საქმე №ას-722-2022 21 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ს-----ს ე------ის ა----ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ ს-----ს ე------ის ა-----ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2021 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა 2021 წლის 15 მარტს გზავნილის კორესპონდენციისათვის განკუთვნილ ყუთში ჩაგდების გზით. მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
5. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე და 629-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.
6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა. მისი მტკიცებით, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ვინაიდან ჩაბარების დოკუმენტზე არ არის გზავნილის მიმღების ხელმოწერა. საჩივრის ავტორმა სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ სააგენტოს შენობის შესასვლელთან არსებულ სპეციალურ ყუთში გზავნილის (სარჩელისა და თანდართული მასალების) ჩაგდება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
8. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საფოსტო ყუთის ინსტიტუტი არის საყოველთაოდ დამკვიდრებული, მით უფრო, პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადამიანებს შორის კონტაქტის სიხშირის შესამცირებლად. როგორც საფოსტო ყუთის ორგანიზაციასთან კონტაქტის ოფიციალურ საშუალებად მიჩნევის შესახებ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი აქტი, ისე მისი გამოყენების აკრძალვის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კონკრეტული დაწესებულება სარგებლობს საფოსტო ყუთით, ის განიხილება ამ ორგანიზაციის კონტაქტის საშუალებად, განსაკუთრებით პანდემიისა და მისგან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პირობებში. ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საფოსტო ყუთი ექვემდებარება ორგანიზაციის კანცელარიის კონტროლს, რომლის მეშვეობითაც დაწესებულების კანცელარია იღებს კორესპონდენციას. თუ კონკრეტული დაწესებულება უარს ამბობს საფოსტო ყუთის საშუალებით სამართლებრივი კორესპონდენციის მიღებაზე, მაშინ უფლებამოსილი პირების საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, მასზე აღნიშნულის თაობაზეც უნდა მიეთითოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კურიერი არ არის ვალდებული დაუკავშირდეს და მოიძიოს პასუხისმგებელი პირები. საფოსტო ყუთში განთავსებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება ან/და ამგვარი რეაგირების დაყოვნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკები დაწესებულების პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.
9. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სწორედ მოპასუხის პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენდა საფოსტო ყუთში ჩაგდებული სარჩელის მიღება და მასზე რეაგირება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი კორესპონდენცია უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ანალოგიური უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულ ერთეულს ან პირს და მხოლოდ მათი არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემს. ამასთან, გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება, უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩანაწერი. მხოლოდ ამ შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნიოს.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით ვერ დგინდება სააგენტოსათვის კანონით დადგენილი წესით გზავნილის ჩაბარების ფაქტი, რაც შექმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ვერ გამოირიცხა სააგენტოში კორესპონდენციის მიღება-განაწილებაზე უფლებამოსილი პირის არსებობის ფაქტი, რაც სარჩელისა და თანდართული მასალების ე.წ. კორესპონდენციის ყუთში ჩაგდებას გაამართლებდა.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 2321-ე, 233-ე, 241-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
17. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო მოქალაქეთა უსაფრთხოება, კორესპონდენციის ყუთები განთავსდა თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში, მათ შორის, სააგენტოში. კორესპონდენციის საფოსტო ყუთში ჩაგდების პრინციპი ახალი არ არის. მაგალითად, ”საფოსტო ყუთის პრინციპის” მიხედვით, ხელშეკრულება ითვლება დადებულად ფოსტის ყუთში ოფერტის აქცეპტის შესახებ შეტყობინების ჩაშვების შემდეგ;
17.2. მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა ზუსტად ისე, როგორც სარჩელი და თანდართული დოკუმენტები. ორივე შემთხვევაში უკუგზავნილებზე ერთი და იმავე შინაარსის წარწერაა: „წერილი ჩავაგდე ყუთში“. ეს ადასტურებს, რომ მოპასუხის გამგებლობის სფეროში ორივე გზავნილი ერთნაირად მოექცა, თუმცა მან ყურადღება მხოლოდ ერთს მიაქცია;
17.3. სამართლის დოქტრინაში გავრცელებული დანაწესის თანახმად, საფოსტო ყუთის პრინციპის დროს მნიშვნელოვანია კორესპონდენცია მოექცეს მიმღების ძალაუფლების სფეროში იმგვარად, რომ ჩვეულებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიმღებს ჰქონდეს მისი გაცნობის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, საფოსტო ყუთი დღეში რამდენჯერმე მოწმდება შესაბამისი თანამშრომლის მიერ. სწორედ ეს თანამშრომლები იქცევიან სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირებად“, რომლებმაც კორესპონდენცია ადრესატს უნდა გადასცენ;
17.4. აპელანტი თავად ადასტურებს, რომ მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაებნა, ე.ი. ჩაბარდა, მაგრამ მან სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ეს გარემოება, ბუნებრივია, მოპასუხის რისკია და მასზე მოსარჩელეს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება;
17.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (კერძოდ, სუსგ საქმე №ა-1318-ა-3-2021, 19.04.2021წ.).
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ორგანიზაციის შენობის შესასვლელთან კორესპონდენციისათვის განთავსებულ სპეციალურ ყუთში გზავნილის ჩაგდება ითვლება თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებად.
23. კასატორი დავობს, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, ვინაიდან მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. კასატორი მიიჩნევს, რომ გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების) სააგენტოს შენობის შესასვლელთან არსებულ სპეციალურ ყუთში ჩაგდების გზით, იგი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ითვლება.
24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
26. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ორგანიზაციისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვალოს, ის უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნისას – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გზავნილის ჩაბარება დადასტურდეს მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. საპროცესო კანონმდებლობა ამ წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მხოლოდ ამ წესის დაცვით ჩაბარებული გზავნილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.
27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით. დადგენილია, ასევე, რომ ფოსტის კურიერმა გზავნილი 2021 წლის 15 მარტს ჩააგდო სააგენტოს შენობის შესასვლელთან კორესპონდენციისათვის განთავსებულ ყუთში. გზავნილის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოში იქნა წარდგენილი, მითითებულია შემდეგი: „წერილი ჩავაგდე ყუთში“. ამდენად, ცხადია, რომ გზავნილი არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ ორგანიზაციის უფლებამოსილ სამსახურს ან/და პირს და არც გზავნილის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. ხელმოწერის ნაცვლად მითითებული სიტყვა "ყუთი" არ ადასტურებს გზავნილის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებას.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რაც გამორიცხავს მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკასთან წინააღმდეგობის საფუძვლით, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1400 ლარის 70% – 980 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ „ს-----ს ე------ის ა-------იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა(ა)იპ „ს-----ს ე-----ის ა------ას“ (ს.ნ. -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 01 ივნისს №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1400 (ათას ოთხასი) ლარის 70% – 980 (ცხრაას ოთხმოცი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი