთა აღნიშნული საპროცესო უფლება არ დარღვეულა (შდრ. სუსგ №ას-487-487-2018, 11.05.2018 წლის განჩინება).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება ასევე სადავო საცხოვრებელი ბინის კასატორის არასრულწლოვანი შვილების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს (შდრ. სუსგ: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. რ.შ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ლ.შ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (გადახდის თარიღი: 12.11.2021წ. და 28.12.2021წ. საგადახდო დავალებები: №28306659 და № 28377224) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი