Facebook Twitter

საქმე №ას-582-2022 16 სექტემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ვ-----ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-----ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ვ-----ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემსრულებელი) სარჩელი შპს „გ-----ოს“ (შემდეგში: მოპასუხე ან შემკვეთი) წინააღმდეგ, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელი.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 1 ივნისს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე (შემსრულებელი) კისრულობდა ვალდებულებას, შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში გაეწია მისთვის სარეკლამო მომსახურება, კერძოდ, შემკვეთის ვებ-გვერდის www.------.Com.Ge-ს Google Adwords-ის კომპანიების შექმნა, ოპტიმიზაცია, ადმინისტრირება, რეკლამების შინაარსის შედგენა. მიზნობრივი სეგმენტის შერჩევა და რეპორტინგი, ხოლო მოპასუხის (შემკვეთის) ვალდებულებას შემსრულებლისათვის შესაბამისი შესრულებული მომსახურების შესაბამისად, ინვოისის საფუძველზე, საზღაურის გადახდა წარმოადგენდა, რაზეც შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდებოდა;

3.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით მომსახურების ჯამური ღირებულება 1 900 ლარით განისაზღვრა;

3.3. ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მისი ხელმოწერისთანავე და ძალაში იყო 1 თვის ვადით;

3.4. ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად, 2017 წლის 13 ივლისს, მოპასუხემ 1 390.83 ლარი გადაიხადა;

3.5. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 1 აგვისტოსა და 2017 წლის 5 სექტემბერს გამოწერილი ინვოისების მიხედვით, მოპასუხისაგან მოთხოვნილია 2017 წლის 1 ივლისიდან - 31 ივლისამდე და 2017 წლის 1 აგვისტოდან - იმავე წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, გაწეული ინტერნეტ მარკეტინგული მომსახურეობისათვის ჯამში 4 484 ლარი;

3.6. მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის 3 აგვისტოს გაგზავნილი ელექტრონული წერილით აცნობა, რომ აგრძელებდა გვერდის მართვას. ამავე წერილთან ერთად გაუგზავნა „რეპორტი“ და ივლისის თვის ინვოისი;

3.7. მოპასუხის „ფეისბუქ“ გვერდიდან ამონაბეჭდზე (აგვისტოში) ასახულია ფოტომასალა და სარეკლამო ტექსტები;

3.8. მოსარჩელე მოპასუხისაგან 4 484 ლარის ოდენობით გაწეული მომსახურების ანაზღაურებას მოითხოვდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 01.06.2017 წლის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მოდავე მხარეთა შორის, გაგრძელდა ინტერნეტმარკეტინგული მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ 2017 წლის ივლისი-აგვისტოში მოპასუხეს გაეწია მომსახურება, რომლის ღირებულებამაც ზემოხსენებული თანხა შეადგინა. ამის საპირისპიროდ, მოპასუხემ სადავოდ გახადა როგორც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება, ასევე, მოსარჩელის მხრიდან მის მიერ მითითებული შინაარსის მომსახურების შესრულების ფაქტობრივი გარემოება;

3.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316.1-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება) და 629.1-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლების საფუძველზე საჭიროებდა;

3.10. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო;

3.11. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის თანახმადაც ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობებში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ Nას-1646-2019, 30.09.2020 წ.). სსკ-ი აღიარებს და ეფუძნება pacta sunt servanda-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ Nას-696-696-2018, 06.07.2018 წ);

3.12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო იყო როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება, ისე მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსის მომსახურების შესრულების გარემოება;

3.13. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა მტკიცების ტვირთის და მტკიცებულებათა წარდგენის მნიშვნელობას, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ საქმეში არ იყო წარდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის ივლის-აგვისტოში, ინტერნეტ მარკეტინგული მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არსებობას დაადასტურებდა;

3.14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს განმავლობაში სარეკლამო შინაარსის ფოტო და ტექსტური მასალის განთავსება, ადასტურებდა მოპასუხის ნებას მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით;

3.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში მითითებული გარემოება 2017 წლის ივლის-აგვისტოში მომსახურების გაწევის თაობაზე. ამასთან, მოპასუხის „ფეისბუქ“ გვერდზე წვდომა ჰქონდა მოსარჩელეს, შესაბამისად მას გვერდის მფლობელის თანხმობა არ სჭირდებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ აგვისტოში განთავსებული სარეკლამო მასალა (შინაარსი) იგივეა, რაც მანამდე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განთავსდა. შესაბამისად, მოპასუხის მონაწილეობა მასალების განთავსებაში არ დადგინდა. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ შესასრულებელი მომსახურება მოიცავდა „ფეისბუქ“ გვერდის მართვას, ადმინისტრირებასა და „რეპორტინგს“, ინტერნეტ მარკეტინგული კამპანიის შექმნასა და ადმინისტრირებას. სააპელაციო სასამართლომ აგვისტოში საიტზე იმავე შინაარსის, რაც ადრე აიტვირთა, სარეკლამო ტექსტის განთავსება მოსარჩელის მიერ მითითებული მომსახურების გაწევის ფაქტად არ მიიჩნია;

3.16. საქმეში წარდგენილი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი სასამართლომ მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის დამადასტურებელ გარემოებად არ ჩათვალა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წერილისა და ინვოისების გაგზავნიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, მოპასუხეს არ დაუდასტურებია მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულება და ამ შესრულების მიღება;

3.17. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გასვლის შემდეგ შემკვეთმა მოითხოვა რაიმე მომსახურების გაწევა, შესაბამისად, ორმხრივი შეთანხმების არარსებობისას, მოდავე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი, ვერ გაფორმდებოდა;

3.18. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 361.1-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ, მართალია, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუმცა, მხოლოდ შესრულებით კონკრეტული ვალდებულების არსებობა არ დასტურდება. შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა ეს შესრულება და კონკრეტულად, რომელი ვალდებულება შეასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი, მხოლოდ შესრულებით, კონკრეტული სამართალურთიერთობის მტკიცების გარეშე, საპასუხო ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვს. შესაბამისად, სასამართლომ, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება დადგენილად არ მიიჩნია.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.1. კასატორის პრეტენზიით, მის მიერ შემკვეთისათვის გაგზავნილი შეტყობინება, რომლითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე აცნობა, უტყუარად მიანიშნებს იმ ფაქტს, რომ მხარეები სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მოქმედებდნენ, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;

4.2. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ფეისბუქ გვერდზე შეუზღუდავ წვდომასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა მეწარმე სუბიექტს შემსრულებლისათვის ასეთი უფლება დაეტოვებინა;

4.3. კასატორის პრეტენზიით, სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას თითქოსდა აგვისტოში განთავსებული სარეკლამო მასალა იგივეა, რაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განთავსდა, რადგან ამის დასადგენად სათანადო მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (შემსრულებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო საჩივრის პრეტენზიებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაძლო გაგრძელებისა და ვალდებულების შესრულების საკითხია.

9. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

11. საკასაციო პრეტენზიებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოებების მტკიცება, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 1 ივნისს დადებული ნარდობის ხელშეკრულება გაგრძელდა, მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის სანაცვლოდაც შემკვეთისაგან საპასუხო შესრულება არ მიუღია.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული დავის გადასაწყვეტად სსკ-ის 316.1-ე და 629.1-ე მუხლები მართებულად გამოიყენა.

13. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 629-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს აქვს უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე (შემსრულებელი) ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული სამუშაო, შემკვეთი კი - გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითი კი - მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმებაა.

14. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებდა და დაამტკიცებდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა, რომელიც მენარდის მიერ პირნათლად შესრულდა. ამ კონტექსტში, შემსრულებემა მიუთითა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა, რაც მისი განმარტებით ინტერნეტ მარკეტინგული მომსახურეობის გაწევით, კერძოდ, საიტზე ფოტო და ტექსტური მასალების განთავსებაში გამოიხატა.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ შემსრულებლის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის ივლის-აგვისტოში, ინტერნეტ მარკეტინგული მომსახურების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე.

16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მტკიცება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა, მხოლოდ მის განმარტებას ემყარება და ამის დასადასტურებლად სხვა, უფრო სარწმუნო სახის მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის. სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილეობა გულისხმობს ორმხრივ ნებას, მიღწეულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, რაც მხარეთა თანმხვედრი ნებისაგან დამოუკიდებლად შეუძლებელია არსებობდეს. ის ფაქტი, რომ შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პერიოდის ამოწურვის შემდეგ კვლავ ჰქონდა შემკვეთის „ფეისბუქ“ გვერდზე წვდომა, არ გამოხატავს ამ უკანასკნელის მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების სურვილს, რადგან ამის თაობაზე მოპასუხეს რაიმე სახის შეთავაზება არ გაუკეთებია. სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ, შემსრულებელმა ფაქტობრივად ისე განაგრძო შემკვეთისათვის ინტერნეტ მარკეტინგული მომსახურეობა, რომ მასთან დამატებითი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მხარეთა თანმხვედრი ნების არსებობას არ გულისხმობს. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების პირობაზე, რომლის თანახმადაც ვალდებულებათა შესრულების შემდეგმხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო და სწორად დაასკვნა, რომ ორმხრივი შეთანხმების არარსებობისას, მოდავე მხარეთა შორის ზემოხსენებული აქტი ვერ გაფორმდებოდა, რაც ხაზგასმით მიუთითებს ორმხრივი სახელშეკრულებო ნების არარსებობაზე.

17. გარდა ზემოხსენებულისა, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა ისეთ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებაც, რომლითაც დაადასტურებდა, თუ რეალურად რა სახის მომსახურეობა გასწია მან 2017 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში. როგორც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, აგვისტოს პერიოდში შემკვეთის „ფეისბუქ“ გვერდზე იმავე შინაარსის მასალები განთავსდა, რაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში იყო ატვირთული. ამის გამოსარიცხად კი კასატორის განმარტება და მის მიერ მითითებული მტკიცებულებები, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამაჯერებელ და ფაქტობრივად დასაბუთებულ პრეტენზიებს.

18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ვ------ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ვ-----ს" (ს/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N------, გადახდის თარიღი 2022 წლის 31 მაისი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური