3გ-ად-62-გ-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 19 აპრილს შპს «ა.-მ” სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის _ ფიზიკური პირის ზ. დ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან «ა.-ის» მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 340 კვ. მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის მიერ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან «ა.-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, ზ. დ.-ის სახელზე აღრიცხული 340კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა. მოთხოვნას მოსარჩელე ასაბუთებდა იმით, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები არ აძლევდა ამ უკანასკნელს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელების საფუძველს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე. მითითებულ განჩინებაზე შპს «ა.-ის” წარმომადგენლმა კ.შ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო და საქმე განსახილვლად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით შპს «ა.-ის” კერძო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ ზ. დ.-ის სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, თავისთავად, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, არამედ აღნიშნულით დაფიქსირებულია დროის კონკრეტული მომენტისათვის მხოლოდ უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა და, შესაბამისად, დავა განეკუთვნება სამოქალაქო დავათა კატეგორიას.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «ა.-ის” წარმომადგენლის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელშიც შედის საჯარო რეესტრის სამსახური, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის «დ” პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. გამომდინარე აქედან და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს-მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამსახურის მიერ მოხდა ზ. დ.-ის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრაცია, ანუ ამ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დადასტურება, ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე, დავა ამ რეგისტრაციის, ანუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად.
2002წ. 22 ნოემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ შპს «ა.-ის” კერძო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის განჩინებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზ. დ.-ის სახელზე განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, თავისთავად, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, არამედ აღნიშნულით დაფიქსირებულია დროის კონკრეტული მომენტისათვის მხოლოდ უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა და აღნიშნულის გამო დავა განეკუთვნება სამოქალაქო დავათა კატეგორიას.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ზ. დ.-ის საკუთრებად სადავო ნაკვეთი აღირიცხა საქართველოს კანონის «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საფუძველზე. მითითებული კანონის მე-3 მუხლით დადგენილია ფიზიკური პირებისათვის მათ სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების წესი, რომლის თანახმად ფიზიკური პირი მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭებისას 1998წ. 31 დეკემბრამდე მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე იხდიდა ერთჯერად საზღაურს 1998წ. პირველი ოქტომბრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ერთჯერადი საზღაური ორმაგდება, აღნიშნული გადახდის შემდეგ ხდება ამ ფიზიკური პირის მიწაზე კერძო საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, საჯარო რეესტრში მიწის მესაკუთრედ რეგისტრაცია ადმინისტრაციული ორგანოსა(მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრი) და ფიზიკურ პირს შორის დადებული გარიგების გამოხატულებაა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პიველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული გარიგებაა, ხოლო დავის საგანი _ ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა, რის გამოც განსახილველი დავა ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება და შპს «ა.-ის” წარმომადგენელ კ. შ.-ის კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა.-ის” წარმომადგენელ კ. შ.-ის კერძო საჩივარი განახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.