საქმე №ას-155-2021 6 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ვ. ლ-ძე, ე. კ-ნი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ჯ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხ. ჯ-ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე: თბილისში, ------ ქუჩა №-ში მე-- სართულზე, ბინა №--ში (ს/კ -------).
2. უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ---- ქუჩა №--ში, მე-- სართულზე, ბინა №--ში (ს/კ ------), თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე. კ-სა (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და ვ. ლ-ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) სახელზე.
3. 2018 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში წყალი ჩავიდა, რომლის შედეგადაც დაზიანდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის გარკვეული ნაწილი.
4. 2018 წლის 9 ოქტომბრის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, გამოძახების საფუძველს წარმოადგენს 2018 წლის 7 ოქტომბრის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე მოსარჩელის სურვილი. საპატრულო პოლიცია გაესაუბრა პირველ მოპასუხეს, რომლის განცხადებითაც წყლის მილი ნამდვილად იყო დაზიანებული და, მისი თქმით, მორიგდებოდნენ.
5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ კომპაქტდისკზე ასახულია 2018 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის ჩადინების ფაქტი.
6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) 2018 წლის 14 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ქ. თბილისში, ---- ქუჩა №--ში, მესამე სართულზე განთავსებულ ბინა №--ში შეინიშნება წყლის ჩამოდინების კვალი, რამაც დააზიანა: გასაჭიმი ჭერი (ბარისოლი), შპალერი და ლამინატის იატაკი. მეოთხე სართულზე მდებარე მეზობლის ბინის დათვალიერებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ ბინაში მთლიან ფართში (შესასვლელ კორიდორში, სამზარეულოში, მისაღებ ოთახსა და აბაზანა-ტუალეტში) შეინიშნება მრავალჯერადად წყლის ჩამოდინების კვალი. ექსპერტიზის პერიოდისათვის გარეგანი დათვალიერებით სველ წერტილში მოწყობილ ონკანებსა და მოწყობილობებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდათ. ვინაიდან ექსპერტიზისათვის არ არის წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია (საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, ცნობა მეტეოროლოგიური სამსახურიდან), თუ რა პირობებში, ზუსტად როდის ან რა ინტენსივობით ჩაედინებოდა წყალი მესამე სართულზე მდებარე განმცხადებლის ბინა №--ში, წყლის ჩამოდინების ზუსტ მიზეზებზე და მეოთხე სართულზე განთავსებული მეზობლის ბინაში შესაძლო წყალკანალიზაციის საკომუნიკაციო სისტემის დაზიანების ზუსტ ადგილმდებარეობაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს. ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო მიზეზებზე მსჯელობა, კერძოდ, დაზიანებები შესაძლებელია, გამოწვეული იყოს როგორც წყალკანალიზაციის სისტემების ან მოწყობილობების გაუმართაობით (დაზიანებით), ასევე - კორპუსის სახურავზე სახურავის დაზიანებით ან ამორტიზებით.
7. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის ჩამოდინების შედეგად შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება შეადგენს 3507.73 ლარს.
8. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის ცნობის თანახმად, 2018 წლის 6 ოქტომბერს ნალექი არ აღინიშნებოდა, ხოლო 2018 წლის 7 ოქტომბერს, დღის 06:30 სთ-დან 07:00 სთ-მდე წვიმის სახით იყო ძალიან მცირე ნალექი, რომლის რაოდენობამ შეადგინა 0.1მმ.
9. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ნოემბრის ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ ქ. თბილისში, --- ქუჩა №--ში, მესამე სართულზე მდებარე ბინა №--ში, ოთახების ჭერებზე, იატაკზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მის ზემოთ, მეოთხე სართულზე მცხოვრები მეზობლის - პირველი მოპასუხის ბინაში წყლის მილის დაზიანებით.
სარჩელის საფუძვლები:
.
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და მოპასუხეებისათვის ზიანის - 3507.73 ლარის დაკისრება მის სასარგებლოდ მოითხოვა.
მოპასუხეთა პოზიცია:
11. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში ზიანის გამომწვევი მიზეზი მრავალსართულიანი სახლის გაფუჭებული სახურავიდან ჩამოსული წყალია, რომელმაც დააზიანა მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართიც.
12. მოპასუხეთა მტკიცებით, 2018 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმით მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩადინებისა და მიყენებული ზიანის ფაქტი, არ დგინდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს 3507.73 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ.
14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შეთხვევაში, მოსარჩელემ დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხეთა მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მიყენებული ზიანის ოდენობაც.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ მოპასუხის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარადგინა საპატრულო ეკიპაჟის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი, ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის ესპერტიზის დასკვნა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ცნობა და ვიდეოფაილი (დისკი), ხოლო მოპასუხემ, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ უარყო, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა. მოპასუხეს სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
18. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით 2018 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებულ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმისა და ექსპერტიზის დასკვნის შეუსაბამო მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო ზიანის ოდენობის დადგენისას, მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოპასუხეებმა (აპელანტებმა) საკასაციო საჩივარი წარადგინეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
21. კასატორთა განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო მიზეზებზე მსჯელობა, კერძოდ, ბინის დაზიანება დასაშვები იყო როგორც წყალკანალიზაციის სისტემების ან მოწყობილობების გაუმართაობით (დაზიანებით), ასევე - კორპუსის სახურავის დაზიანებით ან ამორტიზებით. მიუხედავად ამ დასკვნისა, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები წარადგინა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დააზიანა მოპასუხეთა ბინაში გაფუჭებული მილიდან წყლის ჩასვლამ. კასატორთა მითითებით, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით შეცვალა ექსპერტმა დასკვნა. ამასთან, პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმებით არ დადასტურდება ის გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ მის ბინაში წყლის მილის დაზიანების ფაქტი აღიარა, ვინაიდან მასზე პირველი კასატორის ხელმოწერა არ არის.
22. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მოპასუხეთა ბინაში შეინიშნებოდა წყლის უხვი ნაკადის მრავალჯერადი ჩამოსვლით ჭერის, კედლებისა და იატაკის დაზიანება. ამასთან, კასატორთა მიერ წარდგენილია ცნობა გამგეობიდან, რომლის თანახმად, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ასრულებდნენ ამ საცხოვრებელი კორპუსის გადახურვას, შესაბამისად, მთელი ამ დროის განმავლობაში სახურავის დიდი ნაწილი ახდილი იყო. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ დროის განმავლობაში აღინიშნებოდა ნალექი. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.
28. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ: №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი).
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი).
30. საკასაციო სასამართლომ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართალწარმოებებში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკაშირებით, ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ,,დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის“ (იხ. სუსგ ას-№521-494-2015, 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება), მაშასადამე, მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება, რისი დამაჯერებლად განხორციელებაც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.
31. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩადინება გამოწვეულია თუ არა ზემოთ მდებარე მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყლის მილების გაუმართაობით. მოპასუხეები მიუთითებენ წყლის მასების ჩადინებაზე სახურავიდან, რასაც მიიჩნევენ თავიანთი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად.
32. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად და მასზე არსებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზების მიზნით წარმოდგენილი აქვს მის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედენილი 2018 წლის 9 ოქტომბრის რეაგირების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ გამოძახების საფუძველია 2018 წლის 7 ოქტომბრის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე მოსარჩელის სურვილი. ოქმის თანახმად, საპატრულო პოლიცია გაესაუბრა პირველ კასატორს, რომლის განცხადებითაც წყლის მილი ნამდვილად იყო დაზიანებული. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია კომპაქტდისკიც, რომელზეც ასახულია 2018 წლის 7 ოქტომბერს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის მასების ჩადინების ფაქტი. საქმის ასევე ერთვის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 14 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 ნოემბრის ცნობა, რომლის თანახმად, 2018 წლის 6 ოქტომბერს ნალექი არ მოსულა, ხოლო 2018 წლის 7 ოქტომბერს, დღის 06:30 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღინიშნა ძალიან მცირე ნალექი წვიმის სახით, მოსული ნალექის რაოდენობამ შეადგინა 0.1მმ.
33. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და ეფუძნება ვარაუდს ბინის დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდგომ ექსპერტის მიერ გაცემული ინფორმაციული წერილი, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ ბინაში წყლის ჩამოსვლისგან გამოწვეულ დაზიანებებთან დაკავშირებით დასკვნა გაიცა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისად, ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში ექსპერტიზისათვის არ იყო წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია, ვერ დადგინდა მოსარჩელის ბინაში წყლის ჩამოდინების ზუსტი მიზეზები. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც მოსარჩელემ ექსპერტიზის ბიუროში დამატებით წარადგინა საპატრულო რეაგირების ოქმი და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა, აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ---- ქუჩა №--ში, მესამე სართულზე განთავსებულ ბინა №--ში, ოთახების ჭერებზე, იატაკზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მეოთხე სართულზე მცხოვრები მეზობლის, პირველი კასატორის ბინაში წყლის მილის დაზიანებით.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ №ას-1127-1047-2017, 2017 წლის 18 ოქტომბერი). მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დასკვნა, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მტკიცებულებებს და დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის დაზიანება გამოწვეულია არა მოპასუხეთა ბინაში წყლის მილის გაუმართაობით, არამედ სახურავიდან წყლის მასების ჩადინებით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ, თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითა და ამ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, ხოლო მოპასუხეები მხოლოდ მათი ნეგატიური შეფასებით შემოიფარგლნენ, მათ შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოში.
35. საკასაციო პალატის მითითებით, კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში აღნიშნული პრეტენზიები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მსჯელობას ვერ აქარწყლებს. უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის ოქმზე პირველი კასატორის ხელმოწერის არარსებობა რაიმე სამართლებრივ სურათს არ ცვლის, მით უფრო, პირველი კასატორის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების გათვალისწინებით, თუ რატომ არ მოაწერა ოქმს ხელი, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების დროს მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ქართულად აზროვნება უჭირდა, ხოლო საკასაციო ინსტანციის ეტაპზე - ოქმზე ხელმოუწერლობის მიზეზად შინაარსის მიუღებლობას ასახელებდა. აქვე საყურადღებოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ 2018 წლის 6 ოქტომბერს ნალექი არ მოსულა, ხოლო 2018 წლის 7 ოქტომბერს, დღის 06:30 სთ-დან 07:00 სთ-მდე, აღინიშნა - ძალიან მცირე ნალექი, რომლის რაოდენობამ შეადგინა 0.1მმ. სწორედ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ექსპერტმა დამატებით გაცემული ცნობის სახით ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის დაზიანებები გამოწვეულია მის ზემოთ, მეოთხე სართულზე მცხოვრები მეზობლის ბინაში წყლის მილის დაზიანებით.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეებს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლოთ, სასამართლოსათვის შეეთავაზებინათ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას ეჭვქვეშ დააყენებდა, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ გააქარწყლეს მათ მიერ განხორციელებულ ქმედებასა (უმოქმედობასა) და შედეგს - მოსარჩელის კუთვნილი ბინის დაზიანებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობის შესახებ მოსარჩელის არგუმენტები.
37. კასატორთა პრეტენზია, რომლის თანახმად, საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, წყალი ჩავიდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, სადავო პერიოდში ნალექი ფაქტობრივად არ მოსულა, შესაბამისად, არგუმენტი, რომ თავის მხრივ სახურავიდან ჩამონადენმა წყალმა მოპასუხეთა კუთვნილი ნივთი დააზიანა ვერ იქნება გაზიარებული.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-886-2021, 2022 წლის 29 აპრილის განჩინება; №ას-608-2021, 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება, №ას-1005-2020, 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება, 1088-1008-2017, 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება, № ას-95-2019, 2019 წლის 25 აპრილის განჩინება).
42. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-სა და ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე. კ-სა (პ/ნ -----) და ვ. ლ-ეს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის (საგადახდო დავალება №------ / გადახდის თარიღი 18.01.2021), 70% - 70 ლარი და სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის (საგადახდო დავალება №----- / გადახდის თარიღი 19.02.2021), 70% - 35 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე