საქმე №ას-812-2022 5 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სადაზღვევო კომპანია --------“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ------თ ლ------ი“(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „სადაზღვევო კომპანია -----“ (შემდეგში - კომპანია ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „გ-----თ ლ----ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 5 547.53 ლარის გადახდის მოთხოვნით.
2. სარჩელის თანახმად, 2020 წლის 25 მაისს, მოსარჩელეს, მოპასუხეს და შპს „მ------კ ს------ს“ შორის, გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა გენერალური სადაზღვევო პოლისი -------(შემდეგში - პოლისი).
3. პოლისით განისაზღვრა დაზღვეული პირის ვინაობა, დასაზღვევი კონტეინერების თავისებურებანი, დაზღვევის პერიოდი და დაზღვევაზე მიღების პროცედურა, სადაზღვევო თანხა, ფრანშიზა, პრემიის გადახდის პირობები, სადაზღვევო ანაზღაურების პროცედურა და ა.შ.
4. პოლისისა და ხელშეკრულების მიხედვით გაფორმდა მოპასუხის (I სექცია) კონტეინერის ძარისა და (II სექცია) პასუხისმგებლობის დაზღვევა კონტეინერის დაგვიანებაზე (დაზღვევის საგანი).
5. პოლისის მოქმედების ვადად განისაზღვრა 25/05/2020-დან 24/05/2021-ის ჩათვლით პერიოდი და დაიზღვა შემდეგი კონტეინერები: ა)-----, -------, -----, ----; ბ) ----, ----- ,------.
6. ხელშეკრულების მიხედვით, თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გადამზიდველის მიერ კონტეინერის დაბრუნება არ/ვერ მოხდება მოსარგებლესთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, მზღვეველი მოახდენს მოსარგებლისათვის კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ყოველი დაგვიანებული დღისათვის, კერძოდ, მზღვეველი განახორციელებს ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევის აღიარებიდან ზარალის 100%-ის მოცულობით (მაგრამ ანაზღაურების მოცულობა, განბაჟების თანხის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის სადაზღვევო თანხას). მზღვეველი აუნაზღაურებს მოსარგებლეს ზარალის ოდენობას სრულად, მაგრამ დამზღვევს ეკისრება ვალდებულება, რეგრესის წესით, აუნაზღაუროს მზღვეველს ზარალი. დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზე უშუალო - პასუხისმგებელი არის სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული, პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთან ურთიერთობა (უფლება/მოთხოვნა, ვალდებულება/პასუხისმგებლობა) დამზღვევის გადასაწყვეტია.
7. 2020 წლის 23 ივლისს, ქ.----- მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც, დაზიანდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული და მოსარჩელის მიერ დაზღვეული ავტომანქანა „-----” სახელმწიფო ნომრით -----, რომელზეც განთავსებული იყო მოსარჩელის მიერ დაზღვეული კონტეინერი ------.
8. ავტოსატრანსპორტო შემთხვევიდან გამომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობდა გამოძიება. მანქანა და კონტეინერი განთავსებული იყო საჯარიმო სადგომზე.
9. გამომდინარე იქიდან, რომ ზიანი/სატრანსპორტო შემთხვევა არ არის გამოწვეული მოპასუხის ავტომანქანის ბრალეულობით, ასევე, არ არის დაზიანებული არც ავტომანქანა "-----" და არც მასზე განთავსებული კონტეინერი, მოსარჩელემ გამოძიებას სთხოვა, გაეწია დახმარება და აერიდებინა მზღვეველისთვის არამართლზომიერი ხარჯები, რომლის გადახდა საბოლოო ჯამში სსკ-ის 832-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრებოდა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირს, რომელსაც ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ამით მოსარჩელე შეეცადა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეღო მოპასუხეს. ამასთან,მოსარჩელემ წერილში განმარტა, რომ შეჯახება არ მომხდარა კონტეინერზე და არ არსებობდა კონტეინერის საჯარიმო სადგომზე განთავსების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ამ განთავსების გამო მზღვეველს, მოპასუხეს და საზღვაო ხაზს შპს „მ------კ ს------ს“ ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის თავიდან არიდებაც თავისუფლად იყო შესაძლებელი, რადგან ზიანის აცილების ინტერესი მნიშვნელოვნად აღემატებოდა კონტეინერის საჯარიმო სადგომზე დაყოვნების ინტერესს.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 26 აგვისტოს წერილის მიხედვით, მოსარჩელის 2020 წლის 20 აგვისტოს წერილობითი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საშუალება მიეცა კომპანიას გაეტანა მხოლოდ "----" მარკის სახელმწიფო ნომრით ------ ავტომობილის მისაბმელზე სახ: ნომრით ----- მასზე განთავსებული კონტეინერი, ხოლო ავტომანქანა მისაბმელით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დარჩა სპეც ავტოსადგომზე.
11. 2020 წლის 10 ნოემბერს, დაზღვეული/ბენეფიციარი შპს „მ-----კ ჯ-----ან“ შემოვიდა წერილი, რომლის მიხედვითაც მოითხოვა ------ კონტეინერის მოცდენის თანხის 1 680 აშშ დოლარის ანაზღაურება (ინვოისი N------). გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს, მოპასუხეს და შპს „მ----კ ჯ----ს“ (დაზღვეული) შორის გაფორმებული იყო გენერალური პოლისი, მზღვეველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მითითებული თანხა.
12. მოსარჩელემ შეადგინა შემთხვევის დარეგულირების აქტი, რის საფუძველზე შპს„მ-----კ ს----ს“ აუნაზღაურა კონტეინერის მოცდენის თანხა 1680 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5 547.53 (სებ-ის ეროვნული კურსი 3.3021) ლარი.
13. აღნიშნული ზარალის დარეგულირების პარალელურად დამზღვევის წარმომადგენელთან განხორციელდა ელექტრონული მიმოწერა, სადაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ მიბმული ინვოისი გამოწვეულია საგზაო შემთხვევის შედეგად აღნიშნული კონტეინერით დატვირთული შსს-ის საჯარიმო სადგომზე გადაყვანით. შესაბამისად, ინვოისს დაფარავდა სადაზღვეო კომპანია. მოსარჩელის მხრიდან, მას ეცნობა ,რომ „ყველა საზღვაო ხაზთან და მათ შორის, შპს„მ------კ ს------ან“ აქვს შემდეგი პრაქტიკა: კონტეინერის დაზღვევის სამმხრივი ხელშეკრულების მიხედვით (ნებისმიერი საზღვაო ხაზის ხელშეკრულება) კონტეინერის დაზიანების/სრული განადგურების და დაგვიანების შემთხვევაში დაკისრებული ვალდებულებები მოეთხოვება პირველ ეტაპზე კონტეინერის დროებით მფლობელს/დამზღვევს, ამ შემთხვევაში, მოპასუხეს; თუ დამზღვევს მიმართა საზღვაო ხაზმა და მან არ გადაიხადა შესაბამისად დაკისრებული ვალდებულება მაშინ სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით სხვადასხვანაირად გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრულია 60 დღე) ბენეფიციარი სთხოვს აღნიშნული ვალდებულების ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიას, შესაბამის ოფიციალურ მეილზე, მოსარჩელის შემთხვევაში --------ზე, რაც შეეხება ამ შემთხვევას, მოსარჩელესთან ოფიციალური მოთხოვნა აქამდე არ მოსულა საზღვაო ხაზიდან. აღნიშნულის მიუხედავად, დამზღვევის მხრიდან განმეორებით განხორციელდა ანაზღაურების მოთხოვნა, რაზეც მოსარჩელემ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე მზღვეველი შეადგენდა დარეგულირების დოკუმენტაციას და მოსარგებლეს აუნაზღაურებდა მოთხოვნილ თანხას. ელ. მიმოწერის დროს დამზღვევს დამატებით განემარტა, რომ „ასევე როგორც თქვენთვის ცნობილია მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური სადაზღვევო პოლისით ----- განსაზღვრულია, რომ თუ მზღვეველი ახდენს ანაზღაურების გაცემას მე-2 სექციის მომსახურების მიხედვით (კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება), მზღვეველს აქვს უფლება რეგრესის წესით მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურების შემდეგ მზღვეველი რეგრესის წესით ანაზღაურებას მოითხოვს დამზღვევი - მოპასუხისაგან.“ აღნიშნულზე მოპასუხის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ვადის დაგვიანება გამოწვეულია საგზაო შემთხვევით, რომელსაც მოყვა სხეულის დაზიანება და მანქანა (კონტეინერით) იდგა საჯარიმოზე, კონტეინერის „დახსნის“ შემდეგ კარგა ხანს ვერ მოხდა ავტომობილის დაბრუნება“. მანვე მიუთითა, რომ თუ არსებობდა შესაძლებლობა, მაშინ გამოეყენებინათ რეგრესი. შესაბამისად, რეგრესული მოთხოვნის შესახებ დამზღვევს მოსარჩელის მხრიდან ჯერ კიდევ ზარალის დარეგულირების ეტაპზე განემარტა.
14. მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა მოთხოვნის შესახებ, თუმცა, მოპასუხემ მოსარჩელეს თანხა არ აუნაზღაურა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არის თანხის ანაზღაურებაზე ველდებული პირი.
15. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც განმარტა, რომ ტვირთის მოცდენა გამოწვეული იყო სადაზღვევო შემთხვევით და მიუთითა სატრანსპორტო საშუალებისა და კონტეინერის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ფაქტზე. სუბროგაციის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხემ გასცა თანხმობა ბრალეული მხარის, მესამე პირის მიმართ გამოეყენებინათ რეგრესის უფლება ანაზღაურებული თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
16. ამასთან, მოპასუხისათვის გაუგებარია სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით მოპასუხის მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის გამოყენების წინაპირობების არსებობა.
17. მოპასუხის მითითებით, მე-2 სექციის შესაბამისად, თუ მოხდა არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული მოცდენის ანაზღაურება, მხოლოდ აღნიშნულ შემთხვევაში არის გათვალისწინებული დამზღვევისაგან რეგრესის წესით ანაზღაურებული თანხის მოთხოვნა.
18. მოპასუხე კომპანიას არ ჰქონია განმარტებული ხელშეკრულების უჩვეულო პირობის შესახებ, რომელიც დაზღვევის პრინციპებთან და არსთან სრულიად წინააღმდეგობაში მოდის, შესაბამისად მოპასუხისათვის წარმოუდგენელი იყო მზღვეველის წერილობითი მოთხოვნა რეგრესის წესით თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაზეც მოპასუხემ გასცა წერილობითი დასაბუთებული პასუხი თანხის ანაზღაურებაზე უარისა და მესამე პირისაგან თანხის სუბროგაციის წესით მოთხოვნასთან დაკავშირებით.
19. მოპასუხემ მიუთითა, რომ პოლისის მე-2 სექციით დაზღვეულია მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობა კონტეინერის დაგვიანებით დაბრუნებაზე. აღნიშნული სექციით განმარტებულია შემდეგი: თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გადამზიდველის მიერ ვერ ან არ მოხდება კონტეინერის დაბრუნება მოსარგებლესთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, მზღვეველი მოახდენს მოსარგებლისთვის კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. აქვე განმარტებულია, რომ სწორედ იმ შემთხვევაში, თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული დაგვიანებისას მზღვეველი აუნაზღაურებს მოსარგებლეს ზიანს, ამ შემთხვევაში გამოიყენებს რეგრესის უფლებას დამზღვევის მიმართ. ავტოსაგზაო შემთხვევა განხორციელდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად, რამაც გამოიწვია მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან, კერძოდ, კი საჯარიმო სადგომზე კონტეინერის გადაყვანასა და მოცდენასთან, რაც წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და გამორიცხავს რეგრესის მოთხოვნის უფლებას დამზღვევის მიმართ სადაზღვევო პოლისის პირობების შესაბამისად.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
24. 2020 წლის 25 მაისს, მხარეთა შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ გასცა სადაზღვევო პოლისი.
25. პოლისის თანახმად, მზღვეველს წარმოადგენდა მოსარჩელე, დამზღვევს - მოპასუხე, ხოლო დაზღვეულს/მოსარგებლეს - შპს „მ-----კ ს----ო“.დაიზღვა (I სექცია) მოპასუხის კონტეინერის ძარა და (II სექცია) მოპასუხის პასუხისმგებლობა კონტეინერის დაგვიანებაზე (დაზღვევის საგანი). დაზღვეული იქნა შემდეგი კონტეინერები: ა) -----, -----, -----, ---; ბ) ----, -----, ----.პოლისით განისაზღვრა დაზღვეული პირის ვინაობა, დასაზღვევი კონტეინერების თავისებურებანი, დაზღვევის პერიოდი და დაზღვევაზე მიღების პროცედურა, სადაზღვევო თანხა, ფრანშიზა, პრემიის გადახდის პირობები, სადაზღვევო ანაზღაურების პროცედურა, პასუხისმგებლობა კონტეინერის დაგვიანებით დაბრუნებაზე, საჯარიმო სანქცია და სხვა არსებითი პირობები.პოლისის მოქმედების ვადად განისაზღვრა 25/05/2020-დან 24/05/2021-ის ჩათვლით პერიოდი.
26. სადაზღვევო ხელშეკრულების მე-2 სექციით განისაზღვრა პასუხისმგებლობა,კონტეინერის დაგვიანებით დაბრუნებაზე. კერძოდ:- თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გადამზიდველის მიერ კონტეინერის დაბრუნება არ/ვერ მოხდებოდა მოსარგებლესთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, მზღვეველი მოახდენდა მოსარგებლისათვის კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ყოველი დაგვიანებული დღისათვის; - იმ შემთხვევაში, თუ მოცდენის პერიოდი 90 დღეს გადააჭარბებდა, დამზღვევს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარგებლესათვის კონტეინერის მთლიანი ღირებულების გადახდის შესახებ. კონტეინერის ღირებულების გადახდისთანავე შეწყდებოდა გადაცილებულ დღეებზე გათვალისწინებული თანხის დარიცხვა. - იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი მოახდენდა ანაზღაურების გაცემას მე-2სექციის მომსახურების მიხედვით (კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეულიზარალის ანაზღაურება), მზღვეველს უფლება ჰქონდა რეგრესის წესით მოეთხოვაზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან. - იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი დაარღვევდა ნაკისრ ვალდებულებას და არგადაუხდიდა მოსარგებლეს კონტეინერის დაგვიანებით დაბრუნებით გამოწვეულზარალს 60 დღის განმავლობაში, მზღვეველი იღებდა ვალდებულებასგადაეხადა მოსარგებლესათვის აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მოსარგებლისყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებითდამზღვევის მიმართ გადაეცემოდა მზღვეველს.
27. ანაზღაურების პროცედურების მიხედვით, მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემოდა მზღვეველს. ამასთან, დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაში რჩებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზე უშუალო პასუხისმგებელი იქნებოდა სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული, პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთან ურთიერთობა (უფლება/მოთხოვნა, ვალდებულება/ პასუხისმგებლობა) დამზღვევის გადასაწყვეტი იყო.
28. 2020 წლის 23 ივლისს ქ. ----- მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული და უნისონში დაზღვეული ავტომანქანა „----“ სახელმწიფო ნომრით ------, რომელზეც განთავსებული იყო უნისონში დაზღვეული კონტეინერი ------.შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება 23.07.2020წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ავტომანქანა „---“ სახელმწიფო ნომრით ---- და კონტეინერი ----გადაყვანილ და განთავსებულ იქნა საჯარიმო სადგომზე.
29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 26 აგვისტოს (მოსარჩელე კომპანიაში შემოსული 2020 წლის 1 სექტემბრის) წერილის თანახმად, მოსარჩელის 2020 წლის 20 აგვისტოს წერილობითი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კონკრეტულად კი, საპატრულო პოლიცია საშუალებას აძლევდა კომპანიას გაეტანა მხოლოდ“----” მარკის სახელმწიფო ნომრით ------ ავტომობილის მისაბმელზე სახ:ნომრით ----- მასზე განთავსებული კონტეინერი, ხოლო ავტომანქანა მისაბმელით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დარჩა ქალაქ ----- სპეც ავტოსადგომზე.
30. მისაბმელზე განთავსებული კონტეინერის საზღვაო ხაზისათვის (კონტეინერის მესაკუთრე) ჩაბარების თავისუფალი ვადა ამოიწურა 2020 წლის 31 ივლისს, ხოლო 31 ივლისიდან ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში ირიცხებოდა მოცდენის თანხა, რომელიც შეადგენდა დღეში 30 აშშ დოლარს, ხოლო 15 დღიდან 60 აშშ დოლარს.
31. 2020 წლის 10 ნოემბერს, დაზღვეულმა/ბენეფიციარმა - შპს „მ-----კ ჯ-----მ“ მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ----- კონტეინერის მოცდენის თანხის 1 680 აშშ დოლარის ანაზღაურება.
32. მოსარჩელის მიერ შედგენილი შემთხვევის დარეგულირების აქტის N---- საფუძველზე, შპს „მ----კ ს-----ს“ აუნაზღაურდა კონტეინერის მოცდენის თანხა 1680 აშშ დოლარი (5 547.53 ლარი), რის შემდგომაც მოსარჩელემ რეგრესული დავალიანების მოთხოვნით წერილობითი მიმართა მოპასუხეს.
33. 2021 წლის 02 მარტის წერილით მოპასუხემ უარყო რეგრესის წესით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დამზღვევი არ იყო ვალდებული მზღვეველისათვის აენაზღაურებინა სადაზღვევო თანხა, რადგან სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო მესამე პირის ბრალეულობით და სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილი იყო მოთხოვნა მესამე პირისაგან სუბროგაციის წესით დაეკმაყოფილებინა.
34. უდავოა, რომ 23.07.2020 წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა და მის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეულობით.
35. იმ საკითხის გადასაწყვეტად წარმოშობილი იყო თუ არა 23.07.2020 წელს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის გამო, მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, მოპასუხე და შპს „მ----კ ს----ს“ შორის გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა ავტოტრანსპორტის დაზიანების, სამედიცინო (ჯანმრთელობის) უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა, ხელშეკრულებით ასევე, დაზღვეული იყო ექსპედიტორის/გადამზიდველის პასუხისმგებლობა შპს „მ-----კ ს-----ს“ წინაშე.
36. სსკ-ის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
37. სსკ-ის 840-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
38. სსკ-ის 832.1 მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით, რაც გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს.
39. სადაზღვევო ანაზღაურების პირობების მიხედვით, თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გადამზიდველის მიერ კონტეინერის დაბრუნება არ/ვერ მოხდებოდა მოსარგებლესთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, მზღვეველი მოახდენდა მოსარგებლისათვის კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ყოველი დაგვიანებული დღისათვის… იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი ანაზღაურებას გასცემდა მე-2 სექციის მომსახურების მიხედვით (კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება), მზღვეველს წარმოეშობოდა უფლება რეგრესის წესით მოეთხოვა ზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი დაარღვევდა ნაკისრ ვალდებულებას და არ გადაუხდიდა მოსარგებლეს კონტეინერის დაგვიანებით დაბრუნებით გამოწვეულ ზარალს 60 დღის განმავლობაში,მზღვეველი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მოსარგებლისათვის აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემოდა მზღვეველს... ამასთან, დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაში იყო იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზეუშუალოდ პასუხისმგებელი იქნებოდა სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული, პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთან ურთიერთობა (უფლება/მოთხოვნა, ვალდებულება/პასუხისმგებლობა) დამზღვევის გადასაწყვეტი იყო -დაზღვევის ხელშეკრულების დასახელებულ პირობებს დაეფუძნა მოსარჩელის მოთხოვნა.
40. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა „ნების ავტონომიის“ პრინციპზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე - ხელშეკრულების პირობათა განსაზღვრის თავისუფლებას.
41. სსკ-ის 319-ე მუხლით განმტკიცებული „ხელშეკრულების თავისუფლების“ პრინციპი ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს: ხელშეკრულების დადება და მისი შინაარსის განსაზღვრა. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხარეთა ნების ავტონომია, რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევია სამოქალაქო სამართალურთიერთობათა შეფასების დროს, ნების გამოვლენა არ არის შეუზღუდავი. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ზღუდავენ მხარეთა ნებას.
42. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები). კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლოა (სუს-ს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-528-501-2015). შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (სუს-ს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-549-521-2015).
43. ხელშეკრულების თავისუფლების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების თავისუფალი ფორმირებაა, რაც მათთვის სასურველი შინაარსის და კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ( სუს-ს 2012 წლის 27 მარტის №ას-1300-1320-2011 განჩინება), თუმცა აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს სახელშეკრულებო სამართლიანობის პირობებში (სუს-ს 2007 წლის 5 ივნისის №ას-7-362-07 გადაწყვეტილება), რაც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, იმ მხარის დაცვას, რომელიც ბაზარზე არ არის გაბატონებული სტატუსის მქონე პირი და რომელიც, მაგალითად, არ განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებისთვის (იხ. სუს 2006 წლის 4 მაისის №ას-1139-1385-05 განჩინება). აღნიშნული ეფუძნება კეთილსინდისიერების პრინციპს, არ შეუქმნას არათანაბარი პირობები სახელშეკრულებო ურთიერთობის მეორე მხარეს (იხ. სუს2002 წლის 12 ივნისის №3კ-631-02 გადაწყვეტილება).
44. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამდენად, ნორმის შესაბამისად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ა) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი; გ) ზნეობის ნორმები. იმისათვის, რომ სადავოდ გამხდარი გარიგებების ბათილობაზე ვიმსჯელოთ, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, ნორმით გათვალისწინებულ თუ რომელ წინაპირობაზე დაყრდნობით შეიძლება მათი ბათილად ცნობა. კონკრეტული გარიგების ბათილობის საკითხი უნდა შეფასდეს მისი მორალურობის თვალსაზრისით. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
45. სსკ-ის 319-ე და 54-ე მუხლის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ: „...სახელშეკრულებო სამართლის მიზანია, განსაზღვროს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც პირთა შორის შეთანხმებას მოჰყვება და შექმნას საფუძველი, რომ შეთანხმებას სახელმწიფო ცნობს როგორც მხარეთა ვალდებულების წარმოშობის წყაროს და საჭიროების შემთხვევაში იძულებით აღასრულებს მას. ამდენად, ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების განსაზღვრა არსობრივად ნიშნავს, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში, სახელმწიფო არ ცნობს ხელშეკრულებას, როგორც სამართლებრივი მოთხოვნის წარმომშობ ინსტრუმენტს და, შესაბამისად, უარს ამბობს მის იძულებით აღსრულებაზე... ხელშეკრულების ბათილობა არ ზღუდავს პირის თავისუფალი მოქმედების ფარგლებს. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების განსაზღვრით სახელმწიფო ნეგატიურად არ ერევა ორი პირის კერძო ავტონომიაში, მათ მიერ სამოქალაქო ურთიერთობების ნების შესაბამისად წარმართვაში, არამედ იგი უარს ამბობს მისი პოზიტიური ვალდებულებების (ხელშეკრულების ცნობისა და აღსრულების) შესრულებაზე... ნორმის (სსკ-ს 54-ე მუხლი) მიზანია არა ადამიანის დასაშვები ქცევის ფარგლების, არამედ იმ პირობების განსაზღვრა, რომელთა არსებობისასაც სახელმწიფო უარს ამბობს ხელშეკრულების სამართლებრივი ძალის ცნობასა და მის აღსრულებაზე...“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/7/679 გადაწყვეტილება; 29.12.2017წ.).
46. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიამ სარჩელისაგან თავი დაიცავა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეს ნათლად არ განემარტა ხელშეკრულების იმ პირობის შესახებ, რომელიც დამზღვევის მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის წარდგენის უფლებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაშიც, თუკი დამზღვევი არაბრალეული იქნებოდა სადაზღვევო შემთხვევაში. კერძოდ, შესაგებელში მითითებულია, რომ მოპასუხე კომპანიას არ ჰქონია განმარტებული ხელშეკრულების უჩვეულო პირობის შესახებ, რომელიც დაზღვევის პრინციპებთან და არსთან სრულიად წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, მოპასუხისათვის წარმოუდგენელი იყო მზღვეველის წერილობითი მოთხოვნა რეგრესის წესით თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მან (მოპასუხემ) წერილობით, დასაბუთებული პასუხი გასცა მზღვეველს თანხის ანაზღაურებაზე უარისა და მესამე პირისაგან თანხის სუბროგაციის წესით მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ: წერილი ტ.1, ს.ფ. 107). ამავე წერილში მოპასუხე უთითებდა, რომ საჯარიმო სადგომზე კონტეინერის გადაყვანა და მოცდენა გამოწვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევით, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და გამორიცხავს დამზღვევის მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის უფლებას.
47. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის სადაზღვევო კომპანია და მის ძირითად საქმიანობას დაზღვევა წარმოადგენს, რა დროსაც, იგი ცალმხრივად, ხელშეკრულების წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს. იურიდიულ დოქტრინაში გაზიარებულია მოსაზრება, რომ მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველადეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. გარიგების ერთ-ერთ მხარედ სადაზღვევო დაწესებულების მონაწილეობისას, მისი სავაჭრო ძალაუფლების, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით, მეორე მხარე მასთან არათანაბარ პირობებში იმყოფება და გამოდის, რომ სადაზღვევო კომპანია ერთგვარად „ძლიერ მხარეს“ წარმოადგენს, მასთან შედარებით კი „სუსტი მხარე“ გამოდის შემთავაზებლის პირობების მიმღები მეორე სუბიექტი.
48. სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ხელშეკრულების „ძლიერი“ და„სუსტი“ მხარის არსებობა „აღიარებულია“ კერძო სამართლით, რომელიც „სუსტი“ მხარის ინტერესების დაცვას სპეციალური საკანონმდებლო კონტროლით უზრუნველყოფს. სსკ-ის 343.1-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად. სსკ-ის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. სსკ-ის 343-ე, 344-ე, 346-ე მუხლების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სტანდარტული პირობების შემცველი ხელშეკრულების გაფორმებისას, „ძლიერ“ მხარეს კანონი, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, დამატებით ავალდებულებს, უზრუნველყოს „სუსტი“მხარის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი,სადავოდ გამხდარი სტანდარტული პირობის ბათილად ცნობის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ ასეთსავე სტანდარტს ადგენს ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივა, რომელიც მომხმარებლის საბანკო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობას აწესრიგებს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფა ევალება, რაც სწორედ „სუსტი“ მხარის დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარეობს. საკრედიტო დაწესებულების მიერ ინფორმირების შესახებ ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება მსესხებელს შესაძლებლობას აძლევს თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების„ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
49. სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით, კერძოდ,2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული.
50. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, უჩვეულოდ ითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც კლიენტს, მისთვის მოულოდნელად, დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და კლიენტს მათი გათვალისწინება არ შეეძლო.
51. სააპელაციო პალატამ მიუთითა, მოცემულ შემთხვევაში, საფუძვლიანია მოპასუხის ის არგუმენტი, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევის მიმართ, მიუხედვად დამზღვევის ბრალეულობისა, რეგრესის წესით მოთხოვნის წარდგენის შესახებ პირობა, ეწინააღმდეგება დაზღვევის ძირითად არსს და მიზანს და შესაბამისად, წარმოადგენს უჩვეულო პირობას.
52. დაზღვევის ხელშეკრულების მე-2 სექცია, რომელიც ადგენს მოპასუხის არაბრალეულ პასუხისმგებლობას, წარმოადგენს სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო პირობას, ვინაიდან მის საფუძველზე გაფართოებულია მოპასუხის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ სადაზღვევო კომპანია აღჭურვილია უფლებამოსილებით, მის მიერ მოსარგებლის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, მესამე (ბრალეული) პირის მიმართ სუბროგაციის წესით (სსკ-ის 832 მუხლი) მოთხოვნის წარდგენის გარეშე, დაიკმაყოფილოს შუალოდ დამზღვევი პირისაგან, მისი ბრალეულობის მიუხედავად, რაც დამზღვევი პირისათვის არის მოულოდნელი.
53. ხელშეკრულების სტანდარტული დებულებები, როგორც უჩვეულო, სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, არ იქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად და არ არის ნამდვილი, თუ შემთავაზებელი (მოსარჩელე) არ გააქარწყლებს მოულოდნელობის ეფექტს კვალიფიციური მითითების მეშვეობით. იმისათვის, რომ შემთავაზებელმა გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი, ამისათვის აუცილებელია მკაფიო მითითება და ინფორმირება ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულებაზე.
54. მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმებულია ელექტრონულად. ხელშეკრულების სადავო დებულება, რომლითაც დათქმულია მოპასუხის არაბრალეული პასუხისმგებლობა არ არის გამუქებული ან რაიმე ნიშნით განსხვავებულად წარმოჩენილი, რაც ართულებს მის აღქმადობას ხელშეკრულების მონაწილე პირის მიერ და აძლიერებს აპელანტის იმ პოზიციას, რომ იგი არ იყო ინფორმირებული არაბრალეული პასუხისმგებლობის შესახებ.
55. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე, იმთავითვე, შესაგებლით მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი არ იყო ინფორმირებული აღნიშნული პირობის შესახებ და ამდენად მისთვის იყო მოულოდნელი, რაზეც მოპასუხე მიუთითებდა ჯერ კიდევ 2021 წლის 02 მარტს მოსარჩელის მიმართ გაგზავნილ წერილში (იხ. ს.ფ. 107). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან უზრუნველყო სადავო დებულებით გათვალისწინებული უჩვეულო პირობის შესახებ „სუსტი“ მხარის ინფორმირება და რომ აღნიშნულ პირობაზე თანხმობა მოპასუხის გააზრებულ ნებას წარმოადგენდა, თუმცა მოსარჩელემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების სადავო დებულების და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაცია მოპასუხისათვის განსაკუთრებული წესით იყო ხელმისაწვდომი ან/და განმარტებული. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, 2020 წლის 25 მაისის გენერალური სადაზღვევო პოლისის ის დებულებები (მე-2 სექცია), რომლის მიხედვითაც „მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემა მზღვეველს, ამასთან, დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზე უშუალო პასუხისმგებელი არის სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული, პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთან ურთიერთობა (უფლება/მოთხოვნა, ვალდებულება/პასუხისმგებლობა) დამზღვევის გადასაწყვეტია“ - სსკ-ის 344-ე, 346-ე მუხლების თანახმად, ბათილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე არ არის არც ხელშეკრულების საფუძველზე არაბრალეული პასუხისმგებლობის წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
57. აქვე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობს 2020 წლის25 მაისის გენერალური სადაზღვევო პოლისის ზემოაღნიშნული სადავო დებულებების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების დასკვნის შესაბამისად (233 პუნქტი), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში, სუსგ № ას-121-117-2016).
58. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მხარეთა იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს ძლიერ და სუსტ მხარეებად, იქედან გამომდინარე, რომ სტანდარტულ პირობათა მიმღები კერძო სამართლის იურიდიულ პირს (შპს „გ-----ი ლ-----კი“) წარმოადგენს და მომხმარებელთა სამართლის შესაბამისად, მას ფიზიკურ პირზე უფრო მეტი წინდახედულობის გამოჩენა მართებს, სახელშეკრულებო ჩანაწერს (იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველი მოახდენდა ანაზღაურების გაცემას მე-2 სექციის მომსახურების მიხედვით (კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება), მზღვეველს უფლება ჰქონდა რეგრესის წესით მოეთხოვა ზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან) მაინც კანონსაწინააღმდეგოდ შეფასდა სსკ -ის 54-ე მუხლის საფუძველზე.
59. სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ საგამონაკლისოდ ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმებლობის საფუძვლებს. რაც მთავარია, ეს განსაზღვრულია დელიქტური სამართლით და არა სახელშეკრულებო სამართლით.
60. პირიქით, სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს სანაზღაურების შეზღუდვა „უშუალო და განჭვრეტადი შედეგებით“, რაც ე.წ. „ადეკვატური მიზეზობრიობის“ თეორიიდან გამომდინარეობს. ეს მოსაზრება გამყარებულია სსკ-ის 412-ე მუხლში (მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს). ნორმა, განჭვრეტადობასთან ერთად, ზიანისა და დამდგარი შედეგის კაუზალობაზე ანუ, მიზეზ-შედეგობრიობაზე, აპელირებს, რაც კუმულაციურად მოვალისთვის საცნაურობასთან ერთად, ერთობლიობაში იძლევა დამფუძნებელ შედეგს - წარმოშობს ანაზღაურების დაკისრებას.
61. აქედან კი, ლოგიკურად გამომდინარეობს ის წინაპირობა, რომ სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი. სწორედ ზიანის მიმყენებლის ბრალი განაპირობებს სახელშეკრულებო ზიანის დროს ევროპულ სამართალში დამკვიდრებულ იმ დებულებას, რომ „დაზარალებული პირი არის რესტიტუციის პროცესის ბატონი“.
62. რაც შეეხება დელიქტურ სამართალს, კანონი ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას. ეს არის პასუხისმგებლობა საფრთხის შემქმნელი დელიქტებისთვის, უმართლობისა და ბრალეულობისაგან დამოუკიდებლად (სსკ-ის 999-ე, 1000-ე, 1004-ე, 1009-ე მუხლები).
63. მოცემულ საქმეში განსახილველი შემთხვევა არ ექცევა არც პირველ შესაძლებლობაში, რა დროსაც, აუცილებელია ბრალის არსებობა, არც - დელიქტური ნორმების ბრალის გარეშე პასუხისმგებლიობის სამართლებრივ ფარგლებში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის გამო (დაზღვევის ხელშეკრულება).
64. სარჩელი დაფუძნებულია იმაზე, რომ ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველს უფლება ჰქონდა რეგრესის წესით მოეთხოვა ზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან, ასეთ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, როდის წარმოშობს ასეთი უფლება მოთხოვნას.
65. რეგრესის წესით მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირი ასრულებს სხვის ვალდებულებას თავად ამ პირის ნაცვლად, ხოლო შემდეგში უფლებამოსილია, მისგან მოითხოვოს მის ნაცვლად შესრულებულის ანაზღაურება.
66. განსხილველ შემთხვევაში,მოსარჩელემ შეასრულა არა ის ვალდებულება, რომლის შესრულების მოვალეობაც მზღვეველს გააჩნდა, არამედ - სხვა ვალდებულება, ვინაიდან მზღვეველი, რომელიც არ იყო ბრალეული პირი ა/საგზაო შემთხვევაზე (რამაც საბოლოო ჯამში კონტეინერების დაკავება გამოიწვია), შესაბამისად, არ იყო ვალდებული შპს„მ----კ ს-----ს“ წინაშე კონტეინერების მოცდენით გამოწვეულ ზიანზე.
67. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „მ-----კ ს-----ო“ მოპასუხეს ვერ წაუყენებდა სამართლებრივად გამართულ მოთხოვნას ამ შემთხვევის გამო. მაშასადამე, მოსარჩელემ არ შეასრულა მოპასუხის ვალდებულება, რის გამოც, მას რეგრესის მოთხოვნის უფლება არც ამ თვალსაზრისით გააჩნია.
68. შესაბამისად, მხარეთა ზემოაღნიშნული შეთანხმება კანონსაწინააღმდეგოა, რაც სპობს მოთხოვნის უფლებას.
69. რაც შეეხება, აპელანტის მითითებას სსკ-ის 843-ე მუხლზე („პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას“), როგორც დამზღვევის მიმართ მზღვეველის რეგრესული წესით მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და მისი რეგულირების სფეროა სამოქალაქო პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას (სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პირობები, რისკები, გამონაკლისები და განხორციელების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით და დაზღვევის ხელშეკრულება უნდა დაიდოს ამ პირობებით. დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი), კონკრეტულ შემთხვევაში კი, დავა გამომდინარეობდა ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულებიდან, რაც გამორიცხავს აღნიშნული ნორმის გამოყენებას სადავო სამართალურთიერთობის მიმართ.
70. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის (აპელანტი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დამაყოფილება.
71. კასატორი მიუთითებს, რომ დამზღვევთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად დამზღვევის სასარგებლოდ და დამზღვევის თანხმობით მზღვეველმა მოსარგებლეს აუნაზღაურა კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზარალი. პოლისისა და ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მეორე სექციის მიხედვით გაცემული ანაზღაურების რეგრესის წესით დამზღვევისგან მოთხოვნის საკითხზე, თუმცა, რეგრესის წესით არა სსკ-ის 832-ე მუხლით დადგენილი წესით, არამედ ,,რეგრესის" სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ ,,უკუმოთხოვნის" წესით. მოპასუხის მითითება, რომ მზღვეველისგან ასეთი უჩვეულო პირობა დამზღვევისთვის განმარტებული არ ყოფილა, კასატორს არასწორად მიაჩნია, რადგანაც მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობები წლების განმავლობაში ამ პირობებით მიმდინარეობს და ორივე მხარისთვის თავიდანვე კარგად ცნობილი იყო.
72. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში ამოსავალი წერტილია, თუ რატომ არ შეიძლებოდა მსგავსი პირობის გათვალისწინება მხარეთა შორის. სააპელაციო სასამართლო ამ თვალსაზრისით განმარტავს კეთილსინდისიერების ზოგად ინსტიტუტს და მის ფუნქციას აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებით მხარეები ცდილობენ სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი რისკების აწონ-დაწონვით ერთმანეთთან ურთიერთობით კონკრეტული საზღაურის სანაცვლოდ დაეზღვიათ კონკრეტული რისკების დადგომის შემთხვევები.
73. კასატორი არ ეთანხმება მხარეთა ნების რაიმე სახის შეზღუდვაზე მსჯელობას. მითუმეტეს, როდესაც ეს არ არის ერთჯერადი ხასათის სახელშეკრულებო ურთიერთობა, მსგავსი პირობებით ისინი არაერთი წლის მანძილზე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, ორივე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს (იურიდიულ პირს) შესაბამისად ხელშეკრულების გაცნობის, გათავისების და გაგების პრობლემა მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია დღის წესრიგში დადგეს.
74. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეები არიან მეწარმე სუბიექტები. მოწინააღმდეგე მხარესთან არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, როგორც ხელშეკრულებაზე მუშაობის დროს, ისე ანაზღაურების ნაწილში, მუდამ გამოყოფილია მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიასთან საკონტაქტო პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, კომპანიის დირექტორი ამა თუ იმ ხელშეკრულების პირობას ბრმად არ აწერს ხელს.
75. კასატორის მოსაზრებით, დაზღვევის გარეშე მოპასუხის საქმიანობა წარმოაუდგენელია, შესაბამისად მსჯელობა, ვითომ გადაზიდვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია აქამდე დაზღვევის გარეშე ახორციელებდა ტვირთების გადაზიდვას და მისთვის უცხოა სადაზღვევო ურთიერთობა ან და აღნიშნული პროდუქტი, მაშინ როდესაც ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა წინა წლებში გაფორმებული სადაზღვევო პოლისები, გასაზიარებელი არაა.
76. კასატორმა მიუთითა, რომ სადავო პირობაზე მოპასუხეს აქამდე რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ თავისუფლად შეეძლოთ სხვა მზღვეველისთვის მიემართათ. ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე მოპასუხის წარმომადგენელს და შესაბამის პირებს, გაეგზავნათ ელექტრონული შეტყობინება, სადაც განემარტათ, რომ მეილის დადასტურებით ადასტურებდნენ, რომ გაეცნენ და დაეთანხმნენ დაზღვევის პირობებს (განაცხადი, ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობები, ხელშეკრულება, პოლისი). ელ. ფოსტაზე განცხადებულ თანხმობას გააჩნდა იგივე იურიდიული ძალა, რაც დოკუმენტის ხელმოწერას. აღნიშნულ შეტყობინებაზე მოპასუხემ ელექტრონული მეილის საშუალებითვე განაცხადა თანხმობა.
77. შესაბამისად, როცა არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დგინდება, რომ მხარეს გაგზავნილი ჰქონდა ყველანაირი დოკუმენტი, ჰქონდა მითითება დათანხმების შემთხვევაში წარმოქმნილი სამართლებრივი შედეგების შესახებ და მტკიცდება, რომ წლების განმავლობაში იდენტური შინაარსის მუხლების შემცველი ხელშეკრულებების საფუძველზე ჰქონდა მოსარჩელესთან ურთიერთობა, არასწორია მითითება იმაზე, რომ სადაზღვევო კომპანიამ არ განმარტა ხელშეკრულების რომელიმე პირობა ან მოპასუხისთვის იგი უჩვეულო აღმოჩნდა.
78. კასატორის მოსაზრებით, შესაბამისად, გასაზიარებელი არაა მოპასუხის შესაგებლი, სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიას არ ჰქონდა განმარტებული ხელშეკრულების უჩვეულო პირობის შესახებ, რომელიც დაზღვევის პრინციპებთან და არსთან წინააღმდეგობაში მოდის. მოპასუხე კომპანიამ კარგად იცოდა, რომ ასეთი პირობის გარეშე სხვა მზღვეველი იგივე სადაზღვევო პრემიის ოდენობით შესაძლებელია არ დათანმხმებულიყო რისკის შეფასებას, ხოლო ფაქტის წინაშე დადგომის შემთხვევაში (მითუმეტეს როდესაც წინსწრებით იყვნენ გაფრთხილებული აღნიშნულის თაობაზე საქმეში არსებულ ელექტრონული მიმოწერის შესაბამისად), ამჯობინეს ნორმის ვითომდა ბუნდოვანების მომიზეზება და მზღვევლის არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება.
79. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულების ბუნებაზე, რომელიც მხარეს თითქოსდა გაუმუქებელი პირობის აღქმაში ხელს უშლის.
80. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაშიც თუ ძლიერ და სუსტ მხარეებად არ მოხდება მხარეთა ინდეტიფიცირება, რეგრესული მოთხოვნის თაობაზე ჩანაწერის არსებობას პალატა მაინც კანონსაწინააღმდეგოდ აფასებს, მაშინ როდესაც მისი ბათილად ცნობა არ ყოფილა დაყენებული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ამასთან, ის არც კანონსაწინააღმდეგოა და არც საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს არღვევს, რადგან სსკ-ის 799-ე მუხლი აძლევს მხარეებს იმის შესაძლებლობას, რომ თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები.
სამოტივაციო ნაწილი:
81. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
82. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
83. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ:
84. 2020 წლის 25 მაისს, მხარეთა შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ გასცა სადაზღვევო პოლისი.მზღვეველს წარმოადგენდა მოსარჩელე, დამზღვევს - მოპასუხე, ხოლო დაზღვეულს/მოსარგებლეს - შპს „მ----კ ს------ო“.დაიზღვა (I სექცია) მოპასუხის კონტეინერის ძარა და (II სექცია) მოპასუხის პასუხისმგებლობა კონტეინერის დაგვიანებაზე (დაზღვევის საგანი). დასახელებული მე-2 სექცია მოიცავდა პასუხისმგებლობას კონტეინერის დაგვიანებით დაბრუნებაზე(იხ., ამ განჩინების პ-26).
85. 2020 წლის 23 ივლისს ქ. ----- მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული და უნისონში დაზღვეული ავტომანქანა „----“, სახელმწიფო ნომრით ----, რომელზეც განთავსებული იყო უნისონში დაზღვეული კონტეინერი -----.შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო გამოძიება 23.07.2020წ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ავტომანქანა „-----“ სახელმწიფო ნომრით ----- და კონტეინერი ----- გადაყვანილ და განთავსებულ იქნა საჯარიმო სადგომზე. მოსარჩელის 2020 წლის 20 აგვისტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საპატრულო პოლიციამ საშუალება მისცა კომპანიას გაეტანა მხოლოდ “-----” მარკის სახელმწიფო ნომრით ----- ავტომობილის მისაბმელზე სახ:ნომრით ---- მასზე განთავსებული კონტეინერი, ხოლო ავტომანქანა მისაბმელით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დარჩა სპეც ავტოსადგომზე. მისაბმელზე განთავსებული კონტეინერის საზღვაო ხაზისათვის (კონტეინერის მესაკუთრე) ჩაბარების თავისუფალი ვადა ამოიწურა 2020 წლის 31 ივლისს, ხოლო 31 ივლისიდან ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში ირიცხებოდა მოცდენის თანხა, რომელიც შეადგენდა დღეში 30 აშშ დოლარს, ხოლო 15 დღიდან 60 აშშ დოლარს.
86. 2020 წლის 10 ნოემბერს, ბენეფიციარმა - შპს „მ----კ ჯ-----მ“ მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ----- კონტეინერის მოცდენის თანხის 1 680 აშშ დოლარის ანაზღაურება, რომელი მოთხოვნაც მზღვეველის მიერ დაკმაყოფილდა და ანაზღაურდა 1680 აშშ დოლარი (5 547.53 ლარი).
87. ზემოთმითითებული და დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საკასაციო შედავების საფუძველზე, საკასაციო პალატა იმსჯელებს, წარმოეშობა თუ არა მოპასუხეს ( დამზღვევი) ვალდებულება „უკუმოთხოვნის“ საფუძველზე კონტეინერის მოცდენისთვის ბენეფიციარისთვის გადახდილი თანხა აუნაზღაუროს მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიას.
88. სადავო საკითხთან მიმართებით მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პოლისისა და ხელშეკრულების მიხედვით, მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემოდა მზღვეველს. ამასთან, დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაში რჩებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზე უშუალო პასუხისმგებელი იქნებოდა სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული, პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთან ურთიერთობა (უფლება/მოთხოვნა, ვალდებულება/ პასუხისმგებლობა) დამზღვევის გადასაწყვეტი იყო.
89. მოპასუხეს კი მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იგი არ არის ვალდებული მზღვეველს აუნაზღაუროს მოთხოვნილი თანხა, რადგან სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია მესამე პირის ბრალეულობამ და მოსარჩელე - სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია მოთხოვნა მესამე პირისაგან სუბროგაციის წესით დაიკმაყოფილოს.
90. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, §24; K.S. v. finland § 21).
91. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის( მოსარცელე) შედავებების საფუძვლიანობა.
92. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
93. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).
94. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
95. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 839-ე და 840-ე მუხლების დანაწესი.
96. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
97. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
98. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
99. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
100. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
101. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
102. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).
103. სსკ-ის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო, ხოლო სსკ-ის 840-ემუხლის თანახმად კი, მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.
104. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების ანალიზისას მნიშვნელოვანია სუბროგაციის ინსტიტუტის განხილვა. “სუბროგაცია" (Latin – Subrogatus) ლათინური წარმოშობისაა და "ჩანაცვლებას" ნიშნავს.
105. სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინაღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვეო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას, რაც იმპლიმენტირებულია ამავე კოდექსის 832-ე მუხლში. სსკ-ის 832.1 მუხლით დადგენილია, რომ თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. მითითებული ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მზღვეველი აუნაზღაურებს დამზღვევს დამდგარ ზიანს, მზღვეველს წარმოეშობა უფლება გახდეს დამზღვევის უფლებამონაცვლე და მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მესამე პირისაგან იმ ოდენობით, რაც მან დამზღვევს გადაუხადა.
106. დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია “ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან” (შდრ: Skiner M, Gross J., Subrogation, 7.06.2007, http://www.allens.com.au/pubs/pdf/insur/pap7jun06.pdf.).
107. აღნიშნული პრინციპი კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა, რა დროსაც მზღვეველზე იმ მოთხოვნის უფლებების გადასვლა ხდება, რაც გააჩნია დაზღვეულ (სარგებლის მიმღებ) პირს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. სუბროგაციის ერთ-ერთ უპირატესობად და დანიშნულებად მოიაზრებენ ზიანის მიყენების ფაქტის დადგომის შემდეგ სამივე მონაწილე მხარისათვის აღნიშნული პრინციპის საშუალებით პრობლემის ოპტიმალურ გადაწყვეტას.“ (შდრ: ნ. ნიავაძე, სუბროგაცია ნებაყოფლობით სადაზღვევო ურთიერთობებში, 2012, გვ.3).
108. ქონებრივი დაზღვევის სამართალურთიერთობაში სუბროგაციის ძირითადი დანიშნულებაა, რომ დამზღვევის მიერ დაზღვევა არ იქნეს გამოყენებული უსაფუძვლო გამდიდრების საშუალებად. დამზღვევს, რომლის ქონებრივი ინტერესიც იქნა დაზიანებული მესამე პირის მიერ, მიყენებული ზიანის შესაბამისი ოდენობის თანხის ანაზღაურების მიღების უფლება ერთდროულად წარმოეშობა ორი სხვადასხვა სუბიექტის მიმართ. მათგან ერთს წარმოადგენს ზიანის მიყენებისას დელიქტურ სამართლებრივურთიერთობაში პასუხისმგებელი პირი, ხოლო მეორეს სადაზღვევო კომპანია, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის კონტრაჰენტი. თუ დამზღვევი ანაზღაურებას მოითხოვოს და სრულად მიიღებს ორივე სუბიექტისგან, მაშინ დამზღვევის მიერ მიღებული თანხა იქნება იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მიყენებული ზიანი, რაც თავისთავად საფუძვლის გარეშე დამზღვევის გამდიდრების საწინდარია.
109. „სუბროგაციის დროს საქმე გვაქვს დელიქტურ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლასთან, სადაც ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა. ამდენად ზიანის დამზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება კრედიტორის ჩანაცვლების პრინციპი, რაც შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას.“ (შდრ: სუსგ №ას-581-549-2011, 17 თებერვალი, 2012).
110. სუბროგაციის შემთხვევაში მოთხოვნის უფლება მზღვეველზე გადადის მის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს პასუხისმგებელი პირისაგან იმაზე მეტი, რაც მან აანაზღაურა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. თუმცა, თავის მხრივ, ეს არ ართმევს უფლებას დამზღვევს, ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან მოითხოვოს თანხა, რაც აღემატება გაცემულ სადაზღვევო საზღაურს, თუ რეალური დანაკლისი სადაზღვევო თანხაზე მეტია. (შდრ: გ. ამირანაშვილი, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან, „მართლმსაჯულება და კანონი“, №1’19, 2014, გვ.95).
111. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, ერთის მხრივ, სადაზღვევო კომპანიამ შემოსავალი მიიღოს და მეორეს მხრივ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეს. მნიშვნელოვანია, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევის დაცვამ, გარკვეულწილად არ „მოადუნოს“ ზიანის მიმყენებელი (შდრ: ნ. მოწონელიძე, სუბროგაცია, როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, 2016, გვ.42). „Made whole“-ს პრინციპის თანახმად, დამზღვევის ზიანი სრულად უნდა იქნეს ანაზღაურებული, მანამ სანამ სადაზღვევო კომპანია აღძრავს სარჩელს ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ (შდრ: Howard E., Theodore K, „Subrogation: Primer and Recent Environmental Cleanup Cases“, 2015, New York Law Journal, p.1-2; https://www.law.com.)
112. მზღვეველის სუბროგაციული მოთხოვნის უფლება განიმარტება, როგორც „მიღებული კომპენსირების პრინციპისაგან“: დამზღვევს აქვს უფლება აინაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუმცა მეორე მხრივ, დამზღვევი არ არის უფლებამოსილი უსაფუძვლოდ გაიმდიდროს საკუთარი თავი და მოთხოვნა აინაზღაუროს, როგორც მზღვეველისაგან, ასევე ზიანის მიმყენებელი მესამე პირისაგან. ამავდროულად, ზიანზე პასუხისმგებელ პირს არ შეუძლია თავი გაიმართლოს იმ ფაქტით, რომ დაზარალებულ პირს დაზღვეული ჰქონდა შემთხვევა. ის მაინც წარმოადგენს ზიანზე პასუხისმგებელ პირს. ( იხ: Pengelley N., „When Can an insurer Exercise its Right of Subrogation”?, The Accountig Review 75(1), 2013.).
113. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სუბროგაციის საფუძველზე კანონმდებელი ცდილობს ორი მიზნის მიღწევას: პირველი, დაზღვეულმა არ უნდა მიიღოს ორმაგი კომპენსაცია ზიანის მიმყენებელი მესამე პირისა და მზღვეველისაგან, ანუ დამზღვევი არ უნდა გამდიდრდეს უსაფუძვლოდ და მეორე, ზიანის მიმყენებელმა მესამე პირმა, სადაზღვევო ანაზღაურების საფუძველზე, არ უნდა ნახოს სარგებელი, კერძოდ იგი არ უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.
114. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სუბროგაციის შემთხვევაში მოვალე (მზღვეველი) მესამე პირად არ განიხილება, მასზე ხდება კრედიტორის (დამზღვევი) უფლების გადასვლა. სადაზღვევო საზღაურის გაცემის შემდეგ რეგრესული ვალდებულება კი არ წარმოიქმნება, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით: მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. სუბროგაცია წარმოადგენს მზღვეველის გარანტიას, ზიანის მიმყენებლისაგან მიიღოს ის თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გასცა დამზღვევითვის. (იხ. დამატებით: გ. ამირანაშვილი, „სუბროგაციის უფლების დაუშვებლობა“, სამართლებრივი ჟურნალი, 2011, გვ.20.).
115. სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეები უშუალოდ სადაზღვევო ხელშეკრულებით დეტალურად განსაზღვრავენ იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც მათ სუბროგაციის რეალიზაციის პროცესში წარმოეშობათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების პირობების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიწოდოს დამზღვევს და ამით დაცული იქნება დამზღვევის ინტერესები. თუ გავითვალისწინებთ, რომ სადაზღვევო სამართლის უმთავრესი მიზანი დამზღვევის ქონებრივი ინტერესის დაცვაა, ცალსახაა, რომ დავა დამზღვევსა და მზღვეველს შორის მოვალისაგან ანაზღაურების მიღების უპირატესი უფლების შესახებ დამზღვევის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (შდრ: ნ.მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, თბილისი, 2016, გვ: 117, 221). ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულების უმთავრესი მიზანი დამზღვევის ქონებრივი ინტერესის დაცვაა, ბუნებრივია, სუბროგაცია არ შეიძლება ამ უკნასკნელის საზიანოდ განხორციელდეს (შდრ:BGHZ 13, 28 = VersR 195, 211 მითითებულია: Moller/Segger, in: Longheid/Wandt, Munchener kommentar, VVG პპ:1-99 Systematische Darstellung, Band I, 2010, პ86, Rn, 122.). როგორც წესი, სუბროგაციის შემთხვევაში, კრედიტორი („პირველადი კრედიტორი“, დამზღვევი) ანაზღაურების მიღებისთანავე ტოვებს ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას და მას ანაცვლებს „მეორადი კრედიტორი“ - პირი რომელმაც ვალდებულება „პირველადი კრედიტორის“ წინაშე სხვის ნაცვლად შეასრულა. მზღვეველი, როგორც წესი, ზიანის მიმყენებელი პირის წინაშე დამზღვევის სახელით გამოდის და მისი უფლებების რეალიზაციას საკუთარი ინტერესებისათვის ახორციელებს. ამდენად, სუბროგაციის შემთხვევაში, სახეზეა საინგულარული სამართალმემკვიდრეობა (შდრ: ნ.მოწონელიძე, სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, თბილისი, 2016, გვ: 174, 175).
116. განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ის 832-ე მუხლის დანაწესის გამოყენების წინაპირობები.
117. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მზღვეველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გადაცემის გამიჯვნას რეგრესული ვალდებულებისაგან. რეგრესული ანაზღაურება პასუხისმგებლობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დაიშვება ერთი პირის პასუხისმგებლობა მეორე პირის მოქმედებისათვის (იხ. მ. დუნდუა, დელიქტური პასუხისმგებლობისა და სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის თანაფარდობა, სამართლის ჟურნალი, 2009, გვ.52-60). რეგრესული პასუხისმგებლობა სახეზეა, როდესაც პირი ფარავს სხვა პირის ვალს მესამე პირის წინაშე და შემდეგში სურს აინაზღაუროს თავისი ხარჯები მოვალისგან (იხ. ი. კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, 2014, გვ. 607.). რეგრესი (ლათინურად regressus – უკუმოთხოვნა) სამოქალაქო სამართალში გულისხმობს პასუხისმგებელი პირის უფლებას, მოითხოვოს შესრულება მესამე პირისაგან, რომელიც მის წინაშეა ვალდებული (იხ. რ. როგავა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადაცემის ფარგლები და მისი ხანდაზმულობა, სამართლებრივი ჟურნალი, 2013, გვ.15.).
118. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სუბროგაციისა და რეგრესის ინსტიტუტების გამიჯვნას, გარდა თეორიული მნიშვნელობისა, დიდი პრაქტიკული დატვირთვაც აქვს. რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის, ისე სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისითაც. ეს კი, საბოლოოდ, ურთიერთობის მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსხვავებულ ბუნებას განაპირობებს.
119. სუბროგაციის დროს მზღვეველს გადაეცემა ის უფლებები და მოვალეობები, რომელიც თავდაპირველად გააჩნდა დამზღვევს ზიანის მიმყენებელი პირის მიმართ. მნიშვნელოვანი ნაწილი კი გადაცემის ფარგლებში მდგომარეობს. გადაცემა უნდა მოხდეს იმ ანაზღაურების პროპორციულად, რა ფარგლებშიც აანაზღაურა მზღვეველმა ეს ზიანი, ბალანსი რომ იყოს დაცული. სსკ-ის 832-ე მუხლი მოიცავს შემთხვევას, როცა მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ამ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ,,რეგრესული მოთხოვნა გულისხმობს მოვალის უფლებას, მოითხოვოს მესამე პირისაგან (რეგრესატისაგან) თანხის გადახდა, ნივთის გადაცემა ან სხვა ქმედების განხორციელება იმ საფუძველზე, რომ თავის მხრივ მოვალემ (რეგრედიენტმა) შეასრულა მესამე პირის ვალდებულება თანხის გადახდის, ნივთის გადაცემისა ან ქმედების განხორციელების გზით.’’ ( იხ. ნ. ნიავაძე, სუბროგაცია ნებაყოფლობით სადაზღვევო სამართლებრივ ურთიერთობებში, 2012, გვ.21).
120. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგრესის კონკრეტული დეფინიცია არ გვხვდება კანონმდებლობაში, თუმცა მისი გამოვლინება მრავლად გვხვდება სხვადასხვა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთბებში. კერძოდ, სსკ-ს 890-ე მუხლი (რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება), სსკ-ს 690-ე მუხლი (დანამატის მიღების მოთხოვნის უფლება), სსკ-ს 704-ე მუხლი (რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას), 706-ე მუხლი (შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო), სსკ-ს 858-ე მუხლი (რეგრესის უფლების დაუშვებლობა).
121. სუბროგაციისა და რეგრესის სრულყოფილი ანალიზისთვის ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული ორივე, როგორც ერთმანეთისაგან გასხვავებული შემადგენლობა. შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობის დროს მესამე პირის მიმართ ზიანის მოთხოვნის საფუძვლის რეგულირება სწორად უნდა მოხდეს, რადგან სწორად განისაზღვროს შემდეგში თანმდევი მოვლენები.
122. „სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს ( შდრ: სუსგ №ას-80-77-2016, 15 აპრილი, 2016). „რაც შეეხება რეგრესს, იგი სუბროგაციისგან განსხვავებით ახალი ურთიერთობის თანმხლები ვალდებულებაა. რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება“ (შდრ: სუსგ №ას-380-364-2016, 22 ივნისი, 2016). „სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს“ (შდრ: სუსგ №ას-1057-1017-2016, 10 ოქტომბერი, 2017).
123. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგრესის დროს ერთი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია, რა დროსაც მესამე პირი( ახალი კრედიტორი) ანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც მოვალემ (ვალდებულმა პირმა) კრედიტორს (დაზარალებული) მიაყენა, ხოლო მეორეს მხრივ წარმოიშობა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რის საფუძველზეც ახალი კრედიტორი უფლებამოსილია მოვალისაგან მოითხოვოს მის ნაცვლად მოვალის კრედიტორისათვის გადახდილი (ანაზღაურებული ზიანი) თანხის დაბრუნება (ანაზღაურება) (შდრ: ქ. ბენაშვილი, „სუბროგაციის პრინციპი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და მისი მიმართება რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებასთან და ცესიასთან“, სიფა-ს ჟურნალი №5, 2018, გვ.104). რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებისას ურთიერთობაში არა კრედიტორის ჩანაცვლება, არამედ დასრულებული დელიქტური ურთიერთობიდან ახალი ვალდებულება წარმოიშობა (შდრ: გ. ამრანაშვილი, „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან“, მართლმსაჯულება და კანონი, № 1, 2014, გვ. 93). „ მზღვეველს რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების უფლების გამოყენება შეუძლია იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ზიანიდან გამომდინარე. მზღვეველს დამზღვევის მიმართ რეგრესის უფლება შეუძლია გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი დაარღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესი სახეზე არ გვექნება“ (შდრ: Graber Christoph, Kölliker Isabel, Insurers’ Right of Recovery (Subrogation/Recourse), IBA Insurange Committee Substantive Project, report 2016, p.158, Https: www.prager-dreifuss.com).
124. როგორც სუბროგაციის, ასევე რეგრესის შემთხვევაში მზღვეველის აღჭურვა ე.წ. დამატებითი უფლებით, მზღვეველის მიერ დაზარალებული პირის სასარგებლოდ განხორციელებული ანაზღაურების შედეგია. ამ ორ ინსტიტუტს შორის განსხვავება მდგომარეობს ზიანის ანაზღაურების ადრესატებსა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლებში, კერძოდ, სუბროგაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ხორციელდება დამზღვევის, ხოლო რეგრესის შემთხვევაში კი - მესამე პირის სასარგებლოდ.
125. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021 წელი, პ.14; №ას-92-88-2016, 11.03.2016წ.). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30.10.2015წ.). ამიტომაც, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიჩნევს, იმსჯელოს ხელშეკრულების თავისუფლებისა და ხელშეკრულების სტანდარული პირობების შესახებ.
126. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართლიანობა კერძო ავტომონიის პრინციპს ეფუძნება, რომლის მიღწევა სახელშეკრულებო სამართლის უმთავრეს საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული. სწორედ სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის დაცვისთვისაა კანონით განსაზღვრული ჩარევის ისეთი შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც მხარეს კონკრეტული ვალდებულება დაეკისრება. ასეთ ვალდებულებად კი თავისუფლების შეზღუდვა იგულისხმება. სახელშეკრულებო სამართლიანობა ხელშეკრულების თავისუფლების თანმდევ პრინციპად შეიძლება იქნეს აღქმული, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ერთიანობაშიც კი განიხილება.
127. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული წარმოადგენს კანონით ხელშეკრულების მონაწილე პირთა შეზღუდვის საფუძველს - არ იმოქმედონ თვითნებურად და არ დაარღვიონ მართლწესრიგი. სახელშეკრულები სამართლიანობის ფარგლებში კანონის მიზანს თანასწორობის დაცვა წარმოადგენს. ამით კი გამოირიცხება ისეთი შედეგები, როგორებიცაა ე.წ. „ნაკარნახევი ხელშეკრულების“ დადება, არსებითი სახელშეკრულებო პირობების ცალმხრივად განსაზღვრა და სხვ.
128. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანობის აღდგენა სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება იქნეს აღქმული, როდესაც მხარეს ერთგვარ წინაპირობადაც განესაზღვრება სამოქალაქო სამართლის უმთავრეს პრინციპთა დაცვა. სამართლიანობის ანტიპოდია უსამართლობა. ამ უკანასკნელის თავიდან აცილების მიზანს სამართალში სამართლიანობის დამყარება წარმოადგენს. უსამართლობის რისკი (ალბათობა) დიდია განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ერთი კონტრაჰენტის მიერ ნაკარნახევ სახელშეკრულებო პირობებს ეხება. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს კერძო პირთათვის, თუ სახელმწიფოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრამ სამოქალაქო ბრუნვას არ უნდა შეუქმნას საფრთხე.
129. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშემკრველ მხარეთა უფლება-მოვალეობების დადგენამდე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ხელშეკრულების მხარეთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.
130. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერების საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
131. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.
132. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. კერძოდ, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
133. აღნიშნული ნორმის დანაწესი არ შეიცავს გულისხმიერების ვალდებულებათა ჩამონათვალს და არ აზუსტებს მის შინაარს. კანონმდებელი მხოლოდ ამ ვალდებულების აუცილებელ ნიშან-თვისებებზე მითითებით შემოიფარგლება, კერძოდ: ა) გულისხმიერების ვალდებულება გამომდინარეობს ვალდებულებითი ურთიერთობის ბუნებიდან, მიუხედავად იმისა, შეთანხმდნენ თუ არა მასზე მხარეები (naturalia negotii); ბ) გულისხმიერების ვალდებულება მიმართულია მოვალის ქონებრივი და არაქონებრივი status quo-ს შენარჩუნებაზე (განსხვავებით შესრულების ვალდებულებისაგან, რომელიც status quo-ს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად); გ) გულისხმიერების ვალდებულება ეკისრება ვალდებულების ორივე მხარეს.
134. გულისხმიერების ვალდებულება, როგორც ბუნებრივი ვალდებულება, ახასიათებს ყველა ვალდებულებით ურთიერთობას, რომელშიც ამ ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით, მხარეებს ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. ის გარემოება, რომ კანონმდებელი არა ჩვეულებრივ, არამედ „განსაკუთრებულ“ გულისხმიერებაზე მიუთითებს, მეტყველებს იმაზე, რომ სსკ-ის 316 II-ე მუხლით დადგენილი ქცევის სტანდარტი იმაზე მაღალია, ვიდრე სსკ-ის 992-ე მუხლის სტანდარტი. სტანდარტის სიმკაცრე, თავის მხრივ, დამოკიდებულია ვალდებულების ხასიათზე. იგი მით უფრო მაღალია, ა) რაც უფრო მაღალია ობიექტური ნდობის ხარისხი კონტრაჰენტთან მიმართებაში ბ) მაღალია დაინტერესებული მხარის ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები. რაც შეეხება ობიექტურ ნდობას, იგი განსაკუთრებით ინტენსიურია საბანკო და სადაზღვევო ურთიერთობებში (შდრ: №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019, პპ: 187-189) და ამ თვალსაზრისით, ყურადღებაა გასამახვილებელი ხელშეკრულების დებულებათა სიცხადის აუცილებლობაზეც.
135. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის ფარგლებში სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას, ისე საკანონმდებლო მოწესრიგების ასპექტში. სამართლიანობა ბოჭავს კანონმდებელს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებლის მიზანს კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში კი ასეთია სახელშეკრულებო თანასწორობა და სახელშეკრულებო სამართლიანობა, რომელიც ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელშეკრულებო თანასწორობის დარღვევა გამოიწვევს სახელშეკრულებო სამართლიანობის დარღვევას. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვით გონივრულ ფარგლებს უწესებს მის მონაწილე მხარეებს და ამით სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენისკენ დგამს ნაბიჯს (მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტანდარტული პირობებით შედგენილი ხელშეკრულება). (შდრ: Di Fabio U., Form und Freiheit, DNotZ, Heft 5, Verlag C.H. Beck, München, 2006, 346.
136. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავისუფლება და სამართლიანობა - ეს ორი პრინციპი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც, თავისუფალი რეალიზების ფარგლებში, სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი. იგი ემსახურება პირთა თანასწორობის მიზანს. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებით, სახელშეკრულებო სამართლიანობა სსკ-ის ნორმებით წესრიგდება. სახელშეკრულებო სამართლიანობა, უპირველეს ყოვლისა, კერძო ავტონომიის უმთავრეს არსს ეფუძნება: მხარეთა შორის კონკრეტული კერძოსამართლებრივი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებით განხორციელდეს, ხოლო მათ შორის არსებული შეთანხმება შეესაბამებოდეს სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპს. ასეთი დანაწესის არარსებობამ შეიძლება სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა მიმართ უსამართლო შედეგები გამოიწვიოს, ვინაიდან იგი შეუსაბამობაში მოვა კერძო სამართლის არსთან - მის მონაწილე ინდივიდებს გააჩნდეთ თანასწორი უფლებები კერძოსამართლებრივ ურთიერთობის საწყისზე.
137. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში, ერთ-ერთ გამოვლინებად სტანდარტული პირობები განისაზღვრა.
138. სტანდარტული პირობების მთელ არსს კონკრეტული ხელშეკრულების ხშირი გამოყენება წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. ფორმულარი ხელშეკრულება, რომელსაც სტანდარტული პირობებით იყენებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი დოკუმენტი „ტიპობრივ სახელშეკრულებო ფორმულარადაცაა“ მოხსენიებული. მისი გამოყენება აიოლებს და ორმაგად აჩქარებს თანამედროვე ეპოქაში არსებულ ტენდეციას - ხელშეკრულება შედგენილ იქნეს სწრაფად და მისმა მონაწილე პირებმა დრო არ დაიკარგონ, ცალკე ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ასეთი პრაქტიკული დანიშნულება და საჭიროება წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლებისთვის სსკ-ში ცალკე მომწესრიგებელი ნორმების აუცილებლობას.
139. საქართველოში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ევროპული კერძო სამართლის რეცეფციის შედეგს წარმოადგენს. სსკ-ის 342-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი წინაპირობები: ა) იგი უნდა იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული; ბ) გამიზნული უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის; გ) ერთი მხარე უნდა ადგენდეს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის და დ) აღნიშნულის მეშვეობით კანონით დაგდენილი ნორმებისგან განსხვავებული ან უნდა მოხდეს მათი შემვსები წესების დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მრავალჯერად დასადებ ხელშეკრულებებთან მიმართებით გამოიყენება.
140. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები. ეს დებულება გულისხმობს, რომ სტანდარტული პირობები ყოველთვის წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს, ანუ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს. სტანდარტული პირობები არ განიხილება ხელშეკრულებისაგან განცალკევებულ პირობებად, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია სტანდარტული პირობები ტექნიკურად არსებობდეს ხელშეკრულებისაგან განცალკევებულად (მაგ., შესაძლებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით, მაგრამ, თუ შემთავაზებელს საკუთარი სარეწის ფარგლებში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული აქვს სტანდარტული პირობები, ეს პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ დებულებებად განიხილება).
141. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები. რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები. მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა გულისხმობს სტანდარტული პირობების არაერთჯერად ხასიათს, ანუ შემთავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისათვის საერთოა. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს, თუ შემთავაზებელმა ჩამოაყალიბა სტანდარტული პირობა, მისი მრავალჯერადი გამოყენება არის სავალდებულო და სხვა შემთხვევაში არ შეიძლება პირობა ჩავთვალოთ სტანდარტულად. აღნიშნული დათქმა გულისხმობს არა პირობის მრავალჯერადად გამოყენების ვალდებულებას, არამედ მრავალჯერადი გამოყენებადობის შესაძლებლობას, ანუ პირობა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს არაერთჯერადად, ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ.
142. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაასის ფორმულირებაზე. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ 345-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ტექსტის ბუნდოვანებისას მისი განმარტება ხდება მეორე მხარის სასარგებლოდ. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. სტანდარტული პირობების კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამ პირობაში, რა თქმა უნდა, მოიაზრება კანონის დისპოზიციური ნორმები და ნებისმიერი სტანდარტული პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმას, არის ბათილი.
143. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენება თანამედროვე ბაზრის განვითარების ერთ-ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს. იგი გამოიყენება უამრავ სამართლებრივ ურთიერთობებში: მაგალითად, დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობებისას (იხ. Winter, Kommentar zum Versicherungsvertragsgesetz und zu den Allgemeinen Versicherungsbedingungen unter Einschluß des Versicherungsvermittlerrechtes, Lebenversicherung (§§ 159-178 VVG), Möller/Sieg/Johannsen (Hrsg.), 8. Auflage, Verlag Walter de Gruyter & Co., Berlin, 1988, 135 და შემდგომნი). ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ხელშეკრულების თავისუფლების ბუნებაში ჩარევის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია (იხ: Schmidt H., Einbeziehung von AGB im unternehmerischen Geschäftsverkehr, NJW, Heft 46, Verlag C.H. Beck, München, 2011, 3330. Lakies T., AGB im Arbeitsrecht, Kontrolle vorformulierter Arbeitsvertragsinhalte: Reichweite und Grenzen, Tipps und Taktit, Verlag C.F. Müller, Heidelber, 2006, Rn. 2.).
144. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სტანდარტული პირობები ყოველდღიურად ვითარდება. აღნიშნულის დასტურია ელექტრონული ხელშეკრულება, რომელსაც მეწარმე სუბიექტები ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე დებენ. ამგვარი საშუალებით უფრო მარტივია ხელშეკრულების დადება, შეკვეთის გაკეთება და სხვ. ელექტრონული საშუალებით დადებული სტანდარტული პირობის მქონე ხელშეკრულების უმთავრეს მომწესრიგებლად სამოქალაქო სამართალში არსებული დათქმები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული (შდრ: Paal P.B., Internetrecht – Zivilrechtliche Grundlagen, JuS, Heft 11, Verlag C.H. Beck, München, 2010, 956.) ელექტრონული ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ქართულ კანონმდებლობაში ცალკეული მუხლებით არ წესრიგდება და გამოიყენება სსკ-ის სტანდარტული პირობების წესები.
145. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეზღუდვის საფუძველი და ამასთანავე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ იარსებებს, თუ მხარე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს მხოლოდ კონკრეტული, მის მიერ განსაზღვრული პირობებით გაწერილ ხელშეკრულებას შესთავაზებს. აღნიშნულით მხარის თავისუფლება არ იბოჭება. კერძოდ, ასეთის არსებობისთვის საჭიროა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება მრავალჯერადი გამოყენებისთვის იყო გამიზნული.
146. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა და ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე მსჯელობისას უნდა გამოვყოთ ის ძირითადი პრინციპები, რაც საკანონმდებლო დონეზე დასახელებულ სამართლებრივ ინსტიტუტს აწესრიგებს: ა) კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა და ბათლობის სამართლებრივი წინაპირობა; ბ) შინაარსის კონტროლი; გ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტი.
147. კონკრეტული გამონაკლისების გარდა, სტანდარტულ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები უმეტეს შემთხვევაში ბათილ ნორმებს არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც, სტანდარტული პირობები მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას იწვევს. მაგალითად, როდესაც დომინირებული მდგომარეობის მქონე საწარმო მის მომხმარებელს ხელშეკრულების არათანაბარ პირობებს სთავაზობს და სხვ. ასეთის არსებობისას, უმეტეს შემთხვევებში, ბათილი ნორმები ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და ხელშეკრულების მონაწილე ერთ მხარეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.
148. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სამართლიანობის მოთხოვნათა დაცვა უდიდეს როლს თამაშობს. სწორედ ამ თვალსაზრისით, კეთილსინდისიერების პრინციპი შესაძლებელია კონკრეტული პირობის გონივრულად განსაზღვრის საკითხს ეფუძნებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ეხება (მაგალითად, იმ გულისხმიერების ვალდებულებას, რაც მხარეს ასეთ შემთხვევაში გააჩნია). ასევე, მხარეთა მიერ თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებით არ უნდა გაიწეროს კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობა და სხვ. დაცვის თითოეული ასეთი მექანიზმი მიმართულია როგორც ხელშეკრულების მხარის უფლებების რეალიზების, ასევე, პრაქტიკისა და ეკონომიკური საქმიანობის სწორად წარმართვისკენ (შდრ: Lakies T., AGB-Kontrolle von Vertragstrafenvereinbarungen, ArbR Aktuell, Heft 13, Verlag C.H. Beck, München, 2014, ველი 313 .).
149. ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შინაარსის კონტროლზე საუბრისას უნდა შევეხოთ (და ამასთანავე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების) სამ უმთავრეს დამახასიათებელ საკითხს: ა) მის დანიშნულებას, ბ) ნორმათა კონკურენციას სსკ-ის სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან მიმართებით და გ) შინაარსის თავისუფლებისა და შინაარსის კონტროლის ურთიერთმიმართებას. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები სამოქალაქო სამართალში, 2016, გვ. 189.).
150. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსის კონტროლი სამართლებრივი შედეგებისთვისაა სარგებლის მომტანი. მისი უმთავრესი დანიშნულებაა, დაიცვას იმ პირთა მიმართ კერძო ავტონომიის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყიდულობენ მომსახურებას, პროდუქტს, და სხვ. აღნიშნული კი გამოიხატება ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის დასაშვებობაში, რაც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს სამართლებრივ დონეზე მოწესრიგებული მაკონტროლებელი ინსტრუმენტი. მართალია, შინაარსის კონტროლის მიზანს პირთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, მაგრამ ეს ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს, სსკ-ის სხვა მომწესრიგებელი ნორმები ასეთ დროს არ გამოიყენება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები საერთოდ არ გამოიყენება და საკითხის გადაჭრისთვის მხოლოდ სსკ-ის ცალკეულ ნორმებზეა სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული. ამგვარი მსჯელობა აბსოლუტურად მისაღები და სამართლებრივად დასაბუთებულია. შედარების თვალსაზრისით შესაძლებელია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოყვანა, სადაც სტანდარტული პირობების ბათილობის შემთხვევაში გამოიყენება გსკ-ის ზოგადი ნორმებით განსაზღვრული დათქმები, რომლებიც ნორმის ბათილობას ეხება. აღნიშნული, პირველ რიგში, ეფუძნება შინაარსის კონტროლის მიზანს (შდრ: Hellwege P., Allgemeine Geschäftsbedingungen, einseitig gestellte Vertragsbedingungen und die allgemeine Rechtsgeschäftslehre, Verlag Mohr Siebeck, Tübingen, 2010, 138.).
151. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის უმთავრეს წინაპირობას შინაარსის კონტროლი წარმოადგენს, როდესაც ჩარევა (ზემოქმედება) ხდება უშუალოდ ხელშეკრულების შინაარსზე. სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ჩარევა მრავალჯერადი გამოყენების ხელშეკრულებათა შინაარსის შეზღუდვისკენაა მიმართული. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების რეალიზაცია იმავე დოზით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია შესაძლებელი, სტანდარტული პირობებისას არ გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამართლის პრინციპი: რაც კანონით აკრძალული არაა, ყველაფერი დაშვებულია, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შეზღუდული სახით გამოიყენება, რაც შინაარსის კონტროლის აუცილებლობასა და მისი არსებობის ფარგლებს განამტკიცებს (შდრ: Schade F., Wirtschaftsprivatrecht: Grundlagen des bürgerlichen Rechts sowie des Handels- und Wirtschaftsrechts, 2. Auflage, Verlag A. Kohlhammer GmbH, Stuttgart, 2009, Rn. 178-181.).
152. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების განმარტებას დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ვინაიდან განმარტება ყოველთვის სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარეობს, მის სამართლებრივ საფუძველს ე.წ. „ობიექტური განმარტება“ უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული არის არა მხარეთა ინდივიდუალური შეხედულებები და წარმოდგენები საკითხზე, არამედ, კონკრეტული, სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის ჩამოყალიბებული ობიექტურ გარემოებებზე დამყარებული აღქმა. სასამართლოც საქმეთა განხილვისას სწორედ „ობიექტური განმარტებიდან“ უნდა ამოვიდეს. ამგვარი განმარტება ხელს უწყობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სტანდარტული პირობების განსაზღვრის საკითხს და ამასთანავე, იგი ადგენს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლების მოქმედების ფარგლებს, რომლის მიზანიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კეთილსინდისიერების პრინციპსა და ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სახელშეკრულებო პირობების სტანდარტულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებაა (შდრ: Krampe C., Auslegung und Inhaltskontrolle, Inhaltskontrolle im nationalen und europäischen Privatrecht, Schriften zum europäischen und internationalen Privat-, Bank- und Wirtschaftsrecht, Band 33, Reisenhuber K. und Karakostas I.K. (Hrsg.), De Gruyter Rechtswissenschaften Verlags- GmbH, Berlin, 2009, 22.
153. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 343-ე მუხლის მე-2 ნაწილი მეწარმის ჩართულობას გულისხმობს ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას. კერძოდ, „თუ ხელშეკრულების მეორე მხარის არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების ნაწილად იქცევა მაშინ[...]. ანუ კანონი ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებს იცნობს, როდესაც მეწარმე შეიძლება იყოს სტანდარტული პირობების მონაწილე. მეტიც, კანონი არათუ კრძალავს ასეთ შესაძლებლობას, ცალკეულ პირობას უდგენს პირს ასეთი ქმედების განხორციელებისთვის, რაც იმ ფაქტორიდან გამომდინარეობს, რომ მეწარმეებს სახელშეკრულებო ურთიერთობებისას ზოგადად მეტი წინდახედულობა მართებთ.
154. განსახილველ საქმეზე მოპასუხემ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანიას არ ჰქონია განმარტებული ხელშეკრულების უჩვეულო პირობის შესახებ, რომელიც დაზღვევის პრინციპებთან და არსთან სრულიად წინააღმდეგობაში მოდის, შესაბამისად მოპასუხისათვის წარმოუდგენელი იყო მზღვეველის წერილობითი მოთხოვნა რეგრესის წესით თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაზეც მოპასუხემ გასცა წერილობითი დასაბუთებული პასუხი თანხის ანაზღაურებაზე უარისა და მესამე პირისაგან თანხის სუბროგაციის წესით მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. მოპასუხის შესაგებელი, წინამდებარე განჩინების პ.18).
155. ამიტომაც საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. იმავეს ადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც, კერძოდ, სტანდატული პირობა თუნდაც აკმაყოფილებდეს კანონმდებლის მოთხოვნებს, იგი ვერ გადაიქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მეორე მხარისათვის ასეთი პირობების არსებობა მოულოდნელი იყო (შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.2).
156. ეს წესი თანაბრად მოქმედებს როგორც მომხმარებლის, ისე მეწარმისათვის წაყენებული სტანდარტული პირობების შემთხვევაში, რადგან მეწარმესაც არ ეკისრება ფაკულტატური ვალდებულება სტანდარტული პირობების სრულად წაკითხვისა თუ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებისა. (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი 2.). ამით შემთავაზებლის კონტრაჰენტის უჩვეულო და მოულოდნელი პირობებისაგან დაცვის მიზნით შექმნილია ე.წ. ნეგატიური ჩართვის წინაპირობა - პირობა არ უნდა იყოს უჩვეულო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. სსკ-ის 344-ე მუხლი გვევლინება სტანდარტული პირობების სამართალში მოქმედი სიცხადის პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებად.
157. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა (სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი( სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო.
158. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთი მხრივ სსკ-ის 344-ე და, მეორე მხრივ 346-348-ე მუხლების (ჩართვის ნეგატიური კონტროლი) წინაპირობების შემოწმება შეიძლება მოხდეს პარალელურად, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. არა ყოველი პირობა, რომელიც უჩვეულოა, არის იმავდროულად ( და მხოლოდ ამის გამო) შინაარსობრივად დაუშვებელი და პირიქით. სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში იდენტურია: ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი რჩება ძალაში და უჩვეულო თუ შინაარსობრივად დაუშვებელ პირობას ანაცვლებს კანონისმიერი დისპოზიციური დანაწესები.
159. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უჩვეულოდ ჩაითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც ხეშეკრულების მეორე მხარეს, მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და ხელშეკრულების მხარეს მათი გათვალისწინება არ შეეძლო (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.190.).
160. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, აუცილებელია შედარება “ჩვეულ“ რეგულაციასთან, რაც წამოჭრის საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი თვალსაწიერიდან უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება „ჩვეულ“ წესად. ნების გამოხატვის შინაარსის დადგენისას, გადამწყვეტია არა შემთავაზებლის, არამედ მიმღების თვალსაწიერი.( შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.14). მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული მეორე მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოლოდინს. სსკ-ის 344-ე მუხლის ამოქმედებისათვის, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულება უნდა იყოს იმავდროულად მოულოდნელი ანუ უნდა ჰქონდეს ე.წ. „ მოუმზადებლად თავზე დატყდომის ეფექტი“. ასევე გაასთვალისწინებელია გარემოებები, რომლებშიც იდება ცალკეული ხელშეკრულება შემთავაზებლის ქცევის ჩათვლით (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი18.).
161. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემთავაზებელს აქვს შესაძლებლობა, გააქარწყლოს სტანდარტული პირობის მოულოდნელობის ეფექტი. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია პირობის რეგულაციური შინაარსის ახსნა ან კანონისმიერი თუ ტიპიური სახელშეკრულებო ალტერნატიული რეგულაციის მკაფიოდ აღწერა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კონტრაჰენტს, გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა პირობის ხელშეკრულებაში ჩართვა. მოულოდნელობის მომენტი არ არის სახეზე, როცა მხარეებმა უჩვეულო დებულება ხელშეკრულების დადებამდე დეტალურად განიხილეს. მკაფიო მითითებისა და განმარტების ვალდებულება აქვს შემთავაზებელს და არცერთ შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარეს. უჩვეულო და მოულოდნელი სტანდარული პირობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არქცევის შემთხვევაში, დგება შემდეგი სამართლებრივი შედეგი: ხელშეკრულება დადებულად ითვლება ამ პირობის გარეშე. ის რეგულაციური ვაკუუმი, რაც გამოწვეულია უჩვეულო სტანდარტული პირობის ხელშეკრულებაში არჩართვით, უნდა ამოივსოს კანონის დისპოზიციური ნორმებით. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი ძალაში რჩება (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.192.).
162. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიღმა დარჩენილ სტანდარტულ პირობას ანაცვლებენ კანონის დისპოზოციური ნორმები. პირობის ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი (სსკ-ის 344-ე მუხლი) და შინაარსის კონტროლი (სსკ-ის 356-348-ე მუხლები), მიზნად ისახავს, დაიცვას ხელშეკრულების კონტრაჰენტი შემთავაზებლის მიერ ხელშეკრულების შინაარსის ცალმხრივად განსაზღვრისაგან. ცალმხრივად ფორმულირებული პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გამართულობაზე პასუხისმგებელია მხოლოდ შემთავაზებელი. ის ატარებს იმ რისკს, რომ მის მიერ ფორმულირებული პირობა ვერ გაუძლებს მოსამართლის მხრიდან (სსკ-ის 344-ე, 346-348-ე მუხლების საფუძველზე) შემოწმებას და შემთავაზებელი ამ რისკისაგან არ უნდა გათავისუფლდეს. შემთავაზებელი ვერ გადააბიჯებს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ინტერესთა მორიგების ჩარჩოებს. თუმცა, მეორეს მხრივ, მოსამართლე არ არის „ხელშეკრულების არქიტექტორი“, რომელმაც სტანდარტული პირობის „უჩვეულობის“ საბაბით თავად უნდა მისცეს მას ახალი და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი სახე. ამგვარად, დაუშვებელია უჩვეულო პირობის მოქმედების შემანარჩუნებელი რედუქცია ანუ პირობის დაუშვებელი შინაარსის დასაშვებ მაშტაბამდე დაყვანა და მისი ამ ფორმით შენარჩუნება (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი 31.).
163. განსახილველ საქმეზე უდავო დაგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 23.07.2020 წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევა და მის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობა, არ იყო გამოწვეული მოპასუხის ( დამზღვევი) ბრალეულობით.( იხ. სარჩელი; წინამდებარე განჩინების პ.9; პ. 32).
164. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიამ (დამზღვევი) სარჩელისაგან თავი დაიცავა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეს ნათლად არ განემარტა ხელშეკრულების იმ პირობის შესახებ, რომელიც დამზღვევის მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის წარდგენის უფლებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაშიც, თუკი დამზღვევი არაბრალეული იქნებოდა სადაზღვევო შემთხვევაში. კერძოდ, შესაგებელში მითითებულია, რომ მოპასუხე კომპანიას არ ჰქონია განმარტებული ხელშეკრულების უჩვეულო პირობის შესახებ, რომელიც დაზღვევის პრინციპებთან და არსთან სრულიად წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, მოპასუხისათვის წარმოუდგენელი იყო მზღვეველის წერილობითი მოთხოვნა რეგრესის წესით თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მან (მოპასუხემ) წერილობით, დასაბუთებული პასუხი გასცა მზღვეველს თანხის ანაზღაურებაზე უარისა და მესამე პირისაგან თანხის სუბროგაციის წესით მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ: წერილი ტ.1, ს.ფ. 107). ამავე წერილში მოპასუხე უთითებდა, რომ საჯარიმო სადგომზე კონტეინერის გადაყვანა და მოცდენა გამოწვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევით, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და გამორიცხავს დამზღვევის მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის უფლებას.
165. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.
166. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
167. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. შესაგებელი, ისევე როგორც სარჩელი, ყველა შემთხვევაში წერილობითი ფორმით (როგორც წესი ნაბეჭდი სახით) უნდა იყოს შედგენილი.
168. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებიდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.
169. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები_ დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
170. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
171. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
172. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
173. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.
174. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, მოცემულ შემთხვევაში, საფუძვლიანია მოპასუხის ის არგუმენტი, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევის მიმართ, მიუხედვად დამზღვევის ბრალეულობისა, რეგრესის წესით მოთხოვნის წარდგენის შესახებ პირობა, ეწინააღმდეგება დაზღვევის ძირითად არსს და მიზანს და შესაბამისად, წარმოადგენს უჩვეულო პირობას. დაზღვევის ხელშეკრულების მე-2 სექცია, რომელიც ადგენს მოპასუხის არაბრალეულ პასუხისმგებლობას, წარმოადგენს სტანდარტული ხელშეკრულების უჩვეულო პირობას, ვინაიდან მის საფუძველზე გაფართოებულია მოპასუხის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ სადაზღვევო კომპანია აღჭურვილია უფლებამოსილებით, მის მიერ მოსარგებლის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, მესამე (ბრალეული) პირის მიმართ სუბროგაციის წესით (სსკ-ის 832 მუხლი) მოთხოვნის წარდგენის გარეშე, დაიკმაყოფილოს შუალოდ დამზღვევი პირისაგან, მისი ბრალეულობის მიუხედავად, რაც დამზღვევი პირისათვის არის მოულოდნელი (იხ. წინამდებარე განჩინების პ.51-52).
175. მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმებულია ელექტრონულად. მოპასუხე მხარე, შესაგებლში მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი არ იყო ინფორმირებული აღნიშნული პირობის შესახებ და ამდენად მისთვის იყო მოულოდნელი, რაზეც მოპასუხე მიუთითებდა ჯერ კიდევ 2021 წლის 02 მარტს მოსარჩელის მიმართ გაგზავნილ წერილში, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან უზრუნველყო სადავო დებულებით გათვალისწინებული უჩვეულო პირობის შესახებ დამზღვევის ინფორმირება და რომ აღნიშნულ პირობაზე თანხმობა მოპასუხის გააზრებულ ნებას წარმოადგენდა, თუმცა მოსარჩელემ ამის დამტკიცება ვერ შეძლო.
176. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების სადავო დებულების და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ ინფორმაცია მოპასუხისათვის განსაკუთრებული წესით იყო ხელმისაწვდომი ან/და განმარტებული. ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში კი, 2020 წლის 25 მაისის გენერალური სადაზღვევო პოლისის ის დებულებები (მე-2 სექცია), რომლის მიხედვითაც „მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემა მზღვეველს, ამასთან, დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზე უშუალო პასუხისმგებელი არის სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული, პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთან ურთიერთობა (უფლება/მოთხოვნა, ვალდებულება/პასუხისმგებლობა) დამზღვევის გადასაწყვეტია“ - სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, ვერ მიიჩნევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე არაბრალეული პასუხისმგებლობის წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
177. როგორც წინამდებარე განჩინების პ.161-ში აღინიშნა, უჩვეულო და მოულოდნელი სტანდარული პირობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არქცევის შემთხვევაში, დგება შემდეგი სამართლებრივი შედეგი: ხელშეკრულება დადებულად ითვლება ამ პირობის გარეშე. ის რეგულაციური ვაკუუმი, რაც გამოწვეულია უჩვეულო სტანდარტული პირობის ხელშეკრულებაში არჩართვით, უნდა ამოივსოს კანონის დისპოზიციური ნორმებით. ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი ძალაში რჩება. ამიტომაც განსახილველი შემთხვევა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მომწესრიგებელი საკანონმდებლო დანაწესების საფუძველზე.
178. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
179. მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებული პრინციპი _ „jura novit curia“ -სასამართლომ იცის კანონი, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. (შდრ: სუსგ №ას-1076-996-2017, 19 აპრილი, 2019).
180. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, მოპასუხისათვის ზიანის (ზარალის) ანაზღაურების დაკისრების ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადგენა წარმოადგენდა.
181. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში კანონმდებლს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთის მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორეს მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში.
182. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
183. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გდაწყვიტოს, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ , ამავე დროს, წარმოადგენს კანონის გავრცობის საჭიროების შემოწმებას.
184. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მიღმა მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან ყველაზე სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას. „ინტერპრეტაციას აქვს მსჯელობითი ხასიათი, როდესაც არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა ხდება, რომელთაგან უკეთეს მოტივაციას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს (იხ. რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, GIZ 2009, გვ.59). გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში.
185. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ საგამონაკლისოდ ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმებლობის საფუძვლებს.
186. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს ანაზღაურების შეზღუდვა „უშუალო და განჭვრეტადი შედეგებით“, რაც ე.წ. „ადეკვატური მიზეზობრიობის“ თეორიიდან გამომდინარეობს. ეს მოსაზრება გამყარებულია სსკ-ის 412-ე მუხლში. ნორმა, განჭვრეტადობასთან ერთად, ზიანისა და დამდგარი შედეგის კაუზალობაზე ანუ, მიზეზ-შედეგობრიობაზე, აპელირებს, რაც კუმულაციურად მოვალისთვის საცნაურობასთან ერთად, ერთობლიობაში იძლევა დამფუძნებელ შედეგს - წარმოშობს ანაზღაურების დაკისრებას. აქედან კი, ლოგიკურად გამომდინარეობს ის წინაპირობა, რომ სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი.
187. რაც შეეხება დელიქტურ სამართალს, კანონი ადგენს, ასევე, ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას. ეს არის პასუხისმგებლობა საფრთხის შემქმნელი დელიქტებისთვის, უმართლობისა და ბრალეულობისაგან დამოუკიდებლად (სსკ-ის 999-ე, 1000-ე, 1004-ე, 1009-ე მუხლები).
188. მოცემულ საქმეში განსახილველი შემთხვევა არ ექცევა არც პირველ შესაძლებლობაში, რა დროსაც, აუცილებელია ბრალის არსებობა, არც - დელიქტური ნორმების ბრალის გარეშე პასუხისმგებლიობის სამართლებრივ ფარგლებში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის გამო (დაზღვევის ხელშეკრულება).
189. განსახილველ შემთხვეაში სარჩელი დაფუძნებულია იმაზე, რომ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მზღვეველს უფლება ჰქონდა რეგრესის წესით მოეთხოვა ზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან. ასეთ შემთხვევაში შესფასებელია, როდის წარმოიშობა ასეთი მოთხოვნის უფლება.
190. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რეგრესის წესით მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირი ასრულებს სხვის ვალდებულებას თავად ამ პირის ნაცვლად, ხოლო შემდეგში უფლებამოსილია, მისგან მოითხოვოს მის ნაცვლად შესრულებულის ანაზღაურება.
191. განსხილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა არა ის ვალდებულება, რომლის შესრულების მოვალეობაც დამზღვევს გააჩნდა, არამედ - სხვა ვალდებულება, ვინაიდან დამზღვევი არ იყო ბრალეული პირი ა/საგზაო შემთხვევაზე და ამიტომაც არ იყო ვალდებული შპს „მ------კ ს-----ს“ წინაშე კონტეინერების მოცდენით გამოწვეულ ზიანზე. შესაბამისად, მოსარჩელეს არ შეუსრულებია სარგებლის მიმღების წინაშე მოპასუხის (დამზღვევი) ვალდებულება, რის გამოც, მზღვეველს რეგრესის მოთხოვნის უფლება არც ამ თვალსაზრისით გააჩნია.
192. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
193. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
194. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
195. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 30.06.2022 წელს N-----საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „სადაზღვევო კომპანია --------“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. სს „სადაზღვევო კომპანია -------“ (ს.კ: ------) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №---- სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 30.06.2022-ში N----- საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი