Facebook Twitter

საქმე №ას-1471-2019 6 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ. კ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ძე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ. ხ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. კ-ემ (შემდგომ – გამყიდველი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-სა (შემდგომ - მყიდველი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და გ. ხ-ის (შემდგომ - თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 17 ივლისის უძრავ ქონებათა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სადავო ქონების საკუთრებაში დაბრუნება; მოსარჩელესა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის 2015 წლის 28 ოქტომბერსა და 2015 წლის 11 დეკემბერს დადებული უძრავ ქონებათა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და გადაცემულ ქონებათა საკუთრებაში დაბრუნება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ეს უკანასკნელი თბილისში, ------- ქუჩა №--ში მდებარე (ს/კ №------, №-------, №-------) მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთს გაარემონტებდა და სასტუმროდ აქცევდა, მოგებას კი - გაიყოფდნენ. სწორედ ამ მიზნით, მოპასუხემ მოსარჩელეს მოსთხოვა უძრავ ქონებათა ნაწილი მისთვის გადაეფორმებინა, რის გამოც დაიდო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები. მოპასუხემ გაარემონტა უძრავი ნივთი, გახსნა სასტუმრო, თუმცა მოსარჩელისათვის არაფერი გადაუხდია. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო მოსაჩვენებლად, მოპასუხეს მოსარჩელისაგან რეალურად უძრავი ქონება არ შეუძენია და არც თანხა არ გადაუხდია.

3. მოსარჩელესა და თავდაპირველ მოპასუხეს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით ეს უკანასკნელი დაეხმარებოდა მოსარჩელეს უძრავი ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავის წარმართვაში, რის გამოც მოსაჩვენებლად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები და მოსარჩელემ თავდაპირველ მოპასუხეს გადაუფორმა უძრავი ნივთის მეორე ნაწილი (მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, მოსარჩელის საკუთრებად დარჩენილი ნაწილი).

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გამოვლენილი ნება რეალური იყო და მხარეებს სწორედ ამ გარიგების დადება სურდათ. მოპასუხემ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური სრულად გადაუხადა. ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

5. თავდაპირველმა მოპასუხემ მის მიმართ წაყენებული სასარჩელო მოთხოვნები ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 17 ივლისის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები; 2013 წლის 17 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 11 დეკემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღდგა მოსარჩელის საკუთრების უფლება ამ ხელშეკრულებებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით - აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სადავო გარიგებათა თვალთმაქცურობის თაობაზე მოსარჩელის მტკიცება და დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 17 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მოსარჩელეს გადაეცა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება, უძრავი ქონების ნაწილი საკუთრების უფლებით მოპასუხისათვის გადაეცა. სასამართლოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ 2015 წელს, სადავო გარიგებების დადების შემდეგ, მოპასუხემ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა სადავო უძრავი ნივთების გასაუმჯობესებლად, ადასტურებს, რომ ის ამ ქონებების ნამდვილი მესაკუთრეა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ დაიწყო სარემონტო სამუშაოები. ამდენად, ეს არ არის სიმულირებული გარიგება. აპელანტმა ვერ შეძლო დაედასტურებინა, მხარეთა შორის თვალთმაქცური გარიგებით მათთვის რეალურად სასურველი რა გარიგება დაიფარა. ეს საკითხი კი, მნიშვნელოვანია, რამდენადაც გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევის შემდეგ უნდა განისაზღვროს იმავე მხარეთა უფლება-მოვალეობები დაფარული ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ხელშეკრულებები არ იყო თვალთმაქცური, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და სადავო ქონებათა მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნების საფუძველი.

კასატორის მოთხოვნა:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. კასატორის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ და მოპასუხემ თანაცხოვრება შეწყვიტეს, ეს უკანასკნელი დაუკავშირდა მოსარჩელეს და შესთავაზა ერთობლივი საქმიანობა, კერძოდ, მოსარჩელეს საქმეში ჩაედო თავისი ბინა, მოპასუხე ამ ბინას გაარემონტებდა, ტექნიკასა და ავეჯს შეიძენდა და გახსნიდა სასტუმროს. სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული თანხა შუაზე გაიყოფოდა. მოპასუხემ მოითხოვა, რომ ბინა მასზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმებულიყო, რათა მოსარჩელის მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ზიანი არ მიეღო. მოპასუხემ მართლაც აამუშავა სასატუმრო, თავდაპირველად მოსარჩელეს უხდიდა მოგების 50%-ს, ხოლო შემდგომ გადახდა შეწყვიტა. ერთობლივი საქმინობის შესახებ ხელშეკრულების არსებობა მოპასუხემაც დაადასტურა.

12. ამდენად, რეალურად არცერთ მხარეს არ სურდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. სწორედ ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად ცნო, თუმცა ქონება მოსარჩელეს არ დაუბრუნა. სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ ვლინდებოდა ქონების, სსკ-ის 976-ე მუხლის საფუძველზე, მისთვის დაბრუნების წინაპირობები, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, პალატამ ისე შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ნასყიდობის ხელშეკრულებები ნამდვილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის საგანზე საკუთრების დაბრუნების თაობაზე წარმატებული იქნებოდა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინამძღვრის ქვემოთ ჩამოთვლილი თანამიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში: ა) 2013 წლის 17 ივლისის უძრავი ქონებათა ნასყიდობის ხელშეკრულებები მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე დაიდო, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა (სსკ-ის 56.1. მუხლი) ან მხარეებმა მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგება დაფარეს (სსკ-ის 56.2. მუხლი); ბ) გამყიდველმა უძრავ ნივთზე საკუთრება მყიდველს სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (ბათილი გარიგების საფუძველზე) გადასცა; გ) ამის შედეგად მყიდველი გამდიდრდა.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად დაასკვნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია სსკ-ის 477-ე, 183-ე და 323-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო ნივთის ნასყიდობის თაობაზე წერილობითი შეთანხმება. ასევე, დადგენილია, რომ, მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით შემძენის სახელზეა რეგისტრირებული. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეებს ხელშეკრულებაში ასახული ნება ნივთის გაყიდვისა და ყიდვისა არ გააჩნდათ. საკასაციო პალატა დასძენს, რომ კასატორის მიერ მითითებული ფაქტები არ ქმნის გარიგების მოჩვენებითად თუ თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველს, რადგან არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ სადავო გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგები არ მოჰყვა.

17. გარიგების თვალთმაქცურობის დამადასტურებელ ძირითად საფუძვლად მოსარჩელე მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობას მიუთითებს, მაშინ, როდესაც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებში პირდაპირ მითითებულია, რომ მყიდველმა თანხა სრულად გადაიხადა. რაც შეეხება კასატორის მიერ აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს (რეალურად, მოსარჩელემ საქმეში ჩაედო თავისი ბინა, მოპასუხეს კი, ბინა უნდა გაერემონტებინა, გაეხსნა სასტუმრო და სამეწარმოე საქმიანობიდან მიღებული თანხა გაეყოთ), რომლითაც მას სურს დაადასტუროს, რომ დაფარული გარიგება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება იყო, პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს არც მოპასუხე არ უარყოფს, თუმცა, მისი მითითებით, სადავო ქონება 2013 წელს შეიძინა, მოსარჩელე და მოპასუხე 2015 წელს შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე გაარემონტებდა უძრავი ქონების როგორც საკუთარ, ისე - მოსარჩელის ნაწილს, გადაუხდიდა სასტუმროს მოგებიდან წილს. შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა 2015 წლის შეთანხმებას არ უკავშირდება. საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ 2013 წელს მხარეთა შორის წარმოიშვა ერთობლივი საქმიანობის სამართალურთიერთობა, სწორედ ამ სამართალურთიერთობის ფარგლებში გადაუფორმა მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო უძრავი ქონება, რეალურად კი, უძრავი ქონება ამხანაგობაში შესატანს წარმოადგენდა. ამდენად, რაკი მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელეს სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, პალატა არ იზიარებს მტკიცებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით ერთობლივი ამხანაგობის ხელშეკრულება დაიფარა.

18. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ასეთს წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს: ა) ნების გამოვლენის ნაკლზე, ბ) ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, გ) საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას, დ) დაფარული გარიგების არსებობაზე. ამგვარ ვითარებაში, მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია საკუთარ ახსნა-განმარტებასა და მოწმეთა ჩვენებაზე. მითითებული მტკიცებულებებით კი, უნდა დასტურდებოდეს ზემოთ ხსენებული გარემოების არსებობა, ხოლო დასკვნა იმის შესახებ, გარიგება მიიჩნეს თუ არა თვალთმაქცურად, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მართებულად დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები ნამდვილია, არ გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც გარიგებათა თვალთმაქცურად მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა დაფარული გარიგება, რომელიც თვალთმაქცური გარიგების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლებიც გადაწონიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, შესაბამისად, დავის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების საფუძველს მისცემდა სასამართლოს, კასატორს არ წარუდგენია. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მხარეთა ნამდვილი ნება სადავო უძრავი ქონების, სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, განკარგვის თაობაზე. შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი, სადავო ქონებაზე საკუთრება დაიბრუნოს.

20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი და, რაკი გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო მათ ნამდვილობაზე მსჯელობა, საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიკუთვნებითი სარჩელის შემთხვევაში გარიგების ბათილად ცნობის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის, დაყენება არ არის აუცილებელი (იხ. სუსგ №ას-322-322-2018, 23.03.2020წ.). მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრისას, მოთხოვნის საფუძვლების დადგენისა და შემოწმების შემდეგ, გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება (იხ. სუსგ №ას-867-2019, 24.05.2022წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრა მიკუთვნებითი სარჩელი სადავო უძრავ ქონებათა საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. რაც შეეხება სადავო გარიგებების ბათილობას, როგორც აღინიშნა, ისინი დამოუკიდებელი მოთხოვნები არ იყო და მოპასუხეს არ შეეძლო მათ ნამდვილობაზე მიკუთვნებითი მოთხოვნისაგან დამოუკიდებლად ედავა. მიკუთვნებითი მოთხოვნა, როგორც აღინიშნა, არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ვერ გაასაჩივრებდა.

22. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარის უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება, ვრცელდება მის სარეზოლუციო და არა - სამოტივაციო ნაწილზე (სუსგ №ას-532-505-2015, 17.06.2015 წ.). გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. მართალია, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია სადავო ხელშეკრულებათა ბათილობის თაობაზეც, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მასში მხოლოდ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი - სადავო ქონებათა მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნებაზე უარი უნდა მითითებულიყო. შესაბამისად, არც მოპასუხე იყო უფლებამოსილი, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა და მხოლოდ სადავო გარიგებათა ნამდვილობაზე ედავა.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე