13 აპრილი 2022 წელი
საქმე №ას-823-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და გაჩუქებული ნივთის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.გ–ძემ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ე.გ–ძის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2012 წლის 29 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, მოსარჩელემ უძრავი ქონება (მდებარე ხაშურის რაიონი, სოფელი ....., თანასაკუთრების მიწის ნაკვეთი ფართით 2517.00 კვ.მ, შენობა #1-დან 85.7 კვ.მ., ს/კ ......) საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს და აღნიშნული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე. გამჩუქებელი და დასაჩუქრებული მამა-შვილი არიან.
5.2. მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს მოპასუხისათვის ნაჩუქარი სახლის ნაწილში.
5.3. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ დასაჩუქრებული მის მიმართ იჩენს უმადურობას და აყენებს შეურაცხყოფას.
5.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილზე (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული ნორმა უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთად კი, კანონმდებელი აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ შეურაცხყოფას ან დიდ უმადურობას) მიუთითა და განმარტა, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წესჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (სუსგ. ას-1235-1176- 2014, 2015 წლის 24 თებერვალი).
5.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უმადურობისა და შეურაცხყოფის თვალსაზრისით უთითებდა იმ გარემოებას, რომ 2015 წლის აგვისტოში ექიმთან ვიზიტის მიზნით ჩამოსული იყო თბილისში, რა დროსაც ღამით დარჩა მოპასუხესთან, სადაც მიაყენეს შეურაცხყოფა, არ აჭამეს საჭმელი, უპირებდნენ გარეთ გაგდებას, საბოლოოდ კი, ღამე სკამზე გაათენა. მეორე დღეს ექიმმა არ მიიღო, რადგან შვილმა არ გადაუხადა კონსულტაციის თანხა. მოპასუხემ, იმის ნაცვლად, რომ მანქანით წაეყვანა სოფელში, მიიყვანა დიდუბის ავტოსადგომი, სადაც დაუტოვა სამგზავროდ 5 ლარი, დანარჩენი თანხა კი, წაართვა. ამასთან, 2020 წლის თებერვალში, როდესაც მოპასუხე თავის ოჯახთან ერთად ჩავიდა ნაჩუქარ სახლში, მამას არ მიესალმა და არ მოიკითხა. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე არ ჩადის მოსარჩელესთან, არ ზრუნავს მასზე, არ კითხულობს, არ ეხმარება ეკონომიკურად, რაც მის უმადურობაზე მიუთითებს.
5.6. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ თბილისში ყოფნისას მოპასუხე ან მისი ოჯახის წევრები მას ცუდად მოექცნენ, მიაყენეს შეურაცხყოფა, წაართვეს ფული და არ წაიყვანეს ექიმთან. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გადმოგზავნილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტების თანახმად, კლინიკაში მოსარჩელის სახელზე გაიხსნა პაციენტის #87938 სამედიცინო ბარათი, იმავე დღეს პაციენტს გაეწია თერაპევტის კონსულტაცია და გადახდილ იქნა 20 ლარი (ს.ფ. 94-96).
5.7. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი მამა-შვილს შორის კონფლიქტის უშუალო შემსწრე არ ყოფილა, მათი განმარტებით, გადმოსცეს მოსარჩელის ნაამბობი. მოწმე თ.გ–ძემ, რომელიც არის მოსარჩელის მეორე შვილის ქალიშვილი, აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2015 წლის აგვისტოში მოსარჩელე თბილისში წაიყვანა თავისი მანქანით, იგივე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა მოპასუხის მეუღლემ - ხ.ს–მა.
5.8. პალატის დასკვნით, 2020 წლის 7 თებერვალს მოპასუხის სოფელში ჩასვლისას მამისადმი უპატივცემულად მოპყრობა არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს წაღვლის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 08.03.2020წ. მოსარჩელესთან, მოპასუხესთან და მის მეუღლესთან შემდგარი გასაუბრების ოქმი, სადაც მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სოფელ ..... მდებარე კუთვნილი ქონება აჩუქა თავის ორ შვილს: ვ. და ე.გ–ძეებს, ამჟამად თვითონ ცხოვრობს მოპასუხის კუთვნილი სახლის ოთახში. მოსარჩელის განმარტებით, შვილებთან აქვს კარგი ურთიერთობა, მათთან და მათ მეუღლეებთან უთანხმოება არ ჰქონია. არის 84 წლის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ხშირად სჭირდება ექიმთან ვიზიტი, მოპასუხე კი არ აქცევს სათანადო ყურადღებას, თავის ცოლ-შვილთან ერთად ამჟამად ცხოვრობს თბილისში და მოსარჩელესთან მისვლას ხშირად ვერ ახერხებს. ამდენად, მოსარჩელეს არ დაუდასტურებია შვილთან უთანხმოების ფაქტი, აღნიშნული ვერც მოწმეებმა დაადასტურეს.
5.9. პალატის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს უსასყიდლო გარიგებას, რომელსაც მოტივად ძირითადად მორალური და ზნეობრივი სტანდარტები უდებს საფუძვლად. ქონების გაჩუქება არ ნიშნავს, რომ გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის არ შეიძლება წარმოიშვას მცირეოდენი კონფლიქტი ან წყენა, აღნიშნული კი, უპირობოდ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას არ იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ დასაჩუქრებულის ქცევა არ არღვევდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ, ეთიკურ და ზნეობრივ სტანდარტებს. ასეთი შემთხვევის არსებობა საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, არ დასტურდებოდა. ის, რომ მოპასუხე თავისი სამსახურიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად ვერ ახერხებს სოფელში ჩასვლასა და მამის მონახულებას, არის არა უმადურობისა და უპატივცემულობის გამოხატულება, არამედ ყოფითი ცხოვრებისეული ფაქტი.
5.10. სააპელაციო პალატამ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნია, მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა (მოსარჩელის შვილიშვილი, ძმა, ძმის ცოლი და მეზობლები) მიუთითეს, რომ მოპასუხე ყურადღებას არ აქცევს მამას, არ ზრუნავს მასზე, მოპასუხის მხარეს დაკითხული მოწმეთა (მოპასუხის და, მეუღლე, დისშვილი, მეგობარი) ჩვენებებით კი ირკვეოდა, რომ მოპასუხე ზრუნავს მამაზე, დაყავს ექიმებთან, მოსარჩელე თავად არ აძლევს მოპასუხეს ზრუნვის საშუალებას, ცდილობს კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სარწმუნოდ არ დადასტურდა. გარდა ამისა, დაკითხული პირები არ წარმოადგენენ მოსარჩელესთან თანამცხოვრებ პირებს, შესაბამისად, ისინი ვერ დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, კითხულობს თუ არა მოპასუხე მამას, ზრუნავს, თუ არა მასზე და ა.შ.
5.11. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების მოტივი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ახლო ნათესაური კავშირია. ჩუქების უსასყიდლო ბუნებიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულს არ ევალება საპასუხო შესრულება მჩუქებლის მიმართ ანუ ზრუნვა იმაზე, რომ მჩუქებელი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს. შესაბამისად, სახეზე არ იყო მოპასუხის მხრიდან მჩუქებლის მიმართ გამოვლენილი უმადურობის ფაქტი. წარმოდგენილი ხელშეკრულებით არ ჩანდა, რომ ჩუქება გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და რომ მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც გამჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავდა მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობდა. მშობლის რჩენის ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნია არა ჩუქების ხელშეკრულებიდან, არამედ შრომისუუნარო მშობლის რჩენის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც ემიჯნება ჩუქების ურთიერთობიდან წარმოშობილ მოვალეობებს.
5.12. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მე-3 ნაწილსა (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს) და 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) მითითებით არ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან 2015 წლის აგვისტოს თვიდან გასულია ხანდაზმულობის ერთ წლიანი ვადა. პალატის განმარტებით, დასაჩუქრებულის უმადურების გამო, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის ერთწლიანი ვადა აითვლება იმ დღის მომდევნო დღიდან, როდესაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების მოთხოვნის უფლებას აძლევს. მოსარჩელე უმადურობისა და შეურაცხყოფის ფაქტს უკავშირებდა არა მხოლოდ ერთ გარემოებას, არამედ განგრძობად უმოქმედობასაც, რომელიც გამოიხატებოდა დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლისადმი უყურადღებობის გამოჩენაში და გრძელდებოდა სარჩელის შეტანამდე, შესაბამისად, მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან უმადურობისა და შეურაცხყოფის არსებობის ფაქტი, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხე (დასაჩუქრებული) საჩუქრის მიღების შემდგომ მოსარჩელისადმი იჩენს დიდ უმადურობას, არის უყურადღებო, არ ზრუნავს მასზე და არ ეხმარება ფინანსურად, რაც კასატორისათვის შეურაცხმყოფელია. მოსარჩელე, მისი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს მუდმივ მზრუნველობასა და დახმარებას, რასაც მოპასუხე სრულად უგულებელყოფს, შესაბამისად სახეზეა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ქონების გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასა და გაჩუქებული ქონების გამოთხოვაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უარის თქმის კანონიერება. კასატორის მტკიცებით, სახეზეა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ვინაიდან მოსარჩელე დასაჩუქრების შემდგომ კასატორის მიმართ იჩენს დიდ უმადურობას და მისი ქმედებები შეურაცხმყოფელია.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მამა-შვილი არიან. მოსარჩელემ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ხაშურის რაიონი, სოფელი ....., თანასაკუთრების მიწის ნაკვეთი ფართით 2517.00 კვ.მ., შენობა #1-დან 85.7 კვ.მ., ს/კ .....) მოპასუხეს საკუთრებაში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასა და გაჩუქებული ქონების გამოთხოვას დასაჩუქებრებულის მიერ დიდი უმადურობის გამოჩენისა და მძიმე შეურაცხყოფის მოტივით მოითხოვს.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 529-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად კი, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
13. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას. იგი განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (შდრ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012).
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია, ნამდვილი და, შესაბამისად, უკვე მოქმედი ხელშეკრულება „გააუქმოს“ დასაჩუქრებულისათვის შესაბამისი შეტყობინებით. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“, როგორც ხელშეკრულების „გაუქმების“ საფუძვლები, ჩამოყალიბებულია ალტერნატიული წინაპირობების სახით.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რას მოიაზრებს უმადურობის ცნება. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას გასათვალისწინებელია როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი. „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
16. სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).
17. საკასაციო პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად განსაზღვრულია, როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასსა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ვალდებულებით სამართალურთიერთობას.
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხე გამჩუქებლის მიმართ იჩენს დიდ უმადურობას ან მძიმედ შეურაცხყოფს მას და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ გახდება მხარეთა შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ქონების გამოთხოვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ სამსახურიდან და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მოპასუხე ხშირად რომ ვერ ახერხებს მამის მონახულებას, არის არა უმადურობისა და უპატივცემულობის გამოხატულება, არამედ _ ყოფითი ცხოვრებისეული ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები არიან მამა-შვილი, რაც შესაძლოა წარმოშობდეს ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელ მორალური მოტივს და არ დგინდება, რომ ჩუქება განპირობებული იყო გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით და რომ, მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ. მშობლის რჩენის ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნია არა ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არამედ შრომისუუნარო მშობლის რჩენის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, რაც ემიჯნება ჩუქების ურთიერთობიდან წარმოშობილ მოვალეობებს.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.გ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _300 ლარის (გადახდის თარიღი: 09/08/2021, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,თიბისი ბანკი“; გადამხდელი: თ.კ–ვა (პ/ნ .....)) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი