Facebook Twitter

საქმე №ას-767-2022 6 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ. ნ-ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ლ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. ლ-ლი (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და თ. ნ-ლი (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 2000 წლის 17 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მხარეები 2010 წლის 11 იანვარს განქორწინდნენ.

2. 2010 წლის 14 დეკემბრის კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებით, სს „----- ----------“ (შემდგომ - ბანკი) და მხარეებს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს შორის, შეთანხმდა მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების საბაზისო პირობები.

3. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული №------ საკრედიტო ხელშეკრულებით, ბანკისგან მოსარჩელესა და მოპასუხეს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს, 62 000 აშშ დოლარის კრედიტი გადაეცათ, რომლის ვადა განისაზღვრა 180 თვით, სრულად დაფარვის თარიღი კი - 2025 წლის 21 დეკემბრით. საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 11%-ს. კრედიტის მიზნად განისაზღვრა უძრავი ქონების შეძენა. 2017 წლის 3 იანვრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა №------საკრედიტო ხელშეკრულებაში და კრედიტით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი წლიური 7.9%-ით განისაზღვრა.

4. 2010 წლის 14 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში,----- ქ. №--ში, ბინა №--ში (ს/კ -------).

5. მოსარჩელემ, 2012 წლის 31 მაისს, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 1/2 წილი მოპასუხეს აჩუქა.

6. მოსარჩელის ანგარიშიდან ბანკის სასარგებლოდ 2010 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე ძირითადადი თანხის, პროცენტისა და ჯარიმის სახით გადახდილია ჯამურად 79 812.08 აშშ დოლარი.

7. მოპასუხის მიერ სესხის მომსახურების მიზნით 2010 წლის 21 დეკემბრიდან სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე გადახდილია 9 310 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 30 596.04 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

9. მოსარჩელის განმარტებით, ყოფილმა მეუღლეებმა განქორწინების შემდეგ, 2010 წლის 14 დეკემბერს, ბანკისგან 62 000 აშშ დოლარი ისესხეს უძრავი ქონების შეძენის მიზნით. სესხად მიღებული თანხით შეძენილ იქნა და იპოთეკით დაიტვირთა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა.

10. 2012 წლის 31 მაისს მოსარჩელემ, მოპასუხის კატეგორიული მოთხოვნით, ბინის 1/2 წილი ამ უკანასკნელს აჩუქა.

11. მოსარჩელის განმარტებით, ბანკის წინაშე გადახდილი აქვს 79 812.08 აშშ დოლარი, რომლის 1/2 წილი - 39 906.04 აშშ დოლარი მოპასუხეს უნდა გადაეხადა, მაგრამ არ გადაუხდია.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გადახდილი თანხის ნახევრის მოპასუხისთვის დაკისრებას იმ თანხის გამოკლებით, რამდენიც მოპასუხემ გადაიხადა.

მოპასუხის პოზიცია:

13. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არ სურდა ბინის შეძენა, მაგრამ თავისი შემოსავლების გათვალისწინებით, ხელი შეუწყო მოსარჩელეს საბანკო კრედიტის აღებაში. შეძენილი ქონებით დღემდე მოსარჩელე საკუთარი შეხედულებისამებრ სარგებლობს.

14. მოპასუხის განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფარავდა სესხს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე გადაიხდიდა სესხს, ხოლო მოპასუხე თავიანთი შვილის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებდა, მოპასუხემ, შეთანხმების გათვალისწინებით, გადახდა შეწყვიტა. ამასთან, იგი რეალურად ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხეს წლებია, წარდგენილი აქვს სარჩელი სასამართლოში საზიარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე ვერ ახერხებს უფლების რეალიზებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 30 596.04 აშშ დოლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად.

16. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 473-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ ნორმა სოლიდარულ მოვალეს, რომელიც სრულად დაფარავს სოლიდარულ ვალდებულებას, უფლებას აძლევს, მოსთხოვოს წილთა გათანაბრება სხვა სოლიდარულ მოვალეებს. მაშასადამე, მას წარმოეშობა რეგრესული მოთხოვნის უფლება სხვა მოვალეთა მიმართ, ცალკეული ვალდებულების ოდენობა და ამის რეგრესული მოთხოვნის ოდენობაც შესაძლოა გამომდინარეობდეს როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ისე - კონკრეტული კანონიდან.

19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მოპასუხის მიერ გადახდილი თანხისა და მოსარჩელის მიერ გადასახდელი ნაწილი თანხის გამოკლებით, კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომლის თანახმად, მოპასუხემ ვერ შეძლო სარწმუნო მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა მითითებით დაედასტურებინა სოლიდარული ვალდებულების არარსებობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

21. კასატორის განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე თანამსესხებლად დარეგისტრირდა ხელშეკრულებაში, არ შეიძლება მეორე თანამსესხებლის წინაშე რაიმე სახის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად იქნეს მიჩნეული, მაშინ, როდესაც, უდავოა, რომ სესხის თანხა მთლიანად მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო და უძრავი ქონებაც მის სახელზე დარეგისტრირდა.

22. კასატორის მითითებით, მართალია, კრედიტორს შეუძლია, მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება, მაგრამ ამ შემთხვევაში კრედიტორი მოწინააღმდეგე მხარე ვერ იქნება. ვალის დაფარვა შეიძლება მოეთხოვა ბანკს ორივე თანამსესხებლისათვის, მაგრამ მოსარჩელეს, რომელმაც თვითონ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სიკეთე, ვერ მოსთხოვს კასატორს ვალის დაფარვას.

23. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ მას აქვს სოლიდური შემოსავალი და არ არის ვალაუვალი, არ ქმნის მოსარჩელისათვის ბანკის ვალის დაფარვის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემას ჰქონდა თავისი პირობა - მოპასუხის მიერ მხარეთა შვილის სწავლის დაფინანსებით, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც არ უარყო.

24. კასატორს მითითებით, სესხი რომ გაიცა უძრავი ქონების შესაძენად და სწორედ სესხის თანხის მიღების შემდეგ უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა, გამორიცხავს სესხის დაფარვის ვალდებულებას. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ უძრავი ქონების 1/2 წილი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 14 დეკემბრიდან, თითქმის 2 წლის გასვლის შემდეგ - 2012 წლის 31 მაისს აჩუქა. ეს კი არ შეიძლება სასამართლომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობად და ვალის დაფარვაზე შეთანხმებად მიიჩნიოს, რადგან, თუ ეს მხარეთა შორის ვალის გადახდის შესახებ შეთანხმებას ემსახურებოდა, ქონება მოპასუხის სახელზე 2010 წლის 14 დეკემბერსვე დარეგისტრირდებოდა, როცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

25. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით ამ საქმის მხარეთა სოლიდარული ვალდებულების არსებობა ვლინდება, რაც წარმოშობილია ბანკსა და მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებებით (ბანკსა და მხარეებს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს შორის, შეთანხმდა მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების საბაზისო პირობები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული №------- საკრედიტო ხელშეკრულებით, ბანკისგან მოსარჩელესა და მოპასუხეს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს, 62 000 აშშ დოლარის კრედიტი გადაეცათ), რომლითაც შეთანხმებული იყო, რომ მსესხებლები წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს ბანკის წინაშე და მათზე გავრცელდებოდა სსკ-ის 463-476-ე მუხლებით განსაზღვრული ურთიერთობები (გენერალური ხელშეკრულების 2.4 და 2.5 მუხლები და საკრედიტო ხელშეკრულების 1.3 მუხლი), რისი გათვალისწინებითაც, თითოეულ მსესხებელს, როგორც მოსარჩელეს, ასევე - მოპასუხეს, სსკ-ის 463-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თანაბრად ეკისრებოდა ვალდებულება, მონაწილეობა მიეღო მთლიანი ვალდებულების შესრულებაში.

30. უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ კრედიტის გაცემის დღიდან - 2021 წლის 9 მარტამდე ძირითადი თანხის, პროცენტისა და ჯარიმის სახით, სესხი 79812.08 აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო კასატორმა მხოლოდ - 9310 აშშ დოლარი, რისი გათვალისწინებითაც, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) შესრულებული ვალდებულების თანხაზე მოთხოვნა წარუდგინა კასატორს (მოპასუხეს) ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხის გამოკლებით.

31. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 473-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს უკუმოთხოვნის უფლებას ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას. მოხმობილი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე: მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

32. საკასაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის გათვალისწინებით, ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ სოლიდარული ვალდებულება წყდება და თვითონ მოვალეთა შორის იწყება ურთიერთობის გარკვევა. ამით კანონმდებელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კრედიტორის მხრიდან მოვალის თავისუფლად არჩევის უფლებამოსილება არ ნიშნავს კრედიტორის მხრიდან შესრულებაზე საბოლოოდ ვალდებული პირის განსაზღვრის უფლებამოსილებას. მოვალე, რომელიც შეასრულებს სოლიდარულ ვალდებულებას, იძენს უკუმოთხოვნის უფლებას სხვა სოლიდარულ მოვალეთა მიმართ წილთა თანაფარდობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით (თუ კანონით ან მოვალეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). კრედიტორის მიერ მოვალის არჩევა, გავლენას ვერ მოახდენს შიდა ურთიერთობით დადგენილი შესრულების ტვირთის განაწილებაზე. კრედიტორი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ამ უკანასკნელს მხოლოდ სსკ-ის 473-ე მუხლიდან გამომდინარე რეგრესული ანაზღაურების რისკს დააკისრებს (იხ. სსკ-ის 473-ე მუხლის კომენტარი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარების მესამე წიგნში, გამოცემის რედაქტორი ლადო ჭანტურია).

33. ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის შესაბამისად, შესაძლებელია, ითქვას, რომ კრედიტორის მიერ მოვალის არჩევის თავისუფლების მიუხედავად, დანარჩენი მოვალეები არ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, რადგან მათ მიმართ წარმოიშობა რეგრესული უკუმოთხოვნის უფლება ვალდებულების შემსრულებელი მოვალის მხრიდან. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია იმ წონასწორობის აღდგენა, რომელიც გამომდინარეობს ვალდებულების შემსრულებელი მოვალის დაცვიდან, ვინაიდან ივარაუდება, რომ ერთმა სოლიდარულმა მოვალემ კრედიტორის წინაშე სხვა პირთა (მოვალეთა) ვალდებულებაც შეასრულა, რითაც ვალდებულების შემსრულებელმა მოვალემ ქონებრივი დანაკლისი განიცადა, ხოლო დანარჩენ მოვალეებს ნამეტი დანაზოგი შეექმნათ.

34. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც უკვე აღინიშნა, სესხად მიღებული თანხის ძირითადი ნაწილი მოწინააღმდეგე მხარემ გადაიხადა, ამიტომ მას, სსკ-ის 473-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, მეორე სოლიდარული მოვალის წილი ვალდებულების შესრულების მომენტიდან ამ შესრულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა, რის საწინააღმდეგოდაც, კასატორს შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია. მას არ წარუდგენია მტკიცებულებები, რაც მის ვალდებულების არსებობას გააქარწყლდებდა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა გახდებოდა.

35. სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სესხის თანხა მთლიანად მოწინააღმდეგე მხარემ მიიღო და უძრავი ქონებაც მის სახელზე აღირიცხა, რაც გამორიცხავს მის მიერ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სესხის თანხის გადახდის ვალდებულებას.

36. საკასაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ სესხი სწორედ უძრავი ქონების შესაძენად გაიცა და შეძენილი ქონება მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებად აღირიცხა, ამასთან, როგორც მოწინააღმდეგე მხარის მითითებით დგინდება (აღნიშნული მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია) კასატორის კატეგორიული მოთხოვნით, ბინის 1/2 წილი ამ უკანასკნელს აჩუქა, რისი გათვალისწინებითაც, დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების მოტივი კასატორის მოთხოვნა იყო სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების წილის მესაკუთრე გამხდარიყო. მისი აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, იგი წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში, რაც საფუძველს აცლის ამ უკანასკნელის პრეტენზიებს (მათ შორის სსკ-ის 475-ე მუხლთან დაკავშირებით), მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით.

37. კასატორი იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, მას სესხის თანხა არ უნდა გადაეხადა, სანაცვლოდ, კი მხარეთა შვილის სწავლას დააფინანსებდა საზღვარგარეთ. საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული სადავოდ გახადა მოწინააღმდეგე მხარემ და აღნიშნული შეთანხმების არსებობა უარყო, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის გათვალისწინებით კი, აღნიშნული მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტებით ვერ დადგინება.

38. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-762-730-2016, 2017 წლის 16 იანვრის განჩინება; საქმე №ას-223-2022, 2022 წლის 28 ივნისის განჩინება).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. თ. ნ-ლს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4150 ლარის (საგადასახადო დავალება №- / გადახდის თარიღი 12.08.2022), 70% - 2905 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე