საქმე №ას-565-2021 6 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს. ჰ-ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. ჰ-ის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სახელზე, 2006 წლის 27 დეკემბრის მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №---- ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლებით, მარნეულის რაიონის სოფელ ----- მდებარე 80 000 კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ -------) აღირიცხა.
2. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 18 ივლისს, ოთხ ნაწილად დაიყო: 1. (ს/კ ------) 10 000 კვ.მ; 2. (ს/კ --------) 20 000 კვ.მ; 3. (ს/კ -------), 25 000 კვ.მ; 4. (ს/კ --------), 25 000 კვ.მ.
3. მოსარჩელესა და ი. ჰ-ს (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2014 წლის 21 ივლისს, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მარნეულის რაიონის სოფელ ------ მდებარე უძრავი ქონება (ს/კ -----) მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა.
4. იმავე დღეს გაფორმდა კიდევ სამი ხელშეკრულება: ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელესა და ა. ნ-ვს (შემდგომ - მოსარჩელის სიძე) შორის (მიწის ნაკვეთზე ს/კ ---------) ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელესა და ბ.ჰ-ვს (შემდგომ - მოსარჩელის შვილი) შორის (მიწის ნაკვეთზე ს/კ ---------) და ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელესა და ა. ჰ-ვს (შემდგომ - მოსარჩელის შვილიშვილი) შორის (მიწის ნაკვეთზე ს/კ -------).
სარჩელის საფუძვლები:
.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და 2014 წლის 21 ივლისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების (ს/კ -------) მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
6. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ, რომელიც მისი ძმისშვილია, 2014 წელს, სადავო მიწის ნაკვეთის დროებით დასამუშავებლად გადაცემა სთხოვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწის ნაკვეთი მოპასუხეს 2018 წლის სამეურნეო წლის დასრულებამდე გადაეცემოდა, რის შემდეგაც ისინი მარნეულში წავიდნენ და დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტები შეადგინეს, რათა მოპასუხეს გადასახადების გადახდა (სარწყავი წლის გადასახადი და სხვა) დამოუკიდებლად შეძლებოდა.
7. მოსარჩელის განმარტებით, მან 2018 წლის ბოლოს მოპასუხეს განუცხადა, რომ აღარ მოეყვანა მოსავალი, ვინაიდან მიწის დამუშავებას თვითონ აპირებდა, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით შეიტყო, რომ მოპასუხემ მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმა.
8. მოსარჩელის მითითებით, ქართულ ენას არ ფლობს, რის გამოც ვერ გაიგო დოკუმენტის შინაარსი და ვერ გააცნობიერა მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები. მოპასუხემ ისარგებლა მისი ნდობითა და ხანდაზმულობით (არის 85 წლის და სმენადაქვეითებული) და ხელი არა მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეკრულებაზე, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობით. გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებითა და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას, ხელშეკრულების ხელმოწერისას, ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
13. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარიგების დადებისას გარიგების შინაარსის არცოდნის დასადასტურებლად აპელანტმა (მოსარჩელემ) მიუთითა მის ასაკზე, ჯანმრთელობასა და ქართული ენის უცოდინრობაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან გარიგებაზე ხელმოწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის (საჯარო რეესტრის თანამშრომლის) თანდასწრებით დაიდო. ასეთ ვითარებაში ივარაუდება, რომ ნების გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელს აწერდა, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მის მხარეზე გადადის.
14. მოსარჩელემ ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე ან/და ვითარებაზე, რის გამოც, მიუხედავად ობიექტური განსჯისა, მოტყუვდა/ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა წაერთვა. მან ვერ განმარტა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ მარეგისტრირებელ ორგანოში, რატომ არ ისარგებლა თარჯიმნის მომსახურებით ან რა ობიექტური ვითარება შექმნა მოპასუხემ, რამაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა სასურველი ნების გამოვლენაში.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გარიგება 2014 წელს გაფორმდა, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით 2019 წელს მიმართა, ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისთვის საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნით ან/და გადაუხდელობის შესახებ პრეტენზიით არ მიუმართავს, სულ მცირე, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება, რაც სასამართლოს კიდევ უფრო უმყარებს შინაგან რწმენას მასზე, რომ 2014 წელს აპელანტის მიერ გამოვლენილი ნება მის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა და მისი მოტყუებით დადების ფაქტი, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დგინდება.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო რეესტრში ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულების ტექსტი მიუტანა და განუმარტა, რომ მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აფორმებდნენ იჯარის ხელშეკრულებას. სინამდვილეში, მოწინააღმდეგ მხარემ მოტყუებით გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამ გზით ხელში ჩაიგდო კასატორის უძრავი ქონება.
18. კასატორის მტკიცებით, მისი სურვილი არასდროს ყოფილა უძრავი ქონების გასხვისება. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა.
19. კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის მოხელე, რომელიც ესწრება ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესს შესაბამისი შტამპით ამოწმებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს და არ არის ვალდებული, რომელიმე მხარეს ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება უთარგმნოს მისთვის გასაგებ ენაზე. ღრმად მოხუცებულმა მოსარჩელემ, რომელმაც არ იცის ქართული წერა-კითხვა და ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ენდო თავის ძმისშვილს, რომელმაც წინასწარ მომზადებული სადავო ხელშეკრულება წარუდგინა და გააცნო, როგორც იჯარის ხელშეკრულება და ამ ნდობის საფუძველზე მოატყუა.
20. კასატორის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში მითითებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ ამ ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარე მას უხდიდა იჯარის საფასურს ხან თანხით და ხან ნატურით (თივის მიცემით). მოწინააღმდეგე მხარეს შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში პრობლემა არ შეუქმნია იჯარის ქირის გადახდასთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, კასატორს მისთვის პრეტენზია არ წაუყენებია.
21. კასატორის მითითებით, საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების ტექსტი შედგენილია მხოლოდ ქართულ ენაზე და ხელშეკრულების ტექსტს არ ახლავს კასატორისათვის გასაგებ ენაზე თარგმანის ასლი. ამასთან, საჯარო რეესტრის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმოწერები დადასტურდა თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე. ამასთან, კასატორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, კერძოდ, მას სმენა აქვს საგრძნობლად დაქვეითებული, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივო გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს აწესრიგებს სსკ-ის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია, მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.
28. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).
29. საკასაციო პალატის განმარტებით, გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. საქმე №ას-216-2019, 2020 წლის 2 მარტის განჩინება).
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აღძრული სარჩელით 2014 წლის 21 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მის მოტყუებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ქართული ენა არ იცის, რის გამოც ვერ აცნობიერებდა დოკუმენტის შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. მოპასუხემ ისარგებლა მისი ნდობითა და ხანდაზმულობით (არის 85 წლის და სმენადაქვეითებული) და ხელი არა იჯარის ხელშეკრულებას, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების დამტკიცება.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში როდესაც წარმოდგენილია მხარეთა მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლებამოსილი პირის წინაშე ხელმოწერილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულება პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელემ ქონების განკარგვისას იცოდა, თუ რა ნებას ავლენდა, რა გადაწყვეტილებას იღებდა, შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა ამტკიცოს ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისი ნების ნამდვილობას, კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტმა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რითაც მოატყუა მოსარჩელე და გარიგება მოტყუებით დაადებინა.
33. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა. კასატორმა, გარდა საკუთარი განმარტებებისა ვერც ფაქტობრივ ნაწილში ვერ წარადგინა დასაბუთებული და სარწმუნო მტკიცება ისევე, როგორც - შესატყვისი მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებდა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს.
34. სადავო გარიგების დადებისას გარიგების შინაარსის არცოდნის დასადასტურებლად მოსარჩელემ, როგორც უკვე აღინიშნა, მიუთითა ქართული ენის უცოდინრობაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან გარიგებაზე ხელმოწერისას, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით დაიდო, განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ მას საკუთარი ნების განმარტებისას არსად მიუთითებია ქართული ენის არასათანადოდ ფლობის შესახებ ან მოითხოვა თარჯიმანი და ამაზე უარი ეთქვა. უფრო მეტიც, საქმის მასალებში დაცული სხვა დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ იმავე დღეს გამოხატა სხვა ხელშეკრულებების დადების ნება ქართულ ენაზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დღეს, დროის მოკლე შუალედებით, იმავე მარეგისტრირებელ ორგანოში, მოსარჩელემ კიდევ სამი ხელშეკრულება გააფორმა საკუთარ ოჯახის წევრებთან (ნასყიდობის ხელშეკრულებები შვილთან და სიძესთან და ჩუქების ხელშეკრულება შვილიშვილთან), რომელიც ასევე შედგენილია ქართულ ენაზე, არ არის ნათარგმნი აზერბაიჯანულ ენაზე და არც თარჯიმნის ხელმოწერაა შესრულებული. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.
35. საკასაციო პალატის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზეც, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას კასატორი მარეგისტრირებელ ორგანოში მარტო არ ყოფილა, მას ახლო ნათესავები ახლდნენ, რისი გათვალისწინებითაც, კასატორმა ვერ შეძლო სასამართლოსთვის ლოგიკური განმარტების შედეგად აეხსნა, თუ როგორ მოახერხა მოპასუხედ დასახელებულმა პირმა, რომელიც კასატორის ძმისშვილია, არამხოლოდ კასატორის, არამედ მის თანმხლებ სხვა ნათესავებთან სადავო ხელშეკრულების მოტყუებით დადება. პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და მხარეთა ახსნა-განმარტებაზეც, რომლის თანახმად, უძრავი ქონების გადაფორმება რამდენიმედღიანი პროცესი იყო. ჯერ საკადასტრო აზომვითი ნახაზები მომზადდა, შემდგომ კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთების დაყოფა, რის შემდგომაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს და უძრავი ნივთები ახალ მესაკუთრეებზე დარეგისტრირდა. მხარეთა მითითებით, ზემოაღნიშნულ პროცესს ამზომველი ხელმძღვანელობდა, მან შეადგინა აზომვითი ნახაზები, დაწერა ხელშეკრულებები და სწორედ ის ახლდა მხარეებს საჯარო რეესტრში ხელშეკრულების დადებისა და რეგისტრაციის დროს. უდავოა, რომ მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი მოსარჩელეს არ შეუტანია და არც არაფერი მიუთითებდა აღნიშნული პირისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოსატყუებლად შეთანხმებულად მოქმედების შესახებ. ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის ქმედების შედეგად იგი მოტყუვდა, შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტების შეფასებისა და დასკვნების გაბათილება.
36. საკასაციო პალატა დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას ასაკსა და სმენადაქვეითებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სადავო ნასყიდობის დადების მომენტში დადგენილი არ არის კასატორის საღი აზროვნებისა და მოვლენების გონივრული განსჯის შეუძლებლობა, რისი გათვალისწინებითაც პრეტენზია დაუსაბუთებელია. რაც შეეხება კასატორის მითითებას, იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარე პერიოდულად იჯარის თანხას უხდიდა, აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, შესაბამისად, არც ამ პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არსებობს.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
38. პალატის აზრით, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1382-2018, 2019 წლის 25 იანვრის განჩინება; საქმე №ას-922-2018, 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება; საქმე №ას-251-2019, 2019 წლის 5 ივნისის განჩინება; საქმე №ას-1382-1302-2017, 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-706-2021, 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინება).
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჰ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ს. ჰ-ვს (პ/ნ ------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ო. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება №------- / გადახდის თარიღი 12.06.2021), 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე